არაჩვეულებრივი გამოფენა

რედაქციისაგან

რისთვის აღარ სცალიათ კრიზისის პერიოდში ქართველებს? როგორც გაირკვა, განსაკუთრებით გულგრილი ისინი უძრავი ქონების მიმართ არიან. ამის მიზეზი ბოლო დროს არანორმალურად გაზრდილი ფასები და საბანკო კრედიტების გაუცემლობაა. შედეგად, სამშენებლო სექტორი კრიზისიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. საქმე იქეთკენ მიდის, რომ მშენებლებმა, შესაძლოა, კრიზისს თავი ვეღარც კი დააღწიონ. დღეისათვის თბილისში სამშენებლო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების 80%-მდე ვერ სრულდება, ხოლო 2-3 წელზე გათვლილი მშენებლობები, ფაქტობრივად, შეჩერებულია.

მაზე მეტყველებს გამოუყენებელი კომერციული ფართების სიჭარბეც. დაბალი ფასების მიუხედავად, კომერციული ფართები არ ქირავდება, რადგან მათ მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კომერციულ ფართებზე ბუმი 2006 წლიდან დაიწყო და შარშან ზაფხულამდე გრძელდებოდა. გაქირავების და ფართის შესასყიდი ფასები კატასტროფულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. 1 კვადრატულ მეტრში სამშენებლო კომპანიები თუ კერძო პირები ხშირად 2500-3500 დოლარსაც ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, კლინეტების ნაკლებობას არავინ უჩიოდა. სიტუაცია უცებ შეიცვალა. ახლა გასაქირავებელი თუ გასაყიდი ფართების სიჭარბეა, მყიდველი და დამქირავებელი არსად ჩანს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ეკონომიკური გამოცოცხლება არ მოხდება, შესაძლოა, კომერციული ობიექტების გაქირავებაზე 70%-იანი ფასდაკლებაც კი დაფიქსირდეს.
პრობლემები არამხოლოდ საქართველოს უძრავი ქონების სეგმენტისთვისაა დამახასიათებელი. აზერბაიჯანის სამშენებლო სფეროში დიდი ვარდნა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი უძრავი ქონების კვლევის ასოციაცია აცხადებს. ორგანიზაციის მონაცემებით, 2009 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაქოს უძრავი ქონების ბაზარზე ბრუნვა 40%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ გასულ წელს თვეში აზერბაიჯანის დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე 4,6-4,7 ათასი გარიგება იდებოდა, დღეს ამ მონაცემმა 3,5 ათასი ერთეული შეადგინა. რაც შეეხება ფასებს, წლიური მონაცემით ისინი 20-23%-ითაა შემცირებული. გასულ წელთან შედარებით, როდესაც თვეში 25-30 ობიექტი ბარდებოდა, წელს თვეში მხოლოდ 1-2 შენობა თუ შედის ექსპლოატაციაში.
სამშენებლო სფერო საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო, ამიტომაც მის გაჯანსაღება-გადარჩენას ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს. კომპანიები კრიზისისაგან თავის დასაღწევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, და არამარტო კომპანიები, არამედ სახვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, დონორი, ორგანიზაციებიც:
მენაშენათა ასოციაციისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით მზადდება გეგმა, რომლის თანახმად, თბილისის მერიამ უნდა შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც დეველოპერებს დაწყებული პროექტების დამთავრებაში დაეხმარება. დეველოპერული კომპანიები პროექტების დასამთავრებლად 300 მილიონ ლარს ითხოვენ. სანაცვლოდ, მათ მიერ დასრულებულ პროექტებს ეს კომპანიები თბილისის საბინაო ფონდს გადასცემენ, სადაც მერიას საშუალება მიეცემა ძველი თბილისის უბნებსა და დაზიანებულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები ამ ბინებით დააკმაყოფილოს. ხოლო ის ტერიტორია ინვესტორების მოსაზიდად გამოიყენოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მერია ამ პროექტს დათანხმდება, სესხს ბანკები გასცემენ. მაგრამ პროგრამა ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯამში პროგრამა დეველოპერების, საბანკო სექტორისა და მერიის გრძელვადიან პარტნიორობას გულისხმობს.
