ავთანდილ საყვარელიძე: დროა მეზობლებთან დიალოგი და პარტნიორობა ვისწავლოთ
რედაქციისაგან
რეგიონალური პოლიტიკის მაგისტრალურ საგარეო ურთიერთობაში ზესახელმწიფოების გარდა, ჩვენს რეგიონში აბრეშუმის გზაზე არსებობს ქვეყნები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ჩვენ, მით უფრო ახლა, უნდა ვიცნობდეთ მათ. ამ საკითხებზე გვესაუბრება “TG TRADE”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ საყვარელიძე.
რამდენადაც ცნობილია, თქვენ დიდი ხანია თურქმენეთის ბაზარზე მუშაობთ. რას იტყოდით ამ ქვეყნის შესახებ და რამდენად საინტერესო ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება იყოს იგი საქართველოსთვის?
სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტთა სიმრავლე ცხადყოფს, რომ ამ რეგიონისადმი მსოფლიოს ინტერესი ძალიან დიდია. თურქმენეთი აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე მოწინავეა. იგი ერთ-ერთი ლიდერია გაზის მოპოვების საკითხში, დიდი რაოდენობით აწარმოებს ბამბას და მოწინავე ქვეყნებისათვის საკმაოდ სერიოზულ მომწოდებლად ითვლება. ჩვენ დიდი ხანია ბიზნესში ვმოღვაწეობთ, ძირითადად, ენერგეტიკის მიმართულებით, ვიცნობთ ამ რეგიონს, ვაკვირდებით, ვსწავლობთ. ვხედავთ, რომ იქაური ეკონომიკა, პრინციპები და მიდგომები სტაბილურია და გადავწყვიტეთ, რომ უფრო სერიოზულად დაგვეწყო მუშაობა. თურქმენეთში ჩვენი ფილიალით ვართ წარმოდგენილი, საფუძვლიანად შევისწავლეთ ამ ქვეყნის ეკონომიკა. გავეცანით დამოუკიდებლობის პერიოდში შემუშავებულ ახალ მიდგომებს, რომლის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი გახლავთ პრეზიდენტის პროგრამა 2010 წლამდე თურქმენეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების შესახებ. ეს პროგრამა ძირითადი სტრატეგიაა, რაზედაც ქვეყანა მუშაობს, რისი განვითარებაც აინტერესებს. როცა თურქმენეთში დავფუძნდით, როგორც ეკონომიკური ერთეული, ჩავთვალეთ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ თურქმენეთის მოთხოვნებს ჩვენს შესაძლებლობებს შევუსაბამებდით. ეს სწორი მიდგომა გამოდგა, რადგან აღნიშნული ქვეყანა, კარგი გაგებით, ცენტრალიზებული ეკონომიკის ქვეყანაა. რიგ დარგებში არსებობს დაგეგმარების, ზოგიერთ დარგებში კი თავისუფალი ბაზრის პრინციპი, რაც მუშაობას აადვილებს. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ თურქმენეთი სამართლებრივი, კანონმორჩილი სახელმწიფოა. მთლიანად შევისწავლეთ თურქმენეთის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისუფალი ეკონომიკური ზონის თუ ინვესტიციების დაცვის მექანიზმების კუთხით. ყველაფერ ამას მუშაობაში ვიყენებთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე დავამუშავეთ პროგრამა, რომელიც საქართველოს საშუალებებს ეთანხმება. ამ მოხერხებულ შერწყმაში ვცდილობთ ჩვენი ბიზნესის წარმოებას.
რას ითვალისწინებს პროგრამა, რომელზედაც ბრძანებდით?
