სომხეთში უჭირთ დაეთანხმონ ან უარყონ სსფ-ის მიერ გაკეთებული პროგნოზი

რედაქციისაგან

ყველა პატარა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში მიაჩნდათ, რომ მსოფლიო ბაზრებზე ინტეგრაციის არარსებობის გამო, მათ ეკონომიკებზე გლობალური კრიზისის გავლენა უმნიშვნელო იქნებოდა. აღნიშნული პროგნოზი არ გამართლდა. უფრო მეტიც, სომხეთში კრიზისის გავლენის ასეთ მასშტაბს არავინ ელოდა.
2009 წლის პირველი ოთხი თვის მანძილზე სომხეთის ეკონომიკა 9,7%-ით შემცირდა. ბოლო წლებში სამშენებლო სფერო განეკუთვნებოდა ყველაზე დინამიურად განვითარებად სექტორს. 2004 წელს მშენებლობა შეადგენდა ქვეყნის მშპ-ის 16,9%-ს. 2008 წელს ამ ციფრმა 30%-ს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, სომხეთში ეკონომიკური ვარდნის გაღრმავება და აღორძინების ნელი ტემპია მოსალოდნელი. რეგიონის ქვეყნებს შორის რამდენიმე წლის მანძილზესსფ სომხეთის მშპ-ის ყველაზე ცუდ მაჩვენებელს წინასწარმეტყველებს. თუკი მარტში ფონდი პროგნოზირებდა ეკონომიკური ვარდნის 3%-იან მაჩვენებელს, ეს ციფრი ახლა 5%-მდე გაიზრადა. ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია ეკონომიკის ზრდა აზერბაიჯანში 2,5%-ით, საქართველოში – 1%. იმავე შეფასებებით, საუკეთესო შემთხვევაში, სომხეთში მომავალ წელს მოსალოდნელია ეკონომიკის ზრდის ნულოვანი მაჩვენებელი, აზერბაიჯანში – 12,3%, ხოლო საქართველოში – 3%. სომხეთის ეკონომიკის ასეთ უღიმღამო პროგნოზს ექსპერტები რუსეთის ეკონომიკაზე ძლიერი დამოკიდებულებით ხსნიან.
სომხეთში უჭირთ დაეთანხმონ ან უარყონ სსფ-ის მიერ გაკეთებული პროგნოზი. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეფასებები მიმდინარე ტენდენციებს ეყრდნობა, მაგრამ დღეს ინიცირებულია მთელი რიგი ანტიკრიზისული პროექტები, რამაც ეს უარყოფითი ტენდეციები უნდა დაძლიოს. ამ პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო მშენებლობა და ელექტროენერგიის წარმოებაა, რამაც სიტუაცია მკვეთრად უნდა შეცვალოს. მთავრობა აცხადებს, რომ სამთომომპოვებელ მრეწველობას ის ვერაფრით დაეხმარება, რადგან ეს სექტორი მსოფლიო ბაზრის ფასებზეა დამოკიდებული. სამშენებლო სფეროში მთავრობას მეტი შესაძლებლობები და გეგმები აქვს. მიზნის მისაღწევად საჭიროა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდეს სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ რესურსები აქაც შეზღუდულია. მშენებლობაში მნიშვნელოვანი თანხების გადაქაჩვა დააზარალებს ეკონომიკის სხვა სტრატეგიულ და ინოვაციურ სფეროებს. გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის უმჯობესი იქნება თანხების სხვა სექტორებისკენ მიმართვა.
