უმუშევრობისა და ინფლაციის მაკროეკონომიკური რეგულირების პრობლემები საქართველოში

ვაჟა ვერულიძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

უმუშევრობისა და ინფლაციის ზღვრული დონის არსებობა საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მოვლენაა, ხოლო მისი რეგულირება, აღნიშნული დონიდან გადახრის შემთხვევაში, მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის სფეროს განეკუთვნება. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ოპტიმალური დონის მიღწევა შესაძლებელია ბაზრის განვითარებისათვის აუცილებელი ინსტიტუტების ქმედითუნარიანობის პირობებში, რაც კერძო საკუთრების ინსტიტუტის, თავისუფალი ფასწარმოქმნის სისტემისა და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობისათვის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებითა და რეალიზაციით გამოიხატება.

მაგალითად, თუ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არ მოქმედებს, ბაზრის სტრუქტურა სრულყოფილი კონკურენციიდან მონოპოლიურ ან ოლიგოპოლიურ კონკურენციაში გადასვლის პროცესში ევოლუციას განიცდის, იწყება ფასების მატება და გადასახადის მარეგულირებელი ბერკეტის გამოყენება არაეფექტური ხდება, ვინაიდან გადასახადის შემცირება მონოპოლიების მოგების ზრდას იწვევს, ხოლო გადასახადის გაზრდა ფასების ზრდას. მსგავსი ტიპის მონოპოლიები ქვეყანაში ფრმაცევტული პროდუქციის, ნავთობპროდუქტებისა და ფიჭვური კავშირგაბმულობის ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბაზრის აღნიშნულ სეგმენტებზე თავისუფალი ფასწარმოქმნის პირობები არ არსებობს, რაც საბაზრო ეკონომიკისათვის – დამახასიათებელი ბერკეტების გამოყენებით, მის რეგულირებას აფერხებს.
უმუშევრობისა და ინფლაციის მაკროეკონომიკურ რეგულირებას, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ევროკავშირის ქვეყნები უთმობენ, რომლებიც მიზნად ისახავენ ეკონომიკის რეალური სექტორის გააქტიურებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერას, დღგ-ს შემცირებას, სახელმწიფო გარანტიების გაცემას საბანკო ანაბრებზე, ინვესტიციების გაზრდას სამრეწველო ტექნოლოგიებში, უმუშევრობისათვის დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას და ა.შ. ახორციელებენ.
საქართველოში, ეკონომიკის რეალური სექტორის მასშტაბებსა და მის წვლილს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ფორმირებაში უმნიშვნელო ადგილი აქვს, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის სტრუქტურის ანალიზით ირკვევა (იხ. ცხრილი N1).
ცხრილიდან ჩანს, რომ 2004 წელთან შედარებით 2007 წლისათვის, ბიუჯეტის საერთო შემოსავლებში ხდება საგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წონის შემცირება და არასაგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წონის ზრდა, რაც ამ პერიოდისათვის, ეკონომიკური აქტიურობის კლებაზე მიუთითებს, იგივეს ადასტურებს იმავე პერიოდში არაპირდაპირი გადასახადების ხვედრითი წონის ზრდა (განსაკუთრებით დღგ-ის) ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში. ნათლად გამოიკვეთა იმპორტირებული პროდუქციიდან ამოღებული არაპირდაპირი გადასახადების ხვედრითი წონის ზრდის დინამიკა როგორც საგადასახადო, ისე მთლიან არაპირდაპირ გადასახადებში. 2005-2007 წლებისათვის, ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 55%-ზე მეტი არაპირდაპირი გადასახადებით ივსება, ხოლო პროდუქციის იმპორტისას ამოღებული არაპირდაპირი გადასახადები, ბიუჯეტის მთლიან არაპირდაპირ გადასახადებში იმავე პერიოდისათვის 70%-მდე აღწევს, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი საქონლის იმპორტს უკავშირდება. თუ გავითვლისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი, როგორც ყველაზე სოლიდური გადასახადი, მრავალსაფეხურიანია და საქონელბრუნვის ყველა სტადიაზე ამოიღება, მათ შორის იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას ქვეყნის შიგნით, მაშინ ქვეყნის ტეროტორიზე ამოღებული დამატებული ღირებულების გადასახადის ხვედრითი წონა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში, ცხრილში წარმოდგენილ მაჩვენებლებთან შედარებით შემცირდება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციიდან ამოღებული დამატებული ღირებულების გადასახადი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სამამულო საქონლის ან მომსახურების მიწოდებასთან.
ქვეყნის ეკონომიკის იმპორტზე ორიენტირებას და სუსტი რეალური სექტორის არსებობას ნათლად წარმოაჩენს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებისა და იმპორტის ზრდის ტემპების შედარებითი ანალიზი 2005 – 2008 წლებისათვის (იხ. ცხრილები N2 და N3).
როგორც 2-ე ცხრილიდან ჩანს, ბიუჯეტის ზრდის აბსოლუტური მაჩვენებლები ყველა პარამეტრის მიხედვით ყოველწლიურად მატულობენ, თუმცა 3-ე ცხრილიდან ირკვევა, რომ საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპები, წინა წლებთან შედარებით, თითქმის იმპორტის იმავე პერიოდის ზრდის ტემპებს ემთხვევა. 2008 წლისათვის საგადასახადო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 1,082 ჯერ, ხოლო იმპორტი 1,161 ჯერ გაიზარდა, ანუ სხვაობამ მხოლოდ 8 % შეადგინა, რაც ერთხელაც ადასტურებს იმას, რომ საგადასახადო შემოსავლები ქვეყანაში ძირითადად იზრდება არა რეალური ეკონომიკური სექტორის ზრდის, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებისა და იმპორტის ზრდის ხარჯზე, რომელმაც 2008 – წლისათვის 6 058,1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა1. გამოდის რომ ქვეყნის საგადასახადო პოტენციალი, აღნიშნული პერიოდისათვის არსებითად არ შეცვლილა, აქედან გამომდინარე ქვეყნის ბიუჯეტის სტაბილურობა სერიოზული საფრთხის წინაშეა, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საგადასახადო შემოსავლების მობილიზების რესურსი საკმარისი არ არის.
არსებული კონიუნქტურის პირობებში, უმუშევრობის სახელმწიფო რეგულირება რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადაგან მსოფლიოში აპრობირებული სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმებისა და უმუშევრობის სფეროში, განსხვავებულ გარემოში ფუნქციონირებს და უმთავრესად ეკონომიკის რეალურ სექტორზეა ორიენტირებული, კერძოდ, არსებობს სახელმწიფოს მარეგულირებელი და მასტიმულირებელი ფუნქციის მუდმივი აუცილებლობა, ხოლო სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს დასაქმებისა და უმუშევრობის სფეროში წარმოადგენენ:
დასაქმების დონის ზრდის სტიმულირებისაკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები;
სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადებისაკენ მიმართული პროგრამები;
სამუშაო ძალის დაქირავებისადმი მხარდაჭერის პროგრამები;
უმუშევრობის სოციალური დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები.
საქართველოში, სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების საჭიროება ეკონომიკის რეალური სექტორისათვის არ არსებობს, ხოლო უმუშევრობის სოციალური დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების მასშტაბურად ამოქმედება სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილურობას უკავშირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმების მაკროეკონომიკური რეგულირების რეალიზება ვერ მოხერხდება, რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას.
“უმუშევრობა მნიშვნელოვან სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იმათთვის იწვევს, ვისაც იგი ეწვევა. 30-იანი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხანგრძლივი მასობრივი უმუშევრობა შეიძლება თვით დემოკრატიასაც დაემუქროს.”1
ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული ასევე ეროვნული ვალუტის სტაბილურობით, ინფლაციის დაბალი ტემპით, საბანკო სისტემის საიმედოობით და ა. შ. ამ პირობების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური ბანკი თავისუფალია პოლიტიკური კონიუნქტურისაგან და დამოუკიდებელია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, რეგულირების ბერკეტების შერჩევასთან დაკავშირებით.
საქართველოში, ეროვნული ვალუტის შემოღების დღიდან, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სავალუტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მიმართული იყო ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისაკენ და ანტიინფლციური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს წარმოადგენდა. ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებებით მიღწეული შედეგი და ბოლო პერიოდში გაზრდილი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (ცხრილი NN2), ვერ ასახავენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების რეალურ მდგომარეობას, ვინაიდან ვალუტის კურსის გარკვეულ ნიშნულზე შენარჩუნება მიღწეულია ეროვნული ბანკის ინტერვენციების ხარჯზე. Uუნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში გატარებული ანტიინფლაციური პოლიტიკის პირობებში, (რაც ნებისმიერი მეთოდით ინფლაციის შეჩერებაა), ცენტრალური ბანკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას, სავალუტო კურსის პოლიტიკით იზღუდება, რაც შერჩეულია მთავრობის მიერ საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკასთან კოორდინაციის აუცილებლობით. ასეთმა მიდგომამ შეიძლება სოციალური და ეკონომიკური ხასიათის ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს, ვინაიდან მსგავსი – სახის ღონისძიებებს მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირებისაკენ მივყავართ.
