პუტინი საარჩევნოდ ბიზნესმენებს ატერორებს, შევარდნაძე…
მოამზადა მარი წიკლაურმა
რუსეთსა და საქართველოში არჩევნები ახლოვდება. რუსეთში პუტინმა აშკარა ომი გამოუცხადა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მის წისქვილზე არ ასხამდნენ წყალს და მათზე ნადირობა დაიწყო. საქართველოში კი, ბიზნესმენებმა პოლიტიკური პარტიები შექმნეს და მათგან ზოგი ხელისუფლებას ებრძვის, ზოგიც, ვითომ ოპოზიციაშია, მაგრამ მასთან თანამშრომლობს. ჩვენთან ბიზნესმენებზე ნადირობა როდის დაიწყება?
2003 წლის გაზაფხული თანამედროვე რუსეთისათვის თვისობრივად ახალი პროცესის დაწყებით იყო აღსანიშნავი. მმართველი ოლიგარქული ფენა სახელმწიფოს ტრანსფორმაციის და აღმასრულებელი ხელისუფლების საკუთარი უნიის უზრუნველსაყოფად მსხვილი ბიზნესის მომზადებას შეუდგა და რუსეთი, ფაქტობრივად, ოლიგარქული გადატრიალების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.
შეიძლება ითქვას, რომ რუსი ოლიგარქები ეროვნული ეკონომიკის ძირითადი ობიექტების პირველადი პრივატიზაციის შემდეგ ამ ქვეყნის სახელისუფლებო სივრცის პრივატიზაციას შეუდგნენ. ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პოსტსაბჭოური რუსეთის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტი, ოლიგარქების მიერ დაგეგმილ ფინალურ მონოპოლიზაციას ხელს უშლის და ოლიგარქული მოდერნიზაციის ლოგიკას საფრთხეს უქმნის.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და ოლიგარქიის ურთიერთობის ფილოსოფია და ტექნოლოგია პრიორიტეტული ყურადღების ობიექტი ხდება, ოლიგარქული მოდერნიზაციის ალტერნატივის ძებნა კი, რუსეთის ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელოვან თუ არა, საკვანძო ელემენტად იქცა.
ბოლო სამი წლის მანძილზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და რაც აღსანიშნავია, ექსპერტებს შორისაც, ტერმინი “ოლიგარქი” მსხვილი ბიზნესმენის და ხშირად უბრალოდ მდიდარი ადამიანის სინონიმად იქცა. ამასთან დაკავშირებით, ამ ცნების აღქმის საზღვრები ძალზე ბუნდოვანი გახდა.
ოლიგარქი არის განსაზღვრული სახელისუფლებო სისტემის სუბიექტი, რომელიც რუსეთში მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩამოყალიბდა.
ოლიგარქია – რჩეულთა ხელისუფლებაა. ამ გაგებით რუსი ოლიგარქისათვის სულაც არ არის აუცილებელი იყოს ბიზნესმენი: ეს არის ფიზიკური პირი, რომელიც მმართველი კასტის (მმართველი ფენის) კრიტერიუმებს პასუხობს. დღეს შეუძლებელია გახდე ოლიგარქი ოლიგარქთა მმართველი კასტის, ან მისი კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობის გარეშე. თუ ვიხელმძღვანელებთ მოცემული განსაზღვრებებით, დღეს Aრუსეთში ოლიგარქებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგალითად: რომან აბრამოვიჩი, მიხეილ ფრიდმანი, ოლეგ დერიპასკუ, მიხეილ ხოდორკოვსკი, ვლადიმერ პოტანინი, ანდრეი მელნიჩენკო და ა. შ.
მათი ფენა რუსეთში საბაზრო მექანიზმებს ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა. ოლიგარქთაA კინკლავი კრემლის სუბიექტური გადაწყვეტილებების ნიადაგზე შეიქმნა, რომელიც 1993-1999 წლებში იყო მიღებული. ოლიგარქული კინკლავის ფორმირების საფუძველი პრივატიზაციის პროცესი იყო: საპრეზიდენტო ხელისუფლებამ ამ კინკლავის სუბიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული პრივატიზაციის ყველაზე მიმზიდველი (პირველ რიგში, სამეწარმეო და ინფრასტრუქტურული) ობიექტები თითქმის უსასყიდლოდ გადასცა.
