ზამთრის მოლოდინში ტემპერატურა ეცემა, ფასები იზრდება

ალექსანდრა ლალიაშვილი

ზამთრის სეზონი ახლოვდება და საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ “გადააგოროს”” კიდევ ერთი სუსხიანი ზამთარი. რაც არ უნდა ამტკიცოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა (და არა მარტო ეროვნული ბანკისამ) საქართველოში ეკონომიკური კრიზისი დასრულებულიაო, რეალობა სხვაგვარია.

კომერციული ბანკების კონსოლიდირებული მოგებით დასრულებული სექტემბრის თვე, სავალუტო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი და უპრეცედენტოდ მაღალი ლიკვიდობა საბანკო სექტორში””, რითიც ასე იწონებს თავს საქართველოს ხელისუფლება, დიდი ვერაფერი ნუგეშია საქართველოს მოსახლეობის იმ 67%-სთვის, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით ღარიბ-ღატაკთა კატეგორიას ეკუთვნის. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები მდგომარეობის გამოსწორებას არც მომავალ წელს ელიან. მათი პროგნოზით, ჩვენში სიღარიბე მოიმატებს, ხოლო ღატაკი იქნება ყოველი მეოთხე ადამიანი, რომლისთვისაც სურსათი, მედიკამენტები და ზამთრის სეზონში გათბობის საშუალებები მთავარი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი საზრუნავია. როგორი მდგომარეობაა სურსათის, ფარმაცევტულ და ენერგომატარებლების ბაზრებზე და რა ელის საქართველოს მოსახლეობას ზამთარში?
საკვები პროდუქტები
გაერო ტაჯიკეთს, მონღოლეთს, სომხეთსა და საქართველოს, აფრიკის 8 უღარიბეს ქვეყანასთან ერთად, სურსათის კრიზისს უწინასწარმეტყველებს, რაც, ლოგიკურად, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს რიგ ქვეყნებში სურსათზე ფასები შემცირდა, თუმცა საქართველოში სამომხმარებლო ფასები შეუქცევადად იზრდება. აგვისტოს ომის შემდეგ საკვები პროდუქტების გაძვირება რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას ბრალდებოდა. მოგვიანებით დეფიციტი სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციით შეივსო, მაგრამ სურსათის ფასები დროდადრო მაინც იზრდება. მოსახლეობამ საკვები პროდუქტების მოხმარება ნაწილობრივ შეზღუდა ან არჩევანი უფრო იაფ პროდუქტებზე გააკეთა.
2009 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე თითქმის ყველა სახის სასურსათო პროდუქტი გაძვირდა. მაგალითად – შაქარი, ზეთი, ბრინჯი, კაკაო. დეფიციტურია თაფლი, სოიო, ხილი, ამიტომ ფასების ზრდა ამ პროდუქტებზეც მოსალოდნელია. არც საერთაშორისო ტენდენციებია დამაიმედებელი, ფასების ზრდას ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის, მაგალითად, შაქარი, ბრინჯი და ხორბალი, ექსპერტები მსოფლიოშიც ელიან.
მსოფლიოში ბრინჯზე მოთხოვნა მატულობს. ვიეტნამის ბრინჯის ექსპორტი 2009 წელს 20%-ით, 6,2 ტონამდე გაიზრდება. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. წინა რეკორდი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა ვიეტნამური ბრინჯის ექსპორტმა 5,17 მლნ ტონა შეადგინა. ბრინჯზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდას არახელსაყრელი კლიმატური პირობებიც განაპირობებს – ფილიპინებზე დატრიალებული გრიგალის გამო მოსალოდნელზე 1,3 მლნ ტონით ნაკლები მოსავალი აიღეს, ინდოეთში კი მოსავალი გვალვის შედეგად 18%-ით შემცირდება. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ბრინჯის იმპორტიორების ნაწილი ბრინჯის შესაძლო გაძვირებაზე ალაპარაკდა. მათი თქმით, ბრინჯის მარაგი მსოფლიოში შემცირებისკენ მიდის, შესაბამისად, პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, რაც ფასის გაზრდას გამოიწვევს. ამ ეტაპზე 1 კილო ბრინჯის ფასი 0,95 ლარიდან 1,1 ლარამდე მერყეობს.
