ზრდის პროგნოზი ოპტიმისტური ხდება

რედაქციისგან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებები უფრო ოპტიმისტური გახდა და მძიმე საფინანსო კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას იგი ბევრად სწრაფი ტემპებით ვარაუდობს. სსფ-ის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის აღდგენას ხელს შეუწყობს ფორმირებად ბაზრებზე სიტუაციის გაუმჯობესება, ისეთები, როგორებიცაა: ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი.

ბოლო მოხსენებაში – “მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პრესპექტივები”” საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ ეკონომიკის აღდგენა 4.2%-ის ფარგლებში იწინასწარმეტყველა, ხოლო 2011 წელს – 4,3%.
სსფ-ის ეკონომისტის, ოლივიე ბლანშერის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა აღდგენის ყველაზე მნიშვნელოვან სტა-დიაში იმყოფება, ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნები უფრო ჩქარა ჯანსაღდებიან, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
როგნოზების თანახმად, აზიაში ყველაზე სწრაფი – 8,7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი ევროპისა და იაპონიის ეკონომიკების ზრდის ტემპს გაუსწრებს, მაგრამ ჩამორჩება ჩინეთსა და სხვა განვითარებად ქვეყნებს.
აშშ-ში მომხმარებლები, რომლებიც კრიზისამდე ეკონომიკური ზრდის მთავარ მომოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ, ახლა ძალიან წინდახედულად იქცევიან, ხოლო ევროპაში, სადაც ბანკები ფინანსურ შუამავლობაში მთავარ როლს თამაშობენ, საბანკო სექტორის დასუსტებამ დაკრედიტების მოცულობა შეამცირა. იაპონიაში დეფლაციამ იჩინა თავი, რაც იწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას და ეკონომიკური აღმავლობის ისედაც სუსტ პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს. მოსალოდნელია, რომ ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი 10%-ს შეადგენს, ინდოეთში – 8,8%-ს, ხოლო აშშ-ის ეკონომიკა 3,1%-ით გაიზრდება. იმ 16 ევროპული სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის ტემპი, სადაც ეროვნულ ვალუტას ევრო წარმოადგენს, ერთი პროცენტი იქნება.
აშშ
2010 წლის მარტის შედეგების მიხედვით, აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები 1,4%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის მხოლოდ ერთპროცენტიან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამრეწველო ინდექსი (PPI) 2010 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა, ანალიტიკოსები კი, მხოლოდ 0,5%-იან ზრდას ელოდნენ. სამრეწველო ფასები ენერგომატარებლებისა და სასურსათო პროდუქტებზე ფასების გამოკლებით, აშშ-ში მარტში გასულ თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა.
მეორად ბაზარზე სახლების გაყიდვები წლიური გამოთვლით, 2010 წლის მარტში 6,8%-ით გაიზარდა და 5,35 მილიონი ერთეული შეადგინა. ასეთი მონაცემები გაავრცელა აშშ-ის რიელტორების ეროვნულმა ასოციაციამ. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი გასულ თვეს 5,35 მილიონი ერთეული იქნებოდა. 2009 წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, გაყიდვების წლიური მოცულობა 16,1%-ით არის გაზრდილი. აშშ-ში ბინის საშუალო ღირებულებამ 2010 წლის მარტში 170,7 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 0,4%-ით მაღალია, ვიდრე 2009 წლის მარტში.
რაც შეეხება ახალ სახლებს, 2010 წლის მარტში დაზუსტებული თებერვლის მონაცემებთან შედარებით ის 26,9%-ით გაიზარდა და შეადგინა 411 ათასი ერთეული. ანალიტიკოსები 330 ათას ერთეულს ვარაუდობდნენ. მონაცემები აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ახალი სახლების გაყიდვების მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,9%-ით გაიზარდა.
აშშ-ში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთის მოცულობა 2010 წლის მარტში, წინასწარი მონაცემებით, გასულ თვესთან შედარებით 1,3%-ით შემცირდა და 176,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 0,4%-იან ზრდას ელოდნენ.
გერმანია
გერმანიაში სამრეწველო ფასები 2010 წლის მარტში გასულ თვესთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებლები ქვეყნის ფედერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 0,5%-იან ზრდას ელოდნენ. 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამრეწველო ფასები 1,5%-ით შემცირდა. თებერვალში სამრეწველო ფასები თვიური გამოთვლით არ შეცვლილა, ხოლო წლიურში – შემცირდა 2,9%-ით.
