გაიღვიძე, კრიზისია!
სოფიკო სიჭინავა
2007 წლის აგვისტოში დაწყებულ მსოფლიო კრიზისს ერთი წლის თავზე საქართველოში საომარი მოქმედებები დაემატა. ამან გაამძაფრა მსოფლიო კრიზისის გარეგანი ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა. ჩვენი ქვეყანა საფინანსო ბაზრის უშუალო მონაწილე არ ყოფილა. ამის გამო ზოგიერთ ჩვენს ექსპერტს და მთავრობის წარმომადგენლს მიაჩნია, რომ მსოფლიო კრიზისის ნეგატიური ზეგავლენა ჩვენამდე არ მოაღწევს. ხშირად გაიგონებთ იმასაც, რომ შევძელით საზღვრის გადაკეტვა და კრიზისისთვის საქართველოსკენ მომავალი გზის დახშობა. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხერხდეს ეს იმ ქვეყნაში, რომლის მოხმარების 85% იმპორტირებულია, ანუ ჩვენ ქვეყანას დღეს მსოფლიოს ბაზარი კვებავს და ამდენად, მსოფლიო კრიზისის ზეგავლენა ჩვენ ქვეყანაზე არაელასტიური და მყარია.
მართალია, ჩვენ არ ვართ მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირებულნი, მაგრამ კრიზისზე დაგვიანებით იმის გამო ვრეაგირებთ, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარებით საკმაოდ დაბალ საფეხურზეა (მიუხედავად “რეიტინგომანიისა”). ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში აფეთქებული კრიზისული ბომბის ტალღა, ჩვენს ქვეყნამდე დაახლოებით 6 თვეში აღწევს. 2 თვე კონტინენტალურ ევროპამდე მოღწევას სჭირდება, 3 კი – მთლიანად დსთ-ს ქვეყნებამდე მოსვლას. გულის დამშვიდება იმით, რომ ამერიკის ბირჟებზე დღეს განვითარებულ უარყოფით ტენდენციებს ჩვენ მაყურებლის ამპლუიდან შეგვიძლია შევხედოთ, საფუძველსმოკლებულია. იგივე მოვლენები, დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად მოაღწევს საქართველომდე.
აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ჩვენი მთავარი პრობლემა ტოტალური დავალიანება და მისი გამწვავება იქნება, რომელიც დღემდე ასეთი სქემით ვითარდებოდა: სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქცია მშენებელ კომპანიებს მიაწოდეს, მშენებლებმა გარკვეული ფართი აუშენეს დეველოპერულ კომპანიებს, რომლებმაც სესხი ბანკიდან აიღეს. თავის მხრივ, ბანკმა სესხი გასცა, როგორც დეველოპერულ კომპანიებზე, ისე მოსახლეობაზე. მოსახლეობამ ბანკში აღებული კრედიტი დეველოპერულ კომპანიას მისცა. ბანკის ვალი აქვს მოსახლეობას, მშენებლების დავალიანება აქვთ მომწოდებლებს, მომწოდებლების დავალიანება აქვთ დეველოპერებს. ასე ჩამოყალიბდა დავალიანების ჯაჭვი. ბოლო ხანებში სამომხმარებლო და იპოთეკური კრედიტების საერთო რაოდენობამ 2,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საერთო ჯამში კი, მისი მოცულობა 4 მლრდ დოლარზე მეტია.
