ევროპას რუსული გაზები აწუხებს
ნინო არველაძე
ბუნებრივი აირი რუსეთის ხელში სერიოზული იარაღია. 2009 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა 2020 წლამდე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტს, სადაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში 65%-იანი მონოპოლიის მოპოვება წარმოადგენს.
რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტირებისათვის, დღესდღეობით, ორი მთავარი და რამდენიმე განშტოებული მოქმედი მილსადენი არსებობს. დასახული მიზნის შესრულებაში, რუსეთს, სერიოზულ დაბრკოლებად მსოფლიო ფინანსური კრიზისი მოევლინა, რის გამოც ევროპის ინდუსტრიულ სექტორში გაზის მოხმარება 2009 წლის I მეოთხედში მკვეთრად დაეცა, ამიტომ ევროპაში ახალი მილსადენების მშენებლობის გამო, შესაძლებელია ჭარბმომარაგების რისკი შეიქმნას. რუსული გაზის მთავარი მომხმარებლები, როგორიცაა, გერმანია, იტალია და უნგრეთი იმ მოცულობის გაზს აღარ მოიხმარენ, რაც მათ კონტრაქტით აქვთ გაწერილი, რუსული გაზეთი “იზვესტია”” აცხადებს, რომ “გაზპრომი” აღნიშნული ქვეყნებისგან 2.8 მლრდ დოლარის ჯარიმას მოითხოვს. რუსეთის მხრიდან ევროპისთვის გაზის მიწოდების წილი 30%-დან 18%-მდე ჩამოვიდა და წლიურ 29.1 მლრდ კბ.მ გაზის მოცულობამდე შემცირდა. ამ დროს კი, რუსეთს ვალდებულება აქვს თურქმენეთთან წლიურად 35 მლრდ კბ.მ გაზი შეისყიდოს და ევროპაში გადაქაჩოს. რუსეთს პრობლემა ექნება საკუთარი მოპოვებულ გაზის მოცულობასთან დაკავშირებითაც, რადგან მას სტრატეგიული მარაგების შექმნა ტექნოლოგიურად არ შეუძლია.
დღეისთვის, შემოსავლების შემცირებას ხელს უწყობს ბუნებრივი აირის საკმაოდ მაღალი ფასიც, დაახლებით 400 ამერიკული დოლარი 1000 კბ.მ გაზზე. ამ ფასმა აიძულა რუსეთის მთავარი ევროპელი პარტნიორები: გერმანია და იტალია, გაენახევრებინათ რუსული გაზის მოხმარება და სხვა წაყაროებიდან მიეღოთ იაფი გაზი. ყველაზე მთავარ კონკურენციას, გაზპრომს” ნორვეგიული კომპანია სტატოილჰიდრო” უწევს, რომელიც 1000 მ3 გაზს 360 დოლად ჰყიდის. კომპანია შელი”-ს მოპოვებული გაზის საფასური 333 დოლარია, ხოლო “ბრიტიშ პეტროლიუმ”-ისა კი – 196.4 დოლარი.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პირველი კვარტალი გაზპრომმა” 33 მლრდ რუბლით შემცირებული შემოსავლებით დაამთავრა.
შესაძლებელია “გაზპრომმა”” ევროპელ მომხმარებლებს ბუნებრივი აირის გამოყენების შემცირებისათვის წლის განმავლობაში ჯარიმის გადახდით შეაშინოს. წესების მიხედვით, რომელიც ემყარება პრინციპს “აიღე ან გადაიხადე”, ქვეყნები, რომლებიც გაზს რუსეთისგან იღებენ, შესაძლებელია დაჯარიმდნენ, თუ მათი მოხმარება ჩამოუვარდება მოცულობის შეთანხმებულ დონეს. ეკონომიკური კრიზისის გამო, ევროპის გაზის მოხმარება მიმდინარე წელს მკვეთრად დაეცა, მათ შორის შედის ბულგარეთი, რომლის გაზის მოხმარებაც თითქმის 30%-ით შემცირდა. რუსეთის ეკონომიკური გამოცემის “კომერსანტის” თანახმად, “გაზპრომმა” შესაძლებელია ჯარიმა დააკისროს ევროპელ მომხმარებლებს დაახლოებით 2.8 მლრდ დოლარის ოდენობით. ჯარიმა ჩადებულია ხელშეკრულებებში, რომელიც წინასწარ საზღვრავს, თუ რა მოცულობის ბუნებრივი აირის შესყიდვა სურს თითოეულ ქვეყანას. “კომერსანტის” ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველა ევროპული კომპნია ჯარიმის გადახდის წინააღმდეგია, რადგან მოტივირებულნი არიან რუსეთის მხრიდან უკრაინასა და თურქმენეთზე დათმობაზე წასვლის მაგალითით. ოქტომბრის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინი და იულია ტიმოშენკო შეთანხმდნენ, უკრაინას გადაეხადა მხოლოდ მოხმარებული გაზის საფასური, რუსეთი ასევე არ დაჯარიმებულა, როდესაც თურქმენეთისგან შეთანხმებული გაზის მოცულობაზე 90%-ით ნაკლები შეიძინა.
ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებამ და მრეწველობის მოცულობის ვარდნამ, ევროპული ენერგოკომპანიები აიძულა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენის გეგმები შეკვეცონ. ევროპისთვის გადაწყვეტილების მიღება იოლია, განხორციელება კი, რთული, რადგან კონტრაქტები შექმნილია პრინციპით “აიღე ან გადაიხადე”, თუ ევროპა შეთანხმების თანახმად არ შეიძენს ენერგომატარებლის შეთანხმებულ მოცულობას, მნიშვნელობა არ აქვს, მან მაინც უნდა გადაიხადოს შეთანხმებული მოცულობის საფასური. რა თქმა უნდა, მოთხოვნის ვარდნის შემთხვევაში, ევროპისთვის მომგებიანი არ არის მიმწოდებლისთვის იმ გაზის საფასურის გადახდა, რომელიც არ გამოუყენებია. სწორედ ამიტომ, ევროპულ მხარეს, რომელიც რუსეთიდან გამოყენებული გაზის მეოთხედს იღებს, სურს გადაათქმევინოს “გაზპრომს” მიიღოს გამოუყენებელი გაზის საფასური. გამორიცხული არ არის, რუსეთმა ევროპა იყიდოს – ევროპა ჯარიმას არ გადაიხდის, მაგრამ სამაგიეროდ, მხარს დაუჭერს “სამხრეთის ნაკადის” პროექტს, რაც სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ყბადაღებული “ნაბუქოს” პროექტის მომავალს ევროპის მხრიდან. საინტერესოა, რა უფრო მნიშვნელოვანია ევროპისათვის, ენერგორესურსების მიღების დივერსიფიკაცია და ამ მხრივ, რუსეთზე მისი მიჯაჭვულობის შემცირება, თუ დაახლოებით 3 მლრდ ამერიკული დოლარი.
2009 წლის პირველ ნახევარში, რუსეთიდან გერმანიაში გაზის მიწოდება თითქმის 45%-ით შემცირდა. რუსი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის მონოპოლისტი, რუსეთი მაინც ბაზრის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ “გაზპრომი” არ დაარიცხავს ევროპას ჯარიმას გაზის ნაკლები მოცულობის გამოყენებისათვის, “გაზპრომი” რისკავს ევროპის ბაზრის დაკარგვით, საფრთხის წინაშე აყენებს გრძელვადიან კონტრაქტებს და შედეგად – რისკის წინაშე დგება კომპანიის კოტირებადი აქციები.
“გაზპრომის” თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა უკვე განაცხადა, რომ ევროპულ კომპნიებს არ სურთ 2010 წლისათვის შეიძინონ გაზის შეთანხმებული მოცულობა. ევროპის მიერ ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება ეხება, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წელს. მილერი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის “მინუსი”” უზარმაზარი ციფრი გამოდის – წლის დასაწყისსი ევროპას 23 მლრდ მ3 გაზით ნაკლები დასჭირდა, ხოლო მთლიან ბაზრებს, ერთად აღებულს, უკრაინისა და რუსეთის ჩათვლით, 88 მლრდ მ3 გაზით ნაკლები გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ჯამში, 2008 წელს რუსეთმა 550 მლრდ მ3 გაზი მოიპოვა, მილერის პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წელს მოპოვება 470 მლრდ მ3 გაზი იქნება.
რუსი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მომავალ წელს რუსეთი დანაკარგებს მხოლოდ ევროპისგან არ უნდა ელოდოს, დანაკარგები მოსალოდნელია უკრაინიდანაც, რომელიც აცხადებს, რომ კონტრაქტში ჩადებული 52 მლრდ მ3 გაზის გარდა, დაახლოებით 25-27 მლრდ მ3 გაზს შეიძენს. მილერი აცხადებს:”უკრაინა კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს, ისე იქნება, როგორც ეს კონტრაქტშია ჩაწერილი””.