აშხაბადში წარმოუდგენელი ტემპებით მიმდინარეობს განაშენიანება და მშენებლობა. უცხოეთიდან მოზიდული ინვესტიციების 80% კეთილმოწყობას და ტექნიკურ გადაიარაღებას ხმარდება. ამ დროს კი ვიცით, რომ საქართველოში საამშენებლო მასალების წარმოების უდიდესი ტრადიციაა. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი ბუნებრივი ქვები: მარმარილო, გრანიტი, სხვა უფრო რბილი ქვებიც. არის შესაძლებლობა, რომ ეს ორი წერტილი ერთმანეთს დავუკავშიროთ. საქართველოში ავაღორძინოთ აღნიშნული დარგი. თურქმენეთი უზარმაზარი ბაზარია, რომელსაც მოხერხებული შეთავაზება სჭირდება. ავიღოთ მეორე მაგალითი, მოგეხსენებათ, თურქმენეთი ნახევრად უდაბნოა და გამწვანებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იქმნება წვეთოვანი სარწყავი სისტემები. სურვილი აქვთ, რომ გაშენდეს ტყეები, პარკები, სკვერები. წარმოუდგენელია, სერიოზული ბიზნესისთვის ჩასულმა ადამიანმა ამაზე არ იფიქროს. ჩვენთან მიწის ნებისმიერი მონაკვეთი, შეიძლება ითქვას, რომ მეურნეობაა. საქართველოს შეუძლია გაცილებით შეღავათიანად მიაწოდოს ნარგავები თურქმენეთს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო აწვდის მას. გადავწყვიტეთ ამ პროექტის დამუშავებაც. იგივე შეიძლება ითქვას მატყლის წარმოებაზეც. საქართველოში მატყლის გადამამუშავებელი სამი-ოთხი კომბინატი არსებობდა, რომელებიც ხან ავსტრალიიდან, ხან არგენტინიდან იღებდნენ ნედლეულს. დღეს ისინი გაჩერებულები არიან, ხოლო თურქმენეთს ჭარბი მატყლის სერიოზული პრობლემა აქვს. მატყლი უფუჭდებათ, ან ყრიან. ამ ორი წერტილის დაკავშრება ორი გზით შეიძლება – მატყლი ან აქ უნდა ჩამოიტანო, ან შენი ტექნოლოგიით ჩახვიდე თურქმენეთში. იქაური საკანონმდებლო ბაზა გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიის წაღება უფრო მომგებიანია. ახლა აღნიშნულ პროექტზე ვმუშაობთ. ასეთმა იდეებმა გვიკარნახა, რომ თურქმენეთი ჩვენთვის შეიძლება საინტერესო ეკონომიკური პარტნიორი გახდეს. ჩვენი ფირმა “TG TRADE” სერიოზული და საინტერესო იდეების შეთავაზების და დამუშავების გამო, თურქმენეთში საკმაოდ ავტორიტეტულია. დაიბადა ისეთი იდეაც, რომ ეს ქვეყანა არა მხოლოდ ქართული პროდუქციის მიწოდებით და ერთობლივი წარმოებით დავაინტერესოთ, არამედ იმით, რითაც თურქმენეთი პოპულარულია – გაზი, ნავთობი. რატომ არ შეგვიძლია შევიძინოთ თურქმენული გაზი, ქართველ მომხმარებლებთან ვიყოთ კონტაქტში და გნებავთ, სხვასთანაც.
ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს თუქმენეთისადმი დავალიანების დაფარვის მექანიზმებისა და მართვის შესახებ, საქართველოს იურიდიული პირებისთვის კონკურსი გამოაცხადა. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, კონკურსი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. წარვადგინეთ მთელი დოკუმენტაცია, მთელი ჩვენი ნამუშევრის ანოტაცია, რომელიც კომისიამ მოითხოვა. კონკურსის მთავარი პირობა თურქმენეთის ბაზარზე მუშაობის გამოცდილება იყო. შედეგად, გავიმარჯვეთ, ანუ თურქმენ პარტნიორებთან საუბრის დროებითი უფლებამოსილება მივიღეთ. ამ შემთხვევაში, თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებთან. ჩვენი მთელი ეკონომიკური შედეგი, რაც მანამადე მიღწეული გვქონდა, ამ მიმართულებით მივმართეთ და ახლა, ძირითადად, ამ საკითხზე ვმუშაობთ.
