რატომ უპირისპირდებიან ამერიკის სავაჭრო პალატა და ბიზნესმენთა ასოციაცია ახალ შრომის კოდექსს
ალექსანდრა ლალიაშვილი
საქართველოს, კურსი დასავლეთისაკენ აქვს აღებული და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას ესწრაფვის. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის გასაღრმავებლად კი, ერთ-ერთი მთავარი პირობა ქვეყანაში ევროსტანდარტების შესაბამისი შრომის კოდექსის არსებობაა. ერთი თვის წინ, მთავრობამ, გაერთიანებულმა პროფკავშირებმა და დამსაქმებელთა ასოციაციამ მიაღწიეს შეთანხმებას და დაიწყო მუშაობა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
“გაერთიანებულმა პროფკავშირებმა”” შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი უკვე მოამზადა. თუმცა, ახალ შრომის კოდექსს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მათ შორის, ბიზნესმენთა ასოიციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს და როგორ შეუშლის ხელს ეს ცვლილებები ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში?
ვროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შენიშვნები საქართველოს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ძირითადად, იმაში მდგომარეობს, რომ “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა” და ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ 2005 წლის ივლისში რატიფიცირებულ “ევროპის სოციალურ ქარტიას” ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ზედმეტი სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა და მისი ანაზღაურება, სამსახურიდან დათხოვნა, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება და სხვა. შრომის კოდექსის დახვეწა ხელისუფლებისადმი ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნაა და გულისხმობს, დაქირავებული პირების უფლებების დაცვას. საქართველომ ეს ვალდებულება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო.
არსებული შრომის კოდექსის ხარვეზების გამო, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს GSP+ პროგრამა შეუჩეროს, რომლის საშუალებითაც საქართველოს შესაძლებლობა აქვს ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქცია შეღავათებით გაიტანოს. “ჩვენ მივმართავთ ევროპის კომისიას, შეუჩეროს საქართველოს GSP+, რადგან პრეფერენციების ეს სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაზე, შრომის კოდექსი კი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ამ უფლებებს არღვევს. იგივე პრობლემების გამო, ევროკავშირმა GSP+ უკვე შეუჩერა ბელორუსიას”” – ამის შესახებ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) მდივანმა, იოზეფ ნიემეცმა 26 სექტემბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობაზე განაცხადა. ETUC ევროკავშირის მთავრობისა და პარლამენტის, ასევე, ევროკავშირის დამსაქმებელთა ასოციაციის პარტნიორია და შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში.
ერთი თვის წინ, საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში დაიწყეს აქტიური მუშაობა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, კომპენსაცია სტაჟის მიხედვით უნდა გაიცეს, ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურებადი უნდა გახდეს, სამსახურიდან გათავისუფლების დროს კი, წერილობითი განმარტების გაცემა იქნება აუცილებელი. ამასთანავე, სამსახურში მიღების დროს, ვაკანსიაზე უარის შემთხვევაში, ორგანიზაციას გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს. გაერთიანებულ პროფკავშირებს ცვლილებები უკვე მზად აქვს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შესწორებები ეტაპობრივად შევა ძალაში. “არსებული კანონი აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სახელმწიფო აზროვნების ჩამოყალიბებას და ამიტომაც, ის, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. კოდექსის შეცვლას ითხოვს საერთაშორისო საზოგადოებაც. სხვა შემთხვევაში, ეს ქვეყნის პოლიტიკისთვის ძალიან ცუდი იქნება”” – აღნიშნავს პეტრიაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ამით ბოლო მოეღება დასაქმებულთა დისკრიმინაციას. მაგალითად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება აქვს სამსახურიდან გათავისუფლებისას დასაქმებულს მიზეზი სულაც არ დაუკონკრეტოს. სამომავლოდ კი, მას ამის გაკეთება აუცილებლად მოუწევს: “დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინიოს მიზეზი, რის გამოც ათავისუფლებს თანამშრომელს და რაც უკვე სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება, სადაც დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ მუშაკი მართლაც არაკვალიფიციურია. ჩვენი ინიციატივით, უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულის ხელფასის ასმაგი ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს”” – ამბობს პეტრიაშვილი.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა, როგორც ქვეყანაში მოქმედი წამყვანი ბიზნეს-ორგანიზაციების გაერთიანებები, აქტიურად ერთვებიან შრომის კანონმდებლობის რეფორმის პროცესში. მათ უკვე მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, რომელშიც დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისა და ლიბერალური ეკონომიკის შემდგომი განვითარების პრიორიტეტულობა დაასაბუთეს.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში მიიჩნევენ, რომ შრომის ახალი კანონმდებლობის პროექტი ზედმეტად მემარცხენე მიმართულებისაა და მასში ბიზნესმენთა მოსაზრებები არ არის ობიექტურად გათვალისწინებული. “საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის”” პრეზიდენტის, კომპანია “იუ ჯი თი””-ის გენერალური დირექტორის, გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, საქართველოში დღეს მოქმედი შრომის კოდექსი ლიბერალურია და მისი გამკაცრება არასწორი იქნება, – “ეს გააძვირებს ჩვენს პროდუქციას და სერვისებს, რომლითაც ჩვენ შეიძლება ევროპულ ბაზარზე გავიდეთ. ევროპას კი უნდა საქართველოს ინტეგრაცია, მაგრამ მათ, პირველ რიგში, თავიანთი ბიზნესის დაცვა სურთ და არა ქართულის. ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. ბევრ რამეში მოვალთ წინააღმდეგობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ევროპელების მოთხოვნაა, ჩვენთვის მისაღებია. ასე რომ, მე გარკვეულ საკითხებში ევროპელებს არ ვეთანხმები. ლიბერალური შრომის კოდექსი, რომელიც უკვე გვაქვს, ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი მიღწევაა. თუ ჩვენ საბჭოთა კავშირის შრომის კოდექსზე გადავალთ, ერთადერთი, ვინც ამით დაზარალდება, არის საქართველო”” – განაცხადა ჭირაქაძემ გაზეთ “ბანკებსა და ფინანსებთან” საუბრისას.
“საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატამ, დეტალურად გაანალიზეს ახალი შრომის კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს პროფკავშირების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციებს ემყარება. როგორც ცნობილია, პროფკავშირების მიერ შემოთავაზებული შრომითი კანონმდებლობის პროექტი, მშრომელთა უპირატესი ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული, ზედმეტად სოციალისტურ ხასიათს ატარებს, არ არის ობიექტურად გათვალისწინებული ბიზნესმენთა მოსაზრებები და არც ის ზემოქმედება, რომელიც შეიძლება ქვეყანაში ინვსეტიციების გრძელვადიან შემოდინებაზე ნეგატიურად აისახოს”” – ნათქვამია ამერიკის სავაჭრო პალატისა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. მათ მიაჩნიათ, რომ ლიბერალური ეკონომიკის მნიშვნელოვან საფუძველს, სწორედ ლიბერალური შრომითი კანონმდებლობა წარმოადგენს. ხოლო “მემარცხენე”” შრომითი კოდექსი სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს. საგადასახადო განაკვეთებთან და საკუთრების უფლების დაცვასთან ერთად კი, ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შრომით კოდექსს, რომელიც დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთობების თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. უფრო მეტიც, კერძო სექტორში, სამუშაო ადგილებს ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები ქმნიან, შესაბამისად, ბიზნესმენების აზრის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია.
ძალიან მემარცხენე შრომითი კოდექსი, რომელიც მოქმედებს ევროპის ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სოციალისტების გავლენით, იწვევს ევროპული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას ამერიკის და აზიური ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი (ევროპული ტიპის) კოდექსის მიღება იმ ქვეყნისათვის, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური განვითარება აქვს მიზნად დასახული. სოციალისტური შრომითი კოდექსით, ეკონომიკური სასწაული და ნახტომი არავის მოუხდენია, ეს მდიდარი ქვეყნების ფუფუნებაა””- მიაჩნია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, გიორგი ჭირაქაძეს.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, დევიდ ლის თქმით კი, “ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკის შენების პროცესში: უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების დახმარებით გაიზარდოს დასაქმებულთა რიცხვი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაიხსნას ახალი საწარმოები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ზრდას, თუ მიმართონ ისეთ მეთოდებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე კი არა, დამქირავებლისა და მშრომელებს შორის ურთიერთობების შედმგომ დარეგულირებაზე იქნება ორინტირებული””.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა, დამსაქმებლების წარმომადგენლები, პროფკავშირები და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია (ILO) გაითვალისწინებენ ქართველი ბიზნესმენების მოსაზრებებს საქართველოს შრომითი კოდექსის შესახებ და მხარს დაუჭერენ ლიბერალურ შრომით კოდექსს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების და ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ქვაკუთხედია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეიქმნა, რომელიც საქართველოში მოღვაწე წამყვან ბიზნეს-ორგანიზაციებს აერთიანებს. ბიზნეს-ასოციაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმებში მონაწილეობა წარმოადგენს. ამერიკის სავაჭრო პალატა კი, უკვე ათი წელია, რაც საქართველოში მოღვაწეობს, რომლის წევრებიც ამერიკული, ქართული და საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციები არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია, კომერციული ურთიერთობების განვითარება საქართველოს, ამერიკისა და საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოებებს შორის და ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს-ორგანიზაციების და ზოგადად, საქართველოში ბიზნესის განვითარებას.
შრომის კოდექსთან დაკავშირებით დიდი დაპირისპირების პერსპექტივები იკვეთება. ერთ მხარეს დგანან ადგილობრივი პროფკავშირები, ევროკომისია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო მათ საპირწონედ – საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა დაირაზმა. არჩევანი მართლაც რთულია: რა უფრო პრიორიტეტულია – დასაქმებულთა ინტერესები და მათი უფლებების დაცვა, თუ ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა? ან იქნებ, შესაძლებელია მათ შორის კონსესუსის მონახვა. როგორც ჩანს, კოდექსში ცვლილებების შეტანას დიდი ხმაური მოჰყვება.