როდის და როგორ შეიქმნება ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა
ნინო არველაძე
საქართველოში იგეგმება ბევრი საუკუნის პროექტი, რომელიც საზოგადოების, ეკონომისტების, თუ ბიზნემენთა დიდი ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი მათგანია პრეზიდენტის ინიციატივით წარმოდგენილი ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტი. რა პროექტია ეს? როგორ შეიქმნება და რეაილიზდება იგი, ვინ იქნება მისი მმართველი და დაახლოებით რა ვადებში განხორციელდება, რამდენ ინვესტორს მოიზიდავს – აი საკითხები, რომლებიც ყველას აინტერესებს.
თავისუფალი ეკონომიკური ზონების შემოღებას ურთულესი პროცესები უძღვება წინ. იგი ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკაში გარღვევას და ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარზე. მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მთავარია ჩვენს მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია არა მარტო იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს ფოთში, არამედ რა ხდება მსოფლიოში ამ თვალსაზრისით.
პოლონეთი ევროგაერთიანების წევრი ქვეყანაა. მას 14 განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა აქვს, რომლებიც ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას და ეკონომიკის წინსვლას ითვალისწინებს. სავაჭრო ზონები ძირითადად პორტებსა და აეროპორტებშია განლაგებული, აქვთ საწყობები, სადაც მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები დილერების საშუალებით საქონელს ასაწყობებენ, შემდეგ იქიდან მთელს რეგიონში ხდება მისი რეალიზება. მაგალითად დუბაიში, ძირითადი სავაჭრო ზონა პორტშია, ემირატებში კი რამდენიმე ასეთი სავაჭრო ზონა არსებობს და თითოეული მათგანი მეტნაკლებადაა განვითარებული, მაგრამ დუბაი კარგად ორგანიზებული სავაჭრო ცენტრია. სავაჭრო ზონაში მთავარი მიმართულებაა გაყიდვები, ამიტომ ის რეგიონალური სავაჭრო ცენტრია. განსხვავებული ტიპია ტექნოპარკები, მაგალითად, შენზენში მსოფლიოში ყველა წამყვანი ელექტრონული კომპანიაა თავმოყრილი და კომპიუტერისთვის საჭირო ნებისმიერი დეტალი იწარმოება. მეცნიერულად და ტექნოლოგიურად ტევადი დარგები შენზენს საგადასახადო შეღავათების გამო ირჩევენ, რადგან იქ ძვირადღირებული მანქანა-დანადგარები არ იბეგრება. შენზენში შრომის კანონმდებლობაც არ არსებობს, ანუ პიროვნებასა და დამქირავებელს შორის პირდაპირი კავშირია და ორმხრივ კონტრაქტში არავინ ერევა. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთში არის უცხოურ ვალუტებთან შედარებით იაფი ეროვნული ვალუტა იუანი, რაც ინვესტორისთვის მიმზიდველია, რადგან ის აწარმოებს პროდუქციას, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისათვის. შენზენიდან კომიუტერული ტექნიკა მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ამიტომ ექსპორტიც იაფი ხდება და საქონელი კონკურენტუნარიანია. ტექნოპარკებში ხდება წარმოებების კონცენტრირება, მათ შორისაა მანქანათმშენებლობის სერიოზული ნაწილი. განსხვავებული ფენომენია ოფშორული ზონები, სადაც ხდება საფინანსო კომპანიების, ბანკების, სადაზღვევო ფირმების, ტრანსნაციონალური გიგანტების ოფისების განთავსება სხვა მოგების გადასახადის შემცირების მიზნით. ცნობილი ოფშორული ზონებია მონაკო, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი და სხვა. რომელთა შემოსავლის წყაროც რეზიდენტი ფირმები არიან და მათი მოგების მინიმალური გადასახადი მონაკოს შემოსავალის ერთ-ერთი წყაროა.