საქმიანი მოლოდინის ინდექსი 2010 წლის აპრილში მარტის 44,5 პუნქტთან შედარებით 53 პუნქტით გაიზარდა. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს ინდიკატორი 45,1 პუნქტის დონეზე იქნებოდა. მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდიკატორმა გერმანიაში აპრილში მინუს 39,2 პუნქტი შეადგინა გასული თვის მინუს 51,9 პუნქტთან შედარებით, როცა მინუს 48 პუნქტს პროგნოზირებდნენ.
საქმიანი განწყობის ინდექსი 2010 წლის აპრილში მარტთან შედარებით გაიზარდა და 101,6 პუნქტი შეადგინა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 98,7 პუნქტი იქნებოდა.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის მშპ 2009 წლის IV კვარტალთან შედარებით 2010 წლის I კვარტალში 0,2%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სამსახური აქვეყნებს. ანალიტიკოსები უფრო ოპტიმისტურ ზრდას ელოდნენ 0,4%-ის ფარგლებში. წლიური გამოთვლით, დიდი ბრიტანეთის მშპ 2010 წლის I კვარტალში 0,3%-ით შემცირდა.
I კვარტალში დიდ ბრიტანეთში მომსახურების სფეროში გამოშვება წინასწარი მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო დარგებში გამოშვება – 0,7%-ით. საცალო ვაჭრობა გასულ თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ თვიურ გამოთვლაში ეს მაჩვენებელი 0,5%-ით გაიზრდებოდა. 2009 წელთან შედარებით 2010 წელს საცალო ვაჭრობა 2,2%-ით გაიზარდა.
დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მოცულობა 2010 წლის მარტში შემცირდა და 4,8% შეადგინა. მარტის თვეში უმუშევრობის გამო დახმარებისთვის ხელისუფლებას თებერვალთან შედარებით 32.9 ათასით ნაკლებმა ადამიანმა მიმართა.
დიდ ბრიტანეთში 2010 წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასებმა 3,4%-ით მოიმატა, ანალიტიკოსები 3,1%-იან ზრდას მოელოდნენ. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი (ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოკლებით) წლიური გამოთვლით მარტში 3%-ით გაიზარდა.
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის აღდგენა ორჯერ შენელდა
დიდმა ბრიტანეთმა წამყვან ევროპულ სახელმწიფოთა შორის პირველმა შეაჯამა მიმდინარე წლის I კვარტალი. შედეგები გამაწბილებელია, იმდენად, რამდენადაც მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2009 წლის ბოლო ტრიმესტრთან შედარებით დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის აღდგენის ტემპი ორჯერ არის შენელებული. გასული წლის IV კვარტლის საბოლოო მონაცემები აპრილში გახდა საჯარო, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური აქტივობის ზრდა ექსპერტების მიერ ნავარაუდევზე მაღალია. ბრიტანეთის ეკონომიკის აღდგენის წინსმსწრებმა ტემპმა, ახლანდელ პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების სადავეებთან დარჩენის შანსი მისცა. თუმცა, 2010 წლის I კვარტლის მონაცემები არც ისე ოპტიმისტურია და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა ბრიტანეთში გრძელდება, ახლანდელი მონაცემები პრემიერის იმიჯზე კარგად არ იმოქმედებს. გორდონ ბრაუნისთვის სიტუაციის დრამატულობა მდგომარეობს არა იმაში, რომ მონაცემები, რომელიც გადაიხედა, ექსპერტების უმრავლესობის აზრით, პირველ შეფასებაზე მაღალი აღმოჩნდება, არამედ იმაშიც, რომ ახლანდელ ანგარიშში გამოყენებულია ბრიტანული კომპანიების 40%-ის (40 000-მდე) მხოლოდ ამ წლის პირველი ორი თვის მონაცემები და მხოლოდ 20 000 კომპანიის მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემები. თუმცა, არჩევნებამდე გადასინჯული მონაცემების გამოქვეყნება არ იგეგმება, რაც მნიშვნელოვნად დაასუსტებს მმართველი ლეიბორისტების ახლანდელი ლიდერის პოზიციებს.