დღემდე მოსახლეობის დიდი ნაწილი დავალიანების დასაფარად უფრო ხელმისაწვდომ კრედიტს იღებდა და პირამიდის პრინციპით ფარავდა მიმდინარე სესხებს. გარდა ამისა, მშენებლობის ფასი ისე იზრდებოდა, მოსახლეობის 60%-მა ეს ბიზნესად აქცია: ადამიანები ყიდიდნენ ძველ ბინებს, ყიდულობდნენ ახალს და მოგებას იღებდნენ. დღეისათვის საქართველოში მშენებარე ფართების ფასი 50%-ით დაეცა. ახლა 1000 დოლარია იმის ფასი, რაც ადრე 2000 დოლარი ღირდა. იმის გამო, საქართველოში არ არის გამჭვირვალე ბაზარი, არ ხდება რეალური მოთხოვნა-მიწოდების დადგენა. ბაზარიც ჩამოუყალიბებელია. მყიდველსა და გამყიდველს კონკურენტული გარემო არა აქვთ. არც ეს ფასია რეალური. იმის გამო, რომ მყიდველი ფიზიკურად არ არის, ზემოთნახსენები 50%-იანი ფასდაკლება დღეს ჰაერშია. მყიდველის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ფასი უფრო ნაკლებიც იყოს. ამ გარემოებებმა ფაქტიურად გააკოტრა მომავლი ღირებულების თეორიაზე აწყობილი ბიზნესის მწარმოებელი ადამიანები. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება ადამიანი, რომელმაც ვაკეში, “პიქსელ-34”-ში კვადრატული მეტრი ფართი 25 ათას დოლარად შეიძინა და კრიზისმა მოუსწრო. ანუ, ვთქვათ, 10 კვადრატული მეტრი ფართის მაღაზიაში ადამიანმა მეოთხედი მილიონი გადაიხადა. რა მოგება უნდა დატოვოს მაღაზიამ დღეს, ამ კრიზისის პირობებში? მოთხოვნა-მიწოდების დარღვევისა და ფასების დაცემის გამო მსესხებლებს შეუწყდა კრედიტის წყარო. მოსახლეობამ დაკრედიტების სხვა გზას მიმართა: 2008 წელსა და 2009 წლის I კვარტალში ისინი ოჯახიდან გამოტანილი ნივთების გაყიდვით ფარავდნენ ბანკის ვალებს. აპრილიდან უკვე ამასაც ვეღარ ახერხებენ. ამის გამო ცუდგადამხდელთა რიცხვმა უკვე 200 ათასს გადააჭარბა.
ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ საბანკო-სამომხმარებლო ბაზარი აფეთქდებოდა, მაგრამ ბანკები იმედიანად იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ გირაოში ჩადებული ქონების გაყიდვით მოაგვარებდნენ პრობლემებს. თუმცა, 2004-05 წლებში გაცემულ კრედიტებზე გირაოდ ჩადებული ქონება მაშინდელი საბაზრო ღირებულებით ფასდებოდა, რომელიც დღეს მინიმუმ 50%-ით გაუფასურდა. ასეთი დევალვაცია იმას ნიშნავს, რომ ბანკების აქტივების ნახევარზე მეტი ტოქსიკური არა, მაგრამ საკმაოდ პრობლემატურია.
ძალიან მალე მოსალოდნელია დამანგრეველი და საზოგადოებისთვის მეტად საშიში ეტაპის დაწყება, რომლის საქმის კურსში ჯერ მსესხებლები არ არიან. მევალეს ჰგონია, რომ გირაოში ჩადებულ მის ქონებას ბანკი გაყიდის (ბანკები ამას მაისში გეგმავენ) და ვალს ამ გზით დაფარავს. მაგრამ სისხლის სამართლის კანონში მიღებული ცვლილებების გამო შესაძლოა ეს ვეღარ მოხერხდეს. როცა მოქალაქე ხელს აწერდა საკრედიტო ხელშეკრულებაზე, იგი არ იცნობდა იმ პირატულ კანონმდებლობას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიიღეს. თუ ბანკებს არ სურთ არაკანონიერი და მსოფლიოში მიუღებელი ნორმებით აწარმოონ მოლაპარაკებები თავიანთ პარტნიორებთან, რატომ ხდება, რომ უფრო მეტი საქმე მიდის ფინანსურ პოლიციაში და არა სასამართლოში. ძალიან ბევრი, სერიოზულობაზე პრეტენზიის მქონდე ბანკი, თანამშრომლობს არა სასამართლოსთან, არამედ ფინანსურ პოლიციასთან და პროკურატურასთან. საკრედიტო ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსითაც, მაგრამ მისგან განსხვავებით, ბევრად მკაცრია სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ამ კუთხით შეტანილი ცვლილებები. დაჭერის შიშით ვალების დაფარვა დიდ ხანს ვერ გასტანს. ამ მეთოდმა მაქსიმუმ კიდევ ორი თვე იმუშაოს, რასაც შედეგად ნამდვილი კოლაფსი მოჰყვება. მევალეების დაშინების სისტემაში ჩართულნი არიან ძალოვანი უწყებების ძველი თანამშრომლები, რომლებიც პრობლემურ კრედიტებთან დაკავშირებით, მსესხებლებს ვითომ ბანკის დავალებით იბარებენ. მართალია, ბანკები უარყოფენ მსგავსი დავალების გაცემას, ან ვინმე “ძველ პოლიციელთან” ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ მათ არსენალში მუშაობის ასეთი წესები ნამდვილად დევს და ისინი დაშინების მეთოდით კლიენტებთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობენ. ვალის გასასტუმრებლად გირაოში ჩადებული ქონების გაყიდვას თან სხვა პრობლემაც ახლავს. ვალის დასაფარად მეპატრონემ შეიძლება ვერ შეძლოს ბანკში დაგირავებული ბინის გაყიდვა, რადგან შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ დეველოპერული კომპანიის ბანკისადმი დაგროვილი ვალის გამო სახლი დაყადაღებულია ბანკის მიერ. საოცარია, რომ ამ გარემოებას მალავენ დეველოპერული კომპანიებიც და ბანკებიც. თუმცა, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში საკრედიტო დავალიანებების მოგვარების რესურსი ამოწურულია. აქ მსოფლიო კრიზისი არაფერ შუაშია. მართალია, საქართველოს ბანკებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და მათთვის უცხოა სუბ-პრაიმისა და NINJA Loans (No Income, No Job, No Assets – არა შემოსავალი, არა სამუშაო, არა აქტივი) სიტემები, ასევე CDO და CDS პროდუქტები, ხელოვნური და სინთეზური ფასიანი ქაღალდები, მაგრამ საქართველო ვერც აიტანდა იმას, რასაც სოროსი ახალი ფინანსური პარადიგმის საფუძველს უწოდებს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ხომ რეალურად 3 მლრდ დოლარს არც აღემატება. საუბარია იმაზე, რომ საქართველოსათვის, ქვეყნის თავისებურებიდან გამომდინარე, ბანკის 6 მლრდ-იანი კალათაც კი მძიმეა. საქართველოს არ აქვს საიმისო რესურსი, რომ ამ ბიძგს გაუძლოს. ბაზარი კი ვერ შეძლებს მოთხოვნა-მიწოდების გაყინვა აიტანოს.
მშენებლობა რეალურად გაჩერებულია. ამ სექტორში დასაქმებულთა საერთო რიცხვი 50 ათას ადამიანამდე შემცირდა. გაურკვეველია ფინანსური მომავალიც: თუ სამშენებლო კომპანიებმა სამშენებლო მასალების მომოწოდებლებს და ბანკებს ვალი ვერ გაუსტუმრეს, მათ მშენებარე ობიექტების გაყიდვის საშიშროება ემუქრებათ. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია კომპანია “ნოლა” მოვყვანოთ. იგი ისრაელის აქტივებით შექმნილი კომპანია იყო და 2004-06 წლებში თითქმის ყველა დიდ ობიექტს აშენებდა. საქართველოს ბიუჯეტში შეჰქონდა უზარმაზარი თანხები და 2007 წელს დაფიქსირებულ მილიარდ 700 მილიონიანი მშენებლობის მოცულობაში (ამაზე დიდი მაჩვენებელი საქართველოში არ ყოფილა), “ნოლას” ლომის წილი მიუძღვოდა. ვერც ერთ ქართულ პერიოდულ გამოცემაში ვერ ამოიკითხავთ, მაგრამ დღეს ეს კომპანია გაკოტრებულია და მისი აქტივების გამო რამდენიმე ბანკი ერთმანეთს ედავება. “ნოლა” ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რა ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რაზე ხუჭავს თვალს მთავრობა და ბიზნესი ერთდროულად. დავალიანების ჯაჭვი იწყება სამშენებლო კომპანიიდან, გადადის დეველოპერულ კომპანიაზე, ბანკზე, შემდეგ კი მოსახლეობაზე, რომელსაც დღეს თუ ხვალ სახლ-კარს გაუყიდიან და ქუჩაში დატოვებენ.
