მსოფლიო კრიზისი და საქართველოს ნოვატორული და ისტორიული როლი ფსკერის ძიებაში
ემზარ ჯგერენაია
სენსაციური ამბავი – ეკონომიკური ნანოტექნოლოგია ჭუჭუაშვილის მეცნიერულ კვლევაში და ემპირიული პირების იმპერატიული პიარ-იმპერია
მთელი სამყარო საგონებელშია ჩავარდნილი. გაფაციცებით ეძებენ ფსკერს. ვნებათაღელვა პიკს აღწევს, ყველა შეიშალა ამ საკითხზე და ყველას ფსკერი აკერია პირზე. აქეთ ვიღაცა ევროპაში დაიძახებს – ვაშაა! გამოჩნდა ფსკერიო და აღმოჩნდება, რომ მოეჩვენა, მერე იქით, ამერიკაში გაიგონებთ ემოციურ შეძახილს: არის!და ისევ არა! აგერ, თვით ობამა აზიაში, ჩინეთში ჩავიდა ფსკერის საძებნელად და ისე დაბრუნდა, რომ ვერ იპოვნა. გაწბილებული ამერიკელები ფავორიტ პრეზიდენტზე გაბრაზდნენ და მისი რეიტინგი პირველად, რაც აირჩიეს, 50%-ზე დაბლა ჩამოვარდა და რეიტინგის დავარდნის სისწრაფეში ფორდისა და კლინტონის რეკორდები მოხსნა. შეღონდა მსოფლიო, სადაა ეს ფსკერიო! ნუთუ, არ უნდა დამთავრდეს ეს კოშმარიო.
ეხ, რა იციან მაგათ, ფსკერს ასე ადვილად რომ ვერ იპოვნიან. მაგას ჩვენ, ქართველები, 19-ე საუკუნიდან ვეძებთ და ამ თეორიას ფსკერის თეორია კი არ დავარქვით, არამედ ბაზალეთის ტბის თეორია. ჩვენ იქ ფსკერს ვეძებთ და ფსკერზე აკვანს, აკვანში კიდევ ვიღაცას. დღევანდელი მსოფლიო ახლა იწყებს ქართველების ამ ერთსაუკუნოვანი თეორიის გამოყენებას. რა მაგრები ვართ ქართველები, თანაც ნოვატორები, სულ ვუსწრებთ მსოფლიო აზროვნების ქარიშხალს!
ოჰ, მეტი დაფასება რომ გვქონდეს, სად გაგვივარდებოდა მაგარი თეორეტიკოსების სახელი, მაგრამ რად გინდა, ჩვენი არაფერი სჯერათ.
აგერ, ბოლო უზარმაზარი მაგალითი ფსკერის თეორიის: ქვეყანაში პირველად აღმოვაჩინეთ მსოფლიო კრიზისის ფსკერი. ამის შესახებ განცხადება ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა გააკეთა და არგუმენტებად ის მოიყვანა, რომ სახლები და ბინები ბევრმა ადამიანმა რეესტრში გადააფორმა (საწყლები! რა, არ დამთავრდა…) ამასთან, ბანკებში ფული გაჩნდა (გაჩნდებოდა – აბა, არავის აძლევენ და…), ხოდა, ასე წავიდა ზევით ეკონომიკაო. რად გინდა, ისევ არ სჯერათ. გამოვიდა ბენ ბერნაკი და თქვა, ვარდნა კიდევ გაგრძელდება და მხოლოდ გვერდით ტრენდს ველოდებით ბაზარზე და არა კორექციას ხარის ტრენდისკენო. ნოემბრის ბოლოს მსოფლიო ისევ ფსკერის გარეშე დატოვა ბერნაკმა, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვიძახით, ვნახეთო (ისე, ჩვენ შორის დარჩეს, ჩვენი წინაპარი საუკუნის განმავლობაში ეძებდა და ვერ ნახა და ჩვენ ასე უცებ როგორ ვნახეთ?!) ისინი, ამერიკელები და ევროპელები ჯერ ვერ პოულობენ, ძმაო. რა ვქნათ ახლა ქართველებმა – ყველას რომ ვაჯობეთ და ვიპოვნეთ, ცუდი ვქენით რამე?!
ასეა, არ დაგვიჯერეს, მაკროეკონომიკური გათვლები და სავალუტო ფონდის პროგნოზები სხვა რამეს ამბობენო. წავიდეს, დაიკარგოს ეს სავალუტო ფონდია თუ ვიღაც, წარამარა ცვლის თავის ჩვენებებს, ხან ერთს იტყვის, ხან მეორეს. ქართველებს ჩვენი ნოვატორული მეთოდი გვაქვს. რაო, არ შეიძლება ეს დახავსებული მაკროეკონომიკური გათვლების სიტემა შევცვალოთ და სულ ჯი-დი-პი-ზე და პი-პი-აი და სი-პი-აი-ზე არ ვილაპარაკოთ. ის თუ შეიძლება, ნანოტექნოლოგიით ერთი ჯგუფის მოლეკულები სხვასთან შევაჯვაროთ, მერე კიდევ სხვასთან და საერთოდ ბუნებაში არარსებული ნივთიერება მივიღოთ, რატომ არ შეიძლება ახალი მეთოდების გამოყენება მაკროეკონომიკაში და კერძოდ, ამ პატივცემული ფსკერის ძებნაში?
ამას წინათ ერთმა, საქვეყნოდ აღიარებულმა ეკონომიკის ქართველმა მამამ განაცხადა, რომ 2010 წლის პირველ კვარტალში სერიოზული საფინანსო კოლაფსი გველოდებაო. ბატონ ვალიკო ვაივუაშვილს, ჭიჭიკო ჭუჭუაშვილთან ერთად, ეკონომიკური კვლევა ჩაუტარებია და გამოუყენებია ეკონომიკაში ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი – დაკვირვების მეთოდი. ემპირია ამათი არსებობის ბუნებრივი გარემოა და ესენი ცნობილები არიან, როგორც სუპერ-ემპირისტები. კვლევის შედეგებით მიღებული დასკვნა ასე ახსნეს – ბოლო თვის განმავლობაში გახშირდა ფულის სასესხებლად ნაცნობ-მეგობრებთან სატელეფონო ზარებიო. თუ აქამდე წელიწადში ერთი ზარი იყოო, ახლა ზარების მოცულობამ ოქტომბერში 10 ერთეული და ნოემბერში 23 ერთეული შეადგინაო. ეს დინამიკაში იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა ყველა რესურსი ამოწურეს, რათა ბანკისთვის ადრინდელი კრედიტების მიმდინარე დავალიანება დაეფარათ, მთელი ზაფხულის მანძილზე შეაწუხეს წესიერი მეგობრები და როგორღაც გაართვეს თავი ამოცანასო, მაგრამ ეტყობა, ყველა რესურსი ამოიწურა და ისეთ ძუნწ ნაძირლებს მოადგნენ, როგორებიც ჩვენ ვართო. აქედან გამომდინარე, ხალხი ძველი კრედიტების გამო უკიდურესად ცუდ მდგომარებაშია, მიუხედავად იმისა, რომ ბანკებმა დაარეზერვეს, რაც შეიძლებოდა ცუდი კრედიტების ქვეშ I ეტაპზე დარეზერვებულიყო. ცუდ გადამხდელთა რაოდენობა საქართველოში კონტრაქტით დასაქმებულთა ნახევარზე მეტია – 340 000, მთელი სიმძლავრით კრედიტის ომი წინაა და ამ საქმეში ფსკერი ჯერ არ გვინახავსო. საქართველოში ახალ ჰობს დაუდია დასაბამი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ საშუალოდ თითოეულ მოსახლეს ხელში 10 ბარათი უჭირავს და მათგან 5 საკრედიტოა – ორინჯ-ბარათის მსგავსი. აქ დახარჯავ 2000 ლარს, მერე მიადგები ნაცნობს და 2200-ს ისესეხებ ერთი დღით, დაფარავს დღეს, გამოიტან ხვალ და დააკლდება 200 ლარი, არა უშავს, სხვა დროს მიუტან, მსესხებელი კმაყოფილია, სულ რომ არ დაკარგა და ასე. მერე მოხსნი მეორე ბარათიდან, მერე მესამიდან და დაფარავ მეორეს და ასე შემდეგ. ხოდა, ბარათების მბრძანებელთა ეპოქაც მთავრდება, იმიტომ, რომ აღარ არის ნაცნობი, ფულს ერთი დღით რომ ასესხებდეს და ბარათების ფსკერიც ახლოვდებაო – აჩვენეს თურმე კვლევებმა ანუ მოსალოდნელია 2010 წელს საფინანსო კოლაფს-ფსკერის ახალი ტალღაო და დიდი უბედურება დატრიალდებაო. მე ვკითხე, რა მიმართებაში იყო მათი კვლევა ქართული ფსკერის თეორიასთან და კლასიკურ-ეკონომიკურ გათვლებთან. მიპასუხეს – ეს არის ნანოტექნოლოგია ეკონომიკურ აზროვნებაშიო და დაფუძნებულია ბაზალეთის ფსკერის ძირძველ ქართულAთეორიასთან.
გაოგნებული გამოვედი გარეთ. ხარბად შევისუნთქე ნოყიერი ქართული ჰავა და ასე მეგონა, ქართული ნიჭის ბუმბერაზობას ვემალებოდი. თავქუდმოგლეჯილი დავეშვი დაღმართზე. პიარი და ემპირია ერთმანეთში ამერია და ბატონი ჭუჭუაშვილის მიგნებით განცვიფრებული და ჩვენი არდამფასებელი დასავლეთის ეკონომიკის მამების სიჯიუტით განრისხებული, მელიქიშვილზე ზანტად და ურეაქციოდ მოფუსფუსე ხალხს შევუერთდი. გულში ვიფიქრე, კიდევ კარგი, ამათ არ იციან ფსკერის აღმოჩენის ჭუჭუაშვილისეული კვლევის შედეგების შესახებ და ასე იმედიანად ემზადებიან ახალი წლისთვის (მათმა მშვიდმა სახეებმა მომცა ნიშანი, რომ ისინი, ისევე როგორც ადრე მათი წინაპარი ქართველები, დინჯად ეძებდნენ ფსკერს ბაზალეთის ტბაში და ფსკერზე აკვანს და აკვანში მავანს და იყვნენ ბედნიერები). მათ იცოდნენ ის, რაც არ იცის ბენ ბერნანკმა.
აი, ქართველები აქაც პირველები ვართ. პირველები ფსკერის ძიების თეორიაში და პირველები ფსკერის აღმოჩენაში. არადა, ჩვენ ჩვენთვის ვართ, ეს კრიზისი კი – თავისთვის.
რაო, ვერ გაიგეთ? ვერც მე!