მოკლედ, ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ ლონდონში განაცხადა, რომ მშპ-ის ზრდამ I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0,2% შეადგინა, მაშინ, როცა ექსპერტები 0,4%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. ასე რომ, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არა თუ შენელდა, არამედ ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა პროგნოზირებულზე. მოსალოდნელზე ცუდი აღმოჩნდა წლიური შედეგი – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ 0.3%-ით შემცირდა (მოსალოდნელი იყო 0,1%).
ნისლიან ალბიონზე ეკონომიკური აქტივობის შემცირება, პირველ რიგში, ჯერ არნახულ ცივ ზამთარს უკავშირდება. ყინვამ, რომელიც 1979 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა, გზებზე მოძრაობის პარალიზება მოახდინა, რის შედეგადაც შემცირდა ტვირთის გადაზიდვა, მშენებლობის მოცულობა, საუბარი არ არის იმაზე, რომ შემცირდა სამომხმარებლო ხარჯები, რადგან ბრიტანელები იძულებულნი იყვნენ სახლში გამოკეტილიყვნენ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაყიდვებიდან გადასახადი გაზარდა. ყოველივე ამის შედეგად, სამრეწველო წარმოება, რომელიც მთელი ბრიტანული ეკონომიკის 17%-ს წარმოადგენს, I კვარტალში 0,7%-ით გაიზარდა, მომსახურების სფეროში აქტივობა (ეკონომიკის 76%), მხოლოდ 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო მშენებლობის მოცულობა 0,7%-ით დაეცა.
ეკონომიკური ანგარიშის რეზიუმირებისას, გორდონ ბრაუნმა აღნიშნა, რომ “განმეორებითი ვარდნის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ დახმარება სჭირდება მასტიმულირებელი ღონისძიებებით, ხოლო კონსერვატორების ლიდერის, დევიდ კამერონის გეგმა – უკვე მიმდინარე წელს შეამციროს ხარჯები, ეკონომიკური ზრიდსთვის რისკს შეიცავს”.
მართლაც, წინასაარჩევნო დებატები სამი პარტიის ლიდერებს შორის, რომლებსაც მმართველობაზე პრეტენზიები გააჩნიათ, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ასე რომ, რიტორიკის სიმძაფრე მხოლოდ გაიზრდება. იმ დროს, როცა გორდონ ბრაუნი ეკონომიკის მხარდასაჭერად იბრძვის, კონსერვატორების ლიდერი ბოლოდროინდელი მოვლენებით სპეკულირებს, როგორიც არის საბერძნეთის სახელმწიფო ვალები და არჩევანს ბრიტანეთის მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტის გადაუდებელ შემცირებაზე აკეთებს. საინტერესოა, რომ მოსახლეობის გამოკითხვით, პირველ ადგილზე კონსერვატორები არიან (34%), მეორეზე – ლეიბორისტები (29%), ხოლო შემდეგ – ლიბერალ-დემოკრატები (28%).
რასაკვირველია, ეკონომიკური ზრიდს ტემპის შემცირება I კვარტალში გორდონ ბრაუნისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ასეთ ზურგში დარტყმას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, არ ელოდა. იგი კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნებში სწორედ ეკონომიკური ზრდა იქნება გადამწყვეტი.
ანალიტიკოსები დიდი ბრიტანეთში დღეს შექმნილ მდგომარეობას აშშ-ში 1992 წლის წინასაარჩევნო მოვლენებს ადარებენ, მაშინ ბილ კლინტონმა გაიმარჯვა გადამწყვეტი ფრაზით: ვიმეორებ სულელებისთვის – ეს ეკონომიკაა! (It’s the Economy, Stupid).
გერმანიის ეკონომიკის აღდგენის ტემპები პროგნოზებს არღვევს
გერმანიის ბიზნეს-სექტორში აპრილმა მოკლევადიანი თავდაჯერებულობა გააჩინა, რადგან პოსტკრიზისული აღდგენა ძალას იკრებს. საბერძნეთის ფისკალური პრობლემებმა ევროპის ქვეყნების საექსპორტო საქონელი გააიაფა. ევროპულ ექსპორტზე მოთხოვნის ზრდამ და ზამთრის დასასრულმა, რომელიც ბოლო 14 წლის მანძილზე უმკაცრესი იყო, უმუშევრობის დონის შემცირებამ ინვესტორებს თავდაჯერებულბა შეჰმატა, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების ტრენდი გაგრძელდება.
