ჩაიქროლა?
ეკა ქაროსანიძე
ოპტიმისტები ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთმა ეკონომიკური კრიზისის ყველაზე ცუდი ფაზა უკვე გადაიტანა და სიტუაცია გაუმჯობესებას იწყებს. თუმცა, სანამ რისკები დაბალი არ არის, დაცემის მეორე ტალღა ნარჩუნდება.
შუა ივნისში ბევრისთვის მოულოდნელი კომენტარით გამოვიდა ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი. ლონდონურ გაზეთ ობსერვერ-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მეცნიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა შეძლო საბანკო სისტემის სტაბილიზირება და რომ დღეს ქვეყანა (ინგლისი) უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მისი ევროპელი მეზობლები. გორდონ ბრაუნის ეპოქის ეკონომიკურ პოლიტიკას კრუგმანმა უწოდა არც ისე ცუდი და ჭკვიანური. პროცენტული განაკვეთის შემცირებამ, ფუნტის დევალვაციამ, ბანკების მხარდაჭერამ და ეკონომიკის სტიმულირებამ თავისი შედეგები გამოიღო და მალე ბრიტანული ეკონომიკა ზრდას დაუბრუნდება.
მიუხედავად კრუგმანის ამ განცხადებისა, საინფორმაციო სააგენტოს ბლუმბერგის ინფორმაციით, ინგლისის ეკონომიკა ივლისის ბოლოსთვის 2-ჯერ მეტად დაეცა, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო.
ნობელის პრემიის ლაურეატი არ აღმოჩნდა ერთადერთი ოპტიმისტი. კრუგმანის გამოკითხვის შემდეგ ჩატარდა გაზეთ Financial Times-ში მომუშავე ეკონომისტების გამოკითხვა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთი უკვე უბრუნდება მდგრად ეკონომიკურ მდგომარეობას. თავიანთ შეფასებებში რესპონდენტები აპრილის თვეში მრეწველობის ოდნავ გაზრდას ვარაუდობენ და მოელიან ასევე შესყიდვების მენეჯერების ინდექსის (PMI) გაზრდას. მენეჯერები უფრო მეტი ოპტიმიზმით აღიქვამენ ეკონომიკური სიტუაციას, ვიდრე რამდენიმე თვის წინათ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ალისტერ დარლინგმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში და ზრდაში, 1979 წლის ყველაზე რთული რეცესიის შემდეგ.
ასეთ ოპტიმიზმს, პრინციპში, ყველა როდი ემხრობა. ასე მაგალითად, ბრიტანეთის წარმოების კონფედერაციამ (CBI), რომელიც ბრიტანეთის წამყვანი კომპანიების ასოციაციაა, ამ განცხადებების გამოჩენისთანავე გამოაქვეყნა ნაკლებად სასიხარულო პროგნოზი. “ზოგიერთმა კომენტატორმა მცდარად შეაფასა გარკვეული მაჩვენებლების გაზრდის ფაქტები და მათი მომატება არასწორად მიიჩნია ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზად. დაბრუნება ე.წ. ზრდისაკენ იქნება საკმაოდ ნელი და ეტაპობრივი. Kკრედიტის მიღების სირთულეები დღემდე მძიმედ მოქმედებს კომპანიების ქმედებებზე”, – განაცხადა CBI-ს უფროსმა, რიჩარდ ლამბერტმა. კონფედერაციის ეკონომისტების შეფასებით, ბრიტანული მთლიანი შიდა პროდუქტი 2009 წლისთვის შემცირდება 3,9 %-ით. მომავალ წელს კი მისი ზრდა მხოლოდ 0,7% იქნება. ზოგი პროგნოზი კიდევ უფრო მეტად პესიმისტური ხასიათისაა. ასე მაგალითად, ლონდონის Economist Intelligence Unit-ი ვარაუდობს, რომ მომავალ წელსაც ბრიტანული მთლიანი შიდა პროდუქტი დაეცემა 0,5 %-ით და ზრდა, რომელიც მომავალში დაიწყება, იქნება ძალიან ნელი.