მომავალი ოლიგარქების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკუთრების უმსხვილეს ობიექტებში გადახდილი თანხები ამ ობიექტების კაპიტალიზაციის (მომგებიანობის) დღევანდელ მაჩვენებლებს რომ შევადაროთ, მივიღებთ:
1995 წელს ნავთობკომპანიაYYukosN-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი (78%) ხოდორკოვსკის და მისი პარტნიორების მიერ კონტროლირებადმაI ჯგუფმა MENATEP-მა 350 მლნ დოლარად შეიძინა. 1997 წელს კი, Yukos-ის აქციებით საჯარო ვაჭრობის დაწყების შემდეგ ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე 9 მლრდ დოლარს მიაღწია. დღეისათვის (“სიბნეფტთან” შერწყმის გამოცხადების შემდეგ) Yukos-ის კაპიტალიზაცია 15 მლრდ დოლარს მიუახლოვდა.
1995 წლის დეკემბერში გაიმართა აუქციონი, რომელზეც ნავთობკომპანია “სიბნეფტის” აქციათა სახელმწიფო პაკეტი (51%) გაიყიდა. იგი ბ. ბერეზოვსკის და რ. აბრამოვიჩის მიერ კონტროლირებადი ფირმების მიერ დაარსებულმა ტანდემმა, “ნავთობის ფინანსურმა კომპანიამ” შეიძინა, რომელმაც სახელმწიფოს 100.3 მლნ დოლარი შესთავაზა. 2000 წელს ნავთობკომპანია “სიბნეფტის” სუფთა მოგებამ 674,8 მლნ დოლარს მიაღწია. 2003 წელს კი, რ. აბრამოვიჩის (რომელიც ბოლო დრომდე ნავთობკომპანიას ერთპიროვნულად აკონტროლებდა), ქონებამ ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, 5.7 მლრდ დოლარი შეადგინა.
ოლიგარქების რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა შეიძლება მხოლოდ კინკლავის სოლიდარული გადაწყვეტილების საფუძველზე (მაგალითები: მმართველი ფანიდან გუსინსკის და ვლადიმერ ბერეზოვსკის განდევნა), ან ქვეყნის მსხვილი საკუთრების რევოლუციური გადანაწილების შემდეგ შეიცვალოს (რაც ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს, ფაქტობრივად, შეუძლებელია).
რუსეთში ოლიგარქულმა წყობამ ფასეულობათა გარკვეული სისტემა გამოიმუშავა. მას შეიძლება ანტიეროვნული ეწოდოს. აღსანიშნავია, რომ როგორც ეკონომიკის სუბიექტები, რუსი ოლიგარქები, მეტწილად, უცხოური ინვესტორების როლში გამოდიან. ოლიგარქული საკუთრება რუსეთის ტერიტორიაზე უცხოურ იურიდიულ პირებზე, უფრო ხშირად ოფშორულ კომპანიებზეა გაფორმებული. ეს დაკავშირებულია არა მარტო დაბეგვრის ოპტიმიზაციის და კორპორაციული ფინანსური ნაკადების ამოცანებთან, როგორც საყოველთაოდ არის მიჩნეული, არამედ ოლიგარქების რწმენასთან, რომ უცხოელი მესაკუთრე რუსეთში გაცილებით უფრო კარგადაა დაცული, ვიდრე სამამულო. შეიძლება ითქვას, რომ რუსი ოლიგარქები რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში მათი პოლიტიკო-ეკონომიკური ინტერესების დასაცავად სხვა სახელმწიფოების რესურსებს მიმართავენ. მაგალითისათვის ისევ ზემოთ ხსენებული ორი კომპანია ავიღოთ:
2002 წლის ივნისში ნავთობკომპანია Yukos-მა კომპანიის უმსხვილეს აქციონერთა სია გამოაქვეყნა. Group MENATEP Limited (გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანია) კომპანია Yukos Universal Limited-ის 100%-ს ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, 2002 წლის 10 ივნისს Yukos-ის აქციების 3,54 %-ს ფლობდა, მისი ქვეგანყოფილებაHulley Enterprises Limited კი, 57,47%-ს. ამგვარად, ოფშორული Gროუპ MENATEP-იYukos-ის Aაქციების დაახლოებით 61% აკონტროლებს. ექსპერტების შეფასებით, მ. ხოდორკოვსკი დე-ფაქტო Group MENATEP-ში ხმების 59,5% ფლობს.
2001 წლის ოქტომბერში ნავთობკომპანია “სიბნეფტის” ძირითადი აქციონერების ჯგუფმა რუსეთის მთელი რიგი უმსხვილესი კომპანიების და საწარმოების აქტივები, კერძოდ კი, კორპორაცია “რუსული ალუმინის” აქციათა 50% და “სიბნეფტის” აქციათა 88% ბრიტანულ კომპანია Millhouse Capital-ს გადასცა საკუთრებაში. მრავალრიცხოვანი წყაროების მონაცემებით, დე-ფაქტო Millhouse Capital-ს რ. აბრამოვიჩი აკონტროლებს.
2002 წის აგვისტოს დასაწყისში Financial Times-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვით, 64 ყველაზე მსხვილი რუსული კომპანიის აქციათა 85% აქციონერთა სულ 8 ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, ესენია: Yukos-ი, რომელსაც მ. ხოდორკოვსკი ხელმძღვანელობს, “ინტერროსი” (ვლადიმერ პოტანინი), “ალფა-ჯგუფი” (მიხეილ ფრიდმანი), “რუსული ალუმინი”, “სიბნეფტი” (რომან აბრამოვიჩი). ეს კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო აღარ აკონტროლებს, ქვეყნის მშპ-ის 25%-ს უზრუნველყოფს.
ისეთი პროცესები, როგორიცაა “სლავნეფტის” აქციათა 75 %-ის პრივატიზაციისათვის გამართული აუქციონი, ქვეყნის სატყეო მეურნეობის აქტივებისთვის და (“საბაზო ელემენტსა” და ჯგუფ Llim Pulp-ს შორის) შპს “გაზპრომის” მმართველი პოზიციებისათვის ბრძოლა, ჯგუფ “რუსული ალუმინის” მესაკუთრეთა აპელირებული სტრუქტურების მიერ რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიის აქციების შეძენის ფონზე და (ასევე ბრძოლა ტელეარხების HHTBA-სა დაTBC-ის ხელში ჩასაგდებად) იმაზე მეტყველებენ, რომ ოლიგარქთა მმართველი ფენა – “რუსული ალუმინის” მესაკუთრეები – ნავთობკომპანია Yukos-სთან და კონორციუმ “ალფა ჯგუფთან” ერთად ქვეყნის უმთავრესი რესურსების მონოპოლიზაციას ცდილობენ. ფინალური მონოპოლიზაცია პოლიტიკურში იქნება ექსტრაპოლირებული (სახელმწიფოზე, პარტიებზე კონტროლი). ამავე დროს, ოლიგართა მმართველი ფენა ექსკლუზიურ პოლიტიკო-ადმინისტრაციულ რესურსებს ეყრდნობა, მთავრობის თავმჯდომარეზე, მ. კასიანოვზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე განსაკუთრებული გავლენის ჩათვლით. ისინი ცდილობენ პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში მათ შეუძლიათ ხელისუფლების საიმედო საყრდენის ფუნქცია შეასრულონ და ამიტომ ყველაფერს, რაც დღეს რუსეთში ხდება, 2003 წლის საპარლამენტო და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამ ტრანსფორმაციას ეწინააღმდეგებიან არა მარტო “რუსული ალუმინის”, “ალფა ჯგუფის”, Yukos-ის მესაკუთრეთა ოპონენტები მმარველი ფენიდან, არამედ, თვით რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეც, რომელიც 2001-2002 წლების საპრეზიდენტო ხელისუფლების კრიზისის დროს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მ. კასიანოვი ფინალური მონოპოლიზაციის მიზნებთან და ლოგიკასთას შეუსაბამისობაში მოვა, ამ პროცესს, მოახლოვებულ არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება თვით პრემიერიც შეეწიროს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2002-2003 წლებში რუსეთში ოლიგარქული დაჯგუფებების სიძლიერის ეკონომიკური საფუძველი შეიქმნა. 1998 წლის დეფლოტის შემდეგ, მათ ეკონომიკურ ბაზად პრივატიზაციის დროს ხელში ჩაგდებული საბჭოური მრეწველობის გიგანტები იქცნენ. რუსი ოლიგარქები მყარად არიან ინტეგრირებულნი ეკონომიკის რეალურ სექტორში და მისი განვითარებისათვის მაკროეკონომიკური პირობების შექმნით დაინტერესებულნი. ოლიგარქების შემოსავლების მთავარ წყაროს ბუნებრივი რენტის მითვისება წარმოაგდენს, რომელიც ფორმალურად სახელმწიფო საკუთრებაა. ეკონომიკური დაჯგუფებების ძირითადი სტრატეგია ადმინისტრატიული რესურსების – სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის ორგანოებში, მონათესავე ძალოვანი სტრუქტურების პირდაპირი ჩარევის ჩათვლით – მომგებიანი ბიზნესების შესყიდვაში მდგომარეობს (ახალი ბიზნესების შექმნა უფრო ხშირად გამონაკლისების სახით ხდება). მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკო-ეკონომიკური ზემოქმედების ბირთვის შექმნა, რომელიც რუსეთის ოლიგარქიის ზემოქმედების კარდინალური გაძლიერების საწინდარის შექმნას, ოლიგარქიის, როგორც პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. დღეისათვის რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროზე ოლიგარქების ზემოქმედების ძირითადი მიმართულებები გამოიკვეთა. ესენია:
1. ენერგეტიკის შესყიდვა – რეგიონალური ენერგოკომპანიების ოლიგარქული დაჯგუფებების შემადგენლობაში ჩართვა;
2. რეგიონების “შესყიდვა” – რეგიონების ხელმძღვანელებთან “ექსკლუზიური” ურთიერთობების დამყარების გზით რუსეთის ფედერაციის სუბიექტების ოლიგარქული იმპერიების შემადგენლობაში შეყვანა;
3. ფედერალურ საკანონმდებლო ორგანოებში ხმების მოსყიდვა – რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დეპუტატებთან ფედერაციის საბჭოში ოლიგარქული დაჯგუფებების პირდაპირი წარმომადგენლების დელეგირებით ნდობაში შესვლა, რამაც ზედა პალატა “ოლიგარქო-რეგიონალურ იმპერიად” აქცია;
4. “ჩრდილოვანი” და პირდაპირი ლობისტური სტრუქტურების შექმნა, რომლებიც როგორც ცალკეული ოლიგარქული დაჯგუფებების, ასევე ზოგადად ოლიგარქიის (კინკლავის) ინტერესებს გამოხატავენ.
რუსეთის ოლიგარქული დაჯგუფებების ფედერალური და რეგიონალური დონის სახელისუფლებო სტრუქტურებთან კავშირები საკმაოდ კარგადაა ცნობილი. რუსეთის ფედერაციის მთავრობა ძველი და ახალი პოლიტიკური სუბელიტარული დაჯგუფებების და მათთან დაკავშირებული ბიზნესების ბრძოლის ველად იქცა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ნავთობის კოლოსალური ლობი მოქმედებს. მსხვილი სანედლეულო კომპანიები არა მარტო მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობენ (ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციებზე და ჯგუფებზე), არამედ დეპუტატთა 25-30-კაციან არაფორმალურ დაჯგუფებებს მთლიანად აკონტროლებენ.
ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ 2003 წლის დასაწყისში სახელმწიფოსა და ოლიგარქიის ურთიერთობათა სისტემაში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. ოლიგარქებმა გადაწყვიტეს, რომ პირველადი პრივატიზაციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი მმართველი ფენისათვის სტაბილურობის გარანტი აღარ არის, უფრო მეტიც იგი საფრთხის პოტენციურ წყაროდ იქცა. პარალელურად გაკეთდა დასკვნები მოქმედი პოლიტიკური ელიტის, როგორც მმართველი კადრების წყაროს, არაეფექტურობის შესახებ. ამის შედეგად, რუსულ ოლიგარქთა მმართველი ფენის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია ხელისუფლების და ზემსხვილი ბიზნესის საკუთარი უნიის უზრუნველყოფა, ანუ მათ ოლიგარქების სახელმწიფოს საკვანძო თანამდებობებზე გაყვანა დაიწყეს.
რუსეთის ოლიგარქიის მმართველმა ფენამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა თავისი ისტორიული მისია შეასრულა და ამიტომ საჭირო აღარ არის (მომავალში კი საშიშიც გახდება სახელმწიფოს მეთაურის ფორმალურად ძალზე ფართო უფლებამოსილებების გამო, რომლებიც მას ხელისუფლების საბაზისო ფილოსოფიის და ტექნოლოგიის კორექტირების საშუალებას აძლევს). ასევე, ვინაიდან ოლიგარქები, როგორც ფიზიკური პირები, საერთო ნაციონალურ არჩევნებში გამარჯვებისათვის საჯარო პოლიტიკურ რესურსს არ ფლობენ, ამიტომ მათ გადაწყვიტეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეეზღუდათ და რუსეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაში ტრანსფორმირება მოეხდინათ. მსგავსი ტრანსფორმაციის ძირითად იდეოლოგად ნავთობკომპანია Yukos-ის (“Yukos სიბნეფტი”) ხელმძღვანელი, მიხეილ ხოდორკოვსკი გამოდიოდა, რომელსაც ღიად თუ ფარულად რუსეთის ოლიგარქული ფულის სხვა საკვანძო ფიგურები (რ. აბრამოვიჩი, ო. დერიპასკა, მ. ფრიდმანი) უჭერდნენ მხარს.
სახელმწიფო წყობის ტრანსფორმაცია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას გულისხმობს. ეს ცვლილებები ოლიგარქული გეგმის თანახმად, შეიძლება ზემსხვილი ბიზნესის კონტროლირებადი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (პარლამენტის ქვედა პალატის ახალი შემადგენლობა, რომელიც 2003 წლის დეკემბერში იქნება არჩეული) და რუსეთის ფედერაციის სუბიექტების საკანონმდებლო ორგანოების უმრავლესობის მიერ უკვე 2004 წელს იყოს განხორციელებული. ამ დროს სახელმწიფო სათათბიროს ლოიალობა ოლიგარქებსა და ძირითად პარტიებს შორის ზემოქმედების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი, რუსეთის ფედერაციის პარლამენტების ლოიალობა კი, ოლიგარქების გავლენით – რეგიონების ეკონომიკაზე.
რუსი ოლიგარქების გეგმის შესაბამისად, უკვე 2004 წელს შესაძლებელი იქნება რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის შექმნა. ახალი კონსტიტუციის თანახმად, შექმნილი მთავრობის თავჯდომარეს თანამდებობისათვის ყველაზე პრიორიტეტულ კანდიდატად მიხეილ ხოდორკოვსკი მოისაზრება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს რუსეთის ხელისუფლებისათვის ოლიგარქების ქვეყნის განვითარებაზე, ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ინტელექტუალურ სფეროზე და ექსპერტთა წრეზე განუსაზღვრელი ზეგავლენის აღკვეთა უმთავრეს ამოცანად იქცა.
ოლიგარქების გავლენის შემცირების საქმეში მნიშვნელოვან რესურსად შეიძლება მათი საკუთარი აქტიურობა ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა კი, მათ რიგებში არსებული დაპირისპირება და ოლიგარქებს შორის განუწყვეტლივ მიმდინარე ომები. რუსეთში შეიმჩნევა ოლიგარქთა იმ ჯგუფების გაერთიანების ტენდენცია, რომლებიც დომინირებისაკენ მიისწრაფვიან ან ძლიერი გავლენით სარგებლობენ. ოლიგარქების გავლენის შემცირებას ის დეგრადირებადი ზემოქმედებაც უწყობს ხელს, რომელიც მათ განკარგულებაში მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტიებზე და ორგანიზაციებზე აქვთ (სადაც მათი გავლენა განუსაზღვრელია).
როგორც ჩანს, რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პოლიტიკა, რომელსაც იგი მათ მიმართ ატარებს, სწორედ ოლიგარქების გავლენის შემცირებისკენაა მიმართული.
ივლისის დასაწყისში რუსი მრეწველების და მეწარმეების კავშირმა (რმმკ) რუსეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი წერილი შეადგინა, რომელიც რუსი ოლიგარქების რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ულტიმატუმს წარმოადგენს. რუსი ბიზნესმენები უკმაყოფილოები არიან პუტინის მთავრობის პოლიტიკით მათი საქმიანობის მიმართ, თავის უკმაყოფილებას კი იმით ხსნიან, რომ ძალოვნების მხრიდან მსხვილ კომპანიებზე განხორციელებული “თავდასხმები” რუსეთის დღევანდელ საკრედიტო და საინვესტიციო რეიტინგებს ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებენ, რომ რუსეთში, სადაც ხელისუფლება ეკონომიკის სფეროში კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ინვესტიციები არ განხორციელდება. შესაბამისად, არ იქნება ეკონომიკური ზრდაც.
როგორც ცნობილია, ნავთობკომპანია Yukos-ის ხელმძღვანელმა, მიხეილ ხოდორკოვსკიმ რმმკ-ს ბიუროს სხდომაზე კოლეგებს განუცხადა, რომ ხელისუფლებასთან საუბარს Yukos-ის საკითხის გარშემო ულტიმატუმის ტონი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ ოლიგარქების პრეზიდენტისადმი მიმართვას თხოვნის ტონი ექნება, ეს ხელს შეუწყობს ძალოვნების ქმედებების “ლეგიტიმურად და სამართლიანად” აღიარებას.
