საქართველოს მთელი თავისი შეიარაღება NATO-ს სტანდარტებზე გადაჰყავს
თარგმნა ია ბაკურაძემ
თბილისში გამართულ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ილია კლებანოვმა სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელმაც, სათანადო რეზონანსი, რატომღაც, არ გამოიწვია. 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ახალქალაქსა და ბათუმში თავისი დისლოცირებული ბაზების გაყვანას სთავაზობს. “ჩვენ ეს ვადა ავირჩიეთ, რადგან ჯარების გაყვანას მხოლოდ რუსეთის მხარე აფინანსებს”, – აღნიშნა კლებანოვმა. თუმცა, მან არ გამორიცხა ბაზების ლიკვიდაციისა და გაყვანის ვადებში კორექტივების შეტანის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთის ქვეყნები საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანისათვის სახსრებს გამოყოფენ.
რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამხედრო ბაზების გაყვანის ოპერაცია 4,3 მილიონ მანეთად არის შეფასებული. “ჩვენ პოლიტიკური პრობლემები არ გვაქვს, მხოლოდ ფინანსური და ტექნიკური სიძნელეების წინაშე ვდგავართ”, – აღნიშნა კლებანოვმა.
ვიცე-პრემიერის ასეთი განცხადება, ცოტა არ იყოს, უცნაურია. აღსანიშნავია, რომ თავიდან რუსეთის მხარე დაჟინებით მოითხოვდა საქართველოში თავისი სამხედრო ადგილსამყოფელის 25 წლის ვადით შენარჩუნებას, რაც რუსეთს გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო სჭირდება. თუმცა, სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, რუსეთი საქართველოში თავისი სამხედრო ბაზების ყოფნის (დისლოკაციის) შემოთავაზებულ ვადას მოულოდნელად 15-მდე, ხოლო შემდეგ 14 წლამდე ამცირებს.
გაკვირვებას იწვევს რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ტონალობაც. ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში (პუნქტი 3), რომელიც 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში გამართული ეუთოს სამიტის ოქმით დაფიქსირდა, საუბარია იმაზე, რომ “საქართველო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, ბათუმსა და ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზების დისლოკაციის ადგილებზე რუსეთის მხარეს თავისი სამხედრო ძალების დროებითი გაშლის უფლება მისცეს”. რაც შეეხება საქართველოში მათი ფუნქციონირების ვადებსა და წესებს (პუნქტი 5), მხარეები ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2000 წელს უნდა შეთანხმებულიყვნენ. აქედან გამომდინარე, სტამბოლის სამიტის მონაწილეების ჩანაფიქრით, რუსეთს მოლაპარაკება თავისი ჯარების დროებითი განლაგების ვადების და არა მათი გაყვანის შესახებ, უნდა ეწარმოებინა. ეს კი, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე არ არის და რუსეთისთვის საკმაოდ პრინციპულ ხასიათს ატარებს.
ამასობაში, საქართველოს მხარესთან მოლაპარაკების დროს, მოსკოვი თავის პოზიციებს თანდათანობით თმობს – იჩენს დაჯგუფების შემცირების ინიციატივას და ქვეყნიდან თავისი სამხედრო ნაწილების უფრო სწრაფ გაყვანაზე თანხმდება.
სამხედრო ექსპერტები ხაზს უსვამდნენ რუსეთისთვის ვაზიანისა და გუდაუთის აეროდრომების მნიშვნელობას. თუმცა, ამ ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის გამოყვანასთან ერთად, ეს საკითხი, ერთგვარად, პრობლემატური გახდა. ვაზიანის აეროდრომს, ფაქტიურად, ქართული მხარე აკონტროლებს, რასაც ვერ ვიტყვით გუდაუთაში განლაგებული ანალოგიური ობიექტის შესახებ. როგორც ქართველი, ისე რუსი ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ გუდაუთიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გამოყვანის შემდეგ, აეროდრომს აფხაზები ჩაიგდებენ ხელში. მოსკოვმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს გუდაუთის აეროდრომზე თავისი კონტროლის შენარჩუნების მიზნით. თუმცა, თბილისში კლებანოვმა განაცხადა, რომ “გუდაუთიდან წასვლის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციები უცვლელია”.
14 მაისს გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ გამორიცხავს იმ ვარიანტს, რომლის თანახმად საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ, მათ ადგილს სხვა სახელმწიფოს სამხედრო ნაწილები დაიკავებენ. თუმცა, მისივე არაერთი განცხადების თანახმად, საქართველო NATO-სთან პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს. 2000 წელს, მარნეულში, თურქეთის დაფინანსებით, მოდერნიზებულ იქნა სამხედრო აეროდრომი. რეკონსტრუქცია თურქეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს, რომლებმაც ყველა საჭირო საშენი მასალა შემოიტანეს.
საქართველოს არმიას მთელი თავისი შეიარაღება NATO-ს სტანდარტებზე გადაჰყავს. შეერთებული შტატებისა დაNATO-ს ემისრები თბილისის ხშირი სტუმრები გახდნენ. ფოთის რაიონში იგეგმება ალიანსის ფართომასშტაბიანი მრავალეროვანი საზღვაო მზადება “ჩოოპერატივე Pარტნერ-2001”-ის სახელწოდებით. მანევრებზე წარდგენილი იქნებაNATO-ს სტანდარტებზე გადასული საქართველოს საზღვაო-სამხედრო ძალების 8 გემი, ასევე აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, გარმანიის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, შვედეთისა და აზერბაიჯანის გემები. მთლიანობაში, მოქმედებაში დაახლოებით 40 სამხედრო გემი, 12 გამანადგურებელი, 2 წყალქვეშა ნავი, 2 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და 3 კორვეტი იქნება მოყვანილი. საზღვაო-სამხედრო ძალების გარდა, მზადებაზე საქართველოს საზღვაო ქვეითი ჯარის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მესაზღვრეებიც იქნებიან. ამ მანევრებში რუსეთის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის…