მისტიკა და ასტრონომია შემთხვევითობის წინააღმდეგ

დავით ჩახვაშვილი

ადამიანები დასაბამიდან ყოველთვის ირთულებდნენ ცხოვრებას. რაოდენ ახლო უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტება, ჰომო ჰაბიესები მაინც სხვა გზას ირჩევდნენ, რომელიც ჩვეულებრივ ჩიხში ექცეოდა.

მბობენ, “დრონი მეფობენო…”, მართალია, მაგრამ რა არის დრო? ვისია დრო? დრო ყველას აინტერესებს, სახელმწიფოს პირველი პირები და ციხის ტუსაღები ერთნაირად ადევნებენ თვალს მის მსვლელობას. დიდი ხანია წელთაღრიცხვა ისტორიული პრობლემაა. მიუხედავად ცივილიზაციის განვითარებისა, პრობლემა პრობლემად რჩება.

ასტრონომების ასტროფანტაზიები
უხსოვარი დროიდან ასტრონომიის მამები (უფრო სწორად ბაბუები) აკვირდებოდნენ მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს. ისინი ცდილობდნენ, დაედგინათ, დაენაწილებინათ და აღერიცხათ დრო, ყოველდღიური ცხოვრებისა და საისტორიო გამოკვლევებში გამოსაყენებლად. მაგრამ როგორც ყანწის სიდიდე, ისე კალენდარიც ყველას განსხვავებული უნდოდა. ამიტომ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა წელთაღრიცხვა ჰქონდათ. ძველ საბერძნეთში, ახალი წელი ოლიმპიადებთან იყო დაკავშირებული, რომში – ომის ღვთაება მარსთან, აღმოსავლეთის ქვეყნებში საერთოდ ერთმანეთში იყო არეული მზის, მთვარის და სხვადასხვა ბუნიობების კალენდრები. მექოთნე ქოთანს ყურს საითაც უნდა იქით გამოაბამს, ასეთივე თავისუფლება იყო კალენდრების საკითხში. ახალი წელი წელიწადის ნებისმიერ დროს ემთხვეოდა. როგორც მექოთნის ქოთნები, ისე ეს კალენდრები არ ჰგავდნენ ერთმანეთს. მეზობელ ქვეყნებში და ქალაქებშიც კი ერთი და იგივე დროს სხვადასხვა წელი და საუკუნე იყო. მართალია დამთხვევები მაშინაც ბევრი იყო, მაგრამ ეს “რატომღაც” დიდ გაკვირვებას არ იწვევდა. ასეთი “ქოთანა” კალენდრების ეპოქა ვითომ მაშინ უნდა დასრულებულიყო, როცა ყველაზე ფართო გავრცელება დასავლეთში იულიუს კეისარის კალენდარმა ჰპოვა. იულიუსის კალენდარი ასტრონომიულად თითქმის ზუსტი იყო. განსხვავება მასსა და ტროპიკულ წელიწადს შორის უმნიშვნელოა (44წთ და 56წმ), მაგრამ საუკუნეების მანძილზე ეს “კაზუსი” მწიგნობართათვის შესამჩნევი გახდა. მათ გამოითვალეს და გაოცდნენ, თურმე მეთექვსმეტე საუკუნისათვის 10 დღით ჩამოვრჩით ბუნებას. “კატასტროფას” ცოტაღა აკლდა, ხუმრობა ხომ არაა მთელი 10 დღე, რამდენი რამის მოსწრება შეიძლებოდა 10 დღეში. საბედნიეროდ, კაცობრიობას “დაღუპვა” არ ეწერა, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ხელის ერთი მოსმით ყველა გააბედნიერა. 1582 წლის 4 ოქტომბერს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ თავის ბულაში ბრძანა, რომ “ადამიანები კატასტროფულად ჩამოვრჩით, სასწრაფოდ უნდა დავეწიოთ დროს! ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხვალინდელი დღე მთელი “მსოფლიოსათვის” 15 ოქტომბერი იქნება!” ვინც არ დაემორჩილებოდა ამ ბრძანებას, მას პაპის შორიახლო მდგომი ინკვიზიტორები მიხედავდნენ. ხალხი აღტაცებული ბღავილით შეხვდა პაპის ბულას. მართალია, უმეტესობას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა იყო იულიუსის კალენდარი, ტროპიკული წელიწადი და საერთოდ, ასტრონომია. სამწუხაროდ, პოლიტიკაშიც ფართოდ იყენებდნენ მექოთნის ხერხებს და ცდილობდნენ, ხალხი დიდი ქვევრისთვის დაემსგავსებინათ, რასაც ჩასძახებდნენ იგივე უნდა ამოეძახათ. მცდელობის მიუხედავად, დღე-ღამის ცდომილება მაინც ვერ დაიძლია, უბრალოდ, “ზედმეტი” დრო უფრო იშვიათად 3300 წლის მანძილზე გროვდება. ასე რომ, მივიღეთ ტრადიციული დასკვნა, რადგან ცდომილება შეუმჩნეველია და არ ჩანს, ესე იგი არ “არსებობს”.

