საბანკო კრიზისის მეორე ტალღა რუსეთში

რედაქციისგან

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, რუსეთის საბანკო სექტორის თავზე შავი ღრუბლები კვლავ გროვდება – ქვეყანა კრიზისის მეორე ტალღის მოლოდინშია. თუმცა, მეორე ტალღა რუსი ოფიციოზის მხრიდან არაღიარებულია და აცხადებენ, რომ კრიზისის ტალღა რუსეთს არ დაასველებს. ქვეყანაში სერიოზულად დგას კრედიტების რისკი, რაც წლის დასაწყისიდან შესამჩნევი პრობლემაა, აცხადებენ Standard & Poor’s-ის საკრედიტო ანალიტიკოსები.

009 წლის დასაწყისიდან რუსი ანალიტიკოსები იძლეოდნენ გაფრთხილებას, რომ ცუდი კორპორატიული სესხების მოცულობის ზრდის გამო, ქვეყანაში 2009 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყებოდა. “ურალსიბ ბანკის” მთავარი სტრატეგიკოსი, კრის უიფერი მიმდინარე წლის მარტში აცხადებდა, რომ დაუბრუნებელი სესხებისა და ცუდი სესხების მოცულობის ზრდის გამო, საბანკო სექტორში სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა, სუსტი ბანკები კი, თავის გადარჩენას ვერ შესძლებენ და შესაძლებელია, რუსეთის საბანკო სექტორიდან დაახლოებით 400 ბანკი გაქრეს. რუსეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, გერმან გრეფი, რომელიც ახლა უმსხვილეს ბანკ “სბერბანკს” ხელმძღვანელობს, რუსეთის საბანკო სექტორის კრიზისის შესახებ გაფრთხილებას იძლეოდა და აცხადებდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
რუსეთის ოფიციალურ პირებს დიდი წვლილი მიუძღვით პრობლემებში. ისინი აცხადებენ, რომ კრიზისის მეორე ტალღის აცილება შესაძლებელია და მნიშვნელოვნად შემცირდა ცუდი კრედიტების წილის ზრდა.
მაგრამ Standard & Poor’s-ის ანალიტიკოსი, ლენა რომანოვა აცხადებს, რომ საბანკო სექტორში პრობლემების დასრულების დრო ჯერ კიდევ შორს არის, საკრედიტო კრიზისის მეორე ტალღა კი, სრული გაგებით რუსეთში უკვე იყო.
“თუ თქვენ პირველ ტალღას ლიკვიდურობის შემცირებას უწოდებთ, მაშინ მეორე ტალღაა საკრედიტო რისკების ზრდა, რაც გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მიმდინარე წლის იანვარში კი, გაგრძელდა და გაძლიერდა”, აცხადებს რომანოვა.
Standard & Poor’s-ი ვარაუდობს, რომ რუსეთის ბანკებში პრობლემური კრედიტები შესაძლებელია 40%-ით გაიზარდოს 2009-2011 წლის მონაკვეთში. აუნაზღაურებელი სესხების მოცულობა კი, მთლიანი ციფრის მესამედს შეადგენს.
რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს აუნაზღაურებელმა სესხებმა 10-12% შეადგინეს.
რუსი ოფიციოზი მაინც ჯიუტად განაგრძობს მტკიცებას, რომ მეორე ტალღას არ ელიან, თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი იქნება პრობლემებისგან თავის დაღწევა. ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ალექსეი კუდრინმა საჯაროდ განაცხადა, რომ კრიზისის მეორე ტალღის სავარაუდო ფაქტები ძალიან ცოტაა. თუმცა, ანალიტიკოსები მიუთითებენ ფაქტს, რომ მოცემულ სფეროში ნამდვილი სურათი ბურუსითაა მოცული.
საბანკო საზოგადოება აქამდე არ ფლობს სრულ ინფორმაციას საქმის რეალური ვითარების შესახებ, აცხადებს გაერთიანებული ბანკის დირექტორი, ოლეგ ვიუგინი. რუსეთის ბანკები იძულებულნი არიან დამალონ მათი პორტფოლიოების საკრედიტო პრობლემების რეალური მდგომარეობა.
საბანკო სფეროს ანალიტიკოსები თითქმის ერთსულოვნად აღნიშავენ, რომ საქმის არსს თვითონ კარგად ვერ წვდებიან, რადგან ხელისუფლება არსებულ მდგომარეობას თვითონ უკეთებს შეფასებებს. ამიტომ, კითხვაზე პასუხი: ელის თუ არა რუსეთი საბანკო კრიზისის მეორე ტალღას, ჯერ კიდევ ღიად რჩება.
“ჩვენ, ვგულიხმობ საბანკო სფეროს ანალიტიკოსებს, აუდიტორებს, კლიენტებს, არ გაგვაჩნია ობიექტური და სრული ინფორმაცია. ალბათ, ცენტრალური ბანკის საზედამხეველო ორგანიები მეტ ინფორმაციას ფლობენ”, აცხადებს ფედერალური სამსახურის ყოფილი უფროსი ფინანსურ საკითხებში ოლეგ ვიუგინი. ის დასძენს, რომ ზოგიერთ ინფომაციაზე დაყრდნობით, რუსული ბანკები სულს ღაფავენ, თუმცა, არსებობს მეორე სახის ინფორმაციაც, რომ რუსეთის საბანკო სექტორში პრობლემები არსებობს, მაგრამ არც ერთი მათგანი გადაუჭრელი არ არის.
პრობლემის ფესვები, ვიურგინის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ბანკებს სერიოზული შემზღუდველი ჰყავთ. “თუ ისინი ბევრს ისაუბრებენ, განსაკუთრებით კი, საკუთარ კრედიტებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი კაპიტალი რისკის ქვეშ დადგება, ამიტომ, თავს კარგად გრძნობენ ის ბანკები, რომლებსაც კაპიტალის დიდი მარაგი აქვთ, მათ შეუძლიათ განაცხადონ, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ სახსრები საკმარისია მათ გადასაწყვეტად, ხოლო ბანკებს, რომლებსაც მსგავსი არგუმენტებით საუბარი არ შეუძლიათ, მათი მხრიდან პრობლემებზე საუბარი, გაბანკროტების აღიარების ტოლფასი იქნება””, აცხადებს ვიუგინი.
ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით, გარეგნულად, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და არ სურთ არსებულ პრობლემაზე “გადაჭარბებით” ისაუბრონ. ალექსეი კუდრინი სექტემბრის ბოლოს აცხადებდა, რომ პრობლემური სესხების ზრდა რუსეთის ბანკებში შეწყდა. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს რუსეთის ბანკებში პრობლემური და დაუბრუნებელი სესხების წილმა 1 აგვისტოს მდგომარეობით 8.1% შეადგინა, 1 იანვრის მდგომარეობით კი, 3.8%, სახეზეა აშკარა ზრდა.
თუმცა, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით, მიმდინარე წლის ბოლოს დაუბრუნებელი საბანკო სესხების წილი საერთაშორისო სტანდარტებით 10%-ს გადააჭარბებდა, რაც საკმაოდ სახიფათო მაჩვენებელია.
ასე რომ, ბანკები, რომლებიც სიმართლეს მალავენ, ნაღმზე დგანან. ამ შემთხვევაში, მათ მხოლოდ იმის იმედი შემორჩათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაიზრდება. “არის შანსი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არსებული პრობლემები წყალმა წაიღოს””, აცხადებს ვიუგინი.
რუსეთის საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, გარეგინ ტოსუნიანი აცხადებს, რომ რუსეთის საბანკო სექტორი მყარია, თუმცა, ნარჩუნდება ქრონიკული პრობლემები, რაც რესურსების უკმარისობა და ფულადი სახსრების ძვირი ფასია, ასევე, რისკების მოლოდინი, მათ შორისაა, გაცემული სესხების დაუბრუნებლობა, მაგრამ საერთო მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია “ტალღებზე”” საუბარი და ეს ტერმინი, მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მომხმარებელს აფრთხობს.
საბანკო რეგულირების დეპარტამენტის დირექტორი და ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ალექსეი სიმანოვსკის პროგნოზით, რუსეთში საბანკო კრიზისის მეორე ტალღა მოსალოდნელი არ არის, რადგან რუსეთის ბანკებს შიდა დავალიანებებთან დაკავშირებული სირთულეები არ გააჩნიათ.
პირველმა ტალღამ რუსეთს 2008 წლის შემოდგომაზე გადაუარა, როდესაც ფინანსურმა ორგანიზაციებმა დაკარგეს შესაძლებლობა ოპერაციები საზღვარგარეთ განეგრძოთ და იძულებულნი იყვნენ დაეწყოთ მათ მფლობელობაში არსებული აქტივების გაყიდვა, ძირითადად – აქციების. გარდა ამისა, ქვეყნიდან მასიურად დაიწყო გადინება კაპიტალმა, რაც ლიკვიდურობის მასშტაბურ კრიზისში გადაიზარდა. რუსეთში აცხადებენ, რომ საბანკო კრიზისის კრახი თავიდან აიცილეს, თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მართავენ სიტუაციას რეალური სექტორის დაკრედიტებასთან მიმართებაში – საფინანსო ორგანიზაციები შიშობენ გასცენ კრედიტები არსებული რისკების გამო.