კოოპერაციის სარგებელი
საქართველოში სოფლის მეურნეობაზე სამუშაო ძალის 50%-ზე მეტი მოდის და მშპ-ის მხოლოდ 9%. ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბალი პროდუქტიულობაა, რაც სოფლად სიღარიბის მთავარი ფაქტორია. როგორ უნდა დააღწიოს სოფელმა თავი დუხჭირ ცხოვრებას და შექმნას კონკურენტული პროდუქცია?
ახალმა მთავრობამ სოფლის მეურნეობის აღორძინება პრიორიტეტად გამოაცხადა და ამ მიმართულებით არა ერთი პროექტი წამოიწყო თუ განახორციელა. საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლად დასაქმების პრობლემების გადასაჭრელად კოოპერაცია გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს საკმაოდ შეზღუდული, ლიმიტირებული მიწის რესურსი გააჩნია და ისიც დანაწევრებულია მცირე ნაკვეთებად – დღეს საშუალო ქართველ ფერმერს აქვს დაახლოებით ერთ ჰექტარამდე მიწის ფართობი, რაზეც რთულია, მომგებიანად და ეფექტურად აწარმოო სოფლის მეურნეობის პროდუქცია და დიდ აგროჰოლდინგებს კონკურენცია გაუწიო. თუმცა, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ამ რესურსის კონსოლიდაციით შესაძლებელია ეფექტურობის მიღწევა. ეს კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებით შეიძლება მოხდეს.
კოოპერაცია საქართველოში ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება: მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში თბილისში შეიქმნა პირველი კოოპერატივი – „მომჭირნეობა“, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ილია ჭავჭავაძის მოწოდებამ „გაუმართეთ ხალხს ამხანაგობები და ასოციაციები“ უდიდესი როლი ითამაშა კოოპერატივების ჩამოყალიბებაში.
შემდგომში შეიქმნა მომხმარებელთა საზოგადოებები, რასაც შემნახველ-გამსესხებელთა ამხანაგობები მოჰყვა, შემდეგ ჯერი სასოფლო-სამეურნეო, სარეწაო გაერთიანებების, სასოფლო ბანკების, მუშათა გაერთიანებების დაარსებაზე მიდგა. ყოველივე ამან მასობრივი ხასიათი მიიღო და ამიტომ დაისვა საკითხი მთელი ამ სისტემის მართვის მექანიზმის შექმნის შესახებ. 1919 წელს ჩატარდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების რწმუნებულთა I ყრილობა და დასაბამი მიეცა ცეკავშირის ამოქმედებას. ამავე წელს ცეკავშირის წესდება რეესტრში გატარდა და ცეკავშირი ოფიციალურად გამოცხადდა იურიდიულ პირად. 1920 წელს ორგანიზაცია გაერთიანდა საერთაშორისო ალიანსში.
საბჭოთა ხელისუფლების დროს კოოპერაციამ დიდ წარმატებას მიაღწია. იგი ფაქტიურად შეერწყა სახელმწიფოს და ემორჩილებოდა სახელმწიფოს მეთაურის და პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებებს. ამის შედეგად ცეკავშირის სისტემაში შეიქმნა მყარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მთელი სისტემა, კოოპერატიული ინსტიტუტების და ტექნიკუმების ფართო ქსელი. ცეკავშირის სისტემა საქართველოში მთლიანად ემსახურებოდა სოფლის მოსახლეობას, როგორც ვაჭრობის, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადება-გადამუშავების დარგით.
ეკონომიკის ექსპერტის, მიხეილ ჯიბუტის თქმით, ის რაც 20 წლის წინ იყო, დღეს უკვე აღარ არსებობს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები იწყებოდა, კოოპერატივების ნგრევისკენ იყო მიმართული – მოხდა კოოპერატივების კუთვნილების ნაციონალიზაცია და შემდეგ პრივატიზება.
თუმცა, ბოლო დროს კოოპერაციის აღდგენისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, შეიქმნა კანონი კოოპერირების შესახებ, შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომლის მიზანიცაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება იმ კოოპერატივებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ასევე, მისი ფუნქციაა, მუშაობა მათთან იმისთვის, რომ დაიხვეწოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ამ კოოპერატივებს არეგულირებს. კანონი იძლევა მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი გაერთიანების შესაძლებლობას. სახელმწიფო კი მხოლოდ მოდელს და შესაძლებლობას ქმნის, ეწევა პროცესის წახალისებას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია განვითარებულია ყველა წარმატებულ ქვეყანაში.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კოოპერაცია სოფლად რთულად იკიდებს ფეხს, რისი მიზეზიც, ალბათ, ის არის, რომ ხალხის მეხსიერებაში ჩარჩენილია ადრინდელი კოოპერაციის ცუდი შედეგები, ისინი შიშობენ, რომ გაერთიანება ქონების სხვისთვის გადაცემას ნიშნავს. ამიტომ, საჭიროა, სოფლად მცხოვრებ ადამიანებამდე კოოპერაციის იდეის სწორად მიტანა, მათ სჭირდებათ ახალი, რეალური შეთავაზებები, ახალი ბაზრები, რაც იქნება კოოპერატივების ახალი ბენეფიტი. ნათელია, რომ ახალი, აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების გარეშე, საქართველოს ამ ეტაპზე უჭირს განვითარება.