პირველი ნაბიჯები სომხეთის მთავრობამ უკვე გადადგა: სამშენებლო კომპანიებს საკრედიტო გარანტიების სახით უკვე გამოეყოთ 20 მლრდ დრამი (დაახლოებით 53,5 მლნ დოლარი). ამ მოცულობის თანხაა გათვალისწინებული იპოთეკური ბაზრისთვის. მთავრობის აზრით, ეს ღონისძიებები სამშენებლო ინდუსტრიას თავიდან ააცილებს მკვეთრ ვარდნას. მთავრობამ 10 მლნ დოლარი სამთომომპოვებელ მრეწველობასაც გამოუყო. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული თანხა სომხეთის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად საკმარისი არ იქნება. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მოხმარების დონემ ძალიან დაიკლო, 25%-ით შემცირდა უცხოეთიდან ნაღდი ფულის გადმორიცხვები. ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის მოსახლეობის გადამხდელუნარიანობაზე. ექსპერტების აზრით, კრიზისის დასაძლევად ყველაზე ეფექტური გზა საგადასახადო და საბიუჯეტი პოლიტიკის რეფორმებია.
სომხეთის პრეზიდენტს
მადლიერების გარდა სხვა არაფერი დარჩენია
2009 წლის პირველი კვარტლის სავალალო შედეგებით დასრულების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი მაისის შუა რიცხვებში მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის მე-5-ე სხდომაზე ბიზნესმენებს შეხვდა. მან ისაუბრა კრიზისის წინააღმდეგ ბიზნესის, საზოგადოებისა და მთავრობის ერთიანობის აუცილებლობაზე.
სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, გრძელდება მნიშვნელოვანი ვარდნის ტენდენცია. შემცირდა ტრანსფერები და მოსალოდნელი ინვესტიციები. თუმცა, 2009 წლის პირველი თვეები სომხეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გამოარა. მსოფლიო პრაქტიკისაგან განსხვავებით კრიზისმა ვერ იმსხვერპლა ქვეყნის ყველაზე დაუცველი მოსახლეობა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოციალური დახმარებები და პენსიები არ შემცირებულა და დროულად გაიცემა. სომხური ბანკები ჯერ არ გაკოტრებულან, ხოლო სომხეთის მრეწველობის გიგანტებმა, მსოფლიო ბაზარზე დაბალი ფასების მოუხედავად, ან შემცირებული მოცულობით განაგრძეს მუშაობა, ან დროებით შეჩერდნენ. სარქისიანის თქმით, ნაციონალური ვალუტის მნიშვნელოვნად გაუფასურების მიუხედავად, სომხეთში სავალუტო ბაზარი არ ჩამოშლილა, თავიდან აიცილეს პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების მკვეთრი მატება. სარქისიანმა მადლობა გადაუხადა თავის მოსახლეობას, რომ ისინი პანიკამ არ მოიცვა. ასევე, მან მადლიერება გამოხატა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისადმი, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით განიცდიან ფულადი სახსრების უქონლობას, მაინც დაიწყეს გაზაფხულზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. მან მადლობა გადაუხადა ყველა მოსამსახურეს, რომელთაც შემცირებული ხელფასით მუშაობა განაგრძეს და იმათაც, ვინც დასაქმების მოლოდინში შინ ზის. პრეზიდენტს არ დავიწყებია ქვეყნის ბიზნესმენები და მთავრობა, რომლებიც ამ რთულ პერიოდში არ გაურბიან თამამ გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყნის პარლამენტი და ოპოზიციურ პარტიები.
სომხურ კონიაკზე მოთხოვნა შემცირდა
სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, 2009 წლის პირველ კვარტალში კონიაკის წარმოება 36,8%-ით შემცირდა. ამ პერიოდში სულ 2,339 მილიონი ლიტრი კონიაკი ჩამოისხა. სამინისტრო ამ ფაქტს კრიზისს უკავშირებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ბევრ საქონელზე შემცირდა მოთხოვნა, მათ შორის კონიაკზეც.
2008 წელს 2007 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა კონიაკის წარმოება და თითქმის 16 მილიონი ლიტრი შეადგინა. სომხეთიდან ექსპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებში კონიაკს ლომის წილი – 90% ჰქონდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 12,1%-ით გაიზარდა არყისა და ლიქიორის წარმოება, ღვინისა – 4%-ით, შამპანურის – 14,5%-ით, ხოლო ლუდის წარმოება შემცირდა 14,3%-ით.
