ოქროს მომავალი
მაკა ღანიაშვილი
გლობალური კრიზისის დროს ყველა თავის გადარჩენასა და საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებაზე ფიქრობს.
სად დავაბანდოთ ფული?
სად ჩავდოთ ჩვენი კაპიტალი – დოლარში თუ უძრავ ქონებაში?
იქნებ, ოქროში?
ეს კითხვები ახლა ბევრს აწუხებს.
ევროპელი და ჩრდილო-ამერიკელი ინვესტორებისთვის (და ალბათ არა მარტო მათთვის) ამ კითხვის პასუხია -ოქრო. გარდა იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად წარმოადგენს ძვირფას ლითონს და არასდროს კარგავს ღირებულებას, ის წარმატებით უძლებს ინფლაციასაც. ეს ყველაფერი ინვესტორებმა კარგად იციან. შესაბამისად, ოქროს ფასი და მასზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით კოლოსალურად იზრდება. 2008 წელს შობამდე მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ფასი 800 აშშ დოლარი იყო. თითქმის ერთი წლის თავზე, მიმდინარე წლის ნოემბერში კი ძვირფასმა ლითონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა. 17 ნოემბერს აზიის ბაზარზე ოქროს ფასი 0,9%-ით გაიზარდა და უნციამ რეკორდულ ნიშნულს – 1128,78 დოლარს მიაღწია. ნიუ-ორკის სავაჭრო ბირჟაზე უნცია ოქროს ფასმა 1129 დოლარი შეადგინა. ამ დრომდე ოქრო ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. ექსპერტები ფასის ზრდას მსოფლიო სავალუტო ბაზარზე ამერიკული დოლარის პოზიციების შესუსტებით ხსნიან. სპეციალისტების განმარტებით, არსებულ ვითარებას ხელს უწყობს ჰონგ-კონგის სურვილიც – აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ოქროს ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცეს. 2009 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე ოქრო 29%-ით გაძვირდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დოლარის კურსის ვარდნა კვლავ მოსალოდნელია, რაც ცენტრალურ ბანკებს, ოქროზე ფასებისა და მოთხოვნის ზრდის პარალელურად, თავიანთი ოქროს მარაგების შევსებას აიძულებს.
ეკონომიკის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ლითონი კვლავაც მომგებიან და უკონკურენტო ინვესტიციად რჩება. 2007 წლის დასაწყისიდან უნცია ოქროს ღირებულება 700 დოლარამდე დაეცა, რაც ამ შემთხვევაში საფონდო ბირჟებზე აქციების კურსის ვარდნამ გამოიწვია და არა უშუალოდ ოქროს გაიაფებამ. თუმცა, 2008 წლის გაზაფხულიდან სურათი რადიკალურად შეიცვალა და ოქროზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მისი პოპულარობა თანამედროვე გლობალურ კრიზისსა და ეკონომიკურ ვნებათაღელვაზე რეაქციას წარმოადგენს. როცა არამყარი და ნაკლებშემოსავლიანი ხდება ისეთი დანაზოგები, როგორიც, მაგალითად, საბანკო დეპოზიტებია, ბევრი საბანკო ანგარიშებთან შედარებით უპირატესობას ოქროს ანიჭებს, რადგან ის დანაზოგის შენახვის ალტერნატიული წყაროა.
ოქროს მომპოვებელი წამყვანი კომპანიები აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში ოქროს მოპოვება შემცირდება. მართალია, ოქროს მოპოვების გლობალური წარმოება ინდონეზიაში წელს 3,7%-ით, 2502 ტონამდე გაიზრდება, მაგრამ ექსპერტთა აზრით, ეს იქნება დროებითი მოვლენა და არა – გრძელვადიანი ზრდის ტენდენცია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ გრძელვადიან პერიოდში ოქროს მოპოვების ზრდა “ხელოვნური” იქნება და მაღალი ფასების ფონზე მცირე რენტაბელური პროექტების განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული. ფუნდამენტური სარეზერვო ბაზა კი ხარისხობრივად და რაოდენობრივად ქვევით მიექანება. ეს მოვლენა განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკაზე აისახება, რომელიც 2007 წლამდე მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი მწარმოებელი იყო.
როცა ოქროს მიმზიდველობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს, რა თქმა უნდა, მისი არა საიუველირო, არამედ საინვესტიციო მიმზიდველობა. ინვესტორები თანხას აბანდებენ არა ფასიან ქაღალდებში, არამედ ფიზიკურ ოქროში – მონეტებისა და ზოდების სახით, რადგან არ არის გამორიცხული საკრედიტო ორგანიზაციების გაკოტრება, რაც მათში ოქროს საშუალებით დაბანდებული ფულის დაკარგვას გამოიწვევს, არც ფიუჩერსებით ვაჭრობაა ისეთი საიმედო, როგორიც ამ ძვირფასი მეტალის უშუალოდ ფლობა.
ოქროსა და მისი საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ “საქართველოს ეკონომიკა”” ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი რუსიაშვილს ესაუბრა.
გ.რ. – დღეისათვის ოქროს ბაზარზე ინვესტორები განსაკუთრებით აქტიურობენ. ოქროს ფასი იზრდება და კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი. 11 ნოემბრისთვის უნცია ოქროს ფასი 1 100 აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა კი არსებობს პროგნოზი, რომ ღირებულება 1300 დოლარამდე გაიზრდება. ცენტრალურმა ბანკებმა ტენდენციები შეცვალეს და ოქროს გამყიდველებიდან მყიდველებად იქცნენ. მაგალითად, რუსეთის ცენტრალური ბანკი ზრდის ოქროს რეზერვებს, ინდოეთის ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დიდი რაოდენობით ოქრო იყიდა. ისღა გვრჩება, ეს ფაქტები გავითვალისწინოთ და შევამციროთ ნდობა ქაღალდის ვალუტის მიმართ, რადგან იგი საკმაოდ სარისკოა.
ს.ე. – მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში ოქროს ფასის 2 000 დოლარამდე ზრდა?
გ.რ. – რაც უფრო ახლოვდება 2010 წელი, მით უფრო ხშირად ისმის თამამი პროგნოზები ოქროს შესახებ. სულ ახლახან ინდოეთმა მსოფლიოს სავალუტო ფონდისგან 6.7 მილიარდი დოლარის ღირებულების 200 ტონა ოქრო შეიძინა. ოქრო კარგი კაპიტალდაბანდების საშუალება ხდება როგორც მდიდრებისთვის, ასევე მისთვის, ვისაც ჯერ ყველაფერი წინ აქვს. სტრატეგიულმა ინვესტორებმა ოქროს საბადოების ყიდვა დაიწყეს. მაგალითად, მსხვილი ინვესტორი ჯიმ როჯერსი დარწმუნებულია, რომ ოქროს ფასი ორჯერ, დაახლოებით, 2000 აშშ დოლარამდე გაიზრდება.
ს.ე. – იზრდება თუ არა მოთხოვნა საინვესტიციო მონეტების მიმართაც?
გ.რ. – რაც უფრო არამყარი ხდება ქაღალდის ვალუტა, მით უფრო მიმზიდველი ხდება ძვირფასი ლითონი. ოქროში კაპიტალდაბანდებისთვის ეროვნული ბანკები ოქროს მონეტებს ქმნიან. განსაკუთრებით საინტერესოა ინვესტორებისათვის საინვესტიციო მონეტები. საინვესტიციო მონეტები ერთმანეთისგან განსხვავდება ოქროს შემადგენლობით, ღირებულებით და ფასით, რომელსაც, ძირითადად, ოქროს აქტიური კურსი განსაზღვრავს. მონეტების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა ფინანსური კრიზისის დროს. დღეს ოქროს საინვესტიციო მონეტების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. პირველად ოქროს საინვესტიციო მონეტა კი 1967 წელს სამხრეთ აფრიკაში გამოუშვეს. ოქროს მონეტებს ოქროს ზოდებთან შედარებით მეტი ფასი და ღირებულება აქვთ. ცნობილი საინვესტიციო მონეტებია: “კრიუგერის მონეტა”” (სამხრეთ აფრიკა), “ნეკერჩხლის ფოთოლი”””(კანადა), “ვენის ფილარმონიის არტისტები”” (ავსტრია), “კენგურუ”” (ავსტრალია), “პანდა”” (ჩინეთი), “ამერიკული არწივი” (აშშ). ესპანური კომპანია “Securitas Aurum”-ი ყველა ამ მონეტის რეალიზაციას ახდენს. კომპანია ყველა სახის მონეტით არ ვაჭრობს, ის ეწევა იმ საინვესტიციო მონეტების რეალიზაციას, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა. საინვესტიციო მონეტების ფასი, ძირითადად, დამოკიდებულია ოქროს ნედლეულის ფასზე. გარდა ამისა, ფასზე ისიც ახდენს ზეგავლენას, თუ რომელი ქვეყნის ნედლეულით არის დამზადებული მონეტა, რამდენად პოპულარულია, რა რაოდენობით არის გამოშვებული და ასე შემდეგ. ელექტრონულად მოვაჭრე Securutas Aurum-ის საშუალებით ოქროს ყიდვა სამი გზით შეიძლება. არსებობს ერთი პირობა, რომელიც მოქმედებს ყველა შემთხვევაში – კომპანია მომხმარებელს მხოლოდ 4 800 ევროს ღირებულების ოქროს პაკეტს სთავაზობს. შესაძლებელია ამ თანხის მაშინვე გადახდა PayPal სისტემით, საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით. თანხის გადახდიდან 14 დღეში კლიენტი იღებს ოქროს მონეტებს. მეორე გზა არის “დაგვიანებული გადახდის მოქნილი სისტემა””, ამ შემთხვევაში პირველი შენატანია 100 ევრო, თანხის დანარჩენი ნაწილის გადახდა კი 12 თვის განმავლობაში შეიძლება. გარდა ამისა, შესაძლებელია პროდუქტის ყიდვა გარანტიითაც, როცა ოქროს შეძენის მსურველ კომპანიას რეკომენდაციას სხვა კომპანია უწევს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელი პირველადი შენატანია 100 ევრო, მაგრამ თუ ამ პირობით არ გამოვა ოქროს შეძენა, მაშინ “დაგვიანებული გადახდის სქემა”” ამოქმედდება.
ს.ე. – რატომ არის მომგებიანი ძვირფას ლითონში ფულის დაბანდება?
გ.რ. – ადამიანები ყოველთვის ცდილობენ კაპიტალდაბანდების სტაბილური საშუალების მოძებნას, ამისთვის კი ოქრო საუკეთესო საშუალებაა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, ძვირფასი ლითონების ბაზარზე შესასვლელად საწყისი ინვესტიციები და კაპიტალის დიდი რაოდენობა საჭირო არ არის, განსხვავებით სხვა ბაზრებისგან (უძრავი ქონება, აქციებისა და ობლიგაციების ბაზარი და ასე შემდეგ). ამასთანავე, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ოქროს სტაბილურად მაღალ ფასს განაპირობებს: ოქრო ადვილად არ მოიპოვება, ბუნებაში ბევრი არ არის და მისი მიღება სხვა მასალისგან არ შეიძლება; ოქროსგან ადვილად მზადდება სამკაული და სხვადასხვა ნაკეთობები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოქროს ფალსიციფირება ძალიან რთულია. მისი ხარისხის შემოწმება ადვილად შეიძლება.
ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა, საომარმა მოქმედებებმა, და, რა თქმა უნდა, ნავთობის გაძვირებამ XX საუკუნის დასაწყისში ძვირფას ლითონზეც გამოიწვია ფასების ზრდა. ტენდენცია XXI საუკუნის დასაწყისშიც არ იცვლება. რა რეალობა გვაქვს ახლა? მსოფლიო გიგანტი კომპანიების აქციების ვარდნა, დოლარის დესტაბილიზაცია და ნავთობზე ფასების რყევა. ძვირფასი ლითონი, განსაკუთრებით კი ოქრო, მაშინ ფასობს, როცა ეკონომიკას “საავდრო ღრუბლები”” ადგას. ამასთანავე, ოქროს ყოველთვის ექნება უპირატესობა ნებისმიერ ვალუტასთან, რადგან ნებისმიერი ვალუტა, იქნება ის ევრო, დოლარი თუ ლარი, რომელიმე სახელმწიფოს ეკუთვნის და ძალაუფლებაც ამა თუ იმ განსაზღვრულ ტერიტორიაზე აქვს. ოქრო კი უნივერსალურია, საზღვრების გარეშე და ყველგან და ყოველთვის ფასობს.
ს.ე. – რა ელის ოქროს ბაზარს ახლო მომავალში?
გ.რ. – თქვენ იცით, რომ ოქრო ბოლო პერიოდში ძვირდება და ფასმა სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ფასები 29%-ით გაიზარდა. ინვესტორები “ფსონს” ისევ ოქროზე აკეთებენ, რადგან დოლარი არამყარია და ეკონომიკური რისკები ისევ მაღალია.
ს.ე. – თუმცა, ეკონომიკური კანონზომიერებაა, რომ ზრდას ყოველთვის მოსდევს ვარდნა�
გ.რ. – გადახედეთ ისტორიას, ოქროზე სტაბილურად იზრდება ფასები, უკუპროცესს ადგილი არ ჰქონია. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ოქრო იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ინსტრუმენტი საკუთარი კაპიტალის შესანახად.
ს.ე. – რა შეგიძლიათ თქვათ კომპანია შეცურიტას Aურუმ-ის შესახებ, რომელიც ალბათ სულ მალე აქტიურად შემოვა ქართულ ბაზარზე?