ასე რომ, საქმიანი განწყობის ინდექსი, რომელსაც მიუნხენის ეკონომიკური გამოკვლევების ცენტრი ითვლის (IFO), 2010 წლის აპრილში მარტთან შედარებით გაიზარდა 3,4 პუნქტით და 106,6-იან ნიშნულს მიაღწია (გამოკითხულია 7000 კომპანია). ანალიტიკოსები მარტის მაჩვენებლის გათვალისწინებით (98,2) პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 98,7 პუნქტი იქნებოდა.
ევროპის ეკონომიკის მთავარი ორთქმავალი, როგორც ჩანს, სიჩქარეს კრებს. თებერვალში გერმანული ექსპორტი 5,1%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო შეკვეთები ევროკავშირში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მხრიდან – 2,9%-ით. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი ტენდენცია გაგრძელდება. ახლა გერმანია გამოჯანსაღების ნიშნებს უფრო აქტიურად აჩვენებს, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით მისი სამხრეთი. როგორც უმსხვილესი გერმანული გამოცემა “შპიგელი” იუწყება, ხელისუფლებამ გაახლა თავისი პროგნოზები და წელს მშპ-ის 1,4%-იან, ხოლო 2011 წელს 1,6%-იან ზრდას ელოდებიან.
გერმანიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 4 თვის წინ გაკეთებული პროგნოზით, წელს 3,7 მილიონი ადამიანი იქნებოდა უმუშევარი, რაც უმუშევრობის 8,9%-იან დონეს შეესაბამება. მაგრამ გადასინჯული მონაცემები აჩვენებენ, რომ ოფიციალური ხელისუფლება ასევე ოპტიმისტურია აღდგენის საკითხშიც. ახალი შეფასება არის – 3,4 მილიონი ადამიანი წლის ბოლომდე და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ წელსაც შენარჩუნდება უმუშევრობის 2009 წლის დონე – 8,2%.
გერმანიის წამყვანი ეკონომიკური ინსტიტუტები სხვაგვარად ხედავენ გერმანული ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივას, წელს “შპიგელი”. შეთანხმებული შეფასებით, მშპ-ის ზრდა 2010 წელს 1,5% იქნება (ოფიციალური 1,4%-ის მაგივრად), ხოლო 2011 წელს 1,4% (ოფიციალური 1,6%-ის მაგივრად).
ყოველივეს ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მართალია, გერმანულ ექსპორტზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ გასაცნობიერებელია ის გარემოება, რომ, თუ ევროზონის პერიფერიული ქვეყნები მომავალშიც გააგრძელებენ ევროზე ზეწოლას, ეკონომიკის ზრიდს ეფექტი ექსპორტის ხარჯზე მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში უშველის საქმეს. მომავალში ევროს დასუსტებამ და სპრედის შემცირებამ, შესაძლებელია ინვესტიციები ევროსა და, შესაბამისად, ევროზონის ქვეყნებში ნაკლებად მიმზიდველი გახადოს. გასაგებია, რომ გერმანია ჩინეთი არ არის, მისი სიმძლავრითა და შიდა ბაზრის პოტენციალით. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბოლო დროს ჩინურ იუანში ინვესტიციების შემოსავლიანობა, უკეთესის სურვილს ტოვებს: “ნაციონალური ვალუტის რევალვაციის მიმართ ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულება უფრო პოლიტიკურ “შოუ-ბიზნესს”” განეკუთვნება, ვიდრე ინვესტორების პრაგმატულ გათვლებს””, – აღნიშნავს ჯერი ლიუ (ანალიტიკოსი Morgan Stanley-დან).
“თუკი ევროზონა მიუახლოვდება იმ ნიშნულს, როცა პერიფერიების ქვეყნები ევროკავშირის საკვანძო ბლოკისგან დაფინანსებას მოითხოვენ, ეს ძალიან ცუდი იქნება. იმის ნიშნები, რომ ევროზონის ქვეყნების საკრედიტო რისკი ვრცელდება და სპრედი მცირდება, რა თქმა უნდა, ევროზონის ქვეყნებს ინვესტიციებისთვის არამიმზიდველს გახდის””, – აცხადებს Commerzbank-ის სავალუტო ოპერაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ურლიხ ლოიხტმანი.
ევროზონაში პერიფერიული სახელმწიფოების პრობლემები საერთო ეკონომიკური შოკების დროს ევროკავშირის ინსტიტუტის და საერთო ვალუტის მოწყვლადობას აჩვენებს.