საქართველოს თურქმენეთის ვალი 340 მლნ დოლარი აქვს, რასაც 15 მლნ დოლარის ფარგლებში წლიური საპროცენტო გადახდები ახლავს თან, ვადის გადაცილებების გამო, დაახლოებით ამდენივე საჯარიმო სანქციები. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს სხვადასხვა დებიტორებთან თუ კრედიტორებთან ურთიერთობაში სხვადასხვა პირობებს ავალდებულებენ, ან სთავაზობენ ისინი საკლირინგო ოპერაციებს, ანუ სასაქონლო გაცვლებს მხარს არ უჭერენ. ამასთანავე, არსებობს სხვა საწყისი პირობაც, რომ შეუძლებელია სხვადასხვა დებიტორ-კრედიტორს ცოცხალი ურთიერთობა არ ჰქონდეს – ვალი ეწეროს, – ერთი მხრისთვის ვალი გადასახდელად განუსაზღვრელად იზრდებოდეს, ხოლო მეორესთვის – მისაღებად. არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ 1995-96 წლებში საქართველო-თურქმენეთს შორის საკლირინგო ურთიერთობები მიმდინარეობდა და 2000 წელს საწარმოო გაერთიანება “თბილავიამშენის” ბაზაზე ისევ განახლდა. მართალია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საკლირინგო ოპერაციებს მხარს არ უჭერენ, მაგრამ ეს ეხება სახელმწიფოსადმი სახელმწიფოს ურთიერთობას. კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ კერძო კომპანია ვართ და ამ ნორმას გვინდა გავიზიარებთ, გვინდა – არა. სახელმწიფომ კონკურსი გამოაცხადა თურქმენეთისადმი დავალიანების მართვის მექანიზმების შესახებ. იგი მართვის ჩვენეულ ვარიანტს გვთავაზობს – საქართველოში რამდენიმე სპეციფიური დარგის წარმოებას ავაღორძინებთ, შევქმნით უამრავ სამუშაო ადგილებს, ქართული პროდუქციის რეალიზაციას თურქმენეთში მოვახდენთ. რეალიზაციის შედეგად შეგვიძლია ავიღოთ ფული, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ავიღებთ ფულს, არამედ ცნობას იმის შესახებ, რომ მათ ჩვენი რაღაც განსაზღვრული რაოდენობის ვალი აქვთ. მივალთ სახელმწიფოსთან და ვეტყვით – თუ გინდათ თურქმენეთის ვალის დაფარვა, გადაგვიხადეთ ფული. შედეგად, მივიღებთ იმას, რომ თუ თურქმენეთისთვის ერთი დოლარი გვაქვს გადასახდელი, ჩვენ მიერ შეთავაზებული მექანიზმის შემთხვევაში, ეს ერთი დოლარი გადაიხდება საქართველოში, რომლიდანაც დაახლოებით 40 ცენტს, სხვადასხვა გადასახადების სახით, ქვეყანა უკან დაიბრუნებს. გარდა ამისა, კარგად ვიცნობთ თურქმენეთის ეკონომიკას, მექანიზმებს და მივაღწევთ იმას, რომ ერთი დოლარით ორი, სამი, ხუთი ან ათი დოლარის გასტუმრება იქნება შესაძლებელი. ბუნებრივია, სხვადასხვა შემთხვევებში. ისე არ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ უკვე საკუთრებაში გვაქვს ჩაის, ქვის წარმოება და უზარმაზარ კორპორაციულ გაერთიანებას წარმოვადგენთ. მართალია, საკუთარი საშუალებებიც ძალიან ბევრი გაგვაჩნია, მაგრამ თუ ვინმე მოვა და იმ კორპორაციული მიდგომის ქვეშ გაერთიანდება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ძალიან კარგი იქნება. თუ არ მოვა, თავის პროდუქციას თვითონ მიხედოს. ქართველ მწარმოებლებს მათი პროდუქციის გარანტირებულ ბაზარს და ფულის წყაროს ვთავაზობთ. ამ გზით, ხუთი წლის განმავლობაში თურქმენეთის საგარეო ვალს მთლიანად დავფარავთ. თურქმენეთში გასატანი პროდუქციის შერჩევის საკითხში გვსურს, რეგიონალური პრინციპი დავიცვათ. ვცდილობთ, რომ ნომენკლატურაში გათვალისწინებული იყოს საქართველოს ყველა რეგიონში წარმოებადი ან პოტენციურად წარმოებადი პროდუქცია. თუ რომელიმე მათგანს ფინანსური პრობლემები გააჩნია, დახმარების მექანიზმები მოფიქრებული გვაქვს. რეგიონალური პრინციპის დაცვა აუცილებელია, თუნდაც ჩვენი კომერციული სტრუქტურის არსებობისა და გაძლიერებისთვის. ფილიალი საქართველოს თითქმის ყველა წერტილში გაგვაჩნია. ამიტომ გვინდა, რომ ჩვენს ორგანიზმს თანაბარი დატვირთვა მივცეთ, მეორეც, საქართველოს რეგიონები თანაბრად გამოვაცოცხლოთ. ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის მისაღები უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე სახელმწიფოს ხელს არ აძლევს რომელიმე ოპერაციაში ესა თუ ის კომერციული შინაარსი, როგორც უნდა ვეცადოთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. სქემა ძალიან მარტივია, თურქმენეთისთვის დეფიციტურია საქონლის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ხოლო საქართველოსთვის ის წარმოება მკვდარია, რომლის გაცოცხლება ორივე მხარისთვის მისაღები იქნებოდა. ჩვენ შუაში იმიტომ ვდგავართ, რომ ჩვენი კომერციული ინტერესი დავიცვათ.
