არასტანდარტული სტანდარტები ქართულ მშენებლობაში
მარი მანია
საქართველოს სამშენებლო სექტორი 2008 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შემდეგ სწრაფად აღმოჩნდა კრიზისში. სამშენებლო სექტორის თითქმის სრული კოლაფსი რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: მსოფლიოს ფინანსური კრიზისის ზეგავლენამ ქვეყნის ეკონომიკაზე, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებმა და მშენებლობის მარეგულირებელი ბაზის გაუმართაობამ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიღებულია ბევრი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტი მშენებლობის რეგულირების გასაუმჯობესებლად, ფაქტობრივად, სამშენებლო პროდუქციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა.
დღეს უძრავი ქონების სექტორში მაკონტროლებელი ორგანოს შექმნის იდეით ბევრი ექსპერტი და ორგანიზაცია გამოდის. მათ შორის მენაშენეთა ასოციაცია. ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, სამშენებლო სექტორში “პირამიდების”” არსებობა და მშენებლობის ჩაბარებისას მოხშირებული დაგვიანებები სამშენებლო და საბანკო სექტორში სწორი და ძლიერი რეგულირების არარსებობის შედეგია.
ირაკლი როსტომაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში მენაშენეთა ასოციაცია სამშენებლო სექტორის მაკონტროლებელი ორგანოს შექმნის საკანონმდებლო ინიცირებასაც მოახდენს. ამასთან, როსტომაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ისეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველა წამყვანი დარგის, მათ შორის მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო სექტორების განვითარებისთვის აუცილებელია ლიბერალური ჩარჩოები, რომლებშიც ზომიერად იქნება გათვალისწინებული მომხმარებლის და სახელმწიფოს ინტერესები.
ექსპერტების აზრს სამშენებლო კომპანიათა წარმომადგენლებიც იზიარებენ. დეველოპერულ კომპანია ბაგები სითი ჯგუფში” აცხადებენ, რომ უძრავი ქონების სექტორის კონტროლი კომპლექსურად უნდა განხორციელდეს. მათივე თქმით, აუცილებელია როგორც მშენებლობის ხარისხზე ზედამხედველობა, ასევე ცალკეული კომპანიების ფინანსური ოპერაციების კონტროლი. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მყიდველის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, მშენებლობის სტანდარტები, ნორმები და სამშენებლო მასალების ხარისხი მაქსიმალურად უნდა კონტროლდებოდეს. ფინანსური პირამიდებისა და სხვა საეჭვო ფინანსური ოპერაციების თავიდან აცილების მიზნით კი, კომპანიების საქმიანობა კონტრაქტორმა ბანკებმა უნდა აკონტროლონ.
ეროვნული ეკონომიკის ნებისმიერი დარგის რეგულირების გზები და მიმართულებები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცხოვროს სიცოცხლისთვის უსაფრთხო და უვნებელ გარემოში, რაც პირდაპირ მიუთითებს მშენებლობის დარგის სწორი რეგულირების აუცილებლობაზე. სამშენებლო საქმიანობის რეგულირება რთული და მრავალმხრივი პროცესია. მშენებლობის რეგულირების პროცესის ეფექტიანობა დამოკიდებულია როგორც შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მოქნილობაზე, ასევე იმ საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის არსებობაზე, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს სამშენებლო საქმიანობა.
2004 წლიდან საქართველოში სამშენებლო სექტორში რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო. გაუქმდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო და ქვეყანაში სამშენებლო საქმის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს “ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს” დაეკისრა. სამშენებლო საქმიანობის რეგულირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მშენებლობის ხარისხის კონტროლს, რაც მშენებლობის პროდუქციის დანიშნულებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფოსა თუ კერძო დამკვეთის მხრიდან მკაცრი ზედამხედველობის დაწესებას გულისხმობს. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება, როგორც წესი, სამშენებლო პროცესის განხორციელების ყველა სტადიის გაკონტროლებას მოიცავს. კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს როგორც სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიები, ასევე სამშენებლო მასალები, კონსტრუქციები, მანქანა-მექანიზმები და მშენებელთა კვალიფიკაცია.
განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ხარისხის მართვისა და კონტროლის კომპლექსური სისტემები, მათ შორის მშენებლობაშიც. მშენებლობის ხარისხის კონტროლის პროცესი მოიცავს სამსაფეხურიან სისტემას: სახელმწიფო ზედამხედველობა; ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ზედამხედველობა და კონტროლი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ხარისხის კონტროლი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სქემებით ხდება. მაგალითად, ბელგიასა და ჩეხეთში სახელმწიფო ზედამხედველობა მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების მშენებლობისას ხორციელდება, ხოლო სხვა შემთხვევებში საქმეში ადგილობრივი მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოები ერთვებიან.
განვითარებულ ქვეყნებში მშენებლობის კონტროლის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სადაზღვევო კომპანიებს. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები აქტიურ კონტროლს ახორციელებენ მშენებლობის ხარისხზე. ზედამხედველობის ეს სქემა კარგად არის აპრობირებული აშშ-სა და იაპონიაში, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში (გერმანია, დანია, ნორვეგია, ინგლისი) კი მშენებლობის ხარისხის კონტროლს უმეტესწილად ადგილობრივი სამშენებლო ინსპექციები ახორციელებენ.