მწვანე წანაზარდები
ლონდონში ოპტიმიზმის დამკვიდრებას ბიძგი მისცა ივნისში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა სამრეწველო სიტუაციის შესახებ. სამრეწველო წარმოება ბრიტანეთში აპრილის თვეში ბოლო 14 თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა. ზრდა საკმაოდ პატარა იყო (სულ რაღაც 0,3 %), თუმცა შემდგომი 12 თვის განმავლობაში 12,4%-ით ვარდნამ ბევრი კომენტატორი დააიმედა. წარმოებაში არსებული მაჩვენებლები გვიჩვენებენ, რომ ბრიტანეთის ეკონომიკაში ზრდისკენ დაბრუნება შესაძლოა ნავარაუდევზე უფრო ადრე დაიწყოს. ბრიტანულმა კომპანიებმა მოგება მიიღეს ფუნტის დევალვაციიდან და ასევე შეძლეს დარჩენილი მარაგების გასაღებაც, განსხვავებით გერმანული კომპანიებისგან. ეს ციფრები გვამცნო კოლინ ელისმა, Dაიწა შეცურიტიეს SMBC-ს ეკონომოსტმა. ბევრი ეკონომისტი კვლავაც იმ აზრზე რჩება, რომ ეს ზრდა შედეგია დარჩენილი მარაგების რეალიზაციისა, რომლის ამოწურვის შემდეგ კომპანიები იძულებულნი გახდნენ განაგრძონ და გაზარდონ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. აპრილის თვეში წარმოებაში მომხდარი ცვლილებები უფრო ლოგიკურს ხდის “ტექნიკური ზრდის” ვარაუდს უკვე მეორე კვარტალში. ეს, თავის მხრივ, 2009 წელს იანვრიდან-მარტის ჩათვლით მშპ-ს 1,9 %-ით ვარდნის შემდეგ სერიოზულ გაუმჯობესებას ნიშნავს. მაისის თვეში შეიმჩნეოდა მაჩვენებლების მცირედი ზრდა მომსახურების სექტორში (0,2 %), რომელზეც ბრიტანეთის ეკონომიკის თითქმის 3/4 მოდის. ბევრი კომპანია აღნიშნავდა ბოლო თვეების განმავლობაში საცალო ვაჭრობის მომატებას. მაგალითად, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვამ მარტი-მაისის თვეებში 0,6%-ით მოიმატა გასულ წელთან შედარებით. თანაც სიტუაცია გამოსწორების გზაზეა არა მარტო მასობრივ სექტორში, არამედ კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებულ პრემიუმ სექტორშიც. ანჯელა არენდტსი, კომპანია Burbery-ის პრეზიდენტი თვლის, რომ სახეზეა სიტუაციის სტაბილიზირება – არ ხდება განსაკუთრებული გაუმჯობესებები, თუმცა არც განსაკუთრებულ გაუარესებებს ჰქონიათ ადგილი.
ეკონომიკის აღდგენას ხელი შეუწყო მთელი რიგი ფაქტორების ერთობლიობამ. ასე მაგალითად, ბრიტანული ბანკების საპროცენტო განაკვეთები 2009 წლის მარტისთვის 2008 წლის სექტემბერში არსებული 5%-იდან ჩამოვიდა 0,5%-მდე. ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის უფროსმა მერვინ კინგმა განაცხადა, რომ პროცენტული განაკვეთების ვარდნა გახდა ეკონომიკის სტიმულირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც სახელმწიფოს ამ პაკეტის გამოსაყენებლად სოლიდური თანხა დაახარჯვინა სხვა ქვეყნებთან შედარებით. საპროცენტო განაკვეთის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია იპოთეკური სესხების გადასახადების გაიაფება. ბევრმა ბრიტანულმა ოჯახმა მოულოდნელად შეამჩნია, რომ ბოლო წლის განმავლობაში იპოთეკური გადასახადები რამდენიმე ასეული დოლარით შემცირდა. ზოგმა მოისურვა ამ დაზოგილი სახსრების ბანკში შენახვა, ზოგმა კი ისინი უბრალოდ დახარჯა. “მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობას შეუძლია მარტივად ცვალოს თავისი დინამიკა თვიდან თვემდე, სიგნალები მომსახურების სექტორიდან გვიჩვენებს, რომ მეორე კვარტალში ეკონომიკა რეგრესს შეწყვეტს”, – განაცხადა ნევილ ჰილმა, Credit Suisse ბანკის ეკონომისტმა.
გადასახადების შემცირებამ და სახელმწიფო ინვესტიციების პროექტებმა მოგვცა ჯამში 32 მლრდ. დოლარი. ფუნტ-სტერლინგის კურსის ვარდნამ ადგილობრივი მეწარმეები უფრო კონკურენტუნარიანი გახადა როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ფუნტის დევალვაციამ მიგვიყვანა კურიოზებამდე: ირლანდიელებმა დაიწყეს პროდუქტების საყიდლად შაბათ-კვირაობით ოლსტერში სიარული, ხოლო ბელგიელებმა და ფრანგებმა – კენტში. ევროზონაში მცხოვრებლებმა დაიწყეს აქტიური შოპინგ-ტურების მოწყობა ლონდონში. “დამძიმებულმა” ევრომ ეს საყიდლები მოულოდნელად მოსახერხებელი გახადა.
ოპტიმიზმს იზიარებენ თვით ინვესტორებიც. შუა ივნისში ბრიტანულმა მინ-ფინ-მა გაყიდა 11,3 მილიარდი დოლარის 25 წლიანი ობლიგაციები. ეს მათ გამოცემამდე დაგეგმილზე გაცილებით მეტია. ამასთანავე, მოთხოვნამ მკვეთრად გადააჭარბა მიწოდებას: ინვესტორები მზად იყვნენ ეყიდათ ობლიგაციები ორმაგ ფასად.
კრიზისი არ დამთავრებულა
ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის საკითხი ბრიტანეთში ჯერ მაინც გაურკვეველია. ასე მაგალითად, მარტში და აპრილში გაზრდილი საცალო ვაჭრობა მოულოდნელად მაისში კვლავ დავარდა 0,6 %-ით. ინგლისის ბანკმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიტანულ კომპანიებს კვლავაც არა აქვთ საკმარისი გზა კრედიტებისაკენ, მიუხედავად სახელმწიფოს დაჟინებული მოთხოვნისა, რომ ბანკებმა გასცენ სესხები ეკონომიკის აღსადგენად. აპრილის თვეში ბანკების კრედიტები კომპანიებზე (ფინანსური სექტორის გამოკლებით) დაეცა 5,4 %-ით. ეს იყო ყველაზე დიდი ვარდნა ბოლო 9 წლის განმავლობაში.
“დღესდღეისობით ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესის განვითარებისათვის კრედიტის მიღების შეუძლებლობა ბრიტანულ ეკონომიკაში ერთ-ერთ ფუნდამენტური სისუსტეა. სანამ ჩვენ დავინახავთ ზოგადი ზრდის ტენდენციას, იგი უნდა დაიწყოს უშუალოდ კომპანიებში, რომლების გაზრდიან თავის წარმოებას და შექმნიან სამუშაო ადგილებს”, – დააფიქსირა თავის პოზიცია ნილ პროტერომ, ლონდონის EIU-ს ეკონომისტმა.
ჯერჯერობით კი კომპანიები სამუშაო ადგილებს მხოლოდ ამცირებენ. თებერვლიდან მარტის ჩათვლით უმუშევართა რიცხვი გაიზარდა 232 ათასი ადამიანით და 2,26 მილიონს მიაღწია (მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 7,2 %). ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1996 წლის შემდეგ. CBI-ს პროგნოზებზე დაყრდნობით, უმუშევრობა ერთი წლის განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება და 2010 წლის გაზაფხულზე 3,03 მლნ-ს, ანუ 9,6 %-ს მიაღწევს. “თუმცა ეკონომიკამ შესაძლოა ზრდა დაიწყოს უკვე ამ წლის ბოლოდან. ამასთან, ახალი ვარდნის რისკი ძალიან დიდია. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის დაწყებას შეიძლება მაშინვე არ მოჰყვეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც თავის მხრივ შეანელებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს – თვლის ჯეიმს ნაიტი, ლონდონის, ING ბანკის ეკონომისტი.
ბრიტანული ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა სახელმწიფო ვალია, კერძო ან/და კორპორატიული. სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა ივნისში – არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი სახელმწიფო ვალის გაზრდისაკენ. გორდონ ბრაუნის მთავრობა 350 მლრდ. დოლარამდე სარგებლის მიღებას გეგმავს გაყიდული სახელმწიფო ობლიგაციებიდან, რაც ხელს შეუწყობს ბრიტანეთის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებას. ეს დეფიციტი ყველაზე დიდია 1945 წლის შემდეგ. სახელმწიფო ვალი პროგრესირებს საკმაოდ სწრაფად. ამასთანავე, სახელმწიფოში არსებული კერძო სეტორის ვალები არ მცირდება, დღეისათვის მათი რეკორდული ვალი 2,4 ტრილიონი დოლარია, რაც აღემატება მშპ-ს. “სანამ ბანკები წესრიგში არ მოიყვანენ თავიანთ ბალანსებს, მომხმარებლები არ შეამცირებენ ვალის სიდიდეს და აღარ დაზოგავენ. სახელმწიფო კი ნამდვილად არ დაიწყებს კრიზისის დროს წარმოქმნილი ვალების გადახდას, არამედ ძალიან სკეპტიკურად მიუდგება კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივებს. რეცესია შესაძლოა გაგრძელდეს თვეების განმავლობაში, ზრდა კი იქნება ძალიან ნელი” – განაცხადა ნორმან ლამონტმა, ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა.
სეკვესტრი გარდაუვალია
ზრდადი ვალები იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ქამრის მოჭერა. “გორდონ ბრაუნის ვარაუდი, რომ ქვეყანა გამოვა რეცესიიდან შოპინგის ხარჯზე, – არარეალური მოლოდინია. ჯერჯერობით გაუგებარია შეძლებს თუ არა მინ-ფინ-ი საკმარისი რაოდენობის სახსრების მოპოვებას კაპიტალის ბაზარებზე ამ წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან საჭირო გახდება სახელმწიფო ხარჯების შემცირება, რათა ეკონომიკა კვლავინდებურ სტაბულურ მდგომარეობას დაუბრუნდეს და შეინარჩუნოს იგი”, – მიიჩნევს ჯეიმს ნაიტლი ING-დან.
სახელმწიფო ხარჯების შემცირება, ან გადასახადების გაზრდა ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად შეიძლება საჭირო გახდეს საპარლამენტო არჩევნებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც უნდა ჩატარდეს ბრიტანეთში არა უგვიანეს 2010 წლის მაისისა. გამოკითხვის მიხედვით ლეიბორისტებს მომავალ არჩევნებში წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ყველა გამოკითხული თვლის, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ კონსერვატორები. “როგორი შედეგებიც არ უნდა მოყვეს არჩევნებს, ნებისმიერ პარტიას მოუწევს რთული ნაბიჯების გადადგმა – სახელმწიფო ხარჯების შემცირება ან/და გადასახადების გაზრდა სახელმწიფო საფინანსო სექტორის გასაუმჯობსებლად. სახელმწიფოBბიუჯეტის დეფიციტის ახლანდელი დონე აბსოლუტურად არამდგრადია და კორექტირებას საჭიროებს”, – თვლის ნილ პროტერო EIU-დან. სახელმწიფო ხარჯების შემცირებისას შესაძლოა სამსახური დაკარგოს ასობით-ათასობით საჯარო მოხელემ – მასწავლებლიდან დაწყებული პოლიციელით დამთავრებული.
ამ ყველაფრის შედეგი იქნება უმუშევრობის დონის კიდევ უფრო გაზრდა, რაც ბრიტანული ეკონომიკის პერსპექტივებს გააუარესებს, – თვლიან დამკვირვებლები. “ყველა დადებითი სიახლის შემდეგ გაყიდვების შემცირება მაისის თვეში იყო ეკონომიკის მდგრადობის შემოწმების გზა. სამომხმარებლო ხარჯები კიდევ კარგა ხანს არ გაიზრდება, ვინაიდან ბრიტანელებს უმუშევრობის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე დღესდღეისობით არაა ისეთი მაღალი, როგორც 1980-იან წლებში, იგი მაინც სერიოზულ საშიშროებებზე მიგვანიშნებს”, – თვლის ნევილ ჰილლი Credit Suisse-იდან. ყოველივე ამან შესაძლოა რეცესია W-სებური გახადოს და მიგვიყვანოს მომავალი წლის დასაწყისისათვის მშპ-ს კიდე უფრო შემცირებამდე, ან და გახადოს რეცესია U-სებური, რომლიდან გამოსასვლელად ეკონომიკას დიდი ხანი დასჭირდება და ეს პროცესი იქნება ძალიან ნელი.
დამარწმუნებელი ზრდის პერიოდი ბრიტანეთში ღრმა რეცესიით შეიცვალა:
საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი ზრდა 2009-2010 წლებში მთავრობისაგან ქამრების მოჭერას მოითხოვს ახლო მომავალში.