ქართული ბანკები ფეხზე მდგარ გიგანტურ მთვლემარე ცხოველებს მოგვაგონებენ. თუ 2009 წლის I კვარტლის საკრედიტო დინამიკას 2007 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ვარდნის მასშტაბი უზარმაზარია. ისინი ამტკიცებენ, რომ დღესაც განაგრძობენ მუშაობას. ეს არ არის სიმართლე – ბანკებმა თვითონვე მოისპეს თავიანთი ბაზარი, გაეხვნენ მსოფლიო კრიზისში, რომელიც საფინანსო კრიზისად მოინათლა. მსოფლიომ გაიარა კრიზისის პირველი ეტაპი, რომელიც 2007 წლის იანვარში გაღვივდა და იმავე წლის აგვისტოში აფეთქდა; გაიარა მეორე ეტაპი, როცა Lehman Brothers გაკოტრდა და მესამე ეტაპი, როცა 18 ამერიკული უმსხვილესი ბანკი დღეს ნაციონალიზაციას ელოდება. პროცესი, რომელიც აშშ-დან დაიძრა, ნელ-ნელა საქართველოს უახლოვდება, სხვაობა მხოლოდ ერთია, იქ დღედაღამ ფიქრობენ, კრიზისიდან რა გამოსავალი იპოვონ. საქართველოში კი, არაფერი კეთდება.
მოსახლეობა უსახსროდ რჩება. ის მხოლოდ ვალებს და გადასახადებს იხდის, სხვა რამეში ფულს ვერ ხარჯავს, ანუ მხოლოდ ბანკები არ თვლემენ, თვლემს ბაზარიც, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ხარჯების ერთიანობაა. იგი გაჩერდა და დღითიდღე იკუმშება. ყოველივე ზემოთქმული კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ ეკონომიკას ზრდის ის 2%-იანი მაჩვენებელიც არ ექნება, რომელიც სავალუტო ფონდმა გვიწინასწარმეტყველა და შესაძლოა, როგორც ბევრ ქვეყანაში, იგი მინუსშიც გადავიდეს. 2009 წლის ბოლოსთვის სერიოზულ კრიზისს უნდა ველოდოთ. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული დავალიანების ჯაჭვიდან? პირველ რიგში, საჭიროა გამოითვალოს პრობლემის ფსკერი. ეკონომიკური მეცნიერების ყველა არსებული თეორიული გაანგარიშების ჩართვით გაკეთებული გაანგარიშების მიხედვით ამის 500 მლნ დოლარი სჭირდება. ეს თანხაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მომუშავე ადამიანების დიდმა ნაწილმა (და არა, ყველამ) სამუშაო არ დაკარგოს; არ გაკოტრდეს სამშენებლო კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი და შეინარჩუნონ არსებული ფრონტი; ბანკებმა შეინარჩუნონ არა მარტო ლიკვიდურობა, არამედ შეუდგნენ ბაზარზე აქტიურ მუშაობას; მოსახლეობა გადარჩეს სრულ გაჩანაგებას და დაიწყოს ფულის ხარჯვა.
შიდა მოხმარება, დაგროვება და ინვესტიციები ის საკითხებია, რომელიც ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. შიდა მოხმარება ქვეყნის ეკონომიკის წარმართველი ძალაა. აშშ-ის ეკონომიკის მშპ-ის 65% შიდა მოხმარებაზე მოდის, ინდოეთში ეს მაჩვენებელი 35%-ია. რუსეთსა და ჩინეთში მონაცმები კატასტროფულად დაბალია – 6-7%.