საქართველოში მშენებლობის ზედამხედველობა ხორციელდება კანონით – “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ””. საქართველოში მშენებლობის ხარისხის ზედამხედველობის პროცესში არ გამოიყენება სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობები, ვინაიდან ამისთვის არც საკანონმდებლო მექანიზმები არსებობს და არც სამშენებლო კომპანიები ახდენენ მშენებლობების დაზღვევას, იშვიათი გამონაკლისების გარდა. აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით დაუცველს ხდის სამშენებლო პროდუქციის მომხმარებელს, რომელსაც არც მშენებლობის ხარისხის დამადასტურებელი და არც მშენებლობის დასრულების დამადასტურებელი არანაირი გარანტია არა აქვს.
მშენებლობაში ეკონომიკური ეფექტიანობის, ტექნიკური პროგრესისა და, განსაკუთრებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშენებლობის გამართული ტექნიკური რეგლამენტებითა და სტანდარტებით უზრუნველყოფას. მშენებლობაში საინჟინრო-ტექნიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური შინაარსის გადაწყვეტილებათა მიღება წინასწარ შემუშავებულ და აღიარებულ ტექნიკურ პარამეტრებს უნდა ეყრდნობოდეს. მაგრამ დღეისთვის საქართველოში მშენებლობა, ძირითადად, უცხო ქვეყნების, უმეტესად, რუსეთის ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებით მიმდინარეობს, რადგან ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების ნაწილია შემუშავებული, რაც არ არის საკმარისი. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში მშენებლობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტექნიკური რეგლამენტების დაცვის გარეშე აწარმოებენ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით (#45, 2006 წლის 24 თებერვალი), ეროვნული-ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ შემოღებამდე დამპროექტებლებსა და მშენებლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ ამ დადგენილების დანართში მოცემული 36 უცხო ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტები, აგრეთვე დსთ-ს ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტები. ცხადია, აღნიშნული დადგენილებით მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების საკითხი მნიშვნელოვნად გართულებულია, რადგან მშენებლობის სპეციალისტებს ამ შემთხვევაში საქმე აქვთ 36 ქვეყნის უამრავ რეგლამენტთან, მათი გამოყენების კოორდინაციისა და ჰარმონიზაციის გარეშე. ერთიანი ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების შემოღების საკითხი კი ამ დადგენილებით კვლავ ღიად რჩება.
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, გამოკვეთილია მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტების ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული საფუძველი. აშშ-ში, ევროპაში, ასევე აზიის განვითარებულ ქვეყნებში ტექნიკური რეგლამენტების საფუძველია კანონმდებლობა და განვითარების ეროვნული პროგრამები, ხოლო რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ტექნიკური რეგლამენტების საფუძველია ამ ქვეყნებს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებების თანახმად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ ითვალისწინებს ეროვნულ კანონმდებლობასა და განვითარების მიმართულებებს. საქართველოში დაუშვებელია სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების ბრმად გამოყენება, ხოლო მათი სავალდებულო სტატუსით დადგენა კი – შეუძლებელი, რადგან სხვადასხვა ქვეყანას ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვანაირად აქვს რეგლამენტირებული.
სამშენებლო სექტორის მარეგულირებელი ბაზის გაუმართაობაზე საქართველოში ექსპერტები ხშირად საუბრობენ. ნიკო კახეთელიძე, ექსპერტი მშენებლობის დარგში: “არანაირი სტანდარტი საქართველოში მშენებლობის დარგში არ არსებობს, ეს ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. საქართველოს სამშენებლო კომპანიებს არანაირი სტანდარტი არ გააჩნიათ. ნორმები, რომლებიც კომუნისტების დროს არსებობდა, არ ფუნქციონირებს და ახალიც არ არის მიღებული. არ არის ასევე მიღებული კანონი “მშენებლობის შესახებ”.
საქართველოს სამშენებლო საქმიანობის რეგულირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ქვეყნის პარლამენტმა 2004 წლის 26 ოქტომბერს მიიღო დადგენილება: “შემუშავებულ იქნეს საქართველოს კანონის “საქართველოს სამშენებლო კოდექსი” პროექტი, რომელშიც მოდიფიცირებული სახით თავს მოიყრის მშენებლობის პროცესის ამჟამად მარეგულირებელი კანონების ძირითადი დებულებები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა დროს არის მიღებული და რომელთა ნორმების უმრავლესობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.” აღნიშნული დადგენილება 5 წლის წინ მიიღეს, მაგრამ “საქართველოს სამშენებლო კოდექსი” ჯერ არ არის მიღებული. არადა სამშენებლო სფეროში სულ ახლახანს განვითარებულმა მოვლენებმა ამის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.
წყარო: კიკუტაძე ვასილ, “მშენებლობის განვითარების დინამიკა და მართვის ორგანიზაცია საქართველოში”, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, აგვისტო, 2009.