რა დამოკიდებულებაა მსოფლიოში ამ სამი ტიპის ზონების მიმართ? სავაჭრო ზონების მიმართ დადებითი დამოკიდებულებაა, ისინი მსოფლიო ვაჭრობაში ინტეგრირებას უწყობენ ხელს და გლობალიზაციის თვალსაზრისით მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის კავშირის პროცესს აჩქარებენ. დადებითია დამოკიდებულება ტექნოპარკების მიმართაც, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას უწყობენ ხელს და რთული ადაპტაციის პერიოდს აიოლებენ. იგივეს ვერ ვიტყვით ოფშორულ ზონებზე, რადგან აქ ხშირად ეჭვი ჩნდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული ზონები გარკვეული მიზნით იქმნება, როდესაც ქვეყანას განვითარებისთვის განსაკუთრებული ბიძგი სჭირდება. ამიტომ დღეს Fფოთის პორტის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნა საქართველოში ინვესტორების მოზიდვას სტიმულს მისცემს. იქნებ ეს ერთადერთი შანსიც იყოს, რომ საქართველოში წარმოების განვითარებისათვის მოვიზიდოთ ტექნოლოგია და მეცნიერებატევადი დარგები, ფოთი კი რეგიონალური ვაჭრობის ცენტრი გახდეს.
ფოთის პორტის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნის პროექტთან დაკავშირებით გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბატონი ჯემალ ინაიშვილი:
– ფოთში რა ტიპის ზონის შექმნა იგეგმება ?
მსოფლიოში არსებობს სხვა და სხვა ტიპის ეკონომიკური ზონები: მათ შორის გამოვყოფდი ყველაზე გავრცელებულს ზონებს: ინდუსტრიული; პროგრამული უზრუნველყოფის და ინდუსტრიული ტექნოლოგიების; ტურისტული; ლოგისტიკური და საფინანსო სერვისის ცენტრები (ცნობილი, როგორც ოფშორული ზონები).
მაგრამ, მსოფლიოში არსებული 3000-ზე მეტი ზონიდან, მხოლოდ 20 პროცენტი თუ არის ნამდვილად წარმატებული. ნებისმიერი ტიპის ზონა კონკრეტული მიზნით იქმნება და მის შექმნას წინ უძღვის ინტენსიური მოსამზდებელი პერიოდი. ერთ-ერთი მთავარი პირობაა – თავისუფალ ზონაში არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის ბიუროკრატიული ბარიერები და ზონაში რეგისტრირებული კომპანიები პრაქტიკულად უნდა იყოს განთავისუფლებული გადასახადებისაგან, გარდა მომსახურების საფასურისა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმატებული.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა დუბაის საემირატოში მდებარეობს – ჯებალ ალის თავისუფალი ეკონომიკური ზონა – JAFZA, რომელიც 25 წლის წინ დაარსდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც განაპირობა JAFZA-ს დაარსება, გახლავთ ის, რომ დუბაის საემირატოს სხვა საემირატოებთან შედარებით ნავთობის ყველაზე ნაკლები მარაგი გააჩნდა და მომავალში ეკონომიკაში მისი წილის ჩანაცვლებაზე დაიწყეს ფიქრი. დღევანდელი დუბაის საოცრების ერთ-ერთი მიზეზიც ზუსტად ამ ზონის შექმნა გახლავთ, მან სერიოზული ბიძგი მისცა ეკონომიკის განვითარებას და დუბაის, რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო, საფინანსო, სატარანსპორტო და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
დუბაის თავისუფალი ზონა ამჟამად 135 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული, მასში რეგისტრირებულია 6 000-ზე მეტი კომპანია 120 ქვეყნიდან, ყოველწლიურად კი 500 ახალი კომპანია რეგისტრირდება. რატომ გახდა წარმატებული დუბაის JAFZA? მან კომპანიებს შესთავაზა ზონაში დარეგისტრირება, შეუქმნა მათი საქმიანობისთვის ყველა ხელსაყრელი პირობა და გაათავისუფლა გადასახადისაგან. თავდაპირველად, ეს ზონა საემირატოების, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვაჭრობის და ბიზნესის წარმართვის მიზნით შეიქმნა. შემდეგ იდეამ გაამართლა და თავისუფალი ზონა იმდენად განვითარდა, რომ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებთან, არამედ პაკისტანის, ინდოეთის, აღმოსავლეთ აფრიკის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ახორციელებენ სავაჭრო ურთიერთობებს. JAFZA და დუბაის პორტი 100%-ით დუბაის მთავრობას ეკუთვნის, სადაც წელიწადში 13 მლნ პირობითი ერთეული კონტეინერი მუშავდება.