საქართველოსათვის Uუძრავი ქონების ბაზრის დიდ მნიშვნელობაზე უცხოელი დონორებიც საუბრობენ და ქართველი დეველოპერების დასახმარებლად თანხებსაც გამოყოფენ. 8 მაისს სამშენებლო კომპანია “იბერიას ოფისშიOPIC-ის მიერ “იბერიისთვის თანხის გამოყოფის შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი. როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე OPIC-ის წარმომადგენელმა, კენეტ ენჯელმა განაცხადა: “ამერიკის მთავრობა მისი სააგენტოს – OPIC-ის სახით აგრძელებს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას, რადგან საქართველო ითვლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყნად. საქართველოში “ოპიკს” აინტერესებს რამდენიმე სფერო, საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სამთო მრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. მივიჩნევთ, რომ უძრავი ქონების სექტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეკონომიკის სტიმულირებაში. ეს ბიზნეს სექტორი ქმნის ბევრ სამუშაო ადგილს, ამიტომ ამ სექტორის დახმარება გარკვეულწილად სოციალური პრობლემების მოგვარებასაც ნიშნავს. კომპანიისათვის გამოყოფილი 10 მლნ აშშ დოლარი მოხმარდება ოთხი პროექტის დასრულებას. ესენია – საცხოვრებელი სახლები – აბაშიძის ქ. #73, რადიანის ქ. #13, ყიფშიძის ქ. #7 და საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში – “იბერია ჰილსი”. მიღებული 10 მილიონი ცალკე გამოყოფილი ფინანსური რესურსია სპეციალურად “იბერიასთვის და აგვისტოს მოვლენების შემდე OPIC-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 176 მლნ აშშ დოლართან კავშირი არ აქვს.
დეველოპერების ნაწილი კრიზისიდან გამოსვლის სხვა გზებს მიმართავს, მაგალითად, ცენტრ-პოინტის მენეჯმენტი სინგაპურის მაგალითის გათვალისწინებას და ბარტერულ გაცვლებზე გადასვლას გეგმავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრ პოინტი დარჩენილ ფართებს რკინა-ბეტონზე ცვლის, ხოლო მომხმარებლისაგან შემოსულ თანხებს მუშა-ხელის ანაზღაურებისთვის იყენებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სინგაპურის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იქაურ ბაზარზე არსებული კომპანიების 20% სწორედ ბარტერულ გაცვლებს ახორციელებს და მათი ბიზნესი წარმატებულია. ამ აზრს სამშენებლო სფეროსა და ექსპერტული წრეების ნაწილი არ იზიარებს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ ბარტერმა მასობრივი ხასიათი მიიღო, ეს ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება და ბარტერი, უბრალოდ, პროცესის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.
უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი შემცირება განსაკუთრებით უარყოფითად აგარაკებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულებაზე აისახა. აგარაკების ღირებულებამ უკვე 50%-ით იკლო, მაგრამ მომხმარებელი მაინც არ აქტიურობს. ყველა მოლოდინის რეჟიმშია და ფასების კიდევ უფრო კლებას ელოდება. მაგრამ, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ თუ ვინმეს უძრავი ქონების შეძენა უნდა სჯობს ეს ახლა გააკეთოს, რადგან უფრო მეტი კლება ფასების მოსალოდნელი აღარ არისო, თუმცა ისიც საინტერესოა ვინ უნდა შეიძინოს ეს უძრავი ქონება, მაშინ როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, უამრავი ადამიანი უმუშევრადაა დარჩენილი და რომ აღარაფერი ვთქვათ აგარაკისა და მიწის შეძენაზე, ბევრს პურის ფულიც კი უჭირს.
მიუხედავად ამისა, გაიაფებული სამშენებლო მასალების შეძენასა და ახალი პროექტების განხორციელებისაკენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ლაშა ჟვანიაც მოუწოდებდა საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში 20 მაისს მშენებლობისა და ინტერიერის მე-14 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე. მინისტრმა სამშენებლო სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კრიზისის პირობებში სამშენებლო მასალების ფასები დაბლა ეცემა, შესაბამისად, ამ ვარდნას მაღლა სვლა მოჰყვება, ამიტომ მათი ფასი მომავალი წლის ამ დროს სულ ცოტა 30%-ით მეტი იქნება. “ამიტომ ყველას, ვისაც სარემონტო თანხა შეიძლება ჰქონდეს გადადებული, ან სამშენებლო სამუშაოები ჩასატარებელი, მოვუწოდებ, რომ გაითვალისწინონ – დღეს სამშნებლო მასალები გაცილებით იაფია, ვიდრე ეს მომავალ წელს ამ დროს იქნება. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, კრიზისი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
რაც შეეხება “ექსპოჯორჯიაში სულ ახლახან ჩატარებულ მშენებლობისა და ინტერიერის მე-14 საერთაშორისო გამოფენას, 20-23 მაისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრში, 95 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 14 ქვეყნის 120-ზე მეტი კომპანია – საქართველოს გარდა აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და შვეიცარიიდან. გამოფენაში მონაწილე კომპანიები ქართველ მომხმარებელს სამშენებლო მასალებისა და აქსესუარების სპექტრს სთვაზობდნენ.
გამოფენის მსვლელობისას ჩვენ რამდენიმე მონაწილე კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. დავინტერესდით იმით, თუ როგორ აისახება მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისი სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებზე და რა მეთოდებით ებრძვიან ისინი კრიზისს?
კომპანია “ჯი-არ-სის მენეჯერი ლაშა ლაბაძე: კომპანია “ჯი-არ-სის კაპიტალი მთლიანად ქართულია, ბაზარზე 1999-2000 წლიდან ვართ. ჩვენ ვართ რუსული “ტექნონიკოლის, დანიური კონცერნ “ნიკოფანის, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს ქარხნები, გერმანული “ბასვის, ფინური “ველკმანის და რკინის მასალების მწარმოებელი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხილესი კომპანია “არსელორმიტალის დილერები. რაც შეეხება პროდუქციას, ჩვენი ძირითადი მიმართულებებია სასახურავე საიზოლაციო მასალები, იზოლაციები, თბოიზოლაციის სისტემები და სხვა.
– როგორ აისახება თქვენი პროდუქტის რეალიზაციაზე მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისი?
– ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რა თქმა უნდა, რეალიზაცია ყველა კომპანიას შეუმცირდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. მაგრამ ჩვენი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ ზარალი მინიმალური ყოფილიყო.Pპროცენტულად რომ ვთქვათ დაახლოებით 5%, მეტი არა.
კომპანია “ინტერპლასტის მარკეტინგის მენეჯერი ალექსი სტროგანოვი: ჩვენი კომპანია დაარსდა და პირველი პროდუქცია გამოუშვა 2007 წელს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პროდუქტების ყველაზე ფართო ასორტიმენტი ამოერკავკასიაში ჩვენს ქარხანას აქვს. დაწყებული პლასტმასის მილებიდან, დამთავრებული კარ-ფანჯრებით, ფაქტობრივად ყველა დასახელების პროდუქციას ვუშვებთ სამშენებლო მასალებში. ამასთანავე, ჩვენი კომპანია თავიდან ბოლომდე ქართულია, ქართული კაპიტალით დაარსებული.
– ექსპორტზე თუ გაგაქვთ პროდუქცია?
-Kკი, რა თქმა უნდა. 2007 წლის ბოლოდან დავიწყეთ ექსპორტი. 2008-დან ჩვენი ნაწარმი გაგვაქვს სომხეთში, საიდანაც დიდი კონტრაქტები გვაქვს პოლიეთილენისა და ცენტრალური გაყვანილობის მილებზე, ამას გარდა ვმუშაობთ უკრაინის ბაზარზე, უკვე გვაქვს წინასწარი შეთანხმებები და მალე ამ ქვეყანაშიც გავალთ.
– გლობალური ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით შემცირდა თუ არა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე?