მსოფლიოში შაქრის მარაგებიც მცირდება. უახლოესი 11 თვის განმავლობაში შაქარზე მსოფლიო მოთხოვნა 2,6%-ით, 165,4 მლნ ტონამდე მოიმატებს. ექსპერტების აზრით, 2009-2010 წლებში დეფიციტი 6 მლნ ტონამდე გაიზრდება. 2008-2009 წლებში შაქრის დეფიციტი არ არსებობდა, რადგან მოთხოვნა წინა წლებში დაგროვილი მარაგების ხარჯზე იყო დაკმაყოფილებული. მაგრამ 2009-2010 წლებში რეალობა განსხვავებული იქნება, რადგან შაქრის მარაგები ყველგან ამოწურულია. ესპერტები მიიჩნევენ, რომ ბაზრის პოტენციური ზრდა 2010 წლის შემდგომაც მოსალოდნელია.
წლიდან წლამდე მცირდება ხორბლის მოსავალიც, რაც ასევე განაპირობებს ფასების ზრდას. საქართველოში ხორბლის მოსავალი არსებული მოთხოვნილების მცირე ნაწილს აკმაყოფილებს. ქვეყანას წელიწადში, დაახლოებით, 850 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება, საქართველო კი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 200 ათას ტონა ხორბალს აწარმოებს. ამის გამო დამოკიდებულნი ვართ სხვა ქვეყნებზე. მცირემოსავლიანი იყო 2009 წელიც. სპეციალისტთა შეფასებით, ასეთი მძიმე წელი კარგა ხანია, არ დამდგარა, გვალვამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ნათესები კახეთში, მცირე მოსავალი მიიღეს შირაქის ველზე და ჯავახეთშიც, ორჯერ დაისეტყვა ქვემო ქართლი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წლეულს ფერმერებს ერთ ჰექტარზე საშუალოდ 1,6 ტონა ხორბალი უნდა აეღოთ, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა და თითზე ჩამოსათვლელია იმ გლეხთა რიცხვი, რომლებმაც ჰექტარ მიწაზე ერთ ტონაზე მეტი მოსავალი მიიღეს. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, მოსავლის სიმწირე საქართველოში არა მხოლოდ უამინდობის, არამედ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უქონლობის ბრალიც არის.
რაც შეეხება ხორცპროდუქტებს. მოსალოდნელია თუ არა მათზე ფასების ზრდა? როგორც იოლი ჯგუფის” მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ადგილობრივი საქონლის ხორცზე ფასები ხშირად მერყეობდა, ამჟამად ტენდენცია ფასების ზრდისკენ მიდის. მათივე განცხადებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ხორცზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და მაშინ გაირკვევა, გაძვირდება თუ არა ხორცპროდუქტები. ამ ეტაპზე იოლი” საქონლის ხორცს 10 თეთრით გაზრდილ ფასად – 4,5 ლარად ყიდულობს, ხორცპროდუქტების ფასები კი ჯერჯერობით ისევ 2-დან 10 ლარამდე მერყეობს.
ხორცის გაძვირების მიუხედავად, პროდუქციაზე ფასები ამ ეტაპზე არ გაუზრდია ხორცპროდუქტების მწარმოებელ კიდევ ერთ კომპანია მითანასაც”. მითანას” პროდუქციის ღირებულება ლარნახევრიდან იწყება.
კომპანია ნიკორაშიც” აცხადებენ, რომ ცალკეულმა მომწოდებლებმა ხორცზე ფასი მართლაც გააძვირეს, თუმცა გადასამუშავებელ ხორცს ყველა მომწოდებლისგან არ იღებენ. ნიკორაში” აცხადებენ, რომ მათ საკუთარი მომწოდებლები ჰყავთ, რომლებთანაც სპეციალური ხელშეკრულება აქვთ დადებული. ხელშეკრულება კი ნიკორასთვის”” ფასის გაზრდას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მზა ხორცპროდუქტებზე ფასები არც ნიკორას”გაუზრდია და კვლავ 4 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს.
მედიკამენტები
სურსათის მსგავსად, მაღალი ფასები მედიკამენტებსაც თითქმის მიუწვდომელს ხდის ქართველი მომხმარებლისთვის. დსთ-ს სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფარმაცევტული ბაზარი საქართველოშია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის ძირითადი მიზეზი არაჯანსაღი კონკურენციაა. მართალია, ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე სააფთიაქო ქსელი საქმიანობს, თუმცა გამოკვეთილია ორი-სამი კომპანია, რომლებიც ამინდს ქმნიან.
მედიკამენტების თვალშისაცემი გაძვირება საქართველოში შარშან, ნოემბერში, ლარის კურსის უეცარი ვარდნის შემდეგ დაიწყო. ამ პროცესს ფარმაცევტულ კომპანიებში იმით ხსნიდნენ, რომ დოლარის გაძვირების გამო მათი პროდუქციაც გაძვირდა. მას შემდეგ დოლარი 15%-ით გამყარდა, მედიკამენტებზე ფასები კი 30%-50%-ით გაიზარდა. გაძვირდა ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებიც.