– რამდენად აქტუალურია ეს პროექტი?
– მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი გამოვიდა ამ ინიციატივით. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს არ იქნება მხოლოდ საბაჟო ზონა, სადაც პროდუქციისა და ნედლეულის დასაწყობება და შენახვა მოხდება, იქ აგრეთვე შეიქმნება სხადასხვა სახის საწარმოებები, რაც ფოთსა და საქართველოს ახალ ფუნქციას შესძენს. აღნიშნული თავისუფალი ეკონომიკური ზონის მეშვეობით საქართველოში შემოვა ის კომპანიები, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არ არიან. ამ ზონის საშუალებით ჩვენ მათ ხელსაყრელ და გაცილებით მიმზიდველ პირობებს ვუქმნით. უნდა გავითვალისწინოთ ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი და მივაღწიოთ კომპანიების მხრიდან დაინტერესებას, რომ ისინი დაფუძდნენ ჩვენს თავისუფალ ზონაში და განახორციელონ თავისი საქმიანობა რეგიონის მაშტაბით. საუბარია იმაზე, რომ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქცეს რეგიონის ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრად.
– ეს ფოთის მთელ ტერიტორიას არ შეეხება და მხოლოდ პორტის მიმდებარე ტერიტორიაზეა საუბარი?
– ფოთშიც JAFZA-ს ანოლოგიური ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის დაარსებაა გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ფოთის პორტი მისი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან საქართველოს და კერძოდ, ფოთს, რეგიონში ძალიან სტრატეგიული ადგილი უკავია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სატრანსპორტო ფუნქციის მატარებელი ქვეყანა არ უნდა ვიყოთ. თავად ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ჩვეულებრივი რეზიდენტი, საქართველოს იურიდიული პირი იქნება, რომელიც მოგებიდან გამომდინარე ყველა გადასახადს გადაიხდის, მაგრამ ზონის შიდა ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიები პრაქტიკულად ყველა სახის გადასახადისგან განთავისუფლდებიან, სარეგისტრაციო და მომსახურების გადასახადების გარდა.
– ახალი კანონის მიღებას უნდა ველოდოთ, თუ ძველი კანონმდებლობით განხორციელდება პროექტი?
– რა თქმა უნდა, ცვლილებები შევა არა ერთ კანონში, რადგან უნდა შეიქმნას ეკონომიკური ზონა, სადაც მოხდება კომპანიების რეგისტრაცია და იმოქმედებს განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი.
– ამ პროექტს სჭირდება კონკრეტული ინვესტორი, ჩვენ გვყავს თუ არა იგი?
– ერთ-ერთ ვარინტად JAFZA განიხილება, როგორც Aთავისუფალი ზონის ოპერატორი და ინვესტორი. მით უმეტეს, რომ ისინი არა ერთ ქვეყანაში ოპერირებენ ანალოგიურ ზონებს. მაგალითისთვის JAFZA ჯიბუტში დიდ თავისუფალ ზონას ქმნის. აგრეთვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს სენეგალისა და მაროკოს მთავრობებთან ანოლოგიური ზონის შექმნაზე. სხვადასხვა ტიპის ზონებს JAFZA მრავალ ქვეყანაში მართავს.
JAFZA-მ ამ პროექტის განხორციელებისათვის აუცილებლად დეტალურად უნდა შეისწავლოს მთლიანად ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკა, პერსპექტივები და პრიორიტეტები, რათა სწორად იქნეს შერჩეული ფოთის თავისუფალი ზონის სტრატეგია. ზონა რეგიონის ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად უნდა მოიაზრებოდეს.
– რა ნაბიჯები იდგმება ამ მიზნით?