ჯერჯერობით, ევროპაში მწარმოებლები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ეს აისახება არა მხოლოდ საქმიანი განწყობის ინდექსზე, არამედ – ეკონომიკური განწყობის ინდექსზეც, რომელსაც ZWE-ის ინსტიტუტი იკვლევს. ინდექსმა აპრილში 8,5 პუნქტი დაიმატა, II კვარტლის დასაწყისში ფსიქოლოგიური ნიშნული – 50 პუნქტი გადალახა და 53 პუნქტს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც გადახედეს თავიანთ პროგნოზებს და გლობალურ ეკონომიკას 2010 წელს 4,2%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველეს (ადრინდელი პროგნოზით 3,9%).
აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარს აღდგენის ნიშნები დაეტყო
აპრილის პოლო კვირას გამოქვეყნებული აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლები იმდენად პოზიტიურია, რომ ექსპერტები სერიოზულად დაფიქრდნენ, მართლა ხომ არ გაჩნდა ამერიკის უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის ნიშნები. მარტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკელმა მომხმარებელებმა ფულის ხარჯვა დაიწყეს, ხოლო სამრეწველო წარმოება ეკონომიკის ყველა დარგში იზრდება. თუმცა, არც ერთი ეკონომისტი არ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკის ეკონომიკა წარმატებით დაიძრა “კრიტიკული წერტილიდან”” და ახლა ნამდვილად გაჯანსაღების პროცესშია, თუკი არ მოხდება შრომისა და უძრავი ქონების ბაზრების აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი გარდატეხა. თუმცა, უძრავი ქონების პირველად ბაზარზე მარტში მიმდინარე გამოცოცხლება დიდი მოულოდნელობა იყო ყველაზე გამოჩენილი ექსპერტებისთვისაც კი. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცმებით, უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვები 2010 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 26,9%-ით გაიზარდა, როგორც მიმომხილველები ამბობენ, ეს არის ბოლო 47 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი შედეგი. გაყიდვების წლიურმა მაჩვენებელმა, სეზონური შესწორებების გათვალისწინებით, მარტში 324 ათასიდან 411 ათასს მიაღწია, მაშინ, როცა 308-325 ათასს ვარაუდობდნენ.
გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა აშშ-ის ოთხივე რეგიონში, ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა აშშ-ის სამხრეთით – აქ გაყიდვების მოცულობა 44%-ით გაიზარდა. ახალი ბინების საშუალო ფასი მარტში წლიურ გამოხატულებაში გაიზარდა 4,3%-ით და 214 ათას დოლარს მიაღწია.
ამის პარალელურად, აშშ-ის უძრავი ქონების 90% მეორად ბაზარზე მოდის. ამიტომაც, ამ ბაზრის სტატისტიკა პრიორიტეტულ როლს თამაშობს. უძრავი ქონების მეორადმა ბაზარმა თითქმის ისეთივე შთამბეჭდავ მაჩვენებლებს მიაღწია, როგორც პირველადმა და თანაც, აღმავალი დინამიკა აჩვენა ბოლო 4 თვის მანძილზე. ეროვნული რიელტორების ასოციაციის (NAR) მონაცემებით, თებერვალთან შედარებით მარტში მეორად ბაზარზე 6,8%-იანი ზრდა შეინიშნება (მოსალოდნელი 5,3%-ის ნაცვლად). გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 5,01-დან 5,35 მილიონამდე გაიზარდა (ვარაუდობდნენ 5.29 მილიონს), ხოლო საშუალო ფასი ამ ბაზარზე მარტში 0,4%-ით გაიზარდა და 170 700 დოლარს მიაღწია.
ასე რომ, უძრავი ქონების სახელგანთქმულმა სექტორმა, რომელმაც სათავე დაუდო მსოფლიო ეკონომიკურ კოლაფსს, აღდგენის ნიშნებს აჩვენებს.
უძრავი ქონების პირველად და მეორად ბაზრებზე მიმდინარე წლის მარტში გაყიდვების ზრდა განპირობებულია სამთავრობო პროგრამით, რომლიც შეღავათიან დაკრედიტებას მოიცავს და ასევე, დიდ როლს თამაშობს ამინდის გამოსწორებაც. 8000 დოლარის მოცულობის კრედიტის გაცემამ იმ პირებისთვის, რომლებიც პირველად ყიდულობენ ბინას, ბაზარზე მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეიტანა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა თავის პროგრამის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა (მოცულობა 1.25 ტრილიონი დოლარი).