ეს საკმაოდ საინტერესო და სერიოზული პროექტია, მაგრამ სად არის იმის გარანტიები, რომ ამ ყველაფრის განხორციელებას შესძლებთ?
ბუნებრივია, ასეთი კითხვა გაჩნდება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მყარად ვგრძნობთ თავს. ჩვენი ფირმის მართვა აბსოლუტურად კოლეგიალურია და არა ერთპიროვნული. იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი კომპანია აერთიანებთ, საქართველოს ბაზარზე ბიზნესში მოღვაწეობა 1989 წლიდან აქვთ დაწყებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ბაზარზე რაიმე სიახლე ყოფილა, ჩვენი წამოწყებულია. ამა თუ იმ მიმართულებით საქმიანობა იმიტომ კი არ დავასრულეთ, რომ კონკურენციით ვინმემ გვაჯობა ან პერსპექტივა არ გვქონდა, არამედ მიზეზი ის გახლდათ, რომ მისი საშუალებები ამოვწურეთ და მატერიალურად ჩვენთვის უინტერესო გახდა. თუ ავიღებთ სხვა პარამეტრს – მოცულობებს, აქაც საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს. თუ რომელიმე კომერციული სტრუქტურა მუშაობს, ვთქვათ, ათასი ლარის მოცულობაზე და ის ისაუბრებს მილიონის მოცულობაზე, ბუნებრივია, მას არავინ უნდა დაუჯეროს. 340 მლნ შთამბეჭდავი ციფრია და მისი მართვა ცოტა შემაშფოთებელი უნდა იყოს, მაგრამ სხვადასხვა ოპერაციების დროს 340 მლნ-ზე 15-20%-ით მეტი ან ნაკლები მოცულობაც გვქონია. რაც შეეხება კონკურენციას, გამოცდილება აქაც სერიოზულია. იურიდიული, მარკეტინგული სამსახურები საკმაოდ მაღალ დონეზე გვაქვს. კარგი გაგებით, თავის დაცვაც ვიცით და შეტევაც.
თქვენ საუბრობთ თქვენს შესაძლებლობებზე, მაგრამ რამდენად არის იმის გარანტია, რომ თვითონ თურქმენეთი იქნება კარგი და საიმედო პარტნიორი?
პირველი გარანტია ის მოხერხებული საკანონმდებლო ბაზაა, რომელიც თურქმენეთში არსებობს. მოხერხებულია ბიზნესის ხელშეწყობის და მრეწველობის განვითარებისათვის. ეს ქვეყანასაც ეტყობა, თუმცა, ასევე ხელსაყრელია უცხოური კომპანიებისთვისაც. თავიდანვე გითხარით, რომ სამართლებრივი ქვეყანაა და კანონმორჩილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ახლა არსებობს, ხანგრძლივი იქნება. სხვათა შორის, კანონმდებლობაში რამის შეცვლის პრეცედენტები ძალიან მცირეა. სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ქვეყნის განვითარებისა და აღორძინებისთვისაა განწყობილი. ესეც თავისებური გარანტიაა. ჩვენზე დამოკიდებული რჩება ყველაზე ნაკლებად გარანტირებული ჩვენი სახელმწიფო თავის ეკონომიკით და საკანონმდებლო ბაზით. არსებობს იმის საშიშროება, რომ საქართველოში კანონმდებლობა შეიცვალოს და ამა თუ იმ სახის პროდუქციის ექსპორტი საერთოდ აიკრძალოს. მართალია, ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია, მაგრამ თუ რით იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ ნომენკლატურის ჩანაცვლება, გათვლილი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზა. მოგეხსენებათ, საქართველოს ბიუჯეტი რა მდგომარეობაშიც არის, ყოველწლიურად იჭრება, იცვლება და, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაში ამ რისკ-ფაქტორსაც ვითვალისწინებთ. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ თუ მოვახდენთ ერთი ლარის ექსპორტს, იმდენივე ანაზღაურებას მივიღებთ. იმას, თუ რა დაზღვევები გვაქვს ამ შემთხვევებისთვის, შეიძლება ჩვენი “ნოუ ჰაუ” ვუწოდოთ.