რა არის ლეშინგი?
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია
“რიკარდომ დაიპყრო ინგლისი ისე, როგორც წმინდა ინკვიზიციამ – ესპანეთი”…
” … რიკარდოსეული მოძღვრება, გადატანილი პრაქტიკის ენაზე, იწვევდა მკაცრ და ხშირად უსიამოვნო დასკვნებს, რაც მას მაღალი ზნეობის ელფერს ანიჭებდა!”
ჯონ მეინარდ კეინსი, “დასაქმების, პროცენტის და ფულის ზოგადი თეორია”, ქუთაისი, 1995 წ. გვ. 39.
ზაფხული და გაზაფხული აირია. მოგვენატრა სიცხე და სიმშვიდე. ეკონომიკამ გაიზმორა და ჩათვლიმა. ბევრი დრო დარჩა ჩვენი ყოფისა თუ არსებობის მიზანზე ფიქრისთვის და დიდი მსჯელობისთვის. ეს ყოველივე ყველაზე მეტად ეკონომისტებს ერგოთ. საოცარია ეს ეკონომიკა და ეკონომისტები… ყველაფერი იციან და ყველაფერს ხედავენ. გადაბრუნდება ურემი და მერე დაიწყებენ: გარეგანი ფაქტორებიო, შინაგანი ძალებიო, არახელსაყრელი გარემოებებიო, ეჯუორთის ყუთიო, ტიბოს მოდელიო და ა.შ. მოკლედ, ზუსტად არაფერიც არ იციან. აგერ, ყველაზე მაგარი კაცი დარვინი იყო! სხვათა შორის, ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ლესიჭინეში თურმე, დარვინის 150 წლის იუბილის აღნიშვნას აპირებენ და საორგანიზაციო კომიტეტი შეუქმნიათ. ჰოდა, ყოფილა დიდი სამზადისი, იუბილე უნდა გადავიხადოთ და მთელი მსოფლიო მოვიწვიოთო. არ გეგონოთ, უყვარდეთ. არა – აკრიტიკებენ, მაგ მათხოვარს ვანახებთ სეირს, მაიმუნობა როგორ უნდაო. ინგლისელები დარვინზე გაბრაზებულები ყოფილან. ასე უთქვამთ, მაგას მაიმუნი მიაჩნდა წინაპრად და მაიმუნებმა გადაუხადონ იუბილეო. ამიტომ, მთელი ყურადღება ახლა ლესიჭინელ ექსპერტებზე ყოფილა გადატანილი, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მთელი კაცობრიობა მაიმუნისგან კი არა მეგრელებისგან წარმოიშვა!
ჰოდა, როგორც ვთქვი, ლესიჭინეში დიდი სამზადისია და ზუსტად ვიცი, სოფო სიჭინავაა კომიტეტის წევრი. მას ფუნდამეტური დასკვნების მესამე “ბ” ნაწილის კრიტიკა და ანალიზი აბარია, სადაც ქრომოსომებზე და გენეტიკურ აბლაბუდაზეა საუბარი. ამით აიხსნება მიტინგებზე მეგრელების არცთუ სახარბიელო აქტიურობა. მოკლედ, ძმაო, ამ დარვინმა იცოდა რას ლაპარაკობდა და ზუსტად თქვა, რომ მაიმუნისგან წარმოვიშვით. სხვათა შორის, მეცნიერების მიერ შესწავლილი ყოფილა მაიმუნების ჯოგში ეკონომიკური და პოლიტიკური წყობა – რაღაც ტიმოკრატიასა და დემოკრატიას შორის დემოკრატიულ-სოციალისტური ელფერით. ხოდა, დარვინი ნამდვილი ექსპერტი იყო. თქვენ ახლა ზოგიერთი ქართველივით იტყვით, ვინ აირჩია და დანიშნა დარვინი ექსპერტადო. ვინ ბატონო და, აგერ, 5 წელი იმოგზაურა ჯუნგლებსა და ჯანდაბაში, მოუსავლეთიდან მოვიდა და ექსპერიმენტები ჩაატარა, გამოცდილება მიიღო, ჭკუაც დაეხმარა და ა, კაცი, როცა თეორია ჩამოაყალიბა, ექსპერტიც გახდა.