– რამდენჯერმე გახლდით დუბაიში, შემდეგ JAFZA-ს წარმომადგენლები მოვიწვიეთ საქართველოში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ დუბაიში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი არველაძე იყო ჩასული. უახლოეს მომავალში დუბაის ეწვევა საქართველოს პრეზიდენტი. როგორც მოგახსენეთ, პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს დეტალური შესწავლა, რომელსაც JAFZA-ს სპეციალისტები განახორციელებენ და შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებების შემდეგ უშუალოდ დაიწყება ზონის შექმნის პროცედურა.
– მოსამზადებელი სამუშაოები დაახლოებით რამდენ დროს მოითხოვს?
– ვფიქრობ, მინიმუმ ერთი წელია საჭირო შესწავლისა და ინსტიტუციონალური საკითხების მოსაგვარებლად, პარალელურად უნდა დაიწყოს ტერიტორიის მოწყობა, რაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მაგალითად, პირველ ეტაპზე ათვისებული იქნება გამოყოფილი ტერიტორიის 100-150 ჰა.
– რა ელით იმ ოპერატორებსა და კერძო კომპანიებს, რომლებიც ახლა ფოთის პორტის ტერიტორიაზე ფუნქციობენ?
– გააგრძელებენ საქმიანობას და მათ შეუძლიათ აგრეთვე თავისუფალ ზონაშიც დაფუძნდნენ.
– პროექტი პირველ რიგში საქართველომ უნდა დააფინანსოს?
– დიახ, ან ინვესტორთან ერთობლივად.
– რა გავლენა ექნება ფოთის პორტის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნას ბათუმის პორტზე?
– ცხადია, კონკურენციის მომენტი პორტებს შორის იარსებებს, მაგრამ ზონის არსებობა დადებითად აისახება მთელს რეგიონსა და ქვეყანაზე.
– იქნება თუ არა ეს made in Georgia?
– დიახ, იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია თავისუფალ ზონაში იქნება წარმოებული, რა თქმა უნდა, ის ჩაითვლება, როგორც საქართველოში წარმოებული.
– GშP+ სისტემას მაინც გამოვიყენებთ?
– რა თქმა უნდა.
უფრო დაწვრილებით გავიცნოთ მსოფლიო გამოცდილება:
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის გეოგრაფიული რეგიონი, მას ისეთი ეკონომიკური კანონები აქვს, რომლებიც ქვეყნის ტიპიურ ეკონომიკურ კანონებს ლიბერალურობით აღემატებიან. მათი შექმნის მთავარი მიზანი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდაა. საგადასახადო შეღავათების დაწესებით ოფშორული ზონა ფინანსურ კაპიტალს იზიდავს და მისი გამოყენებით აღწევს შედარებით ეკონომიკურ ზრდას. ასეთი პოლიტიკის დახმარებით წარმატებას აღწევენ ისეთი მცირე სახელმწიფოების ეკონომიკები, რომლებსაც განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსები ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნიათ. არსებობს ქვეყნის თავისუფალ ზონად გადაქცევის შემდეგი გზები:
1. გადასახადების სრული გამორიცხვა;
2. ფიქსირებული წლიური გადასახადის დაწესება;
3. დაბალი საგადასახადო ტარიფების დაწესება;
4. კომპანიის რეგისტრაციისათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესება სხვა გადასახადების არარსებობის პირობებში;
5. გადასახადების არარსებობის პირობებში სხვა განსაკუთრებული პირობების დაწესება (მაგალითად, გადასახადი საბანკო ანგარიშის გახსნისთვის) და სხვა.