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის უძრავი ქონების ბაზრისთვის გადამწყვეტი II კვარტალი იქნება, რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენას, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ნელი და რთული ხასიათის პროცესი იქნება.
იაპონიის ხელისუფლება სამომხმარებლო მოლოდინის “ხავსს”” ეჭიდება
აშშ-ისა და ევროზონის ეკონომიკების ზრდა, ჩინეთის შიდა მოთხოვნა, როგორც არასოდეს ისე აძლევს ხელს იაპონიას. ექსპორტის ხარჯზე გამოჯანმრთელებული იაპონური ეკონომიკა თავის ცალკეულ სექტორებში სუსტი გაჯანსაღების ნიშნებს აჩვენებს. იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდექსმა, რომელიც მომსახურების სფეროში მაკროეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს, თებერვალში დაიწია 0,2%-ით, მაშინ, როცა ანალიტიკოსები -1,0%-იან ვარდნას ელოდნენ.
ექსპორტზე ორიენტებული ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა მოხმარების სტიმულირება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ერთი ფისკალური ხასიათის ღონისძიება სამომხმარებლო სექტორისთვის მულტიპლიკატორის ეფექტს არ შექმნის, სამომხმარებლო სექტორი კი, იაპონიის მშპ-ის ნახევარზე მეტს ქმნის.
ჯერჯერობით, ჩინეთში ექსპორტის ზრდის ტემპი პრაქტიკულად უცვლელია: მარტში 47,7%, თებერვალში 47,6%. რაც შეეხება აშშ-ში ექსპორტის ზრდის ტემპს, დაეცა თებერვლის სარეკორდო 50,5%-დან 29,5%-მდე, რაც ნამდვილად ცუდის მომასწავებელია. ასე რომ, სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა თითქმის 949 მილიარდი იენი შეადგინა, ექსპერტების მოლოდინზე, რაც ნაკლებია – 1 ტრილიონ 300 მილიონი იენი. როგორც ჩანს, აშშ-ის მხრიდან მოთხოვნის შემცირება ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ელოდნენ. ერთობლივად იაპონიის ექსპორტი მარტში 52,9%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე დეფლაცია ხელსაყრელი ნიადაგია სხვადასხვა სახის პოლიტიკური განცხადებებისთვის და იაპონიის მთავრობაზე თავდასხმისათვის იაპონიის ბანკზე ზემოქმედების მოწოდებით. როგორც სააგენტო “როიტერი”” იტყობინება, ასობით ადამიანი მმართველი პარტიიდან გამოდის მოწოდებით, რომ ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკური ზრდისთვის აქტიური ღონისძიებები გატარდეს.
იაპონიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა წელს ინფლაციას 1%-დან 2%-მდე ელოდება. ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გარე მოთხოვნა გავრცელდება არა მხოლოდ სამომხმარებლო მოლოდინზე, არამედ შრომის ბაზარზეც. იმდენად, რამდენადაც უმუშევრობა თებერვალში ისევე დაბალ ნიშნულზე დარჩა (4,9%), როგორც იანვარში, მიმდინარე ნიშნული პოლიტიკოსებისთვის მანევრირების ასპარეზია.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ოპტიმისტურად განწყობილი დიასახლისების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. ასე რომ, სამომხმარებლო რწმენის ინდექსი აპრილში 40,9 პუნქტამდე მივიდა (მარტისა 39,8), რამაც სასიამოვნოდ გააკვირვა ანალიტიკოსები, რომლებიც უფრო პესიმისტურები იყვნენ თავიანთ პროგნოზებში.
იმ დიასახლისების რაოდენობა, რომლებთაც იმედი აქვთ, რომ ფასები დაიწევს, მცირდება. დეფლაციის მოლოდინი ნეგატიური ფაქტორია, რომელიც შინამეურნეობას უბიძგებს მიმდინარე მოხმარება სამომავლოდ გადადოს, ფასების დაწევა ხომ საქონელს უფრო იაფს ხდის.