ზუსტად ასეა ეკონომიკაშიც. წლების განმავლობაში იმუშავებ რაიმე საკითხზე, აანალიზებ, იკვლევ, გამოცდილებას იძენ და ამ სფეროს მეტ-ნაკლებად ფლობ, აზრი მოგეკითხება. მერე ამას განჭვრეტის ნიჭიც დაემატება და გახდები საქმეში ჩახედული ანალიტიკოსი, რომლის აზრს ხალხი თვალ-ყურს ადევნებს და სჯერა.
მდაა… ძალიან ძნელია! ასეთი ექსპერტი იყო რიკარდო და კეინსმა ამიტომ შეადარა ინკვიზიციას. ის იყო მკაცრი და შეუვალი, თან წმინდა და მართალი, მაგრამ არ მოსწონდათ. არც რიკარდოს აზრი მოსწონდათ ბოლომდე. უფრო სწორედ, მაშინდელ მზარდ ბურჟუაზიას მოსწონდა, მაგრამ არა ხელისუფალთ. ყოველთვის ასეა, ეკონომისტები არსად არავის მოსწონს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს – ნამეტან სიმართლეს ლაპარაკობენ და ნამეტნავად მკაცრები არიანო.
ზუსტად ამიტომ ექსპერტების წინაამდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო და პოლიტიკოსები შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ ყოველ გამოსვლაში ექსპერტები აკრიტიკონ ზევიდან თუ ქვევიდან, შინ თუ გარეთ. უფრო მეტიც, აკრიტიკებენ ჭეშმარტს, თორემ ხელოვნურებს, პირიქით, აქებენ და აწინაურებენ. ექსპერტი არავის აწყობს: არც იმას, ვინც ხელისუფლებაშია და არც იმას, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს. ყველას თავისი, ასე ვთქვათ, შინაური ექსპერტი უნდა – მისთვის სასიკეთოს რომ იტყვის, ანუ ლეშები. ხოდა, აქედან წამოვიდა ტერმნი ლეშინგი! ამჟამად ჩემი დიდი ხნის ოცნების ახდენით ვარ დაკავებული – საერთაშორისო ვაჭრობაში და ბანკინგში წიგნის წერას ვასრულებ. ვიწყებ ასე, რა არის ლეშინგი? და იგივე სიტყვებით ვამთავრებ. მინდა გითხრათ, რომ მის ძირითად მნიშვნელობაში შესანიშნავი სატრანსპორტო ტერმინია, მაგრამ ქართველებმა მეორე მნიშვნელობა შევძინეთ – ლეშების მოყვარული, ლეშებით, გახრწნილობით დაკავებული ადამიანები, ან საქმიანობა. ესე იგი, ადამიანი, ექსპერტი, რომელიც შეგნებულად ცდილობს ყველა ლეში იყოს და ეს ცხოვრების წესად იქცეს.
რა კავშირი აქვს ყოველივე ამას ექსპერტებთან? – პირდაპირი! ვაი ექსპერტების შექმნის და საზოგადოების აზრის მანიპულირების ორი მეთოდი არსებობს: ერთი, გენური ინჟინერიით ლაწირაკი ბავშვი “ექსპერტი” უნდა გამოჩეკო, რომელიც გუშინ მოსწყდა დედის ძუძუს და სახლს 1000 მეტრის მანძილზე არ გასცილებია. ანდა ძველი უნდა მომართო შენს სასარგებლოდ. ორივე მეთოდი მოდაშია და ორივე ლეშინგთანაა დაკავშირებული და ამიტომ გახშირდა კლონი, გენური ინჟინერიით შექმნილი ე.წ. ლეში ექსპერტები.
მომრავლდა ლეშინგები საქართველოში და მოახლოვდა დარვინის იუბილე ლესიჭინეში.