სომხეთში მინისტრებს შვებულებაში არ უშვებენ
რედაქციისაგან
სომხეთის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონმიკური ვარდნა 15,7%-ია, ინფლაცია კი – 2,5%. საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 451,2 მლრდ დრამია, ანუ 1312,1 მლნ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის პეროდთან შედარებით 33,7%-ითაა შემცირებული.
ოფიციალურად დარეგისტრირებულ უმუშევართა რიცხვმა მაისის ბოლოს 83,9 ათასს მიაღწია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა 9,8%-ით გაიზარდა. ამ სავალალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს ემატება ადგილობრივი ექსპერტების პროგნოზებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კრიზისი უფრო გამწვავდება და პიკს 2010 წლის შუა პერიოდში მიაღწევს. სწორედ ამიტომ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საზაფხულო არდადგებზე წასვლა გადაიფიქრა, მინისტრთა კაბინეტსაც იგივე მოუწოდა და შესთავაზა მათ, თუკი დასასვენებლად მაინც წავლენ, სომხეთის ფარგლებს არ გასცდნენ. მთავრობას იმედი აქვს, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგს უკვე წლის ბოლოს მოიმკიან.
თუ გვეშველება, თქვენც გეშველებათ
წინა თვის მიმოხილვებშიც აღვნიშნავდით, რომ სომხეთზე კრიზისის უძლიერესი გავლენის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობის სექტორზე დამოკიდებულებაა. სომხეთი პატარა ქვეყანაა და თუკი ორი-სამი უმსხვილესი სამშენებლო პროექტი არ მუშაობს, მის ეკონომიკაზე მძაფრად აისახება. ამ სექტორში პირველი ხუთი თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით 56%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. სომხეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამომადგენელი, ნინკე ომესი პროგნოზს თავს არიდებს და კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება სომხეთის ეკონომიკა წლის ბოლოსთვის, ბუნდოვან პასუხს იძლევა – “ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკაზეა დამოკიდებული. მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და სპილენძის ფასი იზრდება, ამიტომ ეს იმედს მაძლევს, რომ სომხეთში ეკონომიკა აღმავლობის გზას დაადგება”.
სავალუტო ფონდმა გადახედა თავის პროგნოზებს სომხეთთან მიმართებაში. მათი გათვლებით, 2009 წელს ეკონომიკური ვარდნა 5%-იან ნიშნულზე იქნება (ადრე ნათქვამი იყო, რომ 4,5%-იანი ინფლაციის პირობებში ეკონომიკური ვარდნა -1,5% იქნებოდა). როგორც ამბობენ, მაჩვენებლების შეცვლა სამშენებლო სფეროში შექმნილი სავავლალო მდგომარეობით აიხსნება. გარდა ამისა, სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი სამთომომპოვებელ სექტორშიც. 2010 წელს, ეკონომიკური ზრდის ნულოვანი მაჩვენებლის ხარჯზე სომხეთის ეკონომიკის გარკვეულ სტაბილიზებას ვარაუდობენ, ხოლო სომხეთის მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები სსფ-მ დადებითად შეაფასა.
“ნაციონალური იპოთეკური კომპანია” ბაზარზე
ამინდს შექმნის
სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, უნივერსალური საკრედიტო ორგანიზაცია “ნაციონალური იპოთეკური კომპანიაა.”
სომხეთში იპოთეკურ დაკრედიტებაზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას გამოიწვევს.
მისი სიტყვებით, იგი კომერციული ბანკებისთვის შექმნის შესაძლებობას, რომ უფრო ხელმისაწვდომი იპოთეკური კრედიტები გასცენ, რაც იპოთეკურ ბაზარს შედარებით გამოაცოცხლებს. კომპანია გეგმავს იმ კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების რეფინანსირებას, რომლებიც გერმანული ბანკის KFჭ-ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, დღეისთვის სომხეთში ასეთი 8 ბანკია. რეფინანსირების განაკვეთი 9%-ია, ხოლო რეფინანსირებული კრედიტის ზღვარი – 10 მილიონი დრამი. თუმცა, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, როგორი განაკვეთით გასცემენ კომერციული ბანკები კრედიტებს. მან აღნიშნა, რომ ეს საბაზრო ინსტრუმენტია და არაკორექტული იქნება დღეს დასახელდეს განსაზღვრული განაკვეთი. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ქვეყანაში დაკრედიტების მოცულობის გაზრდა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.
აღნიშნული კომპანიის საწესდებო კაპიტალი ცენტრალურმა ბანკმა დააწესა და 5 მლრდ დრამით განისაზღვრა. გარდა ამისა, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას კიდევ 12 მლრდ დრამი გამოეყოფა. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ობლიგაციების გამოშვებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც მზად არიან კომპანიის კაპიტალში ინვესტიციები განახორციელონ. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ისინი საკუთარი სახსრებიდან კრედიტების გაცემას აგრძელებენ. დღეს იპოთეკური კრედიტების პორტფელი 84 მლრდ დრამს მოიცავს. “ნაციონალურმა იპოთეკურმა კომპანიამ” “არმბიზნესბანკთან” შეთანხმებას ხელი მოაწერა და უკვე მზადდება რეფინანსირების მეორე ეტაპი. გარდა ამისა, საკრედიტო ხელშეკრულების გასაფორმებლად კიდევ ორ კომერციულ ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
თავის მხრივ, “არმბიზნესბანკი” იპოთეკურ კრედიტებს 13-14%-ად გასცემს და როცა მათ სხვა ბანკებიც შეუერთდებიან, კონკურენცია გაიზრდება. ეს საპროცენტო განაკვეთის დაწევას გამოიწვევს. ექსპერტები განაკვეთის დაწევას ვარაუდობენ სექტემბრისთვის, როცა იპოთეკაზე მოთხოვნის გაზრდას ელიან.
დასავლური ფული და
აღმოსავლური “ობშიაკი”
სომხეთის ეკონომიკის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, პირველი სესხი გამოყო. სესხი 20-წლიანია, აქედან 10 წელი საშეღავათო პერიოდია. სესხი სომხეთისთვის ყველაზე სტრატეგიულ მიზანებს მოხმარდება. ესენია: ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის დაცვა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, არსებული მკაცრი ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, საინვესტიციო სფეროსა და მმართველობით სისტემაში დაბრკოლებების აღკვეთით კონკურენტუნარიანობის გაზრდა. მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით, ეს ის საკვანძო თემებია, რომელთა მოგვარებით ქვეყანაში კრიზისის შემდგომ საშუალო ვადაზე გათვლილი ზრდა დაიწყება. სომხეთში მიიჩნევენ, რომ ეს სესხი ხელს შეუწყობს სამთავრობო პროგრამის განხორციელებას, რომელიც სოციალური პრობლემების მოგვარებასა და კერძო ინვესტორების მოზიდვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სომხეთს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს “ევროაზიური ეკონომიკური კავშირის” ფონდის სახსრებით. საუბარი მიდის ორგანიზაციის ფარგლებში ანტიკრიზისული ფონდის ფორმირებაზე, სადაც 10 მლრდ აშშ დოლარი აკუმულირდება.
“ევროაზიური ეკონომიკური კავშირი” 9 ივნისს მოსკოვში დაფუძნდა და მასში გაერთიანდნენ შემდეგი ქვეყნები: ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდავეთი, უკრაინა, სომხეთი და რუსეთი. რუსეთის მთავრობამ 7 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ფონდში შეიტანს თანხის ძირითად ნაწილს – 7,5 მლრდ დოლარს. ამის გამო რუსეთის დუმამ ბიუჯეტში ცვლილებებიც შეიტანა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ტიგრან სარქსიანი ამბობს, რომ სომხეთმა ეს უნიკალური შესაძლებლობა აუცილებელად უნდა გამოიყენოს, თუმცა სომხეთში ჯერ არ არის შემუშავებული არც ერთი პროგრამა, რომლის დაფინანსებაზეც შესაძლებელი იქნებოდა საუბარი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რაც მალე ისარგებლებენ ამ ფულით, მით უკეთესი იქნება. ფულადი სახსრების ეფექტურად გამოყენებისას დადებითი ზეგავლენა უკვე სარგძნობი გახდება წლის ბოლოსთვის და განსაკუთრებით 2010 წლისთვის.
ცვლილებები კრიზისს უწამლებს… ჯერი საგადასახადო კოდექსზეა
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში უფრო დახვეწილი, გამჭვირვალე და მოქნილი საგადასახადო სისტემის შექმნა. ივნისის თვეში სომხეთის მთავრობა პარლამენტში ინიციატივით შევიდა, რომლის თანახმადაც უნდა გადაიხედოს “აქციზური გადასახადის”, “გადასახადების”, “დამატებითი ღირებულების გადასახადისა” და “მოგების გადასახადის შესახებ” კანონები.
ცვლილებების პაკეტს სავარაუდოდ საშემოდგომო სესიებზე განიხილავენ. მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების პაკეტი შეიცავს ახალ, სომხეთში ადრე არარსებულ ინსტიტუტებს და მათი დანერგვა გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. სარქისიანის განცხადებით, კორუფციულ რისკს ორმხრივი ასპექტი აქვს: “თუკი ჩვენ საგადასახადო ადმინისტრირებაში პრობლემებს ვაღიარებთ, ბიზნესშიც არის პრობლემების მთელი წყება. ამიტომ, ცვლილებებისას ორივე მხარის არგუმენტები უნდა გავითვალისწინოთ”, – აცხადებს სარქისიანი.
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სომხეთსაც უნდა
გამიცვალე და მოგყიდი
ზაფხულის თვეებში სომხეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა გახდა სომხური ელექტროენერგიის სანაცვლოდ ირანული გაზის მიღება. ირანი-სომხეთის გაზსადენის მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობდა: მეგრი-კაჯარანი (40 კმ.) და კაჯარანი-არარატი. პირველი ეტაპი განახორციელა “ირანის ექსპორტის ბანკმა”, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები კომპანია “არმროსპრომმა” შეასრულა. იგეგმება ირანული გაზის ელექტროენერგიად გადამუშავება, რომელიც ისევ ირანში შევა ასეთი შეფარდებით – 3 კვტ.ს. ელექტროენერგია /1 კბ.მ. გაზზე. დღემდე სომხეთში საქართველოს გავლით მხოლოდ რუსული გაზი შედიოდა.
ამ ზაფხულს სომხეთის მრეწველობაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. გაიხსნა ახალი ქარხნები: სომხურ-იტალიური სამშენებლო მასალების ქარხანა “ლიტოკოლ ამ კო” და საგზაო და სამშენებლო ბიტუმის ქარხანა. ქარხანაში 20 მლნ დოლარია ინვესტირებული და საწესდებო კაპიტალის 45% სომხურ მხარეს ეკუთვნის, ხოლო 55% – რუსეთს. სომხეთის პრემერ-მინისტრი ახალი ქარხნების გახსნას უწოდებს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება კრიზისის პერიოდშიც ვითარდებოდეს ბიზნესი.
აზერბაიჯანი ევროპას
ენერგოუსაფრთხოებას ჰპირდება
იმედისმომცემი სტატისტიკა
აზერბაიჯანის ნაციონალური ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მთავრობამ ადგილობრივი მწარმობლების წასახალისებლად არ მოახდინა აზერბაიჯანული მანათის ხელოვნური დევალვაცია, რადგან მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცხოვრების დონის შენარჩუნება. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ინფლაცია 3,7^%-ის ფარგლებში დარჩება. მართალია, ქვეყნის ეკონომიკას ზრდის ისეთი ტემპი არ აქვს, როგორც გასულ წელს, მაგრამ პრეზიდენტი მაინც დაიმედებულია, რადგან აზერბაიჯანს საკმარისი ფულადი რესურსი აქვს და მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც მომდევნო წლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება მოხდება. წარმატებით მუშაობს “ნავთობის სახელმწიფო ფონდი”, რომლის აქტივებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 12, 187 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 20, 2 მლნ მანათია დახარჯული. სამურ-აბშერონის ირიგაციის სისტემების გასაუმჯობესებლად 62, 9 მლნ მანათი გამოყვეს; სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანსფერმა 2530 მლნ მანათი შეადგინა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთისთვის 1,1 მლნ მანათი გამოიყო. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების განათლების სახელმწიფო პროგრამებისთვის 1,1 მლნ მანათი დაიხარჯა, ხოლო ფონდის ადმინისტრაციის შესანახად – 2,7 მლნ მანათი.
2009 წლის იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვა 8530483,6 ათასი აშშ დოლარია, მთლიანად 2008 წლის მაჩვენებელი 54919697,3 ათასი აშშ დოლარი იყო. მხოლოდ ივნისში ბრუნვის (ათასი აშშ დოლარი) 1677224,8-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2009 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 14 მლრდ 287,7 მლნ მანათი შეადგინა, რაც 3,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სანავთობე სექტორზე მოდის 6 მლრდ 713 მლნ მანათი, მშპ-ის დაახლოებით 47% (აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის მშპ-ის ზრდას პროგნოზირებს, სანავთობე სექტორში კი – 5-7%-ს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი მთლიადნად მშპ-ის ზრდისა არის 2,5%, აზიური ბანკისა – 8%, ხოლო მსოფლიო ბანკისა კი – 3,3%.
მოკლედ, ყველა პროგნოზის მიხედვით აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდა გარდაუვალია. თუმცა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უარყოფითი ზეგავლენების ფონზე მიმდინარეობდა. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიო სავაჭრო ბრუნვის მკვეთრი დაცემა, საბანკო და არასაბანკო ინსტიტუტების მხრიდან დაკრედიტების შემცირება. აზერბაიჯანი კრიზისს უმკლავდება და 2009 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხებმა 4 მლრდ 862 მლნ მანათი შეადგინა. კრიზისის გამო აზერბაიჯანის მთავრობამ ადგილობრივი მწარმოებლების წასახალისებლად და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად პირდაპირი გადასახადების საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. 2009 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაში მოხდა 676,3 მლნ მანათის ინვესტირება, რაც ბევრად უკეთესი მაჩვენებელია მაისთან შედარებით (539,5 მლნ მანათი), თუმცა, ბევრად ნაკლები საუკეთესო მაჩვენებლთან შედარებით, რომელიც 2009 წლის თებერვალში დაფიქსირდა – 827,1 მლნ მანათი. წლიური გამოთვლით, მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები ინვესტიციების შემცირებაზე მეტყველებს, ის დაახლოებით 7,1%-ით შემცირდა.
გზები აზერბაიჯანშიც პრიორიტეტულია
ბაქოს შემოვლითი გზა, რომლის სამშენებლო სამუშაოების 63% უკვე დასრულებულია, ექსპლოატაციაში 2010 წლის აგვისტოში შევა. გზის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს დაკვეთით. გზის ძირითადი ნაწილის სიგრძე 21, 5 კმ-ია, ხოლო დამატებითი გზებისა – 11, 65 კმ. გზა ექვსზოლიანია. შემოვლითი გზა დააკავშირებს ბაქო-რუსეთის საზღვარს, ბაქო-საქართველოს საზღვარს და ბაქო-ირანის საზღვარს. პროექტის საერთო ღირებულება 49,5 მლნ აშშ დოლარია. აქედან 15, 2 მლნ დოლარი “ქუვეითის განვითარების ფონდმა” გამოყო, ხოლო დანარჩენი – “აბუ-დაბის განვითარების ფონდმა”.
ბაქო ნავთობდოლარების მოლოდინში
აზერბაიჯანის სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში აზარბაიჯანული ნავთობი იყიდებოდა პროგნოზირებულზე (ბარელზე 70 აშშ დოლარი) დაბალ ფასად. ფონდის დირექტორმა, შახმარ მოვსუმოვმა განაცხადა, რომ, თუკი წლის დასაწყისში ფონდი შემოსავალს იღებდა აზერბაიჯანული ნავთობის გაყიდვიდან შემოსული თანხებით – ბარელზე 48 დოლარი, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბარელზე ფასზე 60 დოლარამდე გაიზარდა. აზერბაიჯანში იმედი აქვთ, რომ წლის ბოლოს ფასები მოიმატებს და ნავთობს გაყიდიან პროგნოზირებულ ფასად – ბარელზე 70 დოლარად.
29 ივნისს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ “გაზპრომთან” ხელშეკრულება გააფორმა აზერბაიჯანული გაზის 2010 წლის 1 იანვრიდან მიწოდების შესახებ. ახალი წლიდან რუსეთი გეგმავს აზერბაიჯანიდან წელიწადში 500 მ3 გაზის შეძენას, თუმცა, ფასი არ სახელდება.
ევრაზიაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკულ საკითხებში, რიჩარდ მორნინგსტარი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება “ნაბუკოს” პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. რიჩარდ მორნინგსტარმა იქვე დასძინა, რომ აშშ-ში სჯერათ ევროპის გაზის მომარაგებაში აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანესი როლისა. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანში დაახლოებით 15 წელია ნავთობისა და გაზის წარმატებულ სტრატეგიას ახორციელებენ: “ჩატარებული სამუშაოების წყალობით ქვეყანამ შესძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობა, რის შედეგადაც აზერბაიჯანული ენერგომატარებლები სხვადასხვა მარშრუტით საიმედოდ ამარაგებს მსოფლიოსა და ევროპის ბაზრებს. აზერბაიჯანი მზად არის თავის წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტაში” – დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
“გაზპრომის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი კომპანია შესულია პოტენციური მყიდველების მეორე რიგის სიაში, რომლებსაც “შახ-დენიზის” საბადოდან გაზის მიღების უპირატესობა აქვთ მინიჭებული და თუ ვინმეს სურს, რომ “გაზპრომზე” მეტი უპირატესობა ჰქონდეს, აზერბაიჯანულ მხარეს კომერციულად უფრო მომგებიანი წინადადება უნდა შესთავაზოს.