კერძო არბიტრაჟის უნიფიცირების პრობლემები
გიორგი ეპიტაშვილი
არბიტრაჟს, როგორც საერთაშორისო სამოქალაქო დავების ოპერატიულად და, რაც მთავარია, ობიექტურად გადაწყვეტის მექანიზმს საერთაშორისო პრაქტიკაში საუკუნოვანი აპრობაციის ისტორია გააჩნია. უძველესი პერიოდიდან მოყოლებული საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობდა შეექმნა მოქნილი სტრუქტურა, რომელიც შეამცირებდა ტრანსნაციონალურ კომერციასთან დაკავშირებულ რისკს, თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა ნებისმიერი სამართლებრივი სისტემის წარმომადგენლებს, გააბათილებდა ამა თუ იმ ქვეყნის არცოდნასთან დაკავშირებულ ეჭვს.
შეიძლება, თამამად აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის ჩამოყალიბებით მიღწეულ იქნა ამგვარი მიზანი. დღესდღეობით “კერძო არბიტრაჟი გადაიქცა ტრანსნაციონალური ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად”. მეწარმეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო ინსტიტუტის მეშვეობით გაცილებით მომგებიანია სადავო საკითხის ირგვლივ მისაღები გადაწყვეტილების გამოძებნა, მათ შორის, უცხოელ კომპანიონებთან, ვიდრე სახელმწიფო სასამართლო ორგანოებში. აქ არ არის ლაპარაკი საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ოდენობაზე, რომელიც დიფერენცირებულია ცალკეული საარბიტრაჟო ინსტიტუტისათვის, არამედ იმ იურიდიულ ხასიათის “პრივილეგიებზე”, რომლითაც უზრუნველყოფს საერთაშორისო კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე მხარეებს. მათ შორის, განსაკუთრებით ხაზგასასმელია შემდეგი პრინციპები: იმპერატიული ნორმების მინიმალური ოდენობა, სახელმწიფოს მხრიდან პროცესში ჩარევის შეზღუდვა, მხარეთა ავტონომიის მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ყოველივე ეს, ერთად აღებული, განსაზღვრავს კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტებისადმი მეწარმეთა მხრიდან ნდობას და მათ მიმზიდველობას.
დადებითი მომენტების უაღრესად დიდი რაოდენობის მიუხედავად, რომელიც კერძო არბიტრაჟს ახასიათებს, გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ მომენტზე, რომელიც იმედია, მომავალში გამოსწორებული იქნება.
როგორც აღვნიშნეთ, საარბიტრაჟო სამართალწარმოების ერთ-ერთ უპირატესობას, დავის განხილვის საარბიტრაჟო პროცედურების შიდა ნაციონალური კანონმდებლობისაგან დამოუკიდებლობა წარმოადგენს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამჟამად, საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი საარბიტრაჟო განხილვის წესების მრავალფეროვნებითა და ურთიერთგანსხვავებით მაინც იქნება ამ კუთხის პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების თავისებურებებზე, არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დოკუმენტების მრავალრიცხოვნობაც ნათლად მეტყველებს აღნიშნულ პრობლემაზე.
ცალკეული ქვეყნის კანონმდებლობა, გარდა იმ ქვეყნისა, სადაც მაგალითად, UNCITRAL-ის მოდელური კანონის პირდაპირი გადმოღება განხორციელდა (რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, კანადა, ბულგარეთი, კვიპროსი, ეგვიპტე და სხვა), ითვალისწინებს სპეციფიურ ე.წ. “შესწორებებს” საარბიტრაჟო პროცედურების შიდა სახელმწიფო კანონმდებლობასთან მისადაგების მხრივ. ამან შეუძლებელია უარყოფითად არ იმოქმედოს საარბიტრაჟო წესების უნიფიკაციისა და ჰარმონიზაციისაკენ მიმართულ მიმდინარე პროცესებზე.
რაც შეეხება საერთაშორისო სფეროს, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეიქმნა რამდენიმე საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალწარმოების წესების უნიფიკაციისა და ჰარმონიზაციის პირველ მცდელობად შეიძლება ყოფილიყო განხილული. მიუხედავად ამისა, სინანულით შეიძლება აღინიშნოს, რომ დღესდღეობით საერთაშორისო დონეზეც არ არის შემუშავებული ერთიანი დოკუმენტი, რომელიც საარბიტრაჟო სამართალწარმოების წესებს უნიფიცირებული სახით წარმოგვიდგენდა. დღეისათვის სახეზეა მათი დაქსაქსულობა და, შესაბამისად, ურთიერთწინააღმდეგობა. ასე მაგალითად, საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვის წესებს ითვალისწინებენ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) მოდელური კანონი “საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ”; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ ევროპული კონვენცია, 1965 წლის ვაშინგტონის საერთაშორისო კონვენცია “სახელმწიფოებსა და მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ”; საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დავების მოწესრიგების ცენტრის საარბიტრაჟო პროცედურები და დამატებითი წესები (1980 წ.); საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს წესები და სხვა ავტორიტეტული და საყოველთაოდ ცნობილი საარბიტრაჟო დაწესებულებათა (სტოგჰოლმი, ლონდონი, ამსტერდამი, ჟენევა, ნიუ-იორკი) დავების განხილვის საპროცედურო რეგლამენტები. უდავოა, რომ მათ შორის მრავალფეროვნება ხელს არ უწყობს სავაჭრო ურთიერთობების სიმტკიცეს და მხარეთა შორის გაურკვევლობას იწვევს.
კომერციული არბიტრაჟის წესების ჰარმონიზაცია და უნიფიკაციის მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯს წარმოადგენდა გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ შემუშავებული და 1985 წლის 21 ივნისს დამტკიცებული მოდელური კანონი “საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ”.
“მოდელური კანონის მიღების მთავარ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პროცესში წამოჭრილი დავების გადაწყვეტის სამართლიანი, უნივერსალური და ყველასათვის მისაღები მექანიზმების ჩამოყალიბების გზა”. მხოლოდ უნივერსალური დოკუმენტის მიღება და მის თაობაზე გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული რჩევა ყველა სახელმწიფოსათვის საარბიტრაჟო კანონმდებლობის რეფორმირებისას გაეთვალისწინებინათ და დაყრდნობოდნენ UNჩITRAL-ის მოდელურ კანონს “საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის შესახებ”, არ არის საკმარისი საარბიტრაჟო პროცედურების უნიფიკაციის მიმართულებით.
მოდელური კანონით გათვალისწინებული წესების ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად შეუცვლელი ფორმის გადმოტანა კიდევ უფრო დააჩქარებს უნიფიკაციის პროცესს და მიაახლოებს მას იმ ძირითად მიზნებს, რისთვისაც შეიქმნა ეროვნული სასამართლო სისტემისაგან განსხვავებული საარბიტრაჟო ინსტიტუტების ჩამოყალიბების იდეა. სახეზე გვექნება ორგანო, რომელიც გათავისუფლდება სახელმწიფო ზეწოლისაგან, უზრუნველყოფს მხარეთა სრულ პროცესუალურ გარანტიებს, სასამართლო პროცესის ეფექტურ ფუნქციონირებას, ობიექტურობას და სამართლიანობას, რაც აგრე რიგად გვჭირდება ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე.