მაკა ღანიაშვილი
2008 წელს საქართველოში იმპორტირებულია 22 მილიონი აშშ დოლარის კარტოფილი, 12 მილიონის ლობიო, 18 მილიონის პომიდორი და 17 მილიონის ხახვი. იმპორტირებული პროდუქციიდან მხოლოდ ამ ოთხი კულტურის წილად მოდის 70 მილიონი, ხოლო იმპორტირებული სოფლის მეორნეობის პროდუქციის მთლიანი ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, რაც დაახლოებით 100 000 დასაქმებული ადამიანის ექვივალენტია, თუკი ამ რაოდენობის პროდუქცია საქართველოში იწარმოებოდა.
ელს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის ყველაზე ცუდი მოსავალია. მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის არკადი მექერიშვილის თქმით, კახეთში წელს ხორბლის ძალიან მცირე მოსავალი მოვიდა. ასეთი მოუსავლიანი და მძიმე წელი დიდი ხანია არ ყოფილა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა წელს ხორბლის იმპორტი გაიზარდოს. დღეისათვის არსებული მონაცემებით საქართველოში მოყვანილი ხორბალი საერთო მოხმარების 20%-ია. და ეს იმ მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში სახნავ-სათესი მიწების 40 პროცენტიც კი არ არის ათვისებული, ათიათასობით ოჯახი დაუსაქმებელია და შემოსავლის გარეშე ცხოვრობს. თითქოს ყველაფერი მარტივია – დაუსაქმებელმა ხალხმა დაამუშაოს მიწა და ადგილობრივად აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც იმპორტირებულს ჩაანაცვლებს და რომლითაც თავად ეს ხალხი და მთლიანად ქვეყანაც მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. თუმცა ასე არ ხდება.
საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის შემდეგ სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ნაკლებმომგებიანი გახდა და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც თანდათან მცირდება. ამ სექტორს სერიოზული ზარალი მიაყენა რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებულმა ბლოკადამაც: აგროსექტორში დასაქმებულმა მეწარმეებმა შექმნილ მდგომარეობასთან სწრაფი ადაპტირება ვერ შეძლეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობამაც კიდევ უფრო იკლო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობის ძირითადი მიზეზები შეიძლება შემდეგ ფაქტორებში ვეძიოთ – მიწის რესურსების შეუფასებლობა და გამოყენების დაბალი დონე, სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა და აგრარული მეცნიერების მიღწევების უარყოფა. ბევრია პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანებს სოფლის მეურნეობას მიჰყონ ხელი. საკითხი რთულია და კომპლექსური და უკავშირდება როგორც რაციონალურ, ისე მენტალურ ბარიერებს. ბევრი მიზეზის გამო შრომისუნარიანი, მაგრამ დაუსაქმებელი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად. არადა, როგორი მნიშვნელოვანი და საჩქაროა ახლა ქვეყნისთვის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აქტიურად იყოს ჩართული სოფლის მეურნეობაში და ქმნიდეს პროდუქტს, რომელიც იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩაენაცვლება და ყოველწლიურად მილიარდამდე ლარს დატოვებს ქვეყანაში.
სტატისტიკური მონაცემებით, სოფლის მეურნეობაზე დასაქმებულთა 55 პროცენტი მოდის (თვითდასაქმებულთა წყალობით). ამ სფეროში შექმნილი მშპ კი 12 პროცენტამდე აღწევს. ქვეყნის მშპ-ს ფორმირება ძირითადად სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ხარჯზე ხდებოდა. თუმცა, ბოლო წლებში სულ უფრო მცირდება მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში წარმოებული მშპ-ს ზრდის გამო. თუ 1994 წელს სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში 46 პროცენტი იყო, 1998 წელს იგი 26,2%-მდე, ხოლო 2007 წელს 12%-მდე შემცირდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია ზოგადად მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა.
საქართველოში დაბალია პირუტყვის პროდუქტიულობაც. ფურისა და ფურ-კამეჩის საშუალო წველადობა 1998-2006 წლებში მერყეობდა 9040-9356 ლიტრს შორის. თუ ამ მონაცემებს აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების, აგრეთვე ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, გამოდის, რომ 2-3 ქართული ფური ამ ქვეყნების ერთი ფურის პროდუქტიულობასაც კი ვერ უტოლდება. შედეგი ასეთია: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და პირუტყვის დაბალი ნაყოფიერების გამო საქართველოში დაბალია მოსახლეობის კვების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.
გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ოჯახების შემოსავლებს ზრდის დინამიკა ფაქტობრივად არ ახასიათებს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს ბევრად სჭარბობს სხვა სახის შემოსავლები. იმ ფონზე, როცა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები 50-100 პროცენტით გაიზარდა, კვების პროდუქტების წარმოების შემცირება და იმპორტის ზრდა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების არაადეკვატურობაზე მიუთითებს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება, რომელსაც შეუძლია საქართველოში სოფლის მეურნეობის სტიმულირება.
დახმარება წარმოებული პროდუქციის გაყიდვაში
ყველაზე ეფექტური საშუალება გაყიდვების ხელშეწყობისათვის შეიძლება გახდეს საკოლმეურნეო ბაზრების და პერიოდული ბაზრობების ორგანიზება. სახელმწიფო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას თუკი ყველა დიდ ქალაქში საწყის ეტაპზე თუნდაც ერთ ასეთ ბაზარს მოაწყობს და რეკლამას გაუკეთებს მას, როგორც ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვის ადგილს. დღეს მოსახლეობაში უკვე ჩამოყალიბებულია ამის მოთხოვნა, მაგრამ ბაზარი იმდენად არაორგანიზებულია და იმდენად ცოტაა წარმოება, რომ ქართული პროდუქციის ყიდვა ძვირიც არის და საშოვნელადაც ძნელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც იმპორტირებულ პროდუქციას გარეგნულად ამსგავსებენ ქართულს და ბევრად უფრო ძვირად ყიდიან. ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდამ ფასებიც უნდა დაარეგულიროს.
გარდა ამისა, ფუჭდება მეხილეობის პროდუქტი, განსაკუთრებით კი რუსეთის ემბარგოს შემდეგ. როცა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტები შეძლებენ დაახარისხონ, შეინახონ და სასაქონლო სახე მისცენ პროდუქციას, ბიზნესმენი, რომელიც დაინტერესებულია პროდუქტის შესყიდვით, სწორედ მოცემული რეგიონის მიმღები პუნქტიდან შეძლებს სასურველი პროდუქციის შეძენას. ეს დაეხმარება გლეხს თავისი პროდუქციის ნორმალურად გაყიდვაში, რათა მას ჰქონდეს საარსებო სახსრები და იმის საშუალება, რომ თავისი საქმე შემდგომშიც განაგრძოს.
მართალია, ეს ჯერ კიდევ ზღვაში წვეთია, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე იდგმება. ივლისის დასაწყისში სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის რეგიონის სოფელ კაჭრეთში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საწარმო კახეთის ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაში, დაფასოებასა და შემდგომ რეალიზაციაში დაეხმარება. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით. აქ არის ხილ-ბოსტნეულის სარეცხი, ვაკუუმ-აპარატი ხარშვისათვის, ავტოკლავი სტერილიზაციისათვის, ჩამომსხმელი (დოზატორი), ქილების სარეცხი აბაზანა და ქილების დამხუფი. სრული დატვირთვის შემთხვევაში, საწარმოს დღე-ღამეში 250 კილოგრამამდე პროდუქციის გადამუშავება შეუძლია. ხოლო არსებული პირობები საშუალებას იძლევა, რომ პროდუქცია დამზადდეს სურსათის უვნებლობის წესების დაცვით. საწარმო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და რუმინეთის მთავრობის ხელშეწყობით შეიქმნა.
მოსავლის დაზღვევა
ბევრი გლეხისა და ფერმერისთვის აქტუალური და საჭიროა მოსავლის დაზღვევა, რათა თავი დაიცვან ბუნებრივი მოვლენების შედეგად დაზარალებისაგან. ამ შემთხევვაში ძირითადი პრობლემა სადაზღვევო კომპანიების სკეპტიკური დამოკიდებულებაა ამ პროდუქტის მიმართ. ეს სკეპტიციზმი გამოწვეულია ბაზრის სიმცირითა და ამ მიმართულებით გამოცდილების არარსებობით.