სომხეთი რუსეთისგან კრედიტს იღებს
სომხეთისა და რუსეთის ფინანსთა მინისტრებმა 20 მაისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთისთვის 500 მლნ დოლარის თხუთმეტწლიანი კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით. კრედიტი LIBOღ+3%-ის განაკვეთით გაიცემა, რაც დღეს წლიურ 4%-ს შეესაბამება. ძირითადი ვალის გადახდამდე გათვალისწინებულია 5-წლიანი საშეღავათო პერიოდი, როცა გადასახდელი იქნება მხოლოდ კრედიტის პროცენტი. სომხეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თანხა მოხმარდება ეკონომიკის შენახვასა და განვითარებას. იგი ასევე გაიხარჯება ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
ახალ ატომურ ენერგობლოკს
სომხებს ავსტრალიელები აუშენებენ
ახალი ატომური ენერგობლოკის მშენებლობას მიეძღვნა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ენერგეტიკის მინისტრმა მოხსენება გააკეთა ამ მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე. სხდომაზე განიხილეს მთელი ტექნოლოგიური ციკლი, დაწყებული ეკონომიკურ-ტექნიკური გაანგარიშებიდან, ენერგობლოკის პრაქტიკულ გამოყენებით დამთავრებული. სომხები ფიქრობენ, რომ ახალი ატომური ენერგობლოკის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. პროექტს ტენდერში გამარჯვებული ავსტრალიური კონსორციუმი ჭორლეყ Pარსონს განახორციელებს.
იუველირების 1%-იანი შეღავათი
სომხეთის მთავრობისთვის საიუველირო საქმე და ბრილინტების დამუშავება ქვეყნის ეკონომიკისათვის პირველადი მნიშვნელობისაა. ამიტომ სომეხი იუველირები ხელსაყრელი გარმოს შესაქმნელად და სექტორის გასავითარებლად მალე საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. სომხეთის მთავრობამ განიხილა და მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები უნდა შევიდეს კანონებში “მოგების შესახებ” და “დამატებითი ღირებულების შესახებ”. ცვლილებების თანახმად, საიუველირო პროდუქციის მწარმოებლები მოგების გადასახადის წინასწარ 1%-იანი გადასახადისგან თავისუფლდებიან. ისინი შეძლებენ ფულადი სახსრების ეკონომიას, რაც კანონპროექტის ავტორების აზრით, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებასა და კონკურენტულუნარიანობის გაზრდას. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, საგადასახადო შეღავათთან დაკავშირებით ისაუბრეს ბრილიანტების მწარმოებლებისა და იუველირების საერთაშორისო ასოციაციაშიც. ამ საქმის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს არა მარტო დარგის განვითარებას, არამედ ამ საქმეში ახალი ინვესტიციების მოზიდვასაც. ეს ნაბიჯი განიხილება მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების კონტექსტში.