მსოფლიოს ქვეყნებს ეკონომიკის ტიპის მიხედვით თუ დავყოფთ, მივიღებთ ასეთ სურათს: ქვეყნების კატეგორია, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ეკონომიკა (მაგ: სომალი, გაიტი და სხვა); ქვეყნები, რომლებსაც განვითარებადი ეკონომიკა აქვთ (მაგ: საქართველო); ქვეყნების კატეგორია, რომლებსაც აქვთ ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა (ჩინეთი და იაპონია) და ისეთი კატეგორია ქვეყნებისა, რომლებსაც ბიზნესზე ორიენტირებული ღია ეკონომიკა აქვთ (ევროპის ქვეყნები, აშშ). დღემდე ითვლებოდა, რომ ძალიან კარგია, როცა ქვეყანა ექსპორტიორია. თუმცა, ეს აზრი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ძალიან მალე, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, კრიზისის მეოთხე ფაზა დაიწყება, რომელსაც აზიური კრიზისი დაერქმევა. აზიის რეგიონის მთელი ბიზნესი, საფინანსო სფერო და წარმოება ექსპორტზე იყო მიბმული, მთელი მათი ექსპორტი აშშ-ის მოხმარება იყო. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოხმარების დაცემა ჩინეთის, კორეისა და იაპონიის ეკონომიკებზე ძალიან მალე უარყოფითად აისახა. ჩინეთი საპასუხო ზომებს მიმართავს: მოსახლეობას იაფ ფულს აძლევს, წარმოებასა და ბიზნესს აფინანსებს და შიდა მოხმარებას ზრდის, მაგრამ ძალიან ძნელია 6-7%-იანი მაჩვენებლის სწრაფად გაზრდა, თუნდაც ინდოეთის დონეზე. გახდება თუ არა ჩინეთი მსოფლიოში მეორე პოლუსი (პირველი პოლუსი აშშ), ამას მისი შიდა მოხმარების მაჩვენებელი განაპირობებს. თუ შიდა მოხმარება 40%-საც ვერ აღწევს, გამოდის, რომ ამ ეტაპზე იგი ამისთვის მზად არ არის.
ეკონომიკურ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი და ახალი ფენომენი შეიქმნა შიდა მოხმარების სახით. სწორედ ეს შეაფერხებთ დღეს ეკონომიკურ მეცნიერებაში საუკეთესოდ აღიარებულ, ექსპორტზე ორიენტირებული ტიპის ქვეყნებს. პრობლემა, რომელიც აშშ-ში საფინანსო კრიზისის სახით დაიწყო და შემდეგ ევროპაც მოიცვა, შემოდგომისთვის აზიის რეგიონსაც მიაღწევს და მოგვევლინება აზიური ექსპორტის კრიზისად.
საქართველომ თავისი ეკონომიკისთვის ოპტიმალური ვარიანტი უნდა შეიმუშავოს. მოიფიქროს, რა გზით გაიზარდოს მოხმარება, დაგროვება, რომელიც ჩვენთან მინიმალურია. ქვეყნის მშპ-ში შიდა ბაზრის წილი ძალიან მცირეა და აქედან გამომდინარე საქართველოს რესურსი არ გააჩნია. ამიტომ უნდა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც შევძლებთ კრიზისს უფრო იოლ ფორმებში გადავურჩეთ, ვიდრე ეს მოსალოდნელია. ქათმის და კვერცხის არ იყოს, დაგროვება მოხმარების გარეშე ვერ იქნება, მოხმარება კი დაგროვების გარეშე. ორივე მათგანს ხელს კრიზისი უშლის და ორივე უმუშევრობასთან და ბიზნესის დინამიკის დაცემასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, საქართველოში ისეთი კონტექსტური პროგრამა უნდა შეიქმნას, რომ შიდა მოხმარებისა და დაგროვების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და ზრდა გახდეს შესაძლებელი. უახლოეს მომავალში საქართველოში არც ერთ რეალურ გარე ინვესტიციას არ უნდა ველოდოთ. საუბარი არ არის პორტფელურ ინვესტიციაზე. ყველა ინვესტორ პროექტის რენტაბელობის გათვლისას პირველ რიგში შიდა მოხმარებას სწავლობს. სჯობს ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის რეგიონალური ეკონომიკის ქვეყანა. ჩვენ არც რუსეთის ბაზარზე გვიშვებენ, ვერც თურქეთის ბაზარზე შევდივართ და დიდად ვერც სომხეთსა და ბაქოში მოვიკიდეთ ფეხი. სხვა გზა კი უბრალოდ აღარ არის. ასე რომ, რეგიონული ბაზარი ჩვენი ინვესტორებისთვის გათვლის ობიექტს არ წარმოადგენს. მათთვის ქვეყნის შიდა მოხმარების მაჩვენებელია მიმზიდველი.