ფასების ზრდის პროცესის დასარეგულირებლად მთავრობამ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ცვლილებების მიზანია მონოპოლიის მოსპობა, კონკურენციის გაზრდა და, შედეგად, მედიკამენტების გაიაფება. ახალი წესების თანახმად, მაღალი სანდოობის ქვეყანაში ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გაივლის რეგისტრაციას. იგი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს მხოლოდ დოკუმენტაცია შესაბამის ფორმატში. ამასთან, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისგან ხდებოდა, ახლა უკვე წამლის ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება. გარდა ამისა, ის მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტს არ საჭიროებენ, სააფთიაქო ქსელის გარდა, სუპერმარკეტებშიც გაიყიდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ სუპერმარკეტებში წამლების გაყიდვა, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც, ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და ქართველ მონოპოლისტ ფარმაცევტებს აიძულებს, წამლებზე ფასები შეამცირონ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი სუპერმარკეტები მედიკამენტებს საზღვარგარეთ შეიძენენ და არა ადგილობრივი ფარმაცევტებისგან.
თამაშის ახალი წესები ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე ამოქმედებულია, მაგრამ ამას წამლების გაიაფება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. მედიკამენტები მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა. სტატისტიკის დეპარტამენტი ამ სფეროში ფასების 11,6%-იან ზრდაზე საუბრობს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ახალი კანონის ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი თვე გავიდა, რაც ძალზე მცირე დროა რაიმე ტენდენციის დასაფიქსირებლად. კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების პარალელური იმპორტირება სავარაუდოდ დაიწყება, მაგრამ, მისი აზრით, ეს ფასების შემცირებაზე მეტად, წამლის ხარისხის რისკებს გაზრდის.
სააფთიაქო ქსელ კრისტალშიც” აცხადებენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ბაზარზე არაფერი შეცვლილა. მათი თქმით, ქვეყანაში მედიკამენტები ჯერჯერობით ისევ მწარმოებლებისგან ოფიციალურ შემომტანებს შემოაქვთ და პარალელური იმპორტი არ დაწყებულა. მათი თქმით, ქართულ ბაზარზე მედიკამენტები რომ გაიაფდეს, კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე თვე მაინც უნდა გავიდეს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტშიც ადასტურებენ, რომ მიმდინარე წელს ინფლაციური პროცესები ჯანდაცვის სფეროში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა სფეროებში. წამლის სიძვირეს ისიც უწყობს ხელს, რომ ადგილობრივი პროდუქცია იმპორტირებულზე გაცილებით ნაკლებია. დღეს მედიკამენტთა 85% იმპორტირებულია და ადგილობრივ პროდუქციას ბაზარზე მხოლოდ 15 პროცენტი უჭირავს.
გაზი და ენერგეტიკა
სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად, მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კომუნალური მომსახურებების საფასურს.
ენერგეტიკის მინისტრმა ოქტომბერში განაცხადა, რომ “საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბდა და უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის ექსპორტირება მოხდა. ამასთან, სამინისტრო საექსპორტო მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას აპირებს”. საინტერესოა, მაგრამ ფაქტია, რომ “უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის”” მოსახლეობას დენის ტარიფი შეიძლება გაუძვირონ.
საქართველოს მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს კომპანია ენერგო პრო ჯორჯიასთან”, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინდივიდუალური გამრიცხველიანება გეგმით გათვალისწინებულ 2016 წლამდე დასრულდეს. არსებული გეგმით, საქართველოს ყველა დიდი ქალაქისა და დაბის გამრიცხველიანება 2010 წლის მაისამდე იგეგმება, ამას მოსდევს ორწლიანი შუალედი, რის შემდეგაც გამრიცხველიანება კვლავ გაგრძელდება და 2016 წლისთვის ყველა ქალაქსა და სოფელში დასრულდება.
ექსპერტების შეფასებით, სადისტრიბუციო კომპანიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით გამრიცხველიანება 2010 წლის ბოლოსთვის დაასრულოს, მაგრამ ეს ტარიფს 2-3 თეთრით გააძვირებს. ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება მარტო მრიცხველების დამონტაჟებას არ გულისხმობს. თითქმის მთლიანად შესაცვლელია ელექტროქსელები, რომლებიც საქართველოში გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა. ამ პროცესს კი გარკვეული დრო და ათეულობით მილიონი დოლარი სჭირდება.