ყველაზე ძველი თავისუფალი ეკონომიკური ზონა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1980-იან წლებში დაარსდა, ყველაზე წარმატებული კი შენზენი აღმოჩნდა, რომელიც პატარა მეთევზეთა სოფლიდან 10 მლნ მოსახლეობიან დიდ ქალაქად 20 წელიწადში იქცა. მისი მდებარეობა ჰონგკონგიდან ინდუსტრიული ინვესტიციების მოსაზიდად შეირჩა. ექსპერიმენტმა გაამართლა და ჩინეთის ეკონომიკურ რეფორმასაც დადებითი ბიძგი მისცა. 2001 წელს იქ დასაქმებულთა რაოდენობამ 3.3 მლნ-ს მიაღწია. 2001 წლიდან მისი ეკონომიკა წლიურად 16.3%-ით იზრდება. შენზენი ჩინეთის წარმოების მთავარ ცენტრია. საქმის წარმოება ჩინური მეთოდებით ხდებოდა, ანუ ერთის მხრივ, ინვესტორებს ეძლეოდათ მასშტაბური შეღავათები: ორი წლით მოგების გადასახადისაგან სრული გათავისუფლება, მოგების მიღების დაწყების მომენტიდან გადასახადის განახევრება კიდევ რვა წლით. თუ მოგების გამოყენება ხდებოდა რეინვესტირებისათვის, კომპანიის საწესდებო კაპიტალის, ან შვილობილი ფირმების შექმნის მიზნით, სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში კომპანიას შეეძლო გადახდილი მოგების გადასახადის 40%-მდე ანაზღაურების სახით მიეღო. უცხოელი ინვესტორის ან მისი ჩინელი წარმომადგენლობის მიერ მიღებული ზარალის კომპენსაცია შეიძლება მომხდარიყო მომდევნო ფინანსურ წელს მიღებული მოგების ხარჯზე და ასე გაგრძელდებოდა ხუთი წლის განმავლობაში. საწარმოო და საოფისე სათავსოები ხუთი წლით თავისუფლდებოდა ქონების გადასახადისაგან და ა. შ.
შენზენის პორტი ტვირთბრუნვის მიხედვით ჩინეთში მეორე ადგილზეა შანხაის შემდეგ, ჩინელების სიტყვებით რომ ვთქვათ, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში კომპიუტერებისა და ელექტრონიკის უმსხვილესი ბაზარია. ეს არის ფარდულების ზღვა, რომელიც ყველაფრით ვაჭრობს.
ჩინეთის შემდეგ მსგავსი ზონები დაარსდა ინდოეთში, ირანში, იორდანიაში, პოლონეთში, ყაზახეთში, ფილიპინებსა და რუსეთში. სამხრეთ კორეის მცდელობა – შეექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კრახით დასრულდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2007 წლისთვის 120 ქვეყანაში 3 000-ზე მეტი პროექტი იგეგმება, რაც თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას ითვალისწინებს.
თავისუფალი ეკონომიკური ზონები პოპულარული განსაკუთრებით გასულ დეკადაში გახდა, რადგან მრავალი ქვეყანა ცდილობს არატრადიციული საქონლის ექსპორტის წახალისებას, ექსპორტიორების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ინვესტიციათა მოზიდვას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას, ტექნოლოგიის ტრანსფერს და ტურიზმის გაფართოებას. ასეთი ზონებით უცხოელი ინვესტორები შემდეგი მიზეზების გამო ინტერესდებიან:
მოგებიდან გადასახადი არ არსებობს, ან უმნიშვნელოა;
რეგისტრაციის პროცედურა მაქსიმალურადაა გამარტივებული;
არ არსებობს ვალუტის შეტანისა და გატანის შეზღუდვა;
ფირმის მართვის პროცედურა მეტად მარტივია და ხშირად პირობითი;
საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევები დანაშაულად არ ითვლება.
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში მთელი რიგი ოპერაციების განხორციელებაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმატება რეგიონში პოლიტიკურ სტაბილურობაზე, პორტების ვარგისიანობასა და საბაჟო მომსახურების ხარისხზეა დამოკიდებული. ამის ნათელი მაგალითია ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე, პაკისტანში, ლიბანსა და ზოგიერთ პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში შექმნილი მსგავსი ზონები, რომლებიც მუდმივი შიდაეროვნული და შიდაპოლიტიკური კონფლიქტების გამო განვითარების საჭირო დონეს ვერ აღწევენ.