შეიძლება პარალელებიც გავავლოთ და აღვნიშნოთ, რომ მოსავლის დაზღვევის გავრცელება ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. ხელისუფლების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეწყობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. სახელმწიფოს მიერ დაზღვევის საბაზისო პაკეტის შესყიდვამ სტიმული მისცა სადაზღვევო კომპანიებს კიდევ უფრო აქტიურად განევითარებინათ ეს მიმართულება და გაეშალათ გაყიდვების ფრონტი. ანალოგიური პროგრამის განხორციელება სოფლის მეურნეობაში ხელს შეუწყობს დარგის მკვეთრ განვითარებას.
საქართველოში უკვე დღეს 400 000 ოჯახზე მეტია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. მათ, გარდა იმისა, რომ დახმარება ესაჭიროებათ პროდუქციის რეალიზაციაში, ყველაზე მეტად მოსავლის (პროდუქციის) არასტაბილური მოცულობა აშინებთ, რაც უპირატესად ბუნებრივი მოვლენებით არის გამოწვეული. ადამიანებს ეშინიათ ინვესტირება, ეშინიათ მეტი მიწების დამუშავება, მეცხოველეობის მასშტაბის გაფართოება. მათგან დამოუკიდებელმა მოვლენებმა ხომ შესაძლოა ისინი საშვილიშვილო ვალებში ჩააგდს. სოფლის მეურნეობაში დაზღვევის შეტანას, გაყიდვებში დახმარებასთან ერთად, პრინციპულად შეუძლია გაზარდოს ინტერესი ამ დარგის მიმართ, წაახალისოს გლეხები და მცირე მეურნეები გაზარდონ წარმოება, აიღონ მეტი ვალდებულებები და პროდუქციაც მეტი შექმნან. აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დაზღვევის მთლიანი პრემიის 50%-ს და მეტს აფინანსებს. საქართველოში ეს ხარჯი შეიძლება სულ 40-50 მილიონი იყოს წელიწადში. სანაცვლოდ შესაძლოა მთლიანი პროდუქციის 60-70% დაზღვევა შეძლოს საბაზისო რისკებისაგან.
ცხადია ბუნებრივი მოვლენები ყველგანაა და საქართველო გამონაკლისი არ არის, ყველგან ნადგურდება ან მცირდება მოსავალი, მაგრამ გონიერი ფერმერები ვალებში არ ვარდებიან, რადგან უმეტეს ქვეყნებში განვითარებულია ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიცაა დაზღვევა.
სოფლის მეურნეობის დარგი საკმაოდ სპეციფიკურია. კერძოდ, ძნელია რისკების შეფასება, კონტროლი და ზარალის დაანგარიშება. ამ ყველაფრის გამო სადაზღვევო პრემია სოლიდურ ციფრამდე ადის.
გადავხედოთ სხვა განვითარებულ, განვითარებად და კერძოდ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას და გავიგოთ, როგორ ახერხებენ სახელმწიფოები ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას.
ევროკავშირი – 2004 წლის მონაცემებით ევროკავშირმა აწარმოა 162 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია. აქედან დაზღვეული იყო 37 მილიარდი ევროს მოსავალი, ანუ მთლიანი პროდუქტის 23%. სადაზღვევო პრემიის საშუალო განაკვეთი იყო 4%, საიდანაც 32% სახელმწიფომ დაფარა სუბსიდიის სახით.
პოლონეთი – პოლონეთში ძირითადად განვითარებულია აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლისა და საქონლის დაზღვევა. სტატისტიკით ფერმერების მხოლოდ 3% აზღვევს მოსავალს, თუმცა 2009 წლიდან უკვე სახელმწიფო იღებს სერიოზულ თანამონაწილეობას და აფინანსებს 40%-ს მოსავლის დაზღვევაში და 50%-ს საქონლის დაზღვევაში.
ავსტრია – სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს სახელმწიფო, დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეული – 80%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 30%.
