ქართული ჩაის გადაულახავი პრობლემები
ნინო არველაძე
მსოფლიომ ყავას ჩაი ამჯობინა და მსოფლიო ბაზარზე 1 კგ ჩაის ფასმა 4 დოლარს მიაღწია. იყო დრო, როცა საქართველოში მეჩაიეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული და ძლიერი დარგი იყო, დღეს კი საქართველოს მაღაზიების დახლები სავსეა უცხოური ჩაის ნაირფეროვანი, მაგრამ საეჭვო პროდუქციით. საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიებს კი არ შეუძლიათ იმპორტირებული ჩაის ხარისხზე კვლევის ჩატარება.
სავალალო მდგომარეობაში მყოფ ჩაის სექტორს უდიდესი ქონება შემორჩა ჩაის პლანტაციების სახით, თუმცა მათი უმეტესობა გაველურებულია და ყურადღებას საჭიროებს. მუდმივად ექსპორტის მოცულობის ზრდაზე მოფიქრალებს რატომ არ გვახსენდება დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული ჩაი? ქართული ჩაის მესვეურები დარგის განსავითარებლად ბევრს ცდილობენ, მაგრამ პრობლემა არაერთია და სერიოზულია.
აქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე:
თ.ს. – საქართველოში მეოთხე წელია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და კავკასიის მეჩაიეთა ასოციაციის ინიციატივით ტრადიციულად ეწყობა ჩაის ფესტივალი. წელს საქართველოდან 8 კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის აწარმოებენ.
ფესტივალის მიზანია მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი ჩაის მცირე და საშუალო მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებელთა შორის მაღალი ხარისხის, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი ჩაის პროდუქტის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება. ბოლო ორი წელია ქართული ჩაის ფესტივალი საერთაშორისო ჩაის ფესტივალად გადაიქცა. მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს აზებაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ჩაის მწარმოებლებმა. წელს ფესტივალი მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა. 23-24 ოქტომბერს კი ჩაის II კონგრესი გაიმართა, სადაც, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, მოწვეულნი იყვნენ აზერბაიჯანელი მეჩაიეები, სომხეთიდან ფიტო ჩაის (ბალახის ჩაი) მწარმოებლები, სომხეთის პარლამენტის წევრი და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოდან კონგრესს ესწრებოდნენ მეჩაიეები, ჩაის სპეციალისტები, პარლამენტის წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ა.შ შარშან ბაქოში გამართულ კონგრესზე საერთო გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა კავკასიის მეჩაიეთა ასოციაცია. ღონისძიების მოწყობაში საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციას ხელი შეუწყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ თბილისში და კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელმა.
ს.ე. – რა კონკრეტული შედეგები მოუტანა კონგრესმა ქართული ჩაის დარგს?
თ.ს. – იქმნება კომუნიკე, კონგრესის ერთობლივი მიმართვა მონაწილე რესპუბლიკების მთავრობებისადმი ჩაის დარგში არსებული მდგომარეობისა და მის განვითარებაში მთავრობის როლის შესახებ. ხელისუფლებებმა ჩაის დარგს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ და მორალურად მაინც დაეხმარონ. ქართული ჩაის დარგის მესვეურებს კი ევალებათ ქართული ჩაის სექტორით ინვესტორის დაინტერესება. უნდა წარმოვაჩინოთ დარგში არსებული დადებითი მხარეები. ამ კუთხით ორივე ღონისძიებამ გარკვეულ მიზანს მიაღწია, რადგან იკვეთება რეალური ინვესტორი. არსებობს იდეა, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაკეთდეს ჩაის სახლები, სადაც შესაძლებელი იქნება კავკასიური ჩაის დაგემოვნება და გაყიდვა, ეს არის მუზეუმ-ჩაის იდეა.
ს.ე. – რა მდგომარეობაშია მეზობელი ქვეყნების ჩაის სექტორი საქართველოსთან შედარებით?
თ.ს. – ქართული ჩაის დარგში არსებული სიტუაცია შეუდარებლად უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანულის, რომელიც საქართველოს მასშტაბებს ყოველთვის ჩამორჩებოდა. აზერბაიჯანში ჩაის დარგი პრაქტიკულად განადგურებულია. საბჭოთა კავშირის დროს აზერბაიჯანი 3000-5000 ტონა პროდუქციას აწარმოებდნენ, ახლა კი მხოლოდ 500 ტონა ჩაის წარმოება ხდება.
ს.ე. – როგორია საქართველოში შემორჩენილი ჩაის პლანტაციების მდგომარეობა?
თ.ს. – საქართველოში, აფხაზეთის გამოკლებით, შემორჩენილი პლანტაციების 70%-ი გაველურებულია. ამ მიწებზე, ჩაის გარდა, სხვა კულტურა არ ხარობს. თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ციფრებს, წლიურად საქართველო 100 000 ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებდა, ახლა კი წელიწადში 2000 ტონამდე ჩამოვედით.
ს.ე. – რა მდგომარეობაა გადამამუშავებელი საწარმოების მხრივ?
თ.ს. – საქართველოში არსებობს ჩაის გადამამუშავებელი დიდი, საშუალო და მცირე საწარმოები, თუმცა ისინი ტექნოლოგიურად მოძველებულია. საქართველოს მეჩაიეთა ასოციაციის მიზანია, მომუშავე საწარმოებმა მხოლოდ ხარისხიანი ჩაი აწარმოონ. ქართული ჩაი უხარისხო პროდუქციად მოიაზრება და “ფასის დასაგდებ ჩაის” უწოდებენ ანუ მხოლოდ დაბალ ფასში ყიდულობენ. მას ხარისხიანი ჩაის გარკვეული პროცენტი ერევა და შემდეგ იყიდება. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ფირმა მაღალი ხარისხის პროდუქციას თავისი სახელით მიკრო-ფაბრიკებზე მცირე საწარმოებში აწარმოებს, ზოგიერთი ფაბრიკა ოჯახურიც არის. შედეგად, ქართულ ჩაის ქვეყნის შიგნით მომხმარებელი გაუჩნდა და ნელ-ნელა ქვეყნის გარეთაც იკიდებს ფეხს, მაგრამ ძალიან მცირე დოზით.
ს.ე. – რა მოცულობისაა ქართული ჩაის ექსპორტი?
თ.ს. – დაახლოებით, 2000 ტონამდე, მაგრამ გვინდა, საექსპორტო პროდუქცია უფრო ხარისხიანი იყოს. სამწუხაროდ, ახლა ექსპორტზე ისეთი ჩაი გადის, რომელიც დიდი ხარისხით არ გამოირჩევა.
ს.ე. – თუ გამოირჩევა ქართული ჩაი ისეთი თვისებებით, რაც უცხოელ მომხმარებელს დააინტერესებს?
თ.ს. – მსოფლიოში უმეტესად გავრცელებულია ჩაის ინდო-ჩინური ჯიშები. პროდუქციის ხარისხი კლიმატზეა დამოკიდებული, ინდური ჩაის ფოთოლი უფრო მეტ ტანინს შეიცავს. ქართული ჩაი ჰარმონიული, ფაქიზი და მსუბუქია. შუა აზიაში მაღალი ხარისხის ჩინური ჩაი შედის, მაგრამ დღემდე უფრო მეტი ფასი აქვს ქართულ ჩაის, რადგან ის მსუბუქია, მომხმარებელს შეუძლია, დიდი დოზით მიიღოს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. საქართველოს შეუძლია აწარმოოს, მინიმუმ – 20 000 ტონა და მაქსიმუმ – 30 000 ტონა პროდუქცია, რომლის გაყიდვაც შიდა და გარე ბაზრებზე შეიძლება და ამით, დაახლოებით, 100 000 ადამიანი დასაქმდება.
ს.ე. – თქვენი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ვგულისხმობ ეკონომიკის ლიბერალიზაციას, ქართული ჩაი ხომ არ დაიჩაგრა ადგილობრივ ბაზარზე, რადგან ბაზარი უხარისხო და იაფი საეჭვო წარმოშობის ჩაის პროდუქციითაა გაჯერებული?
თ.ს. – საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქცია კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, ბაზარზე კონკურენცია კი – სამართლიანი. დღეს ქართული ჩაის შიდა ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია არ არის. ფინანსურად სუსტ დარგს არ შეუძლია აგრესიული სარეკლამო კამპანიის წარმოება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იმპორტირებული ჩაი მთლიანად უხარისხოა ან საქართველოში ჩაის იმპორტი არ უნდა არსებობდეს. ძირითადად, ქართულ ჩაის იმიტომ გაუჭირდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ბაზრები დაკარგა, თუმცა ქარული ჩაი შიდა ბაზარზე მყარად წარმოდგენილი არც ყოფილა. 90-იანი წლების მეორე ნახევარში შემოტანილ ჩაის პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი 12% იყო, შემდეგ 18%-მდე გაიზარდა, თუმცა მაშინ საქართველოში დიდი რაოდენობით კონტრაბანდა შემოდიოდა. ამ ყველაფერმა ქართულ ჩაის შიდა ბაზარი თითქმის დაკარგვინა. ახლა კონტრაბანდა აღარ შემოდის, მაგრამ ჩაის სექტორი მაინც ვერ გაიმართა. ვცდილობთ, ნელ-ნელა დავეხმაროთ. ჩაის პირველი ფესტივალი სასაცილო ღონისძიება გამოვიდა, რამდენიმე ფირმა შარდენის ქუჩაზე შეიკრიბა. ფესტივალი მეტ დატვირთვას იძენს და მეტი დაინტერესება ჩნდება, ახლა მას მთავრობის წევრებიც სტუმრობენ, მათ გადაწყვეტილებებს კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩაის პრობლემები ეკონომიკის ლიბერალიზაციამდეც ჰქონდა. ვფიქრობ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში თვითონ დარგმა უნდა გაუძლოს კონკურენციას.
ს.ე. – დარგს სახელმწიფოს მხრიდან არ სჭირდება დახმარება? თუ დარგი სათანადო დონეზე არ იქნება წარმოდგენილი, რომელი ინვესტორი დაინტერესდება? ვაცხადებთ, რომ ქარულ ჩაის დიდი პოტენციალი გააჩნია დასაქმების კუთხით და სახელმწიფო, წესით, დაინტერესებული უნდა იყოს მისი განვითარებით.
თ.ს. – თურქეთსა და არგენტინაში ჩაის დარგი სუბსიდიაზეა. თურქეთი, საქართველოს მსგავსად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, მაგრამ მათ ქვეყანაში ჩაის შეტანაზე ძალიან მაღალი საბაჟო გადასახადი აქვთ (154%), რადგან თურქეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენ კი მსგავსი გადასახადის დაწესება ორგანიზაციის წევრობის გამო არ შეგვიძლია. ქართულ ჩაის დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანების დასაქმება შეუძლია, რომლებიც პრაქტიკულად უმუშევრები არიან. 2001-2002 წლებში ექსპორტირებული პროდუქციის ყოველ კილოგრამზე, სახელმწიფოს ნებით, მწარმოებელს 20 ცენტს უხდიდნენ. იმ წელიწადს საქართველოდან ჩაის ექსპორტი, დაახლოებით, 2000 ტონით გაიზარდა. ასეთი მიზანმიმართული სუბსიდირება თუ განხორციელდება, ძალიან კარგი იქნება.
ს.ე. – კონკრეტულად როგორი ფორმით მოიაზრებთ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას?
თ.ს. – მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული ფესტივალების შემდეგ ყურადღება მოგვაქციეს. პეტრე ცისკარიშვილის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბა და მათ ქართული ჩაის პრობლემები გავაცანით. არსებობდა ჩაის დარგის განვითარების სტრატეგია, მაგრამ ახლა სხვა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები შეიქმა და ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად დრო ვითხოვეთ. პარლამენტში შექმნილმა 12-კაციანმა ჯგუფმა გააკეთა სტრატეგია, რომელიც პარლამენტში, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროებში წარვადგინეთ. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს სტრატეგია აგრარული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, მოიწონეს და მუშა ჯგუფს დაევალა ჩაის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების ვადებში და ფინანსურად გაწერა. ახლა ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს. სტრატეგიიდან გამოყოფილია ერთი ნაწილი – სახელმწიფოს დახმარებით თითო რეგიონში თითო საჩვენებელი ჩაის საწარმო გაკეთდეს. პირველეს ყოვლისა, ამ ნაბიჯით დარგის მესვეურებისთვის ნათელი გახდება სახელმწიფოს თანადგომა და შესაძლებელი იქნება ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორის დაინტერესება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოსცა შესაბამისი ბრძანება და ამ საწარმოების შესარჩევად ცალკე მუშა ჯგუფი შეიქმნა. საწარმოების შერჩევა მალე მოხდება, შემდეგ წარედგინება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტს, სადაც გაიწერება, თუ რა სჭირდება აღნიშნულ საწარმოებს ასამუშავებლად.
ს.ე. – რა წილი უჭირავს ქართულ ჩაის შიდა ბაზარზე?
თ.ს. – ქართულ ჩაის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, მას შიდა ბაზრის 8-10%-იც არ უჭირავს. სტატისტიკური და საბაჟო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში, დაახლოებით, 1500 ტონა ჩაის მოიხმარს. ქართულ ჩაის ჯერჯერობით შიდა ბაზრის დაკმაყოფილება არ შეუძლია. სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ გამოიხატება, საჭიროა მოსახლეობას პრესითა და ტელევიზიით უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. იმპორტირებული ჩაის უმრავლესობა უხარისხოა, კვებითი თუ არაკვებითი საღებავებითაა შეღებილი, შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. სამწუხაროდ, ამის დოკუმენტი ჯერ არ გვაქვს, რადგან საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიებს არ შეუძლიათ მისი სათანადოდ შემოწმება.
ს.ე. – საქართველოში არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, რა პასუხს გაგვცემენ ისინი, რაში სჭირდება საქართველოს ლაბორატორიის აკრედიტაცია, თუ შემოტანილ პროდუქციას არ ამოწმებს?
თ.ს. – საქართველოში არსებობს მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიები, მაგრამ როცა სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მხრიდან პროდუქციის ანალიზის მოთხოვნით შეკვეთა არ არის, ლაბორატორია, რა თქმა უნდა, თავის ინიციატივით არ ამოწმებს პროდუქციას.
ს.ე. – საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციას არ შეუძლია, რომ ლაბორატორიას იმპორტირებული ჩაის კვლევა შეუკვეთოს?
თ.ს. – როდესაც პრესის საშუალებით აცხადებ, რომ შემოტანილი პროდუქცია უხარისხოა და ასახელებ კონკრეტულ მარკას, ამას დოკუმენტური მტკიცება სჭირდება. მქონდა შეხვედრა საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროს მაია მეტრეველთან, რომელსაც ვთხოვე, რომ საქართველოში იმპორტირებული ჩაის შემოწმების ინიციატივას წარმოვადგენდი. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ქართული ჩაისთვის სამართლიანი კონკურენციის პირობების შექმნა. ქართული ჩაის განვითარებისთვის საფრთხეს შეიცავს აზერბაიჯანული კომპანია “აზერსანჰოლდინგის”ინიციატივა, საქართველოში ააშენოს 2000-ტონიანი საწარმო, სადაც 2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 30 ადამიანი დასაქმდება. ეს კომპანია აზერბაიჯანის მსხვილ ფაბრიკაში მესამე ქვეყნიდან საეჭვო ხარისხის ჩაის აფასოებს. 30 ადამიანის დასაქმების გამო დასავლეთ საქართველოში მცხოვრები 100 000 ადამიანი უმუშევრად არ უნდა დარჩეს. საწარმო მხოლოდ იმ პირობით უნდა აშენდეს, თუ ძირითადად ქართული ნედლეულის დაფასოებაზე იმუშავებს.
ს.ე. – თურქეთმაც შეიძინა ჩაის გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში.
თ.ს. – თურქებმა ქობულეთში ჩაის ერთ-ერთი ძველი ფაბრიკა იყიდეს, რომელსაც სხვა დანიშნულებით იყენებენ.მიუხედავად უამრავი მცდელობისა, თურქები ქართული ჩაის სექტორით არ ინტერესდებიან.
ს.ე. – რა მდგომარეობაა ჩაის საერთაშორისო ბაზარზე?
თ.ს. – საერთაშორისო ბაზარზე ჩაიზე მოთხოვნა იზრდება, რაც განპირობებულია მოსახლეობის ზრდით მუსლიმანურ ქვეყნებში. მსოფლიოში შემცირდა ყავის მოხმარება, მოსახლეობა მივიდა დასკვნამდე, რომ ჩაი სასარგებლო პროდუქტია. მსოფლიო მოსახლეობა ყავიდან ჩაიზე გადავიდა, მოთხოვნის ზრდამ კი პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. საქართველო საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს მომზადებული უნდა დახვდეს. გაველურებული პლანტაციების ამოძირკვას უფრო მეტი თანხები სჭირდება, ვიდრე მათ მოვლას.
ს.ე. – თუ ინტერესდებიან ქართული ჩაით საერთაშორისო პროექტები?
თ.ს. – “ეგვენტიჯის” მიერ გაკეთებული პროექტით წყალტუბოში, სოფელ თერნალში გახსნილი საწარმო უმაღლესი დონის ქართულ მწვანე ჩაის უშვებს. მან ბაქოში გამართულ ფარულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
სახელმწიფო დახმარების გარეშე შეუძლებელია, დარგმა გადალახოს ისეთი პრობლემები, როგორიც არის არასამართლიანი კონკურენცია, გაველურებული პლანტაციები, გადამამუშავებელი საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება და ამ გზით ინვესტორის მოძიება. მსოფლიო ბაზარზე ჩაის ფასი მნიშვნელოვნად იზრდება, საქართველო კი კვლავ თამაშგარე მდგომარეობაშია.