მსოფლიო ვალების ნაძვის ხე და საწყალი ვეფხვი შუმპეტერის თეორიის ტყვეობაში
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია
“მიუხედავად ამისა, ამ ჩიხიდან არის გამოსავალი – ფინანსური საშუალებების გამოყენება იმისთვის, რომ ვიხსნათ ჭარბდაგროვების სისტემა კრიზისებისა და დევალვაციის დახმარებით.””
ჯოვანი არიგი – “ადამ სმიტი პეკინში””
2009 წელი. გვ 249.
ჰოი, საოცრებავ, ეკონომიკური თეორიები რიგრიგობით შედიან ჩიხში. ალან გრინსპენი თავის ბოლო წიგნში და ადრეც, 2001 წლიდან მოყოლებული, ყველა გამოსვლაში იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ ეს კრიზისი შუმპეტერის სტილისაა. ამას თან მოჰყვება “შემომქმედი ნგრევა””(ეს ჯოზეფ შუმპეტერის მიერ შექმნილი კატეგორიაა). ბევრი ეკონომისტის აზრით, მე-20 საუკუნის მთავრი მიღწევა შუმპეტერის ეკონომიკური განვითარების თეორიაა. ალან გრინსპენი ამ თეორიაზე დაყრდნობით ქმნიდა ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რომელმაც დიდი სარგებელი მოუტანა აშშ-ს და მსოფლიოს და მანვე მოიტანა ეს კრიზისი. თუმცა გრინსპენი, ისევე როგორც თავის დროზე შუმპეტერი, საფინანსო წრეებსა და სტრუქტურებს ზღვარგადასულ ლიბერალიზმში ადანაშაულებდა. ახლა საფუძველი ეყრება ახალ თეორიას – სნეულებით სნეულების მკურნალობას. თუმცა, შეიძლება ახალი არცაა, (განა მედიცინაში ბაქტერიით ანუ სნეულებით არ კურნავენ სნეულებებს?!)
მსოფლიო გაგანია ვალების კრიზისშია (ამ გრიპების არ იყოს, კრიზისსაც ბევრი სახელი ჰქონია). ზოგიერთი ქვეყნის ამბავი რომ იკითხოთ, გამოდის, სულ ვალში ცხოვრობს. ასე, მაგალითად, გუშინ ყველასთვის მისაბაძმა ქვეყანამ იაპონიამ 2009 წელს 600 მილიარდი დოლარის ობლიგაცია გამოუშვა, რაც მის წლიურ საგადასახადო შემოსავლებზე მეტია (416 მილიარდი დოლარი), მიუხედავად ამისა, 2010 წელს მთავრობა გეგმავს 500 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვებას, რადგან სხვაგვარად წინა ვალს ვერ მოემსახურება. ამის გამო 2009 წელს იაპონიის სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 200% შეადგინა. პროგნოზების მიხედვით, ის 2010 წელს 227% იქნება. მთელი ბიუჯეტის გასავლის 65% ძველი ვალების პროცენტის გადახდას ემსახურება. ეს მაშინ, როცა საგადასახადო შემოსავლები მარტო 2009 წელს 20%-ით შემცირდა და ეკონომიკის ზრდამ 9.5% შეადგინა. არადა, იენა დოლარის მიმართ მყარდება. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საბერძნეთის სახელმწიფოს ვალი 2010 წელს 120% გახდება, საბერძნეთის ყოველ მოსახლეზე 40 დოლარი ვალი მოდის, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი კი – 12.7%. ამ გუნდის წევრია იტალია 120%-მდე. რაც შეეხებაGგერმანიას, ბრიტანეთს, ესპანეთს, ირლანდიას, ისინი 80%-ის კლუბის წევრები არიან და არცთუ ისე ურიგოდ ცხოვრობენ. ანუ, ადრე არსებული და დღეისთვის სახელმძღვანელოდ მიღებული მაკროეკონომიკური ნორმების მიხედვით, ასეთი ვალის პირობებში ეს ქვეყნები კარგა ხანია, დეფოლტში უნდა იყვნენ და შიმშილით იხოცებოდნენ, მაგრამ არა – კრიზისისა და ვალის მიუხედავად, ისინი მეტ-ნაკლებად კარგად ცხოვრობენ ინფლაციის მოლოდინში, რადგან იმედი აქვთ, რომ ბაცილით ბაცილას (ინფალციით – ვალს) უმკურნალებენ. ვალი გაიწოვება, ჩამოიწერება და მერე ხელახლა დაიწყებენ ვალის დაგროვებას და ასე. აბა, რა უნდა ვთქვა აშშ-ზე მისი 11 ტრილიონდოლარიანი ვალით!!! თეორიებიც შეიცვალა და ეკონომიკაც. კრიზისი საჭირო ყოფილა – ჩამოწერს ყველაფერს და მოთხოვნას გააცხოველებს!!!