გრიგორიანულმა კალენდარმა თავიდანვე დიდი უთანხმოება გამოიწვია. საეკლესიო დღესასწაულებით დაწყებული, საბანკო-საკრედიტო სფეროთი დამთავრებული, მაგრამ იგი მაინც იკიდებდა ფეხს ბებერ ევროპაში. XVI საუკუნეში კათოლიკურ სამყაროში, XVII საუკუნეში გერმანიასა და ჩრდილოეთ ევროპაში, XVIII საუკუნეში ბრიტანეთსა და მის კოლონიებში, ხოლო 1918 წლის 1 თებერვალი რუსეთში 14 თებერვლად გამოცხადდა, (ამ დროისათვის, იულიუსის კალენდარი 13 დღით “ჩამორჩა” ბუნებას) ბოლშევიკებმა ამით ცარიზმის კიდევ ერთი გადმონაშთი მოიკვეთეს. არც ქართველი მენშევიკები იჯდნენ გულ-ხელ დაკრეფილნი. ჩრდილოელი ძმების მსგავსად, 1918 წლის 18 აპრილი 1 მაისად გამოაცხადეს და იქვე მშრომელთა საერთაშორისო დღეც იზეიმეს. ასე რომ, მაინცდამაინც კომუნისტებს ნუ დავაბრალებთ დღევანდელი იანვრის უხერხულობებს, ეს ჩვენმა სოციალ-დემოკრატებმა ბოლშევიკი ძმების დაუხმარებლად და ჩაურევლად მოახერხეს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გრიგოლ XIII-ის და პაპის მიმდევრები ქართველ მენშევიკებს შორისაც იყვნენ. საქართველოში მანამდეც იყვნენ ასტრონომიის “დიდოსტატები”, მათ კალენდრებზე ახალი წელი ხან აგვისტოში, ხანაც სექტემბერში იწყებოდა. მხოლოდ X საუკუნეში საბოლოოდ დამკვიდრდა იანვრის სტილის წელი. სხვებისგან განსხვავებით საქართველოში არასოდეს ცდილობდნენ, დრო ადამიანებისთვის დაემორჩილებინათ, პირიქით, ადამიანები ემორჩილებოდნენ დროის მსვლელობას. ტყუილად არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს, “დრონი მეფობენო…” მუსულმანი დამპყრობლების წყალობით ჩვენში დიდი ხანი მათი კალენდარი ბატონობდა. ჰიჯრა – ხალიფა უმარ პირველის შემდეგ მუსულმანების ოფიციალური კალენდარია. მისი პირველი დღე 622 წლის 16 ივლისია. მათ წელიწადში 354, თვეში 29-30 დღე აქვთ. ჰიჯრის კალენდრის დღეები 11-12 დღით ნაკლებია გრიგონიანული კალენდრის დღეებზე და ამიტომ ყოველ 33 წელიწადში ერთი წლის განსხვავებას ვიღებთ. არაფერს აღარ ვიტყვით სხვა კალენდრებზე, რომლებიც ზოგი ქვეყნის დასაბამიდან, ზოგიც იმპერატორის თუ მეფის ტახტზე ასვლიდან ან დაბადების დღიდან იწყება. ასეთ “არეულ” დროში ნუთუ წარმოუდგენელია რაიმე დამთხვევა არ მომხდარიყო? მაგრამ მთავარი ისაა, შემთხვევითია ეს დამთხვევები თუ არა.

შემთხვევით არაფერი ხდება
ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ბევრი მოვლენა განსაკუთრებული დატვირთვის საგანი ხდება. სხვა დროს შეიძლება ყურადღების ღირსი არც კი გამხდარიყო ის ფაქტი, რომ რამდენიმე რელიგიის დიდი დღესასწაული, გარკვეულწილად, ერთმანეთს დაემთხვა. მაგრამ ახლა წარმოუდგენელია ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩენილიყო. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცებს ადამიანებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ ყველა რელიგია თურმე ერთია და ერთ მიზანს ემსახურება, მათ შორის დიდი განსხვავება არაა, თუ არ ჩავთვლით ადგილობრივ “კლიმატურ პირობებს”. ცოტა უხერხულია რელიგიებს შორის განსხვავების გაიგივება კლიმატურ პირობებთან, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი მწიგნობრები ამასაც არ ერიდებოდნენ. “კლიმატი სხვადასხვაა, ხოლო მზე და მთვარე ყველგან ერთი და იგივეა”. ასეთი ალეგორიებით ცდილობდნენ, დაესაბუთებინათ თავიანთი სიმართლე.

ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი და სხვა რელიგიები ერთმანეთისადმი გარეგნულ კეთილგანწყობას და შემწყნარებლობას იჩენენ. ხოლო რაც შეეხება უფრო ღრმა და დაფარულ სივრცეებს, იქ არცთუ ისეთი სიმშვიდე სუფევს. იმის თქმას, რომ რელიგიებში ბევრი დამთხვევაა, დიდი ერუდიცია და ვაჟკაცობა არ სჭირდება. რუსების ანდაზას თუ გავიხსენებთ ვაშლი, ვაშლის ხისგან შორს არ ვარდება. ოდნავ გადავუხვიოთ თემას და თვალი გადავავლოთ თუ რამდენი თვალსაჩინო დამთხვევაა რელიგიებს შორის. მაგალითად, იუდაიზმის და ქრისტიანობის გავლენა ისლამზე.

DDRANG NACH OSTEN *;
ავიღოთ თუნდაც მუსულმანობა, მისი კავშირი იუდაიზმსა და ქრისტიანობასთან უდავოა. ისლამის მიხედვით, ხალხთან ოდითგან იგზავნებოდნენ მოციქულები (რასული). მოციქულებში ითვლება მაჰმადი, მაგრამ მასთან ერთად ისლამი ცნობს: ადამს, ნოეს (ნუჰი), აბრაამს (იბრაჰიმი), მოსეს (მუსა) და იესო ქრისტეს (ისა ალ-მასიჰი-მესია). წინასწარმეტყველთა შორის ისლამი აღიარებს ძველი აღთქმიდან: ლოთს (ლუთი), იობს (აიუბი), აარონს (ჰაარონი), დავითს (დაუდი), სოლომონს (სულეიმანი), ილიას (ილიასი), ისააკს (ისჰაკი), იაკობს (იაკუბი) და იონას (იუნუსი). ხოლო ახალი აღთქმიდან: ზაქარიას, იოანე ნათლისმცემელს (იაჰია), ღვთისმშობელ მარიამს (მარიანი), წმინდა გიორგის (ჯურჯი), მთავარანგელოზები: გაბრიელი (ჯაბრაილი), მიქელი (მიქაილი), აზრაილი, სერაფილი (ისრაფილი), აგრეთვე მუსულმანების თაყვანისცემის ობიექტები არიან. ბევრისთვის ეს პარალელები გასაკვირია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. რაც მთავარია ასეთი იდენტურობა ხელს არ უშლიდათ არც ქრისტიანებს და არც მუსულმანებს, ჯვაროსნული ლაშქრობებით და ჯიხადის დროშით დაერბიათ ერთმანეთის სახლ-კარი.

ისლამი, როგორც დიდ რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა, ვერ შეძლებდა იუდაიზმის და ქრისტიანობის ზეგავლენა არ განეცადა. რატომ იწვევს გაკვირვებას ის ფაქტი, რომ ბევრი ნიუანსი ემთხვევა ან პირდაპირ იმეორებს უკვე არსებულს. იგივეს თქმა შეიძლება დღესასწაულებზეც.

ისტორიულად საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლები უფრო აწუხებდნენ, ვიდრე დასავლელი. ამიტომ, ჩვენში ფეხს იკიდებდა ბევრი აღმოსავლური წეს-ჩვეულება თუ დღესასწაული. ჩვენ მაინც არ უნდა გვიკვირდეს ეს დამთხვევები, რადგან თბილისში ბაირამობები, მავლიდები და ხანუქები არ იყო იშვიათობა.

კალენდრი და მისტიკა
მდგომარეობა ერთდროულად მარტივია და თანაც რთული. თუ ყველაფერი ასტრონომების და მათემატიკოსების ბრალია, ამას კიდევ ეშველება რამე. მაგრამ ცხარე კამათია გამართული იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი. არადა ჭეშმარიტება ძალზე ახლოა. ყველა ქრისტიანმა და არაქრისტიანმა იცის, რომ აღდგომის წინა შაბათს, იერუსალიმში, იესო ქრისტეს საფლავზე ინთება ღვთიური ცეცხლი. ეს სასწაული ყოველთვის ამ დღეს ხდება და ემთხვევა მოძრავ იულიუსის კალენდარს. ასე იყო რეფორმამდეც, ასეა დღესაც. ესე იგი, როგორც უნდა “ჩამოვრჩენილიყავით” ტროპიკულ წელიწადს, კაცობრიობისათვის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა მაინც იგივე დღეს ხდება. სწორედ ამ დღეს ჩამოდიან იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან მსოფლიოს ყველა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები (რომის პაპიც), რათა ღვთაებრივი ცეცხლი იხილონ და თავიანთ ქვეყნებში წაიღონ.

უცნაურია, ადამიანები მაინც იგივე შეცდომას სჩადიან, რასაც ყოველთვის. რაოდენ ახლო უნდა იყოს ჭეშმარიტება, მაინც სხვა გზას ირჩევენ.