გ.რ. – ეს არის საკონსულტაციო-საბროკერო კომპანია, რომელიც მუშაობს ოქროს ინვესტიციების სფეროში. კომპანიას თავისი პრინციპები გააჩნია: ჩვენ შეგვიძლია, მოგცეთ სურვილის ასრულების შესაძლებლობა, მაგრამ არ შეგვიძლია, მოგცეთ თავად სურვილი; ჩვენ შეგვიძლია, გაჩვენოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ ვერ გავაკეთებთ ამას თქვენ მაგივრად; ჩვენ შეგვიძლია, გაჩვენოთ, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა და რა არის მისი უპირატესობანი, მაგრამ მიზანი თქვენი მისაღწევია; ჩვენ შეგვიძლია, მოგიყვეთ მათ შესახებ, ვინც უკვე მიაღწია მიზანს, მაგრამ არ შეგვიძლია, გავაკეთოთ იგივე თქვენ ნაცვლად, რადგან ეს თქვენ თავად უნდა გააკეთოთ, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მაგრამ თქვენ უნდა დაიწყოთ ამის გაკეთება. და თუ ახლა არა – აბა, როდის?
საინვესტიციო მონეტებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ბანკიც უშვებს. საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით “ოქროს საწმისის”” გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტები ავსტრიის ზარაფხანაში 2006 წელს დამზადდა. გამოშვებულია ექვსი სახეობის სხვადასხვა ზომისა და წონის საინვესტიციო მონეტა. ყველაზე მცირე 3,1 გრამს იწონის, ყველაზე დიდი კი – 311 გრამს. საინვესტიციო მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონულ ფილიალებში ხდება. 1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების გასაყიდ ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველდღიურად ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის მიერ დაწესებული ფასების მიხედვით ადგენს. საქართველოს საინვესტიციო მონეტების ფასი 2008 წლის ნოემბრის შემდეგ დღემდე თითქმის გაორმაგდა (იხ. ცხრილი 1 და 2).
საქართველოს საიუველირო ბიზნესში მოქმედ კომპანიათა ნაწილში კი აცხადებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ოქროს გაძვირების მიუხედავად, საქართველოში ოქროზე ფასი არ მოიმატებს. როგორც საიუველირო მაღაზიათა ქსელ კლონდაიკის” მენეჯმენტი საინფორმაციო პორტალ commersant.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ოქროს ნაწარმზე ძველი ფასები შენარჩუნდება. მათივე თქმით, ოქროს ფასი ყოველ წუთს იზრდება, მაგრამ ცდილობენ, საქონელი არ გააძვირონ, რადგან ამით მყიდველს დაკარგავენ. ამ ეტაპზე “კლონდაიკის” მაღაზიათა ქსელში 1 გრამი ოქროს ფასი 75 ლარიდან იწყება. პროდუქციის გაძვირებას ახალ წლამდე არც საიუველირო მაღაზიათა ქსელ კრისტალში” აპირებენ. ამჟამად ქსელში გრამი ოქროს ფასი 55-დან 90 ლარამდე მერყეობს.
თუმცა, ერთია ოქროს პოპულარობა და მეორე ის, თუ რამდენად წაადგება ამ ძვირფასი მეტალის ზეობის ხანა ეკონომიკურ განვითარებას – ამ საკითხში უცხოელ ექსპერტთა აზრი ორად იყოფა. ნაწილი ოქროს ბუმს უარყოფითად უყურებს და აღნიშნავს, რომ ოქროზე მზარდი მოთხოვნა და მასში კაპიტალის ჩადება წამგებიანი იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ლითონის ლოდები, ექსპერტთა ნაწილის აზრით, ვერ გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და ვერ გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ინვესტორები მხოლოდ საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, სარისკო წამოწყებებისთვის ახლა აღარავის სცხელა, ბიზნესზე თითქმის აღარ ფიქრობენ, ამის გარეშე კი სამუშაო ადგილების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შექმნა წარმოუდგენელია. ექსპერტთა ის ნაწილი, რომელიც უარყოფითად აფასებს ოქროს არნახულ პოპულარობას, იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება და ინვესტორები თავიანთ დანაზოგებს იმ მიმართულებით მიმართავენ, რომელსაც ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება მოჰყვება. ჯერჯერობით კი ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღებისას ისევ თავდაცვის მექანიზმია და არა მომავალ მოგებაზე ფიქრი. შესაბამისად, კითხვაზე – დოლარი, უძრავი ქონება თუ ოქრო? პასუხიც ლოგიკურია: სანამ საბანკო სფერო და მთლიანად ფინანსური სექტორი, ისევე როგორც სამშენებლო ინდუსტრია, ფეხზე დადგება და შემდეგ მის მიმართ ნდობა დაბრუნდება, ოქრო კაპიტალის შენახვის ყველაზე საიმედო გარანტად გვევლინება.