საქართველოს დიდი პრობლემა აქვს დასაძლევი უმუშევრობისა და ცუდი ბიზნეს-გარმოს სახით. შიდა ბაზრის მოცულობა დაკავშირებულია დასაქმების მოცულობასთან, დასაქმება კი ბიზნესის დინამიკის წყაროა. დასაქმების პრობლემის გადაჭრა უმუშევრობის აღრიცხვით უნდა დაიწყოს. საჭიროა მოხდეს მათი კვალიფიკაციის გაზრდა. მიზანშეწონილი იქნება, თუ ევროპიდან მოზიდული გრანტები ამ სფეროს მოხმარდება. ბიზნესში უნდა შეიქმნას სუფთა, კრეატიული გარემო და ადამიანმა შეძლოს თავისი კომერციული ნიჭის სრულად გამოვლენა.
არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე გამართლებული იქნება, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს 5 წლით მცირე და საშუალო ბიზნესი (ამის განმარტებაზე კამათი უსასრულოდაა შესაძლებელი). სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მცირე და საშუალო ბიზნესს არ მოაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ეს განსაკუთრებით ეფექტური იყოს მისთვის. საჯარო ფინანსებში ორი თემა არსებობს: ეფექტურობა და სამართლიანობა. სამართლიანობის პრინციპი ამ ეტაპზე პრიორიტეტულია. ეფექტურობა შეიძლება გადამწყვეტიც იყოს, რადგან სახელმწიფოს ფინანსები აკლია, მაგრამ სტრატეგიულ, შორეულ გეგმაში ვერტიკალური სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აქედან გამომდინარე, თუკი მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული 80%, დროებით, 5 წლით გადასახადებისგან გათავისუფლდება, ამით შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, შიდა მოხმარება კი ისე გაიზრდება, რომ ინვესტიციებისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდება. ამ გზით შესაძლებელია საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა.
საგადახადო ტვირთს ბევრი ქვეყანა ამცირებს. საქართველოში საგადასახადო განაკვეთები ვითომ შემცირდა, მაგრამ მთლიანობაში საგადასახადო ტვირთი დღესაც 38% გვაქვს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი პროცენტია. მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენთან საშემოსავლო 20%-ია და ფინეთში 58 %, არამედ ის, რომ ფინეთის 58 % უფრო მსუბუქია, ვიდრე ჩვენი 20 %. ეკონომიკა მათემატიკა არ არის და 5X5 ეკონომიკაში ყოველთვის 25-ს არ უდრის. რამდენ პროცენტს ვიხდით ნომინალში კი არ უნდა გამოვითვალოთ, არამედ იმით, თუ რა საგადასახადო ტვირთი მოდის ბიზნესზე. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სტაგნაციის გამო იაპონიამ საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე 14 ტრილიონი იუანი დახარჯა. 2002 წლიდან კი შეძლო გარკვეული წარმატების მიღწევა. ბარაკ ობამას გადარჩენის გეგმაც სწორედ საგადასახადო ტვირთის შეცირებისკენაა მიმართული. გასაგებია, რომ პარეტო ეფექტიანობის დარღვევას ეკონომიკაში შესაძლოა ზიგზაგები მოჰყვეს. პოპულისტობა არავინ დაგვწამოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ კრიზისის ახსნა ბოლომდე ვერც ერთმა ეკონომისტმა შესძლო. 21-ე საუკუნეში ეკონომიკური პარადგიმები შეიცვალა და არავინ იცის დღეს რა პარადიგმებია. ასე რომ, ქვეყნის ეკონომიკური საშუალოვადიანი პროგრამა, უნდა შეიქმნას ზემოთ ჩამოთვლილი უზარმაზარი მიმართულებების კონტექსტურად განხილვით. ეს კი, საბოლოო ჯამში, კერძო საკუთრების, ბიზნეს-თავისუფლებისა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებით, საქართველოში წარმატებული ეკონომიკის აშენების გარანტი იქნება. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი კრიზისის თემას სერიზულად არ მივუდგებით, არ გამოვიკვლევთ მის სიმპოტომებს და იმას, თუ როგორ შეიძლება მისგან განკურნვა, 2010 წლის I და II კვარტალში სრული კოლაფსი გველოდება.