მიუხედავად გატარებული ანტიინფლაციური პოლიტიკისა, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინი შენარჩუნებულია, რაც მოსალოდნელი ინფლაციის წინაპირობაა, ამას ადასტურებს უმუშევრობისა და ინფლაციის თეორიაში შეტანილი მონეტარისტების მთავარი წვლილიც – ფილიპსის მრუდში მოლოდინების ჩართვა. მოლოდინებით გაზრდილი ფილიპსის მრუდი გამოისახება ფორმულით2:

აღნიშნული ფორმულა გულისხმობს იმას, რომ ინფლაცია () არის უმუშევრობის უკუპროპორციული მაგრამ იგი დამოკიდებულია ინფლაციურ მოლოდინზეც (). ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული მოლოდინი, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩამოყალიბებული ფასების კლების ტენდენციისა, განაპირობებულია მთლიანი საერთაშორისო რეზერვების არასაკმარისი მოცულობით (2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 1-335830,4 ათას აშშ დოლარს), რომლითაც სავალუტო კურსის შენარჩუნება ხერხდება.
ამრიგად, საქართველოში მაკროეკონომიკური რეგულირება როგორც დასაქმების სფეროში, ასევე ეკონომიკის მონოპოლიურ სეგმენტზე სასურველ შედგეს არ იღებს, თუმცა ინფლაციის რეგულირებით ფასების ზრდის ტემპების შენელება ხერხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ეკონომიკის მოკლევადიანი რეგულირების მეთოდებიც, რომლებიც ერთობლივი მოთხოვნით მანიპულირებენ და მიზნად ისახავენ დროის მოკლე პერიოდისათვის გარკვეული ეკონომიკური გარემოს შექმნას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი საგადასახადო განაკვეთების შემცირებასა და სოციალური ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, რაც მცირე ეფექტით გამოირჩევა, ვინაიდან თავდაპირველად იწყება უმუშევრობის შემცირება, შემდეგ მატულობს ინფლაცია და ისევ იზრდება უმუშევრობა.
არსებობს ერთობლივი მოთხოვნით მანიპულირების მეორე მეთოდიც, რომელიც მკაცრ საბიუჯეტო პოლიტიკას იყენებს, რასაც მაღალი საპროცენტო განაკვეთები ახლავს და ეკონომიკის ზრდის ტემპებისა და ინფლაციის მოლოდინის შენელებას იწვევს, თუმცა, უმუშევრობა ზღვრულ დონეზე მეტად იზრდება. შემდეგ ყველაფერი მეორდება – მცირდება საგადასახადო ტვირთი და იზრდება ხარჯები, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ეფექტი ისევ ინფლაციურია.
ეკონომიკის მოკლევადიანი რეგულირების მეთოდები გამოყენებული იქნა საქართველოშიც, უკანასკნელ პერიოდში, ქვეყანაში ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ანტიინფლაციურ ღონისძიებებს არამონეტარული ხასიათის მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის ღონისძიებები დაემატა, რაც 2007 წლისათვის წარმოჩინდა:
ა) კომუნალური გადასახადების ზრდით;
ბ) საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით, აღნიშნულ სექტორში დასაქმებული ადამიანების შემცირებებით;
გ) მოსახლეობის ცალკეული ფენებისათვის სოციალური ხასიათის შეღავათების გაუქმებითა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფების ზრდით.
2008 წლისთვის მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის შეცვლა, კერძოდ, საბიუჯეტო ხარჯების ზრდით განხორციელდა:
ა) მეწარმეების დაფინანსება, რომლებიც მზად იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ შრომითი მოწყობის სამთვიან პროგრამაში;
ბ) მასწავლებელთა ხელფასების ზრდა;
გ) დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიასა და გაზზე ვაუჩერების დარიგება;
დ) ხელფასების გაზრდა მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებისათვის;
ე) მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების დაფინანსების გაზრდა;
ვ) მოკლევადიანი სტუდენტური შრომითი პროგრამების დაფინანსება;
ზ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რიცხვის გაზრდა და მათთვის სახელმწიფო დახმარების გამოყოფა.
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში, ეკონომიკურად აუცილებელსა და პოლიტიკურად შესაძლებელ ღონისძიებებს შორის, განსაკუთრებული ადგილი აქვს მანევრირებას. ეკონომიკის რეცესიის პირობებში კი სახელმწიფოს მხრიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის არა მოკლევადიან, არამედ მუდმივ, გრძელვადიან რეგულირების პროცესს, როგორც საბიუჯეტო-საფინანსო ისე მონეტარული პოლიტიკის ერთდროული მონაწილეობით, რომელსაც მოთხოვნაზე გაცლებით ძლიერი ეფექტი გააჩნია, ვიდრე ცალკე აღებული ერთ-ერთი მათგანის გამოყენებას, თუმცა რეგულირების მაღალი ხარისხის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტიმულირებითა და ხელშეწყობით.