კოოპერაციის გზაზე შემდგომი კომპონენტი, საქართველოს მთავრობის გეგმით, არსებული კოოპერატივების გამსხვილება იქნება, როდესაც თვითონ კოოპერატივები შექმნიან ერთ კოოპერატივს, სადაც თავმოყრილი იქნება ის უნარები, რომელიც შეუძლებელია ერთ ცალკე აღებულ ფერმერს ან კოოპერატივს ჰქონდეს. შემდეგ ნაბიჯად კი მთავრობას ესახება კოოპერაციული ბანკის დაფუძნება, რაც ცხადია, კოოპერატივებში მეტი ფინანსური რესურსის დაგროვების შემდეგ მოხდება. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში უკვე არის.
გარკვეულწილად, კოოპერაციის იდეის პოპულარიზაციის, ძველი კავშირების აღდგენის მიზნით, რამდენიმე ორგანიზაციის (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივის „კოოპერატივთა გაერთიანება იბერია“, საქართველოს კოოპერაციის განვითარების ფონდი, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი – ცეკავშირი და საქართველოს ბიზნეს პალატა) ინიციატივით, 2014 წლის 21 მაისს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – კოოპერაცია და მსოფლიო გამოწვევები.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის და მეზობელი ქვეყნების კოოპერაციის ლიდერები. რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის კოოპერაციის ხელმძღვანელები. მათ ისაუბრეს თავიანთ ქვეყნებში კოოპერაციის მდგომარეობის, თავისებურებებისა და პრობლემების შესახებ.
ქართულ მხარეს წარმოადგენდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე, როინ ადამაძე. კონფერენციაზე განიხილეს ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალი, მათი შეთავაზებები რეალური მყიდველებისათვის და მოთხოვნა-მოწოდების დაბალანსება.
კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი ესწრებოდა, რომელმაც ისაუბრა სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებაზე და სოფლად კოოპერაციის გავრცელებაზე.
დავით ნატროშვილი: „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ამიტომ სოფლის მეურნეობა სახელმწიფომ პრიორიეტეტად გამოაცხადა სწორედ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ სოფლის მეურნეობის დარგში არა ერთი პროგრამა დავიწყეთ, რომელიც ითვალისწინებს მეურნეებისთვის დაბალპროცენტიანი სესხების გაცემასა და სხვა შეღავათებს. მინდა ვთქვა, რომ პროექტებმა წარმატებით იმუშავეს. რამდენიმე დღის წინ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელსაც ეწოდება „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებულნი შეუძლიათ 2 მილიონამდე სესხის აღება დაბალ პროცენტში. ეს მართლაც წაადგება კომპანიებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ შევქმენით კანონი კოოპერაციის შესახებ. იგი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს. შევქმენით სპეციალური სამსახური სამინისტროს ფარგლებში, რომელიც კომპანიებს სწორად კოოპერირებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ვცდილობთ დავაინტერესოთ უცხოელი ბიზნესმენები, რომ ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ და ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ“.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია ის, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირია, რომელსაც საშუალება აქვს, მიიღოს საგრანტო დაფინანსება დაბეგვრის გარეშე.
მეორე – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩართული ქონება არ იბეგრება ქონების გადასახადით. სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში ჩართული პირები, 200 ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში, განთავისუფლებულნი არიან ყველა გადასახადისგან, გარდა საშემოსავლოსი, ხოლო კოოპერატივები, ამ შემთხვევაში, მთლიანად თავისუფლდებიან. გარდა ამისა, სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ხელშეწყობის პროგრამები სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისთვის, როგორც ბიუჯეტის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომლებთანაც ინტენსიური მუშაობა მიდის, რათა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მენეჯმენტისთვის შესაძლებელი იყოს ხარისხიანი სასწავლო პროგრამების მოწყობა, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ სწორი და საჭირო ცოდნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვისთვის.
რუსეთის ცენტრალური კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ევგენი კუზნეცოვმა იმ სახელმწიფო შეღავათებზე ისაუბრა, რომლებიც მის ქვეყანაში მოქმედებს. კუზნეცოვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში უკვე 8 წელია სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მიმართულებით ინიცირებულია ნაციონალური პროექტები, რომელიც პრეზიდენტის კონტროლს ექვემდებარება, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროექტების მესამედი ორიენტირებულია სწორედ სოფლად კოოპერაციის განვითარებაზე. სტუმრის თქმით, ამან კოოპერაციას მეორე სიცოცხლე შთაბერა, პირველ რიგში კი, სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების შექმნის ფინანსური მხარდაჭერით. ევგენი კუზნეცოვი: „საკუთარი და მსოფლიო გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ კოოპერაციის გარეშე შეუძლებელი ხდება სოფლად ცხოვრების მოწყობა, სოფლად მცხოვრები ადამიანების საქმიანი აქტივობის შენარჩუნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ როდესაც სოფელში შედიან მსხვილი აგროჰოლდინგები, ისინი ბევრად კონკურენტუნარიან პროდუქციას უშვებენ, ვიდრე ცალკეული მეურნეები და ამიტომ, მათმა საქონლემა რომ კონკურენტუნარიანობა შეიძინოს, სახელმწიფოს დახმარება და გაერთიანებაა საჭირო.
ჩვენ სახელმწიფოს დახმარებით ოთხი მიმართულებიდან ვსარგებლობთ: პირველი – სოფლის მეურნეობის სამინისტროა, მათაგნ ვიღებთ მხარდაჭრას საინვესტიციო კრედიტების, მოკლევადიანი კრედიტების სუბსიდირებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვაზე შემდეგი გადამუშავებისთვის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად ინვესტირების სუბსიდირებაზე. წელს უკვე ახალი ფორმა გვაქვს, რომელიც საგრანტო მხარდაჭერაში გამოიხატება, ის მიმართულია ახალი საქმიანობის განვითარებისკენ, ფული გამოიყოფა საკონკურსო წესითა და დაბრუნების გარეშე. მეორე მიმართულება ეს არის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხაზით დაფინანსება, რომელიც მოიცავს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭრას, მასში ექცევა პროექტები, რომელთა ღირებულება მილიონიდან 5 მილიონ რუბლამდეა, თანხა სხვადასხვა პირობებით გაიცემა, მარგამ, ძირითადად, მისი 50%-ის სუბსიდირება ხდება. შექმნილია ორი ინსტიტუტი, რომელიც სოფლის მეურნეობისა და კოოპერაციის განვითარებას უწყობს ხელს, ესეც ერთ-ერთი მიმართულებაა. ერთია „როსსელხოზბანკი“, რომელიც 100%-ით სახელმწიფო ბანკია და მეორე „როსაგროლიზინგი“, რომელიც 100%-ით სახელმწიფოს მონაწილეობით სალიზინგო კომპანიაა. მისი საშუალებით სასოფლო-სამეურნეო და გადამამუშავებელი მრეწველობის ტექნიკის შეძენა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე კომერციული სალიზინგო კომპანიების დახმარებით. კიდევ ერთი ხაზი, რომელიც ხელს გვიწყობს ჩვენს საქმიანობაში, ეს არის პრეფერენციები კანონში ვაჭრობის შესახებ. 2009 წელს რუსეთში მიღებულია ფედერალური კანონი ვაჭრობის შესახებ, რომელიც განკუთვნილია სწორედ კოოპერირების მხარდაჭერისთვის და რომელიც ვაჭრობისას მნიშვნელოვან შეღავათებს აძლევს მათ. კიდევ ერთი პრეფერენცია, რომელსაც კოოპერაციები იღებენ სხვა სავაჭრო სუბიექტებთან შედარებით, ეს არის ბაზარზე ქსელების დომინირების ნორმა, რომელიც 25%-მდეა შეზღუდული, სამომხმარებლო კოოპერაციებისთვის ეს შეზღუდვა არ არსებობს. შემდეგი მიმართულება კი გახლავთ საგადასახადო პრეფერენციები, ახლა რთულია ქვეყნის საგადასახადო კოდექსზე ვისაუბროთ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ კოოპერირება სერიზული შეღავათებით სარგებლობს – უფრო მეტით, ვიდრე მცირე ბიზნესი“.
ყველა სტუმარი აღნიშნავდა, რომ 90-იანი წლებში მათ ქვეყნებში ცეკავშირის ქონება გაიფლანგა და იყო არა ერთი შემთხვევა მაშინდელი ხელმძღვანელი პირების მიერ ამ ქონების ბოროტად გამოყენების. ყველა მათგანი მიესალმა კავშირების აღდგენის მცდელობას, რაც სოფლად მცხოვრები ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს წაადგება კოოპერაციის გზაზე. სტუმრებმა აღნიშნეს ისიც, რომ თითქმის ყველგან ამ სფეროში შეინიშნება კვალიფიციური კადრების შემცირება – სერიოზული პრობლემა დგას ხელმძღვანელი პირებისა და სპეციალისტების განახლების.
ემზარ ჯგერენაია, საქართველოს ბიზნეს-პალატის თავმჯდომარე: „მისასალმებელია ის ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფო დგამს კოოპერაციის აღორძინების მიმართულებით იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მოწესრიგდეს საკუთრებითი, კომერციალიზაციის საკითხები. მოწესრიგდეს ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე, ახალი ბაზრების დაპყრობის და ნოუ-ჰაუს გაცვლის თვალსაზრისით“.
მიხეილ ჯიბუტი: „ჩვენს კოოპერატიულ მოძრაობას არ ამძიმებს „ნარჩენები“, ასე ვთქვათ, სუფთა მინდორზე ვართ. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა მარტივი ინვესტრების შესაძლებლობას იძლევა, თუკი ინტერესი იქნება ისეთი ტრადიციული თემებისთვის, როგორიცაა ჩაი, ციტრუსის დამზადება, ვიტყოდი, რომ ეს წაუგებელი საქმეა. მართალია, დღეს ჩაის პლანტაციები მოუვლელია, მაგრამ შეიძლება ხელის მოკიდება და ამ საქმიანობის მომგებიანად გადაქცევა. ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია და კაპიტალის შეტანა და გატანა თავისუფლად შეიძლება, ბოლო პერიოდში კი სახელმწიფოს სუბსიდირების მიღებაც გახდა შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს დომინირებულ პროდუქციაზე შეზღუდვები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის შეღავათები არსებობს. კოოპერატივები კი გათავისუფლებულნი არიან მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს არსებული გამოცდილების გაზიარებას და კოოპერაციის განვითარებას ჩვენს ქვეყნებში“.
კონფერენციაზე საუბარი იყო კოოპერირების ახალ სახეზე – ქონების გარეშე კოოპერირებაზე, რომელიც ექსპერტების აზრით, ახალი მიდგომაა და ამაზე ღირს დაფიქრება.
შეხვედრაზე კომპანია „ბრეტის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეპაშვილმა ისაუბრა ბელორუსში თაფლის ექსპორტის თაობაზე იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის წინ ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრთან მეფუტკრეობისა და ბელორუსში თაფლის ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოდან თაფლის ესქპორტის შესაძლებლობა გამოიკვეთა, ამ ქვეყანაში არსებული თაფლის დეფიციტის გამო, რომლის მოცულობაც 6 ათასი ტონაა. ბელორუსის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ვალერი ივანოვის თქმით, მართალია, ქვეყანა აწარმოებს 3 ათასს ტონა თაფლს და მოიხმარს 9-ს, მაგრამ ბელორუსი მეფუტკრეები ბევრად მეტ თაფლს აწარმოებენ, რომელიც არ ხვდება სტატისტიკის არეალში და დასძინა, რომ ქართველ ფერმერებს თავისუფლად შეუძლიათ ბელორუსთან სავაჭრო კავშირების დამყარება და თავიანთი ნაწარმის გაყიდვა ამ ქვეყანაში.
საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე როინ ადამაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მას შეუძლია ახალი ეტაპი გახდეს ურთიერთობებში, – „ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, გვერდი გვერდ დავუდგეთ პროდუქციის რეალიზაციასა თუ წარმოებაში. ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ძველი კავშირების აღდგენას სწორედ ამ მიზნის მიღწევის გზაზე“, – განაცხადა როინ ადამაძემ.
კოოპერაციის იდეა ბაზარზე უკეთესი წვდომის გარდა, ცოდნის გაღრმავების საშუალებაც არის. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ENPARD – ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა. ეს არის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროექტი საქართველოში, რომლისთვისაც 40 მილიონი ევროა გამოყოფილი (80 მილიონ ლარზე მეტი). ამ პროექტის ფარგლებში, ფერმერებთან მიდის არა მხოლოდ თანხა, არამედ ცოდნაც. ეს არის პროექტი იმ ფერმერებისთვის, რომლებთაც უნდათ განვითარება, რომ უფრო თანამედროვე მეურნეობა ჰქონდეთ.
მთავარია, დაიძლიოს ის უნდობლობა, რაც კოოპერაციის მიმართ არსებობს. ამისთვის აუცილებელია მასობრივი საინფორმაციო კამპანია გაიშალოს, რომ მისი სარგებელი თითოეულმა გლეხმა შეიტყოს და გაითავისოს.