სომხეთის ეკონომიკა ცუდ დღეშია ციფრები მეტყველებენ…

რედაქციისაგან

სომხეთის ნაციონალური სტატისტიკური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის მშპ 2009 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით შემცირდა და 282 მლრდ. დრამი შეადგინა.

ამაში მთავარი დამნაშავე ქვეყნის ეკონომიკის სამრეწველო სექტორია, რომელიც 9,7%-ით შემცირდა. ზემოაღნიშნულ პერიოდში მრეწველობა მშპ-ის 30% იყო. სამშენებლო სექტორმა 1,5%-იანი ვარდნა განიცადა. უმნიშვნელო ზრდა შეინიშნებოდა მომსახურების სფეროში 2% (ვაჭრობის გარეშე), საცალო ვაჭრობაში – 5%. ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში – 0,1%.
მეორე მხრივ, საცალო ვაჭრობის ასეთი მაჩვენებელი სხვა მაჩვენებელს ეწინააღმდეგება, რომელიც იგივე ინფორმაციაში გაჟღერდა, ეს არის შიდა სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 26,2%-ით შემცირდა და 506 მლნ. დოლარი შეადგინა. ექსპორტი 44,8%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 21,2%-ით.
ოფიციალურად დარეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა 4,6%-ით გაიზარდა და 75,7 ათასი ადამიანი შეადგინა. საშუალო ნომინალურმა ხელფასმა (ინფლაციის მაჩვენებლის გაუთვალისწინებლად) 94,7 ათასი დრამი შეადგინა, რაც 13,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2009 წლის თებერვალში, გასულ წელთან შედარებით, ინფლაციამ 0,7% შეადგინა.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო საფინანსო კრიზისი სომხეთის ეკონომიკაზე უკვე აისახა.
ქონებამ ფასი დაკარგა
ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფენ სომხეთის ეკონომიკაზე გლობალური საფინანსო კრიზისის გავლენას და იმასაც ნათლად უჩვენებენ, რომ ვარდნა ღრმავდება.
სომხეთის ეკონომიკის ცუდი მდგომარეობის ინდიკატორებს კიდევ ერთი, ცენტრალური ბანკის ანგარიში დაემატა, რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდა და უცხოეთიდან ფულადი გადარიცხვების მოცულობის შემცირების ტედენცია ასახა, რომელიც 2009 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით შემცირდა.
სომხეთის მთავრობისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პერიოდში მოკრებილი გადასახადები 230 მლნ-ით, ანუ 15%-ით შემცირდა.
სიტუაციას კარგად ასახავს უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობაც. ერევნის უძრავი ქონებით მოვაჭრე შედარებით მსხვილი კომპანიების მონაცემებით, ბაზარზე, სადაც მიიჩნეოდა, რომ დიდი ხნის მანძილზე ფასების უმაღლესი წერტილი ხელოვნურად იყო შენარჩუნებული, ფასების კლება და მოთხოვნის შემცირება შეიმჩნევა. სომხეთში უძრავი ქონების ფასების “საპნის ბუშტის” გასკდომას დღე-დღეზე ელიან: დადებული გარიგებების სტატისტიკა უძრავი ქონების შეძენის ან არენდით აღების ფასების ვარდნას ცხადყოფს.
მსგავსი პრობლემების პირისპირ დარჩენილი სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე დაგეგმილი პროგრამული ხარჯებიდან 359 მლნ. გადაინახოს, იმ იმედით, რომ უახლოეს თვეებში ეკონომიკური კრიზისის წნეხს თავს დააღწევს.
საზღვრის გახსნის მოლოდინში…&ბრვბარ;
სომხეთში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურმა იზოლაციამ და ზღვაზე გასასვლელის არარსებობამ ისინი გასაჭირში ჩაყარა. ქვეყანაში ფიქრობენ, რომ სწორედ ღია საზღვრებსა და თავისუფალ ვაჭრობას შეუძლია ეკონომიკური კრიზისის ცოტა შემსუბუქება. ამის მაგალითად ექსპერტებს მეზობელი ირანიდან ტურისტების მასობრივი შემოდინება მოჰყავთ. მარტის ბოლოს სომხეთში თავიანთი ახალი წლის, ნოვრუზის აღსანიშნავად, 20 ათასი ირანელი შევიდა. ტურისტების ასეთმა ძლიერმა ნაკადმა სომეხი მეწარმეები იმედებით აავსო და დიდი სტიმული მისცა ქვეყანაში სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესს: ათასობით ახალგაზრდა ირანელი სომხეთის დედაქალაქში ალკოჰოლის აკრძალვისგან დროებით გათავისუფლდა. თითოეულმა ტურისტმა საშუალოდ 1000 დოლარი დახარჯა.
სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი აძლევს სომეხ ანალიტიკოსებს იმის დასტურს, რომ საზღვრისპირა ვაჭრობა და ტურიზმი პოტენციურად მოგებიანი იქნება, რაც თავის მხრივ, გაკვეთილი იქნება თუკი თურქეთი სასომხეთთან დიდი ხნის წინ დაბლოკილ საზღვრებს გახსნის. სომხეთში იმედოვნებენ, რომ ასეთ სიტუაციაში შესაძლოა, ირანლების მსგავსად, თურქებსა და ქურთებს უმასპინძლონ. თუმცა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მეზობელ სომხეთთან საზღვარს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამდე არ გახსნის. ორი წლის მანძილზე შვეიცარიაში არაერთი დახურული შეხვედრა გაიმართა. ურთიერთობის მოსაგვარებლად კონტაქტი ისევ გრძელდება.
პოზიტიური ამბებიც ხდება
“შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” პრეზიდენტ ხაირეტინ კაპლანს სასომხეთის ეკონომიკის სჯერა და აცხადებს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით, ნაკლებად დაზარალდა. სწორედ ამის გამო ბანკი სომხეთში ინვესტირებას არ შეწყვეტს.
კაპლანის განცხდებით, სომხეთის ეკონომიკაში ბანკმა 17 მლნ. დოლარის ინვესტირება მოახდინა, რომელიც, როგროც საბანკო სექტორისკენ, ისე ენერგეტიკასა და წვრილი ვაჭრობის სფეროსკენ მიიმართა. ენერგეტიკის სექტორში “შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს” რამდენიმე პროექტი აქვს, რომელიც ჯერჯერობით შემუშავების სტადიაშია, გარდა ამისა ბანკი გეგმავს კაპიტალი გაზარდოს და სომხეთში თავისი პოზიციები გაიმყაროს.
სომხეთში 3G ამოქმედდა
სომხეთის მობილური კავშირგაბმულობის წამყვანმა ოპერატორმა “ვივესელლ-მტსმა” რესპუბლიკაში კომერციულ ინოვაციური ქსელის UMTS/HSPA (3G)-ს ექსპლუატაცია მოახდინა.
ამ ოპერატორის წყალობით, მის აბონენტებს 3G-ის მოქმედების ზონაში ყოფნისას უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ამ ეტაპზე არსებული 2/2,5G-ის ყველა ტიპის მომსახურებით და ისეთი ინოვაციური სერვისებით, როგორიცაა ვიდეოზარები და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.
მომავალში კომპანია მესამე თაობის ქსელის აქტიურ განვითარებას, ასევე 3G-ის დაფარვის ზონის, არსებული სერვისების ფუნქციის გაფართოებასა და აბონენტებისთვის მობილური კავშირის ახალი შესაძლებლობების წარდგენას აპირებს.