– კრიზისი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად აფინანსებს წყალგაყვანილობების და მილების შეცვლის პროექტებს. იმ კომპანიებს კი, ვინც აკეთებენ ამ სამუშაოებს, ჭირდებათ ეს მილები და ისინი, ძირითადად, ჩვენი კლიენტები არიან, იმიტომ რომ მათთვის ჩვენი პროდუქციის ხარისხიც და ფასიც მისაღებია. მართალია, სომხეთში არის ჩვენი კონკურეტნი ქარხანა, რომელიც იმ ტიპის პროდუქციას აწარმოებს (მილებს) რასაც ჩვენ, მაგრამ ჩვენ მათ ვაჯობეთ ხარისხითა და ფასით. საქართველოში ხომ მითუმეტეს, შეგვიძლია, გავუწიოთ იმპორტულ პროდუქციას კონკურენცია.
მშენებლობისა და ინტერიერის მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად წარმოდგენილი იყო ხე-ტყის გადამამუშავებელი ტექნოლოგიისა და მასალების ფართო სპექტრი.
არჩილ პაპავა, კომპანია “ვუდ სერვისის მარკეტეინგის მენეჯერი: შპს “ვუდ სერვისი” დაარსდა 1999 წელს თბილისში. დაარსების დღიდან კომპანია მუშაობს ხე-ტყის გადამუშავების დარგში. კომპანიის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფის გრძელვადიანი მუშაობა გასაღების ბაზრის და ხის მოპოვება-დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შესასწავლად. “ვუდ სერვისი ერთერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხის ფანჯრების და პარკეტის წარმოება დანერგა. ჩვენი კომპანია არაერთი მსოფლიო ლიდერის ექსკლუზიური წარმომადგენელია როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში: Diotrol-ი (ექსტერიერის ზეთები, შვეიცარია), Laegler-ი (იატაკის მოსახვეწი მანქანები, გერმანია) და სხვა. გარდა ამისა, 2006 წელს “ვუდ სერვისი გახდა ბრიტანული კორპორაცია Arch Timber Protection-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი კავკასიის რეგიონში. Arch Timber Protection-ის, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს მერქნის გრძელვადიანი კონსერვაციის სფეროში. 2007 წლიდან “ვუდ სერვისი გლობალური კომპანია Mitek-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში. კომპანია Mitek-ის გადახურვის ფერმების და კარკასული კონსტრუქციების პროექტირების, წარმოების და ინსტალაციის ტექნოლოგიით საქართველოში უკვე განხორციელდა არაერთი პროექტი.
ჩვენ ჩამოგვაქვს უცხოური ნედლეული და საქართველოში ხდება ამ ყველაფრის გადამუშავება, საბოლოო სახის მიცემა პროდუქციისათვის. ანუ ჩვენი პროდუქციის საბოლოო სახით დამზადება ხდება, აქ, ადგილზე.
– ქართულ ნედლეულს არ იყენებთ?
– არა, რადგან საქართველოში ძალიან დაბალი ხარისხის ნედლეულია იმასთან შედარებით რაც მოგვაქვს საზღვარგარეთიდან. გარდა ამისა, იმის გარდა, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ რა სახის პროდუქცია გვჭირდება ამა თუ იმ პროექტისათვის, ამ ნედლეულის ხარისხის შესამოწმებლად ჩვენ ის ასევე უნდა გავატაროთ სპეციალურ დანადგარებში და შევამოწმოთ მისი ხარისხი და თვისებები, რისი გაკეთებაც საქართველოში შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები.
– გლობალურ ფინანსურ კრიზისსა და მის შედეგებზე რას იტყვით თქვენი კომპანიისათვის?
– ჩვენი კომპანია 2 მიმართულებით მუშაობს. ერთი მიმართულება არის საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციის გაყიდვა, რომელიც მაღალშრემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. იქიდან გამომდინარე რომ მაღალშემოსავლიან სეგმენტს იმდენად არ უჭირს და იმდენად არ დაეტყო ეს ყველაფერი, ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე მიმართულება არის დიდი მნიშვნელობის მქონე მასიური სამშენებლო პროდუქტები. ამ მიმართულებით საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, რა თქმა უნდა, პროცესები შენელებულია, ბევრი პროექტი საერთოდ გაჩერებულია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დონორი ორგანიზაციებიდან შემოსული თანხები საქართველოში, ჩვენთვის უზრუნველყოფს გაყიდვების ზრდას. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ გორში 300 სახლის მშენებლობა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, სადაც ჩვენ ვაკეთებთ სახურავებს. ეს არის გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი, არსებობს სხვა მსგავსი პროექტებიც.Aაქედან გამომდინარე ჩვენი გაყიდვები წელს, პირიქით, გაიზარდა, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.