დენის ტარიფის კიდევ უფრო გაძვირებას ენერგეტიკის სამინისტროში დაუშვებლად მიიჩნევენ. მაგრამ, თუ გამრიცხველიანების დაჩქარება დაუანგარიშებლად მოხდება, მომატებული ხარჯები შესაძლოა ტარიფზე აისახოს. ენერგო პრო ჯორჯია” 2007 წლიდან, თბილისის და კახეთის გარდა, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიის ენერგოდისტრიბუციას ახორციელებს. კომპანიას 860 ათასი აბონენტი ჰყავს. კახეთში ენერგომომარაგებას – ლიტვური კონცერნი “ახემა ჯგუფი”, თბილისში კი რუსული ინტერ რაო ესი” ახორციელებენ.
გამრიცხველიანების პროცესის თანმხლებ სირთულეებს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში ექსპერტები დენის ხელოვნურად გაზრდილ ტარიფზეც ხშირად საუბრობენ. ექსპერტთა განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ორიდან სამ თეთრამდე ჯდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ტარიფი თვითღირებულებაზე, დაახლოებით, ხუთჯერ მაღალია.
გამრიცხველიანების პრობლემა გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორისაც არსებობს. ნავთობკომპანიამ სოკარ-ჯორჯიამ” კახეთის მოსახლეობას გაზიფიცირების საფასური გაუორმაგა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თუ აქამდე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შეყვანა, მრიცხველის დამონტაჟება და აბონენტად დარეგისტრირება 140 ლარი ღირდა, ახლა ამის ფასი 263 ლარი გახდა. სიღნაღიგაზში”, რომელიც სოკარის” საკუთრებაა, აცხადებენ, რომ ფასის მატება კომპანიის მიერ უკეთესი ხარისხის მრიცხველების შემოტანამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, გაზიფიცირების ხელშეწყობის მიზნით სოკარი” თანახმაა, მოსახლეობას გაზიფიცირებისთვის საჭირო 263 ლარი თავიდან არ გადაახდევინოს და ეს თანხა მისგან მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის დროს ეტაპობრივად, გაზრდილი ტარიფით ამოიღოს. მოსახლეობა აცხადებს, რომ 263 ლარის გადახდას ამ მეთოდითაც ვერ შეძლებს. ენერგეტიკის სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ კახეთის მოსახლეობამ და სოკარ-ჯორჯიამ” მოლაპარაკების შედეგად ოქროს შუალედი უნდა იპოვონ.
სოკარი” ბაზარზე მონოპოლისტია, რის გამოც მოსახლეობა მოკლებულია არჩევანის შესაძლებლობას. ამიტომ, თუ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შეყვანა სურს, იძულებულია, ან სოკარის” შემოთავაზებას დათანხმდეს, ან საკუთარი უფლებების დასაცავად თავად იბრძოლოს, რადგან სახელმწიფომ მათ დაცვაზე ჯერ კიდევ 1998 წელს თქვა უარი. მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 2008 წლის 1 იანვრიდან ახალი აბონენტებისთვის ფასები დერეგულირებულია ანუ გაზიფიცირების ფასსა და ტარიფს გაზგამანაწილებელი კომპანია ადგენს.
შეგახსენებთ, რომ შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მიერ დაფუძნებულ შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით შეიქმნა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ კომპანიას დაეკისრა როგორც გაზის დისტრიბუცია, ისე გაზიფიკაციის მასშტაბური პროგრამის რეალიზაცია – გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობა 30-მდე ქალაქსა და რაიონში, რაც 150 000 მომხმარებლის საერთო ქსელში ჩართვას გულისხმობს.
ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, გაზის მიწოდების ფასი იმ ნაწილში, რაზეც ხელშეკრულებაა გაფორმებული “სოკართან””, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბოსადგურებისთვის 143 დოლარია, ხოლო მოსახლეობისთვის – 147 დოლარი დღგ-ს გარეშე. ამ ტარიფებში ტრანსპორტირება და სხვადასხვა კომპონენტი არ იგულისხმება, მაგრამ ამ ტარიფის გაზრდა, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ტარიფებზეც მოახდენს გავლენას. წელს საქართველო, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. “სოკართან”” საქართველოს ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
რაც შეეხება გაზის ფასების პერსპექტივებს მსოფლიოში. მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასი შესაძლოა შემცირდეს, მასზე მოთხოვნილების კლებისა და ბაზარზე ახალი მიმწოდებლების მოზღვავების გამო – ასეთია ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზი, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც ბევრი მთავრობა იყენებს ენერგეტიკული პოლიტიკის შესამუშავებლად, გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს გავლენას იქონიებს გაზის ძირითად ექსპორტიორებზე – რუსეთზე, ირანსა და ყატარზე. საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს (IEA) ექსპერტები აცხადებენ, რომ მსოფლიო ბუნებრივი აირის ჭარბი მიწოდების წინაშეა, რის გამოც მომავალი წლების განმავლობაში გაზის საფასური დაეცემა. ამის მიზეზს ის წარმოადგენს, რომ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება ფიქალის თიხისგან გაზის მოპოვების ახალი ტექნოლოგია, რაც გაზის მოპოვებას უფრო იაფს ხდის. იმავდროულად, თხევადი გაზის ისეთმა დიდმა მიმწოდებლებმა, როგორიც არის ყატარი, დარგში საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩადეს უახლოეს წლებში ექსპორტის გაზრდის იმედით. ერთად აღებული ყველა ეს ძალისხმევა გაზსადენებსა და თხევადი გაზის ტერმინალებში გაზის იმაზე უფრო მეტ მოცულობას მოუყრის თავს, ვიდრე საჭიროა. სააგენტო ვარაუდობს, რომ ჭარბი მოწოდება კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ქვეყნები ენერგიის დაზოგვის პოლიტიკას გააგრძელებენ და ატომურ ელექტროსადგურებს განავითარებენ. ამავე პროგნოზის თანახმად, მხოლოდ გარემოს დაცვის პოლიტიკა 2015 წლისთვის 5 პროცენტით შეამცირებს ბუნებრივ აირზე მოთხოვნას, 2030 წელს კი მოთხოვნა 30 პროცენტით შემცირდება, რასაც, ბუნებრივია, ფასების კლებაც მოჰყვება.
საპირისპიროდ, ფასების ზრდა მოსალოდნელია ნავთობპროდუქტებზე. IEA-ის წარმომადგენლების განცხადებით, ნავთობზე მოთხოვნა ნელ-ნელა გაიზრდება და 2010 წელს მასზე ფასების მატება გაგრძელდება. წელს ნავთობზე ფასები 77%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი ნავთობის ფასი, დაახლოებით, 80 დოლარია. ნავთობზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად ჩინეთში მატულობს: 2010 წელს ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 1,6%-ით, დღეში 86,2 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ ნავთობზე ფასების ზრდის პირობებში შეიძლება, განვითარებად ქვეყნებში მასზე მოთხოვნამ იკლოს.
ნავთობზე ფასების ზრდას შედეგი საქართველოშიც მოჰყვა. ნოემბრის დასაწყისში საწვავის საცალოდ მოვაჭრე ყველა ქსელურმა კომპანიამ ფასები ერთბაშად გაზარდა. რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 1.62 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. პრემიუმის სტანდარტის საწვავის ფასი კი – 1.75 ლარიდან 1.8 მდე. ზრდა დაფიქსირდა უფრო მაღალი ხარისხის ბენზინსა და დიზელზეც. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის ფასებმა, როგორც დიზელის, ასევე ყველა კატეგორიის ბენზინის საწვავზე, საშუალოდ, 5-10 თეთრით მოიმატა.
ლუკოილ ჯორჯიას” ქსელში ევრო დიზელი” და პრემიუმ ავანგარდი” 5-5 თეთრით გაძვირდა და 1,60 ლარი და 1,75 ლარი შეადგინა. ვისოლმა” დიზელ სტანდარტი” და “ევრო დიზელი”, ასევე 5-5 თეთრით გააძვირა და ფასები 1,5 ლარიდან 1,65 ლარამდე მერყეობს. 5 თეთრით – ლარნახევრამდე გააძვირა ევრო დიზელი რომპეტროლმაც”. დიზელზე ფასის მატება მოსალოდნელი იყო, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში დიზელი 100 დოლარით გაძვირდა და ერთი ტონის ღირებულებამ 650 დოლარს მიაღწია.
საქართველოს მოსახლეობას ადვილად გადასაგორებელი ზამთარი რომ არ ელის, ცხადია – სურსათზე ფასების მატებას ექსპერტები, როგორც მსოფლიო, ასევე საქართველოს მასშტაბით თამამად წინასწარმეტყველებენ, ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი, ისევე როგორც ენერგომატარებლების შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მონოპოლიური ძალაუფლების მქონე კომპანიების გადასაწყვეტია, მოჰყვება თუ არა ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების მატება გამრიცხველიანების პროცესს? მერე რა, რომ მსოფლიოში სულ სხვა ტენდენციებია და იქ ექსპერტები გაზის გაიაფებას ელიან. საქართველოში ხომ ერთადერთ კანონზომიერებას, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, სწორედაც რომ არაკანონზომიერება წარმოადგენს.