ხოდორკოვსკიმ კრემლთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე შეთანხმებას ბოლო დრომდე ვერ მიაღწია. ამას მოწმობს ისიც, რომ ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ნავთობკომპანია Yukos -ზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა, რათა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, მიხეილ ბუგერას ინფორმაცია შეემოწმებინა, რომლის მიხედვითაც, Yukos-ის 2002 წელს შემოსავლები დამალა. რუსეთის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა Yukos-ის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია MENATEP-ის ოფისები გაჩხრიკეს.
2 ივლისს დაკავებული იყო პლატონ ლებედევი, ნავთობკომპანია Yukos-ის თანამეწილე და MENATEP-ის ერთ-ერთი ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მეორე დღეს იგი სააქციო საზოგადოება “აპატიტის” აქციათა 20 %-იანი პაკეტის გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად იგი არც მისი ხელმძღვანელი და არც აქციონერი არ ყოფილა.
რმმკ-ს მიერ პუტინის სახელზე დაწერილი წერილის შინაარსიდან ნათელი ხდება, რომ რუსი ოლიგარქები მზად არიან ძალოვნების მსგავსი ქმედებებისაგან თავის დასაცავად ომი გამოუცხადონ თვითონ რუსეთის ხელისუფლებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მის ძალოვნებს – “პაგონებიან ყაჩაღებს” მაინც. ოლიგარქები აცხადებენ, რომ ძალოვნები სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდნენ და თავის სამსახურეობრივ მოვალეობებსაც აჭარბებენ. რუსი ოლიგარქები ბიზნესზე თავდასხმის იდეოლოგებს პირდაპირ ასახელებენ, ესენი არიან: იგორ სეჩინი, ვლადიმერ პუტინის პირადი სამდივნოს ხელმძღვანელი; ვიქტორ ივანოვი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კადრების დარგში; ნიკოლაი პატრუშევი, უფს-ს დირექტორი.
ბოლოს, ბიზნესმენები, ეტყობა, საკუთარმა გამბედაობამ შეაშინა და თავის წერილში მონანიებისათვისაც გამონახეს ადგილი, სადაც აღიარეს, რომ თვითონ გამოიწვიეს ძალოვანი სტრუქტურების კონკურენტულ ბრძოლაში ჩარევა და განაცხადეს, რომ ამიერიდან ასე აღარ მოიქცეოდნენ.
როგორც ცნობილია, ოლიგარქების წერილი პრეზიდენტ პუტინს 12 ივლისს, კრემლში რმმკ-ის გამართულ თათბირზე არკადი ვოლსკიმ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ რუსი ოლიგარქების წერილი, ისე იყო შედგენილი, რომ პრეზიდენტის პასუხი მასზე შესაძლებელია უცნობი დარჩეს, ვინაიდან წერილში არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული ბიზნესმენების მოთხოვნები, როგორიცა, მაგალითად, ზემოხსენებული პირების, ან ძალოვნების იერიშების შემსრულებლის – გენერალური პროკურორის, ვლადიმერ უსტინოვის თანამდებობიდან განთავისუფლება. ოლიგარქებს ვლადიმერ პუტინისთვის არანაირი პირობა არ წარუყენებიათ, აქედან გამომდინარე, წერილზე ნებისმიერი პასუხია მოსალოდნელი, იერიშის გაგრძელების ჩათვლით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი შედეგი გამორიცხული არ არის.
ამგვარად, წერილს ულტიმატუმის სახე, როგორც ასეთი, არ ჰქონია. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის გენერალური პროკურატურა ბიზნეს-სტრუქტურებს უკვე მესამე წელია ებრძვის, ამდენივე ხანია გრძელდება “ტყვეების” დაკავება, ხმაურიანი, მაგრამ არაეფექტური პროტესტები და ახალი იერიშები, მაგრამ განსხვავება მაინც არის: ამჯერად რუსმა სამართალდამცავებმა სამიზნედ რუსეთის ყველაზე მსხვილი კომპანია ამოირჩიეს და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისევ ძველი სცენარით განვითარდება, ცოტა ხნის შემდეგ რუსეთში შეიძლება წერილების დამწერიც კი აღარ დარჩეს.