შუმპეტერი მართალია, დამსის თეორია ჭეშმარიტი, მაგრამ ვალებით დავალიანების მკურნალობაც ახალი და ცოცხალი თეორიაა! შეიძლება ითქვას – მეტად მიმზიდველი ამ ვეფხვის წელიწადში. უფრო მეტიც, ეს ვეფხვი მთლიანად შუმპეტერის ტყვეობაშია და ვალების საკანში ზის, მაგრამ თვისუფალი და ბედნიერია! როგორ? ესაა სწორედ ახალი თეორია – ნეოშუმპეტერიზმი!
აა, ჩვენ ქართველები სულ იმას ვუჩიჩინებდით ერთმანეთს, ახალ წელს ვალით არ შეხვდეო. პირიქით ყოფილა, ახალ წელს უვალოდ არ შეხვდე. 2010 წელს ვალებით დახუნძლული ყველა ადამიანი კარგად იქნება. აბა, ახალი თეორიაა ეს!
რა გამოდის? თუ გინდათ, ნახოთ საქართველოს ბედნიერთა სია, იხილეთ კრედიტ-ინფოს დოსიე – მასში 300 ათასზე მეტი ჩამონათვალია. ხოდა, ისინი არიან ახალი ვალის თეორიის მიმდევრები და ჭკვიანი ადამიანები, რომ სხედან და დოლარის დევალვაციას ელოდებიან, რათა ვალი ადვილად დაფარონ. ხედავთ, სანერვიულო არაფერია. ყველაფერი კარგად იქნება. ვალი თქვენ კი არა, თქვენს საოცნებო ქვეყნებს – იაპონიასა და აშშ-საც ახრჩობს. რა მერე, ვერ ცხოვრობენ მეფურად თუ რა?!
ეს ადრე იყო ვალში ცხოვრება სირცხვილი და პრობლემა, ახლა – პრესტიჟი და სახელია. თუ შეგიძლია ვიღაცისგან ისესხო, ესე იგი, მაგარი ხარ, პატივს გცემენ! რა გინდა კიდევ, ცოტაა? მერე? მერე მოვა ან კრიზისი, ან ღორის გრიპი, ან ცხვრის და ფრინველის, რა გამოლევს მაგათ, და ჩამოწერს ყველაფერს ან შეამცირებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ კრედიტ-ინფოს ცუდ გადამხდელთა სიაში მთელი საქართველო მოვახვედროთ და მთელი საქართველო იქნება ცუდი გადამხდელი. მერე რას იზამენ ბანკები? უცხოპლანეტელებს ან ახალდაბადებულებს, მაგალითად ჩემს შვილიშვილ ლუკას ხომ არ მისცემენ კრედიტებს. რაღაც ხომ უნდა ქნან? ხოდა, დახევენ ამ შავ სიას თვითონვე. ამას წინათ ოფისში მეტად მიმზიდველი მანდილოსანი მეწვია და შემომთავაზა… არა, სხვა რამე არ იფიქროთ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. შემომთავაზა მომსახურეობა. ისევ ვერ გაიგეთ – სიის ყიდვა, შავი სიის, ე.წ. ურჩგადამხდელების. მე ვუთხარი, რად მინდა, ავიღებ მოსახლეობის აღწერის დოკუმენტს ან საარჩევნო სიას და თანაც ურჩგადამხდელების სიას პოლიტ-ელიტის გამოკლებით-თქო. უფრო მეტიც, ეს სია საერთაშორისო გავხადოთ და შევიყვანოთ ჩვენი მეგობრები: ამერიკა, იაპონია, საბერძნეთი, ესპანეთი. და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.
ერთი საახალწლო ანეკდოტი გაამხსენდა: ძუკუს მეზობლის ვალი ჰმართებს, 1000 ლარი. ერთხელ სთხოვა მეზობელმა. ძუკუმ უთხრა, არ მაქვსო. შემდეგ საახალწლოდ მივიდა – 1000 ლარი არ მინდა, 800 მაინც მომეცი საახალწლოდო. კაი, ვნახავო ძუკუმ. ხოდა, რომ არაფერი ისმოდა ძუკუსგან, 31 დეკემბერს მიუვარდა გაბრაზებული მეზობელი ძუკუს და უღრიალა – 800 ლარი არ მინდა, 500 მაინც გადამიხადე, ოღონდ ახლავე მითხარი, როდის მომცემ ფულსო. რა გააჭირე საქმეო, ხმა ამოიღო ძუკუმ, ხომ ხედავ ნელ-ნელა გიფარავო! ეს ძალიან ძველი ანეკდოტია, მაგრამ თეორიულად ძუკუ შუმპეტერთან ახლოსაა.
ხედავთ, არცთუ ისე ცუდად არის საქმე. ახალ წელს ყველაფერი კარგად იქნება, გაუმარჯოს ვალების მსოფლიოს! სრულიად მსოფლიო მევალეების სახელით გილოცავთ ახალ წელს და იაპონიის და ამერიკის ვალებით დახუნძლულების ყოფა და ბედი მოგეცეთ ვეფხვის წელს.
ეს არის ინოვაციების ეკონომიკა, იცვლება ქვეყანა, იცვლება მიდგომები და იცვლება თეორიები.
იმედია, შეიცვლება ჩვენი ეკონომიკა, ცხოვრების პირობები, ვალებთან დამოკიდებულება და კრედიტ-ინფოს სიაც.