გიორგი სიხარულიძე, კომპანია “ვივა პლასტიკის დამფუძნებელი: ამ გამოფენაზე ჩვენ წარომდგენილი ვართ 2 კომპანიის სახელით, ეს არის კომპანია “ვივა პლასტიკი და კომპანია “კაორი ჯგუფი. “ვივაპლასტიკი ძირითადად არის მეტალოპლასტმასის კარფანჯრების წარმოებაზე ორიენტირებული, ასევე მაკომპლექტებელი აქსესუარების მიმწოდებელი ბაზარზე. კომპანია “კაორი ჯგუფი კი არის სამშენებლო კომპანია, ძირითადად, დაკავებული ვართ საკურორტო ზონებში სასტუმროს ტიპის სახლების მშენებლობით. რაც შეეხება მეტალოპლასტმასის წარმოებას, აქ ძირითადად შემოტანილ ნედლეულზე ვმუშაობთ. ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან გერმანია, ავსტრია, უკრაინა, პოლონეთი და თურქეთი. მაგალითად, ავსტრიული კომპანია “მაკო, რომელიც ჩვენი პარტნიორი და ჩვენი თანამონაწილეა ამ გამოფენაზე, მსოფლიოში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. მის გარდა წარმოვადგენთ გერმანულ კომპანია “სალამანდრას. ასევე გერმანულ კომპანია “კომელის, ეს კომპანიები, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისათვის პროფილებს აწარმოებენ. ასევე წარმოვადგენთ თურქულ კომპანია “სარაი პლასტს, რომელიც ასევე პროფილების მწარმოებელია.
– რამდენად აისახა ეკონომიკური კრიზისი პროდუქციის რეალიზაციასა და ფასებზე?
– პროდუქციტის რეალიზაცია შემცირდა, რა თქმა უნდა. კარგად მოგეხსენებათ თუ რა მდგომარეობაა ახლა სამშენებლო ბიზნესში შექმნილი. რა თქმა უნდა, რეალიზაცია ჩვენს სამშენებლო კომპანიაში უფრო მკვეთრად არის შემცირებული, ვიდრე მეტალოპლასტმასის წარმოებაში, თუმცა შემცირება აქაც იგრძნობა. მაგრამ ჩვენ უფრო აგრესიულად ვიქცევით ამ კრიზის დროს. ვცდილობთ მომხმარებელს გადახდის მოქნილი სისტემა შევთავაზოთ და იმის გამო რომ ბანკებმა განვადებები თითქმის მთლიანად შეაჩერეს, დავნერგეთ შიდა განვადებების სისტემა. ვცდილობთ, რომ მომხმარებლის ისტორია ჩვენ თვითონ შევისწავლოთ, შეძლებისდაგვარად გავარკვიოთ თუ რამდენად გადახდისუნარიანია ის. ამის გარდა სარეკლამო კამპანიას ვეწევით უფრო მეტად აგრესიულადაც კი, ვიდრე ეს კრიზისამდე ხდებოდა. ფასებს რაც შეეხება, პროდუქციის ღირებულება შემცირებულია, მაგრამ არა კრიზისის გამო. უფრო, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობზე ფასები არის დაცემული და მეტალოპლასტმასის წარმოებაში რა პროფილებიც გამოიყენება ეს არის ძირითადად ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები, შესაბამისად, ნავთობის ფასების დაწევამ პროფილებზე ფასების დაწევაც გამოიწვია და გარდა იმისა, რომ ჩვენ 15%-იანი ფასდაკლება გვაქვს კრიზისთან დაკვშირებით, ამის გამო ფასების დაახლოებით 15%-იანი კელბა კიდევ არის დაფიქსირებული.
“კნაუფის გაყიდვების დირექტორი ლევან ჯაფარიძე: “ჩვენი პროდუქცია არის თაბაშირ-მუყაოს ფილა, ასევე მასთან დაკავშიორებული სისტემები, პროფილები, ფითხები, შესალესი მასალები, როგორც შიდა მოპირკეთების, ისე ფასადებისთვის. ფირმა “კნაუფი გერმანულია, მაგრამ ქარხნები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთში, ირანში და ასე შემდეგ. პირადად ჩვენი მომარაგება ხდება უკრაინიდან და თურქეთიდან, მაგრამ “კნაუფმა უკვე შეიძინა ქარხანა თბილისში და წლის ბოლოსათვის დაგეგმილია უკვე თაბაშირ-მუყაოს ფილის გამოშვება საქართველოში. ნედლეულს, ალბათ, თავიდან აზერბაიჯანიდან შემოვიტანთ, იმიტომ რომ საქართველოში საკმარისი მარაგები და საჭირო ხარისხის თაბაშირი არ არის. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, რა თქმა უნდა, ის ჩვენს ბიზნესზე მნიშვნელოვნად აისახება, რამდენადაც მთლიანად სამშენებლო სფეროა კრიზისში, ყველა დიდი ობიექტი თითქმის გაჩერებულია და ეს პირდაპირ კავშირშია სამშენებლო მასალების წარმოებასთან, ამიტომ ეს კრიზისი ჩვენ ძალიან დეგვეტყო. ფაესების დაწევა, მართალი რომ გითხრათ, გამოსავალი არ არის ამ მდგომარეობიდან. ჩვენ უფრო ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურების სერვისი და როგორც ყველა, ველოდებით, თუ როდის გადაივლის ეს კრიზისული პერიოდი.
ნინო სუბელიანი, “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის კომუნიკაციების მენეჯერი: ეს კომპანია არის მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო კომპანია სამშენებლო მასალების წარმოებაში. მისი ძირითადი პროდუქტი არის ცემენტი, თუმცა ის ასევე აწარმოებს ბეტონს, კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2006 წელს, 2007 წელს უკვე დაიწყო პროდუქციის მისი მეთვალყურეობის ქვეშ წარმოება. კომპანიამ იზრუნა საქცემენტის 2 ქარხნის მოდერნიზებაზე, რომლებიც ახლა სრულყოფაშია მოყვანილი, განსაკუთრებით ეკოლოგიური კუთხით. გარდა საქცემენტისა, კომპანია მართვას ქართული ცემენტის ქარხანას, რომელიც რუსთავშია. ამ სამი ქარხნის წარმოება შეადგენს 2 მილიონ ტონას წელიწადში და მათ მუშაობას მენეჯმენტს უწევს “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი. რაც შეეხება კრიზისს, ის ჩვენი კომპანიის შედეგებზეც აისახა, მაგრამ არც ისე რომ ძალიან დიდი ზარალი ყოფილიყო. ფასების დაწევა მოგვიწია დაახლოებით 20%-ით და რეალიზებაც, თვითონ მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, შემცირებულია, თუმცა საგრძნობლად, რაღაც საგანგაშოDმონაცემებით არა.
ასეთია სურათი, რომელიც დღეს საქართველოს უძრავის ქონებისა და საშენ მასალათა ბაზარზე არსებობს. მართალია, ბევრი კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ ბიზნესზე გლობალურმა კრიზისმა არცთუ დიდი გავლენა მოიხდინა და რომ პროდუქტის რეალიზაცია დიდად არ შემცირებულა, მაგრამ ეს ცოტა არ იყოს რთული დასაჯერებელია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გამოფენის მონაწილეთა შორის, თვალშისაცემი იყო თვითონ სამშენებლო კომპანიების ნაკლებობა, რომლებიც საშენ მასალათა მთავარი მომხმარებლები არიან. საქართველოს ბაზრის არც ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანია გამოფენაზე წარმოდგენილი არ იყო, რაც, ალბათ კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს უძრავი ქონების სეგმენტში არსებულ მძიმე ვითარებაზე.