ყაზახეთი – ყაზახეთი, როგორც გამოკვეთილად აგრარული ქვეყანა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს აგროდაზღვევის ნორმატიული ბაზის განვითარებასა და სახელმწიფო რეგულირებას. ყაზახეთის კანონმდებლობით აგროდაზღვევა სავალდებულოა და ტარიფები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
1. მარცვლოვნები – 5.8 %
2. ზეთოვანი კულტურები – 3.4 %
3. შაქრის ჭარხალი – 8.3%
4. ბამბა – 1.3%
გარდა ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისა, სახელმწიფო მნიშვნელოვანწილად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, კანადა და ა.შ.
ინფორმირება
გლეხებისთვის აუცილებელია ყველა რაიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა, რომელიც დაეხმარება მათ მიიღონ გადაწყვეტილება, რა მიმართულებით განავითარონ მეურნეობები, რა ტექნოლოგიები გამოიყენონ, როგორ გაყიდონ პროდუქტი და ა.შ. ამ ცენტრების საშუალებით უნდა მოხერხდეს მიწების და ყველა სხვა რესურსის უფრო ეფექტური გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ასეთი ცენტრების შექმნით, ხელი შეეწყობა ინფორმაციის და ცოდნის გავრცელებას, რათა თითოეული გლეხისათვის უფრო გაადვილდეს მეურნეობის მართვა და განვითარება. ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ფერმერთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მეცნირულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დასანერგად სოფლის მეურნეობაში.
საექსპორტო პოტენციალი
საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას რომ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მომარაგება შეუძლია, ამაში ვრწმუნდებით, როცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კვლევას ვკითხულობთ, რომელშიც საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2009 წ. იანვარ-მაისის მდგომარეობაა ასახული.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, 2009 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2009,1 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37,3 პროცენტით ნაკლებია. საქონელბრუნვის ზრდის ტემპის ვარდნა ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში აგვისტოს თვეში განვითარებულ მოვლენებთან და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან. თუმცა, მიუხედავად ექსპორტის მოცულობითი შემცირებისა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბოლო წლებში ქართული საექსპორტო პროდუქციის მიერ ახალი ბაზრების ათვისება. ამ საექსპორტო პროდუქციაში ძირითადი სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტებია:
ქართული მწვანილი – აღნიშნული პროდუქცია თუ 2006 წლამდე რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში გადიოდა, 2007 წელს შევიდა ლატვიის, მოლდოვისა და ბელორუსიის, 2008 წელს კი – ესტონეთისა და გერმანიის ბაზრებზე. 2009 წლის პირველ 5 თვეში კი რუმინეთის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე შეაღწია. ამასთან, მოძიებულ იქნა არა მარტო ახალი ბაზრები ამ პროდუქციისათვის, არამედ იგი მიმდინარე წლის იანვარ-მაისში თითქმის გაორმაგებული რაოდენობით იქნა ექსპორტირებული გასულ წელთან შედარებით. 2008 წელს ექსპორტზე გავიდა 1 817 ტონა, ანუ 0.9 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების მწვანილი, ხოლო 2009 წლის პირველ ხუთ თვეში – 3 037 ტონა, ანუ 1.8 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისა.
ქართული ჩაი – მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩაის ექსპორტის ზრდა უმნიშვნელოა, როგორც რაოდნეობრივად, ისე თანხობრივად, წინა წლებში მცირე მოცულობით იგი მაინც გავიდა ისეთ ახალ ბაზრებზე, როგორიცაა ფინეთი, გერმანია, კანადა, ნიდერლანდები და სერბია-მონტენეგრო. 2009 წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყნების რიგს შეუერთდა ერაყი, მოლდოვა და პოლონეთი.
ქართული სანელებლები – ახალი ბაზრები გაიხსნა ქართული სანელებლებისთვისაც. ესენია: პოლონეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, იაპონიის, საფრანგეთის ბაზრები. გაიზარდა ამ პროდუქციის ექსპორტის მოცულობა 2009 წლის პირველ ხუთ თვეში. თვის საშუალო ექსპორტი შეადგენს 222 ტონას, მაშინ, როცა გასული წლის საშუალო ყოველთვიური ექსპორტი 167 ტონით განისაზღვრებოდა.