თავისუფალი ეკონომიკური ზონები ქვეყნის საბაჟოს ტერიტორიის გარეთ კანონიერად არსებობს, სადაც საბაჟოსგან არსებითად განსხვავებული ტარიფები და საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს, აგრეთვე, შესაძლებელია სხვადასხვა გადასახადის შემოღება და ინვესტიციების სტიმულირება. თავისუფალი ეკონომიკური ზონები ქვეყნის საზღვრებშია განლაგებულნი და ეროვნული ეკონომიკის ნაწილია, მათ შეიძლება მთლიანი ქვეყანა ან ქალაქი მოიცვან. თუმცა, აქვთ დაცული პერიმეტრი, რომელსაც საბაჟო აკონტროლებს. საბაჟო სამსახურმა კონტროლი პერიმეტრიდან ზონამდე უნდა განახორციელოს, მისი როლია ზონიდან საბაჟოს ტერიტორიაზე ან ქვეყნის მესამედ ნაწილში შესული საქონლის კონტროლი. ამ საქმიანობაში შეიძლება ჩაებას ზონიდან ან ზონაში შემავალი ან გამომავალი საქონლის ტრანზიტი.
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დუბაის ჯებელ ალის თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად მივიჩნიოთ. ის 1985 წელს შეიქმნა და იქ არავითარი საგადასახადო სისტემა არ არსებობს. შეზღუდვები მინიმალურ დონეზეა დაყვანილი და ადგილობრივი პარტნიორის ყოლისთვის ვალდებულებები არ არის დაწესებული, მომსახურე პერსონალის მიღება ნებისმიერი ადგილიდანაა დაშვებული. ზონა შესანიშნავი პორტებით, საწყობებით, საოფისე ფართებითა და უკვე აშენებული, საარენდო მოლაპარაკებებისთვის მზადმყოფი ქარხნებითაა აღჭურვილი. პორტი შუა აღმოსავლეთში ყველაზე საქმიანია, მსოფლიოში კი ამ კუთხით 10-ე ადგილს იკავებს.
ჯებელ ალის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობა დუბაიში შიდა კომპანიების ავტო-ნაწილების ინდუსტრიებისათვის ახალი ზონის შექმნას გეგმავს. ამ ზონაში შეიქმნება სპეციალიზებული საბაზრო სივრცე, ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ ერთ ადგილას ეყოლებათ მწარმოებლები, მოვაჭრეები, მიმწოდებლები და საბოლოო მომხმარებლებიც. მასში 2 მლრდ დირჰამიანი ინვესტიციაა ჩადებული. დუბაის ავტოზონა რამდენიმე ნაწილისგან იქნება შემდგარი – თავისუფალი ზონა ინვესტიციების მოსაზიდად, სპეციალური ეკონომიკური ზონა – მანქანების ბაზრის მოსამარაგებლად და საცალო გაყიდვების ზონა – ადგილობრივი ბაზრის მომსახურების მიზნით. პროექტი 2007 წელს უნდა დასრულდეს. დუბაის მანქანებისა და ავტონაწილების ზონის შექმნის მიზანია გააძლიეროს გამოყენებული მანქანების აზიასა და აფრიკის ქვეყნებში რე-ექსპორტი.
დუბაის ტექნოპარკი შუა აღმოსავლეთში ერთ-ერთი პირველია, ის რეგიონში მაღალტექნოლოგიურ სექტორს ემსახურება, იგი ისეთი ინდუსტრიების მისაზიდად არის შექმნილი, რომლებიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროს მოკვლევითა და განვითარებით ინტერესდებიან. ეს ზონა ტექნოლოგიების სფეროს ზოგიერთი მსოფლიო ლიდერის ბაზას წარმოადგენს. მას 75 კომპანია ჰყავს დარეგისტრებული, ხოლო 55 კომპანია რეგისტრაციის პროცესშია. ზონა ოთხი ნაწილისგან შედგება და ერთი ნაწილის 90% უკვე არენდითაა გაცემული. ტექნოპარკში 50 აპლიკანტია მოთავსებული, ხოლო პარკთან გაერთიანების 1 000 მსურველ კომპანიასთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს ეკუთვნიან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დუბაის ტექნოპარკი მსოფლიო კლასის ინდუსტრიული კომპლექსია, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისათვის მაღალტექნოლოგიური წარმოების ცენტრს წარმოადგენს. თითოეულ ინდუსტრიას ცალკე ზონა აქვს, მათი შემდგომი განვითარება კი მოთხოვნის დონეზე იქნება დამოკიდებული. პარკში წარმოდგენილი კომპანიები ნავთობის, გაზის, წყლის ტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებს მიეკუთვნება.
