ნობელის პრემიის 2009 წლის ლაურეატები ეკონომიკის დარგში

რედაქციისგან

შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიამ, ეკონომიკის დარგში, ალფრედ ნობელის სახელობის, 2009 წლის პრემიის ლაურეატები დაასახელა. ეკონომიკური მართვის ანალიზისთვის პრმიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები: ოლივერ უილიამსონი (კალიფორნიის უნივერსიტეტიდან) და ელინორ ოსტრომი (ინდიანას უნივერსიტეტიდან).

ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებით, პრემია “არასაბაზრო ეკონომიკური ტრანზაქციის ანალიზისთვის” გაიცა. გამარჯვებულები 1.4 მილიონი აშშ დოლარის საპრიზო თანხას გაიყოფენ. როგორც ჟიურიმ გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია გლობალურ ფინანსურ რეცესიას, მაგრამ რთულია წაიკითხო 2009 წლის ნობელის ლაურეატთა ნაშრომები და არ აღმოაჩინო კავშირი გლობალურ რეცესიასთან. აღსანიშნავია, რომ ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები ეკონომიკის დარგში არ არიან ეკონომისტები, არამედ – სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლები. მათთვის ჯილდოს მინიჭებით ჟიურიმ მხარი დაუჭირა იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკა არა მარტო მათემატიკური მეცნიერება, არამედ ინტერდისციპლინარული დარგია. ჟიურის განცხადებით, ეკონომიკური მეცნიერება უნდა გასცდეს მხოლოდ საბაზრო თეორიას და გაითვალისწინოს ადამიანთა რეალური, სოციალური ქცევები. წლევანდელმა გამარჯვებულებმა კი, თავიანთ ნაშრომებში ამას მიაღწიეს.
თავის გადაწყვეტილების შეფასებაში ჟურის წევრები აღნიშნავენ: “გარედან თავსმოხვეული წესები, ან წესები, რომლებიც ერთპიროვნულადაა განსაზღვრული კორპორატიული მმართველის მიერ, ნაკლებსამართლიანია და ისინი ხშირად ირღვევა. მონიტორინგი და მართვა უფრო ეფექტურია მაშინ, როცა ის ხორციელდება შიგნიდან, როცა ადამიანები თვითონ გამოიმუშავებენ ამ ქცევის წესებს და კონტროლსაც თვითონ ახორციელებენ. ეს არ უნდა ხდებოდეს გარედან. ეს თეორია სრულიად საპირისპიროა ცნობილი თეორიისა, რომლის მიხედვითაც, მონიტორინგი და კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფოს, ან დამქირავებლის მიერ”.
2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები, ოსტრომი და უილიამსონი არ გამოდიან რეგულირების წინააღმდეგ, პირიქით – თავიანთ ნაშრომებში ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ადამიანები სამსახურებში იღებენ და ითვისებენ ძალიან ბევრ წესსა და რეგულაციას, თვითონ გამოიმუშავებენ ქცევის წესებს, რომელსაც შემდგომ ყველა ემორჩილება. ისინი ამას მთავრობისაგან დამოუკიდებლად და კორპორატიული ბოსების მითითების გარეშეც აკეთებენ. ოსტრომის კვლევების მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ საერთო საკუთრება ხშირად იმართება იმ წესებითა და პროცედურებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდნენ და ყალიბდებოდნენ თვითონ საზოგადოებაში. შედეგად, ქცევის ეს წესები უფრო სანდო და მისაღებია, ვიდრე გარედან თავსმოხვეული რეგულაციები და ეს ეკონომიკურმა და სოციალურმა მეცნიერებებმა კარგად უნდა გააანალიზონ. ოსტრომი მიიჩნევს – მართვის ყველაზე წარმატებული მეთოდი არის ის, რომ მონაწილეებმა თვითონ შექმნან ქცევის წესები საჭიროებიდან გამომდინარე, მიჰყვნენ ამ წესებს და თვითონვე უზრუნველყონ მისი შესრულების კონტროლი. გარედან, ან თუნდაც ტირანი მმართველის მიერ თავსმოხვეულ წესებს კი, ნაკლები ძალა და გავლენა აქვს.
ოსტრომის ნამუშევრები ეძღვნება “საერთო საკუთრებას”, რომელსაც ინაწილებენ ადამიანები, ისინი საარსებო საშუალებას გამოიმუშავებენ საერთო რესურსებიდან და შესაბამისად, აქვთ ვალდებულება საერთო საკუთრების დაცვა-შენარჩუნებისა. მისი უახლესი კვლევა უკავშირდება განვითარებადი ქვეყნების შედარებით პატარა ტყეებს. ადამიანთა ჯგუფი ინაწილებს უფლებებს მოიმკას ხე-ტყის ნაყოფი, რა თქმა უნდა, თითოეული განსაზღვრული ტერიტორიიდან. ამიტომ ყველას აქვს ინტერესი იმისა, რომ ტყემ დიდხანს იარსებოს და საჭირო რესურსი მისცეს მათ. “როდესაც თითოეულ მოსახლეს ტყით სარგებლობის გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს, ბუნებრივია ისინი თვითონ შეიმუშავებენ ქცევის წესებს და გააკონტროლებენ ერთმანეთს, თუ როგორ იყენებენ ტყეს და როგორ უფრთხილდებიან მას, არავითარი გარე რეგულაციები მათ არ სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, კონტროლი შიგნიდან არსებობს. ეს არის სფერო, რომელსაც ბაზრის სტანდარტული თეორია არ შეხებია”, – ამბობს ოსტრომი.
ოსტრომი თავის ნაშრომებში აღწერს 17-18 საუკუნისს ინგლისსა და შოტლანდიას, სადაც სოფლის მცხოვრებლები თავიანთ ნახირს, ჯოგს გადააძოვინებდნენ სოფლის სკუთრებას ისე, რომ არ ფიქრობდნენ ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მოფრთხილებაზე და ამგვარად, ანადგურებდნენ მას, როგორც საძოვრებს და გამოუსადეგარს ხდიდნენ შემდგომი გამოყენებისათვის. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ხშირად მიიჩნევდნენ საჭიროდ ადამიანებისთვის კერძო საკუთრების მინიჭების აუცილებლობას, რადგან ფიქრობდნენ, რომ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დაინტერესებული მესაკუთრეები უკეთ დაიცავდნენ და გაუფრთხილდებოდნენ მიწის თავიანთ წილს. “ამის შედეგი კი, ბევრი ადამიანი საერთო საკუთრების გარეშე რჩებოდა, მაგრამ ადამიანთა დატოვება საარსებო წყაროს გარეშე საშინელება იყო””, – ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი, ჯოზეფ სტიგლიცი.
რაც შეეხება მეორე ლაურეატს, უილიამსონმა ჯილდო მიიღო კვლევის გამო, რომელიც კორპორატიულ ორგანიზაციებს უკავშირდება. 2009 წლის ნობელის ლაურეატი მიიჩნევს, რომ სწორი მართვისა და სტრუქტურის შემთხვევაში, ეს ყველაზე ეფექტური გზაა ბიზნესის საწარმოებლად. კორპორაციები იმიტომ არსებობენ, რომ მათ მესაკუთრეების, დასაქმებულებისა და მომხმარებლებისათვის მეტი სიკეთე მოაქვთ. როდესაც კორპორაცია ვეღარ ახერხებს სასურველი მოგების მიღებას, მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. “დიდ კორპორაციებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება ბოროტად, ვთქვათ – შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არასასურველ პოლიტიკურ ლობირებაში და გამოამჟღავნონ ბაზარზე თამაშის არაჯანსაღი წესები””. მიუხედავად ამისა, როგორც უილიამსონი მიიჩნევს, უმჯობესია ასეთი კომპანიები არსებობდნენ და მათი კონტოლი ხორციელდებოდეს პირდაპირ, ვიდრე არსებობდეს რაღაც წესები და რეგულაციები, რომელიც აწესებს კორპორაციების ლიმიტირებულ ზომას.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ელინორ ოსტრომი პირველი ქალია, რომელსაც, ნობელის პრემიის დაახლოებით 40 წლიანი არსებობის მანძილზე, ეკონომიკის დარგში პრემია მიენიჭა.