მოვლენებს თუ ობიექტურად შევხედავთ, “გაზპრომს”” წესით, სურვილი უნდა ჰქონდეს მიიღოს დაკარგული ფული პრინციპით “აიღე ან გადაიხადე””. კომპანია ჯერ არავის აჯარიმებს გამოუყენებელი მოცულობების გამო, თუმცა ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლია. მაგრამ ამ მედლის მეორე მხარე რუსული პოლიტიკაა. ევროპული ენერგეტიკული კომპანიები ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებენ რუსეთის მონოპოლისტთან და ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ კრიზისი მიღებული იქნება, როგორც ფორსმაჟორული გარემოება, რომლის დროსაც არ შეიძლება ჯარიმების დაკისრება.
მიუხედავად უკიდურესად მძიმე მდგომარეობისა, გაზზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, “გაზპრომს” ძველებურად მიაჩნია, რომ ევროპას 100 მლრდ მ3-ით მეტი ბუნებრივი აირი ესაჭიროება. თუმცა, უნდა აღინოშნოს, რომ ეს “პლუსი” გასულ წელს ეხება, როდესაც გაზის მოხმარების პიკი დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ, კონცერნი “გაზპრომი” არ აპირებს უარი განაცხადოს წყალქვეშა მილსადენებზე “სამხრეთის ნაკადსა” და “ჩრდილოეთის ნაკადზე”, რომელთა ყოველდღიურმა სიმძლავრემ შესაძლებელია დღეში 120 მლრდ მ3 გაზი შეადგინოს.
რუსები გვერდს ვერ აუვლიან იმ ფაქტს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. კონცერნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გერმანიაში ახალი ნორმატიული აქტის თანახმად, გაზის ტრანსპორტირების პროექტების რენტაბელობა 5%-ით შეიზღუდა. რუსეთის გაზის ჰოლდინგში ვარაუდობენ, რომ ეს შეზღუდვები არ ეხება წყალქვეშა მაგისტრალებს. ცხადია, რომ რუსეთს ევროპული მხარდაჭერა ჰაერივით სჭირდება.
თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთის მონოპოლისტი განსაკუთრებით არაფერში რისკავს, რადგან “ჩრდილოეთის ნაკადის” მაგისტრალის ასაშენებლად “გაზპრომს” მრავალი პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს, მათ შორის, ეკოლოგიური პრობლემის, რისთვისაც კონცერნს მთელი თავისი დიპლომატიური პოტენციალის გამოყენება მოუხდება. ანალიტიკოსების აზრით, იმ შემთხვევაშიც, თუ “გაზპრომი” “ჩრდილოეთის ნაკადის” 1-2 წლით გადადებს, ეს არსებითად არ აისახება საოპერაციო აქტივობებში. თუმცა, რუსეთისთვის პოლიტიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა, რაც არაერთხელ დაამტკიცა.
“გაზპრომს” კონტრაქტებით გაწერილი გაზის მოცულობის ტრანსპორტირების საკმარისი სიმძლავრეები გააჩნია – განსაკუთრებით, მიმდინარე წლის მოთხოვნის ვარდნის გათვალისწინებით. მოცემულ პროექტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროპისათვის, ისევე როგორც “გაზპრომისათვის”, ამიტომ, მოლაპარაკებები მაგისტრალის შესახებ კვლავ გრძელდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და არც ცვლილებებია გამორიცხული.
რუსული პრესის თანახმად, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2009-2010 წლების ევროპისთვის გაზის მიყიდვის შემცირება, მოპოვების მკვეთრი შემცირება და შეკუმშული საინვესტიციო პროგრამები “გაზპრომს” ხელს არ უშლის შეიძინოს თურქმენული გაზი და საუბრები ახალი კონტრაქტების გაფორმებაზეც მიმდინარეობს, აშხაბადში კი მიიჩნევენ, რომ მიწოდება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.
ანალიტიკოსების აზრით, თურქმენული გაზის შესყიდვა პოლიტიკური სარჩულით ხდება და არა ეკონომიკური მოტივებით, რასაც მიმდინარე წლის მოთხოვნის ვარდნაც ადასტურებს. მიმდინარე წლის I მეოთხედში “გაზპრომი” 1000 მ3 ბუნებრივ აირს 383 დოლარად ყიდდა, თურქმენეთისგან კი, იგივე მოცულობის გაზს 375 დოლარად ყიდულობდა. აშხაბადს, ალბათ, მალე გაზზე ფასის დაწევას მოსთხოვენ.