ტექნოპარკის შემოთავაზებებში მთავარია მსოფლიო დონის მომსახურება და ინვესტიციების განხორციელების იდეალური საშუალება. ის ადგილობრივი ეკონომიკის ზრდასა და უკეთეს პროდუქტიულობას ეხმარება, რადგან ტექნოლოგიაზე დამყარებული ინდუსტრიების სტიმულირებას ახდენს. ტექნოპარკმა შესაფერისი ტექნოლოგიური ბაზა შექმნა, რაც რეგიონალურ ბაზარზეც აისახა. ტექნოპარკს ორიენტაცია სამ ძირითად სფეროზე აქვს აღებული – მაღალი ტექნოლოგიები, ნავთობი, გაზი და წყლის ტექნოლოგიები.
იორდანიის აქაბას განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა შეიქმნა ეკონომიკის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების ზრდის მიზნით. საინტერესოა ის, რომ აქაბას განსაკუთრებული ეკონომიკის ზონის ხელმძღვანელობამ ზონის ტერიტორიისათვის ცალკე საბაჟო სამსახური შექმნა, რომელიც იორდანიის ეროვნული საბაჟოს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელია, რაც ზონაში ოპერაციების გაძლიერების მიზნით გაკეთდა. ორ საბაჟო სამსახურს შორის ნდობისა და თანამშრომლობის ნაკლებობას ადმინისტრაციული სირთულეები მოჰყვა, მაგრამ ზონამ წარმატებას მოკლე დროში მიაღწია. აქაბას თავისუფალი ეკონომიკური ზონა იორდანიის საბაჟო რეფორმების კატალიზატორად გვევლინება.
პოლონეთში ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პარკები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან ისინი რეგიონული განვითარების საშუალებად მიიჩნევა, ეს ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისათვის.
ტექნოლოგიური პარკი ხელს უწყობს სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ბიზნესს შორის ცოდნის გაცვლას. მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს შემდეგ სერვისებს სთავაზობენ:
კომპანიის ისტებლიშმენტსა და განვითარებას;
ტექნოლოგიების ტრანსფერს;
ტექნოლოგიური სიახლეებისათვის სამეცნიერო გამოკვლევებისა და განვითარების პროექტებს;
ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
პოზნანის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკი 1995 წლის მაისში შეიქმნა, რაც პოლონეთში პირველი პრეცენდენტი იყო. პოლონეთში ტექნოპარკების შემდგომ განვითარებას მხარს უჭერდა პოლონეთის ბიზნესისა და ინოვაციების ცენტრის ასოციაცია.
ინდუსტრიული პარკი შექმნილია ადგილობრივ მმართველობასთან თანამშრომლობით, რაც ბიზნესაქტივობისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.
ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პარკების მთავარი მიზნები:
კომპანიებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება;
ინვესტორთა მოზიდვა;
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ პარკებს ერთნაირი მიზნები აქვთ, მათი შესაძლებლობები განსხვავებულია. თითოეულ პარკს განსხვავებული ნიშნები აქვს და თავის რაიონზე, კულტურულ და ეკონომიკურ პირობებზეა გათვალისწინებული. არ არსებობს ერთი უნივერსალური მოდელი, მაგრამ თითოეულ მათგანს მენეჯმენტის საკუთარი სისტემა აქვს. ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პარკები პოტენციურ ინვესტორთათვის გაკეთებული კიდევ ერთი მეგობრული ჟესტია.
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები წარმოადგენს განსაზღვრულ ადგილებს, სადაც წარმოების ან დისტრიბუციის აქტივობას შეღავათიანი პირობები აქვს შექმნილი. მათი მიზანი რეგიონული განვითარებაა. ისინი შეიქმნენ, რათა:
დაეხმარონ ეკონომიკის ზრდას პოლონეთის რეგიონში;
განავითარონ და გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები პოლონეთის ეკონომიკაში;
გაზარდონ პროდუქციისა და სერვისების კონკურენტუნარიანობა;
სასარგებლო გახადონ პოსტ-ინდუსტრია და ინფრასტრუქტურა;
სტიმული მისცენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პოლონეთში 14 განსაკუთრებული ეკონომიკური ზონაა. თითოეული მათგანის მიზანია ბიზნესის ხელშეწყობა და საინვესტიციო პროცესის დახმარება.