“სავარაუდოა, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი დაიწევს, როცა იაპონიის საზღვრებს გარეთ არსებული ფირმები თავიანთ მარაგებს შეავსებენ, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის სამომავლო გაჯანსაღება შეძლებს, რომ დაძლიოს ეს ნეგატიური და შემაფერხებელი ეფექტი”” – სააგენტო “როიტერთან”” საუბარში აცხადებს ეკონომისტი იაშიმასა მარუიამა (Itochu Corp).
მანმადე იაპონიის მთავრობა მთელი ძალებით ცდილობს ეკონომიკის ადღდგენის ვიწრო ბილიკიდან არ გადაუხვიოს, რომელზედაც სამომხმარებლო რწმენა იქნა გაყვანილი ექსპორტზე ორიენტებულობის ზრდით. ქვეყნის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ოჯახებს თითო ბავშვზე უნდა დაურიგდეთ თვიური შემწეობა 13 ათასი იენის ოდენობით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იუკიო ხატოიამა მომავალ წელს ხალხს ამ თანხის გაზრდასაც დაჰპირდა 26 ათას იენამდე.
ნავთობის ფასი
აპრილის ბოლო კვირაში ნავთობის ფასის უარყოფით დინამიკას განსაზღვრავდა რისკებისგან თავდაცვის ტალღა, რომელიც გამოწვეული იყო Goldman Sachs-ის თაღლითობაში დადანაშაულებითა და ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო პარალიზებული ავიაგადამზიდების მხრიდან საწვავზე მოთხოვნის კლებით.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ SEC-ის მიერ Goldman Sachs-ის წინააღმდეგ აღძრული საქმე ისევ დღის წესრიგში დააყენებდა ბანკების საქმიანობის რეგულირების საკითხს. გამორიცხული არც ის არის, რომ გამოძიება ბიზნესის სხვა სფეროებსაც გადასწვდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ნედლეულის ბაზარზე Goldman Sachs უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ბაზრის სხვა მოთამაშეები დესტაბილიზაციას უფრთხიან და მოგებას აფიქსირებენ. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ მოთხოვნა-მიწოდების მაჩვენებელს ნავთობის ფასის მოკლევადიან დინამიკაზე შეზღუდული ზეგავლენა აქვს.
ფუნდამენტალურმა მაჩვენებლებმა ნავთობის ბაზარზე არანაკლები ზეგავლენა მოახდინა. ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევამ 14 აპრილიდან 81 ათასი თვითმფრინავის რეისის გადადება გამოიწვია, ამიტომაც საავიაციო საწვავზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა.
19 აპრლის, New York Mercantile Exchange-ზე ვაჭრობის შედეგებით, WTI მარკის ნავთობზე ფიუჩერსული კონტრაქტებით მაისში მიწოდებამ 1.79 დოლარით დაიკლო და შეადგინა 81,45 დოლ/ბარელი. ხოლო ლონდონის InterContinental Exchange-ზე ვაჭრობისას Brent Crudeნავთობზე ფიუჩერსული კონტრაქტებით ივნისში მიწოდებამ 1,76 დოლარით დაიკლო და შეადგინა 84,23 დოლ/ბარელი.
მომდევნო დღეებში ნავთობის ბაზარზე პოზიტიური სიტუაცია დაბრუნდა, ნავთობის ფასზე მომქმედმა ძირითადმა ფაქტორებმა უკან დაიხიეს. საავიაციო საწვავის გამო შფოთიც მიწყნარდა, რადგან ევროპის ქვეყნებმა საჰაერო სივრცე გახსნეს. გარდა ამისა, Gოლდმან შაცჰს-ის კვარტალურმა ანგარიშმა მის თაღლითობას აქტუალობა დააკარგვინა და ამ გარემოებებმა ნავთობის ფასის დინამიკაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა.
ნავთობის ბაზრის მოთამაშეები აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაკეთებულმა მოხსენებამ გააწბილა, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ საწვავის მარაგები მოსალოდნელზე მეტი იყო. აშშ-ში ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი აპრილის ბოლო კვირას 8,25%-ით გაიზარდა და გასული წლის სექტემბრის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია – დღეში 9,613 მლნ ბარელი. აღმოჩნდა, რომ საანგარიშო პერიოდში მოთხოვნაც მკვეთრად დაეცა 2,8%-ით – დღეში 18,484 მილიონი ბარელი, ხოლო ბენზინზე მოთხოვნა 1,86%-ით დაეცა – დღეში 9,152 მილიონი ბარელი.