აზერბაიჯანი სუნთქავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი აცხადებს, რომ გლობალური
ეკონომიკური კრიზისის გავლენა
ქვეყანაზე დროებითი მოვლენაა
პრეზიდენტს ყველაზე მეტად მსხვილი საწარმოების საქმიანობის შეჩერება აშფოთებს. დღესდღეისობით ფაქტიურად სახელმწიფო ინახავს იქ მომუშავე ადამიანებს და პირობას დებს, რომ მათ საწარმოების ამუშავებამდე შეინახავს. აზერბაიჯანში კრიზისის პირობებშიც გრძელდება მშენებლობა და წარმატებით მუშაობს 5 წლის წინ შექმნილი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. მომავალი 5 წლისთვის ამ ტიპის ახალი პროგრამის მომზადება იგეგმება. აზერბაიჯანის ეკონომიკის წამყვან ძალას – ენერგეტიკას, ისევე, როგორც მსოფლიოს ნავთობის ექსპორტიორ ყველა ქვეყანაში, ცუდი დღეები უდგას. მიუხედავად ამისა, სრულდება ყველა სოციალური პროგრამა და გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. კრიზისმა აზერბაიჯანზე დადებითი გავლენაც იქონია – დაეცა სამომხმარებლო ფასები. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დროულად გაიცემა ხელფასები, ასევე პენსიები და უნდა ითქვას, რომ კრიზისის პირობებშიც კი, აზერბაიჯანის ეკონომიკა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება. სტანდარტ ენდ პურის ანალიტიკოსების აზრით, აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდა 2009 წელს 4,0%-ით შემცირდება, 2010 წელს კი – 5,4%-ით. მშპ-ის ზრდა, რომელმაც ბოლო წლებში შთამბეჭდავ ციფრს მიაღწია, შიდა დაკრედიტების გამო 2009 წელს დაიკლებს. მაგრამ 4%-ის დონეზეც კი, BB ჯგუფის ქვეყნებში ლიდერი იქნება. ნავთობის სექტორში მშპ-ის ზრდას უცხოური ინვესტიციებით უზრუნველყოფენ. ანალიტიკოსების აზრით, 2009 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4180 აშშ დოლარი იქნება. სასარგებლო წიაღისეულზე (რითაც მდიდარია აზერბაიჯანი) მოთხოვნის ზრდისა და მოსახლეობის გამრავლების ნელი ტემპის გამო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონე სწრაფად მოიმატებს.
საპროცენტო განაკვეთიკიდევ ერთხელ დასწიეს
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კიდევ ერთი პროცენტით შეამცირა. სპეციალისტების აზრით, ეს ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური თანაფარდობის შენარჩუნებას, ფინანსურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ აქტივობას. ფირმებსა და კერძო პირებზე გაცემული იაფი კრედიტი ეკონომიკურ კონიუნქტურას გამოაცოცხლებს. 25 მაისიდან ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, საპროცენტო განაკვეთმა 1%-დან 2%-მდე დაიწია. ეს ნაბიჯი ამჯერად აზერბაიჯანის დეპოზიტების ბაზარზე სიტუაციას შეარბილებს. სხვა ქვეყნების მსგავსად, მსოფლიო კრიზისით გამოწვეულმა მეანაბრეების პანიკამ, აზერბაიჯანშიც გადაიარა, მაგრამ ადამიანები მაინც ფრთხილობენ. ცენტრალურმა ბანკმა დამატებითი რესურსების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო, რაც გარკვეულწილად ბანკების მიმართ მოქალაქეებს ნდობას დააბრუნებს.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში არ შეინიშნებოდა ბანკებიდან მოსახლეობს კაპიტალის გადინება. მიუხედავად ამისა, 2008 წელთან შედარებით შენატანების კლება შეინიშნება. აზერბაიჯანული ბანკების სადეპოზიტო ბაზა შემცირდა 15,5%-ით, იანვარ-მარტში – 28,9%-ით, ხოლო წლიური გამოთვლით – 14,3%-ით.
ექსპერტების თქმით, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2%-ის დონეზეც კი, მსოფლიოში უმსხვილეს ცენტრალურ ბანკებს შორის ერთ-ერთი მაღალია. მაგრამ საპროცენტო განაკვეთის დაწევა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მხრიდან არ იყო ნაკარნახევი აუცილებლობით და არ იგეგმება მისი კიდევ უფრო მეტად დაწევა, როგორც ეს არის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, გლობალური კრიზისისგან საბანკო სექტორის დაცვა მათ თავის დროზე მოახერხეს.
ქვეყნის საბანკო სექტორის საგარეო ვალი მოზიდული თანხების 18%-ს შეადგენს და 2 მლრდ დოლარია. ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მინიმალურია, სადაც ეს ციფრი 90-100%-ს აღწევს. ამიტომაც ცენტრალურ ბანკს მიაჩნია, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე აზერბაიჯანული ბანკები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
შიდა წყაროებიდან მომდინარე ინვესტიციები
2009 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანის ეკონომიკაში ინვესტირებულია 2,7 მლრდ მანათი, აქედან 82,5% – შიდა წყაროებიდან. ეს მაჩვენებელი 5,2%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2009 წლისთვის პროგნოზირებენ 8368,9 (10461,1 მლნ დოლარი) მლნ მანათის ინვესტიციებს. უცხოურმა ინვესტიციებმა იანვარ-აპრილში 378 მლნ მანათი (473,25 მლნ დოლარი) შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ინვესტიცია მოიცავდა 1490,9 მლნ მანათს, ხოლო არასახელმწიფო სექტორის ინვესტიცია – 668,2 მლნ მანათი იყო.
საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტები თუ BNP Pარიბას?
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გლობალურმა საფინანსო კრიზისმა აზერბაიჯანში საინვესტიციო ბანკები გამოაცოცხლა და ისინი აქტიურ მუშაობას შეუდგნენ. ერთ-ერთი მათგანია ფრანგული საინვესტიციო ბანკი BNP Pარიბას.
როგორც ამბობენ, ბანკი მზად არის თითქმის შეუზღუდავად დააფინანსოს სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. ბანკის წინადადება ჯერჯერობით განიხილება. თუკი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მცირედი შეფერხება იქნება, რაც ჯერ არ შეინიშნება, ქვეყნის მთავრობა საინვესტიციო ბანკის მომსახურებას დათანხმდება.
BNP Pარიბას-თან 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გამოეყოფა 400 მლნ დოლარის კრედიტი. აქედან 80 მლნ სახელმწიფოს წილზე მოდის. კრედიტი გაიცემა 14 წლით, 4-წლიანი საშეღავათო პერიოდით და LIBOღ+0,45%-ის განაკვეთით. ამ თანხით მუგანლი-ევლახის 156-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ევლახი-ზაქათალა-საქართველოს საზღვრის 164-კილომეტრიანი მონაკვეთის რესტრუქტურიზაცია იგეგმება.
აზერბაიჯანის იპოთეკური ფონდი დაკრედიტებას ივნისიდან გააგრძელებს
იპოთეკური კრედიტების გაცემა 1 ივნისიდან იგეგმება და მისი პირობები უცვლელია, არც პროცენტი გაიზრდება. ეს მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს აზერბაიჯანის ეკონომიკას. აზერბაიჯანის იპოთეკური ფონდი 2005 წელს დაარსდა და მუშაობას 2006 წელს შეუდგა. 2007 წელს ფონდმა დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა შეაჩერა. 2009 წელს სოციალური იპოთეკისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იგეგმება 14,5 მლნ მანათის გამოყოფა. აზერბაიჯანის ეკონომიკაზე მსოფლიო კრიზისის გავლენის გამო მთავრობა მიმართავს მთელ რიგ ღონისძიებებს. მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, შემცირდა საპროცენტო განაკვეთი, რაც გავლენას იქონიებს ბანკების საკრედიტო პორტფელზე. დღეს აზერბაიჯანული ბანკები გაურბიან დიდი ოდენობით კრედიტების გაცემას და შემოიფარგლებიან მცირე დაფინანსებით. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის განცხადებით, შეიცვლება იპოთეკური ბაზრის ფუნქციონირების მოდელი. იპოთეკური ბაზრის განვითარებისათვის სახელმწიფო იმოქმედებს არა საბიუჯეტო სახსრებით, არამედ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით. უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ცენტრალური ბანკს სურს იპოთეკური სისტემის დაფინანსებისთვის თანხების მოზიდვა. უფრო მყარია ის მოდელი, რომლის მიხედვითაც ფული შიდა ბაზრიდან მოედინება. ანალიტიკოსების აზრით, დღეს აზერბაიჯანის ბანკებში საკმარისი ლიკვიდური სახსრებია. ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომიტეტმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ დაასრულა განხილვა კანონისა, რომლებიც ეხება ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანში იპოთეკური დაკრედიტების სისტემის განვითარებასა და იპოთეკურ ობლიგაციებს. იგი ქვეყანაში კომერციული იპოთეკის სეკურიტიზაციის ბაზა გახდება.