1.პომერანიანის სპეციალური ეკონომიკური ზონა 2001 წლის 11 ივლისის დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა, იგი 2017 წლის 30 ნოემბრამდე იმოქმედებს.
2. შლუპსკის სპეციალური ეკონომიკური ზონა პომერანიანის რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ იმართება. ზონის ფართობი 210.02 ჰექტარია.
3. შუვაკი-ის სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მასში ოთხი დამატებითი ზონაა მოთავსებული. ზონას მოქმედებისთვის 20 წლის ვადა აქვს. ის ინვესტორებს შემდეგ უპირატესობებს სთავაზობს:
სივრცე აღჭურვილია ტექნიკური ინფრასტრუქტურით;
ველაზე დაბალი ფასები უძრავი ქონებისთვის;
შესაძლებლობა ითანამშრომლონ ზონაში მოქმედ კომპანიებთან;
შესანიშნავი მდებარეობა რუსეთთან, ლიტვასა და ბელორუსიასთან;
ველაზე იაფი მუშახელი პოლონეთში;
აღალკვალიფიციური ახალგაზრდა მუშაკები;
მეგობრული დამოკიდებულება.
ამ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მოქმედებს 62 ფირმა, აღნიშნულ ადგილზე 55-მა ინვესტორმა უკვე დაიწყო საქმიანობა.
4. ვარმია მაზურის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1997 წელს შეიქმნა. ის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს – რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რაიონთან. დაგეგმილი ინვესტიციების მთლიანი ღირებულება 423.7 მლნ. ევროა, რომლის მეშვეობითაც დასაქმდება 5 550 ადამიანი.
5. კოსტრინ სლუბიცის სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გეოგრაფიულად ის ევროპის ცენტრს წარმოადგენს და ახლოსაა გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან.
6. ლოძის პოლონეთის მეორე უმსხვილესი ქალაქია 800000 მოსახლეობით. მისი სპეციალური ეკონომიკური ზონა 16 ქვეზონად არის დაყოფილი. ეს ზონა მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და სერვისით გამოირჩევა, რაც ინვესტორებისთვის კარგ გარემოს ქმნის.
7. ლენგიცას სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, იგი 7 ქვეზონად არის დაყოფილი, ევროპის ცენტრშია და საკომუნიკაციო ქსელის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
8. სტარაჩოვისის სპეციალური ეკონომიკური ზონა 329.8 ჰექტარს მოიცავს.
9. ქემიენა გორას სპეციალური ეკონომიკური ზონა პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის მცირე ბიზნესისთვის არის ხელსაყრელი. ზონა ესაზღვრება გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებს, იგი 2017 წლამდე იმოქმედებს. ზონაში საქმიანობს 27 ინვესტორი, მათ 2000-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.
10. ვალბრზიჩისის სპეციალური ეკონომიკური ზონა 15 ქვეზონად იყოფა. თითოეულ ქვეზონას თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა აქვს, რომლებიც მუდმივად ვითარდება. ზონაში მოქმედ კომპანიებში 18788 ადამიანია დასაქმებული.
11. ტანობრზეგის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1997 წელს 20-წლიანი ვადით საინვესტიციო პროექტებით შეიქმნა. 6000 ახალი სამუშაო ადგილით, ამჟამად იქდასაქმებულია 9000 ადამიანი.
12. კატოვაისის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1996 წელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაარსდა. შექმნილია 21 690 ახალი სამუშაო ადგილი.
13. ევროპარკ მაიელეცის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1995 წელს დაარსდა და ის პოლონეთში პირველი პრეცენდენტი იყო. დღეს მას პოლონეთის ეკონომიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ინვესტორებს ის მოსწონთ, რადგან მათთვის კარგი პირობები და ბიზნესისთვის ხელსაყრელი საგადასახადო სისტემაა. ზონაში შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.
14. კრაკოვის ტექნოპარკის სპეციალური ეკონომიკური ზონა 1998 წელს დაარსდა.