ქართული ღვინო – ქართული ღვინის ექსპორტზე რუსეთის მხრიდან დაწესებული ემბარგოს შემდეგ მოძიებულ იქნა და საქართველოს ექსპორტში დაფიქსირდა ამ პროდუქციის ახალი ბაზრები. ეს ქვეყნებია: ფინეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, ლიბერია, პანამა, მონგოლეთი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, კამბოჯა, კოტდიუარი, სინგაპური და ინდოეთი. ამასთან, გასული წლის ბოლოს ამ პროდუქციის საშუალო ფასის უმნიშვნელოდ შემცირების მიუხედავად, მისი ექსპორტი 2008 წელს წინა წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ღვინო საექსპორტოდ ძირითადად ოქტომბერ-დეკემბერში გადის, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მაინც საკმაო რაოდენობით გავიდა და მისმა ღირებულებამ 9.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2009 წელს ქართული ღვინისთვის გაიხსნა ინდონეზიის, ბარბადოსის და ლუქსემბურგის შიდა სამომხმარებლო ბაზარი. დღეისთვის ღვინო 55-ზე მეტ ქვეყანაში გადის საექსპორტოდ.
მინერალური წყლები – მინერალური წყალი მსოფლის 54 ქვეყანაში გადის. 2006 წელს, რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს შემდგომ, ეს პროდუქცია ახალ ბაზრებზე გავიდა: ავსტრიაში, რუმინეთში, ბულგარეთში და ბელგიაში. 2008 წელს 23%-ით მეტი პროდუქცია ექსპორტირდა წინა წელთან შედარებით. სამწუხაროდ, 2009 წლის იანვარ-მაისში მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა არ გაზრდილა.
ხილის წვენები – ხილის წვენები საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა. ბოლო წლებში იგი დიდი მოწონებით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დღეისთვის ამ პროდუქციის ექსპორტი 30 ქვეყანაში ხდება. დიდი რაოდენობით შედის ქართული ხილის წვენი გერმანიაში, ჩეხეთში, უკრაინაში, რუსეთსა და საფრანგეთში. 2008 წელს ხილის წვენების ექსპორტისთვის ახალი ბაზრებიც გამოჩნდა. ესენია: ჰონგკონგი, კვიპროსი, ლიბერია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი.
საკონსერვო პროდუქცია – საექსპორტოდ ასევე მნიშვნელოვანი პროდუქციაა ხილ-ბოსტნეულის კონსერვები. მისი ექსპორტი 2008 წელს 30%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. ხილ-ბოსტნეულის კონსერვები დაახლოებით 25 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. გასულ წელს ეს პროდუქცია შევიდა 7 ქვეყნის ბაზარზე. ესენია: პოლონეთი, ისრაელი, ჰონგკონგი, აშშ, ბელგია, უკრაინა.
საქართველოს სოფლის
მეურნეობა ციფრებში
მეცხოველეობის პროდუქცია. 2009 წლის 1 აპრილის მდგომარეობით წინა წლის 1 აპრილთან შედარებით საქართველოში შემცირდა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, ღორის და ფრინველის სულადობა კი გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღორის სულადობის 26 პროცენტიანი ზრდა, რაც 2007 წელს ქვეყანაში გავრცელებული ღორის დაავადებების შემდეგ მეცხოველეობის ამ დარგში გარკვეული აღმავლობის დასაწყისზე მეტყველებს. ფრინველის გრიპის მიერ მიყენებული დარტყმის შემდეგ ბოლო წლებში განუხრელად იზრდება ფრინველის სულადობაც. 2009 წლის I კვარტალში 2008 წლის I კვარტალთან შედარებით 17 პროცენტიანი ზრდაა დაფიქსირებული. 2009 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა ხორცის და რძის წარმოება და გაიზარდა კვერცხის წარმოება. ხორცის წარმოება ძირითადად ღორის ხორცის წარმოების კლების ხარჯზე შემცირდა, რაც 2007 წლის დაავადებების შემდეგ ღორის სულადობის მკვეთრი შემცირებითაა გამოწვეული. კვერცხის წარმოების ზრდა ბუნებრივი შედეგია ფრინველის სულადობის ზრდისა. რაც შეეხება რძის წარმოების შემცირებას, იგი ფურების რაოდენობის და წველადობის შემცირებით აიხსნება.
სურსათის იმპორტი და ექსპორტი. 2009 წლის I კვარტალში წინა წლის I კვარტალთან შედარებით საქართველოდან სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება ნომინალურ გამოსახულებაში 17 პროცენტით შემცირდა, ხოლო მთლიანი ექსპორტი თითქმის ორჯერ უფრო მეტად – 33 პროცენტით. შესაბამისად, 24 პროცენტით გაიზარდა სასურსათო პროდუქციის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში და მან 2009 წლის I კვარტალში 12 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მკვეთრად (71 პროცენტით) შემცირდა ხილის ექსპორტის მოცულობა, ხოლო ყველაზე ნაკლებად – უალკოჰოლო სასმელებისა (6 პროცენტით). ორნახევარჯერ გაიზარდა სპირტიანი სასმელების ექსპორტი.
რაც შეეხება იმპორტს, 2009 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მთლიანი იმპორტის ნომინალური ღირებულება 30 პროცენტით შემცირდა, ხოლო სასურსათო პროდუქტების იმპორტის ნომინალური ღირებულების წლიურმა კლებამ აღნიშნული პერიოდისათვის მხოლოდ 20 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, 2009 წლის I კვარტალში 2008 წლის I კვარტალთან შედარებით სასურსათო პროდუქტების იმპორტის წილი მთლიან იმპორტში 14 პროცენტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა. ხორბლის წმინდა იმპორტი აღნიშნული პერიოდისათვის 15 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პურის ფქვილის წმინდა იმპორტი 24 პროცენტით შემცირდა. თუ იმპორტირებულ პურის ფქვილს ხორბლის ექვივალენტში გადავიყვანთ, საქართველოში ხორბლის იმპორტი 2009 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა.
სურსათის ფასები
2009 წლის I კვარტალში 2008 წლის I კვარტალთან შედარებით ბევრი ძირითადი საკვები პროდუქტი გაიაფდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პურის ფასის კლება, არა მარტო 2008 წლის I კვარტალთან (5 პროცენტით), არამედ წინა (2008 წლის IV) კვარტალთან შედარებითაც (3 პროცენტით). პურის ფქვილის ფასი, მართალია, 2008 წლის I კვარტალთან შედარებით 7 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ წინა კვარტალთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა. ყოველივე ეს უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის შემცირების ტენდენციას, რომელიც მკვეთრი მატების შემდეგ გამოიკვეთა. ზრდის ხანგრძლივი ტენდენციის შემდეგ კლება იწყო სიმინდის ფქვილის ფასმა. ხორცპროდუქტებიდან აღსანიშნავია ღორის ხორცის ფასის მკვეთრი, 40 პროცენტიანი ზრდა. ეს ყოველივე 2007 წელს საქართველოში ღორის დაავადებების გავრცელების შედეგია, რამაც მკვეთრად შეამცირა ღორის სულადობა 2008 წელს და, შესაბამისად, ღორის ხორცის დეფიციტი გამოიწვია. 2009 წლის I კვარტალში 5 პროცენტით გაიზარდა საქონლის ხორცის ფასი და 7 პროცენტით შემცირდა ქათმის ხორცის ფასი. ზრდის შემდეგ შემცირდა მზესუმზირას ზეთის ფასი (18 პროცენტით), ხოლო შაქრის ფასი პირიქით, კლების შემდეგ გაიზარდა (4 პროცენტით). 2008 წლის I კვარტალთან შედარებით საგრძნობლად გაიაფდა კარტოფილი და ლობიო (შესაბამისად 10 და 13 პროცენტით), ხოლო კვერცხის ფასი 3 პროცენტით შემცირდა. რძის ფასი 4%-ით გაიზარდა, ხოლო ყველის ფასი 10%-ით გაიაფდა.
ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროშია შექმნილი. ცხადია, დავინტერესდით იმითაც, თუ რა გააკეთა სახელმწიფომ, ან რას აკეთებს ახლა აგრარული სფეროს განვითარებისათვის; როგორია მთავრობის სტრატეგია და გეგმები. ამის გასაგებად საქართველოს სოფლის მეურნების სამინისტროს დავუკავშირდით. სამწუხაროდ, სამინისტროდან არავინ ისურვა ჩვენთან საუბარი. ამის მიზეზად მოუცლელობა დაასახელეს, მოუცლელობის მიზეზად კი – რთველისთვის სამზადისი (სამინისტროს პრესსამსახურს ივლისის შუა რიცხვებში დავუკავშირდით).