ვისთვის – პანიკის საფუძველი, ვისთვის – გამდიდრების წყარო

ალექსანდრა ლალიაშვილი

“ღორის გრიპის” გავრცელების გამო მთელი მსოფლიო პანიკაშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებამ, რომ ინფექციას შესაძლოა, 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს, შიში კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა ამ ყველაფერმა საერთაშორისო ფარმაცევტული ბიზნესის მოგება მნიშვნელოვნად გაზარდა. ექსპერტების აზრით, ვაქცინის ინდუსტრია, შესაძლოა, წელიწადში 5%-ით, 780 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს. 2012 წლამდე კი ეს მაჩვენებელი წელიწადში 12%-მდე გაიზრდება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე?

თამბეჭდავია ევროპის ფარმაკოლოგიური ბაზრის სამი ლიდერი კომპანიის გაყიდვების პროგნოზები – კომპანია GlaxoSmithKline-I 2009 წლის მეოთხე კვარტალში 1,7 მლრდ დოლარის ღირებულების ვაქცინას გაყიდის. Novartis-ი იმავე პერიოდში 700 მლნ დოლარის შემოსავალს ელოდება, Sanofi-Aventis-ი კი წლის ბოლოსთვის გაყიდვებიდან 500 მლნ დოლარის მიღებას გეგმავს. 2009 წელს, მთლიანობაში, მსოფლიოს ფარმაცევტული წარმოება ვაქცინის გაყიდვის შედეგად 7 მლრდ ევროზე მეტ შემოსავალს მიიღებს. კომპანია Roche-ს შემოსავალი პრეპარატ “ტამიფლუს”” გაყიდვით აპრილის შემდეგ ათჯერ გაიზარდა და მილიარდ დოლარს მიაღწია. ფირმა 3M-ის მენეჯმენტის ინფორმაციით კი, რომელიც ნიღბებს უშვებს, უკვე 100 მილიონი დოლარის ნიღბები გაყიდეს და მათზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ ფაბრიკა შეკვეთების დაკმაყოფლებას ვეღარ აუდის. ამ მიმართულებით უკვე დაიწყო დიდი ინვესტიციების განხორციელებაც. შვეიცარული ფარმაცევტული გიგანტი Novartis-ი აშშ-ში A/H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო უჯრედოვანი კულტურების შემცველი ვაქცინის მწარმოებელ პირველ ქარხანას 2011 წელს გახსნის. ინვესტიციამ 1 მლრდ დოლარი შეადგინა. უჯრედოვანი კულტურების შემცველი ვაქცინის გაყიდვა აშშ-ში ჯერ დაშვებული არ არის, თუმცა Novartis-მა ამერიკაში წარმოების ნებართვა მიიღო. კომპანიას ასეთი ქარხანა გერმანიის ქალაქ მარბურგშიც აქვს (www.BusinessWeek.com).
წამლის ფასი ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს სპეკულაციების საგანს, გამონაკლისი არც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება მედიკამენტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით ქვეყნის შიდა ბაზარზე. შედეგები ყველასთვის მოულოდნელი იყო. როგორც გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე ფასები, თვითღირებულებასთან შედარებით, 380%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წამლების ფასი რუსეთის ფარმაცევტულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. “ღორის გრიპის” სამკურნალო პრეპარატ “ტამიფლუს”” ღირებულება საბაჟოზე, რუსეთის საზღვრის გადაკვეთამდე, 688 რუბლია, ხოლო აფთიაქის დახლებზე მისი ფასი უკვე 3,5-4 ათას რუბლს აღწევს. მთლიანად რუსული ფარმაცევტული ბაზარი, დაახლოებით, 16 მილიარდი დოლარის მოცულობისაა და ამ ბაზარზე, დაახლოებით, 2,5 ათასი დისტრიბუტორი ახდენს წამლის შემოტანა-რეალიზაციას (www.lenta.ru).
ბოლო პერიოდის განმავლობში საზოგადოება და მედია საქართველოშიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მედიკამენტების ფასების ზრდის ტენდენციებს. ფასების ზრდის ობიექტური ფაქტორები შეიძლება იყოს ქვეყნის ინფლაციური პროცესები და მწარმოებლების ფასების ცვლილება. თუმცა შესაძლებელია ისეთი პოლიტიკის არჩევა, რომელიც შეამსუბუქებს ან მნიშვნელოვნად შეარბილებს ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გავლენას ბაზარზე.
დღეს საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესი რეგულირებადი საქმიანობაა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო” – პასუხისმგებლები არიან ფარმაცევტული პროდუქციის უსაფრთხოებაზე, ხარისხსა და ეფექტურობაზე. ამ მიზნების შესასრულებლად სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს: ფარმაცევტული წარმოების სანებართვო კონტროლი; საცალო რეალიზაციის სანებართვო კონტროლი; ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე დაშვება (რეგისტრაცია); კლინიკური კვლევების კონტროლი და ფარმაცევტული პროდუქციის შერჩევითი კონტროლი (ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები). თუმცა აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებში გამოყენებულ რეგულირების პრაქტიკასთან შედარებით ქართული ფარმაცევტული ბაზარი არსებული მდგომარეობითაც უფრო თავისუფალია. მაგალითად, სახელმწიფო არ ახორციელებს პროდუქციის ფასის რეგულირებას. სწორედ, ამ ფაქტორით ხსნის ბევრი ექსპერტი საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის მაღალ ფასებს. 2004 წლის სექტემბერში შექმნილი წამლის სააგენტო 2008 წელს გააუქმეს. როგორც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, მედიკამენტებზე ფასების კატასტროფული ზრდის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ფარმაცევტული საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო აღარ არის უფლებამოსილი, დაადგინოს მედიკამენტის თვითღირებულება.
სახელმწიფო არ ერევა ფარმაცევტულ ბაზარზე სამკურნალო საშუალებების ფასწარმოქმნისა და რეგულირების პოლიტიკაში. შედეგად მონოპოლისტებმა შთანთქეს ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული წვრილი მეწარმეები. სხვა აფთიაქები კი იძულებულები არიან, შემოიტანონ კონტრაბანდული სამკურნალო საშუალებები, ურეცეპტოდ გასცენ ფსიქოტროპული მედიკამენტები, გაყიდონ არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები იმისთვის, რომ იარსებონ. დასავლეთის რიგ ქვეყნებში საბითუმო ქსელის მეპატრონეებს საცალო ქსელის გახსნის უფლებაც კი არ აქვთ. საქართველოში კი “ავერსისა” და პე-ეს-პე”-ს მფლობელობაშია არა მხოლოდ საბითუმო და საცალო ქსელები, არამედ ფარმაცევტული საწარმოები და სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებები, ქმნიან სადაზღვევო კომპანიებსაც. ამ პირობებში ჯანსაღ კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მართალია, ბოლო პერიოდში მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მედიკამენტების მცირე ნაწილზე ფასები შეამცირეს, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. პე-ეს-პე”-მ ცნობილი პრეპარატები “ნო-შპა”, “ესენციალ-ფორტე”, “ფესტალი”, “კორდარონი” და მაგნე-6″ საერთო ჯამში, დაახლოებით, 1-დან 5 ლარამდე გააიაფა. პე-ეს-პე”-ს განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მწარმოებელმა კომპანიამ, ფრანგულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა სანოფი-ავენტისმა” საქართველოში თავის დისტრიბუტორს პე-ეს-პე-ფარმას” ყველასთვის ცნობილ ამ პრეპარატებზე განსაკუთრებული ფასდაკლება გაუკეთა. პე-ეს-პე” აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვა მწარმოებელ ქარხნებთანაც და აცხადებს, რომ თითოეულ მომწოდებელთან ნებისმიერ პრეპარატზე მიღწეული მსგავსი შეთანხმება აუცილებლად აისახება პრეპარატების ფასზე. ჩამოთვლილი პრეპარატების ღირებულება ანალოგიურად გაიაფდა ავერსის” ქსელშიც. კომპანიის მენეჯმეტის განმარტებით, სანოფი ავენტისთან” მოლაპარაკების შემდეგ ავერსის” და პე-ეს-პე”-ს ქსელში მედიკამენტების გაიაფება ერთდროულად მოხდა. კომპანიებში აცხადებენ, რომ თავად მომწოდებელზეა დამოკიდებული, რა პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება ამჟამად დაწესებული ფასები.
მაგრამ, საერთო ჯამში, მედიკამენტები საქართველოში მაინც ძალიან ძვირია. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ისინი თითქმის მიუწვდომელია. ქვეყანაში წამლების ფასების ზრდამ უკვე კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია, მაშინ როცა მეზობელ ქვეყნებში საქართველოდან გატანილი წამლები 30-40%-ით იაფია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში წამალი დღეს განკურნების კი არა, უფრო გამდიდრების საშუალებაა. ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი წამლის ღირებულება სამჯერ და ოთხჯერაც კი არის გაძვირებული. მაგალითად, სუპრასტინის ფასი 2,50 ლარი იყო და 6 ლარი გახდა, “ეუკარბონი” 1 ლარი ღირდა, ახლა 3 ლარი ღირს. გაძვირდა გრიპის სამკურნალო ყველაზე იაფფასიანი წამლებიც: “ციტრამონი” 9-10 თეთრი ღირდა და ახლა 20 თეთრად იყიდება. “პარაცეტამოლს” ადრე 20 თეთრად შეიძენდით, ახლა კი 45-50 თეთრი ღირს. სამედიცინო ნიღბის ფასი 15-20 თეთრიდან 25-30 თეთრი გახდა.
ქართულ პრესასა და საინფორმაციო პორტალებზე უკვე ხშირად ჩნდება მონაცემები იმის შესახებ, რომ “ავერსი რაციონალის” სამკურნალო საშუალებები გაცილებით იაფი ღირს სომხეთის ფარმაცევტულ ბაზარზე, ვიდრე საქართველოში. საქართველოს ბაზარზე კი გაცილებით ძვირი ღირს იმპორტირებული სამკურნალო საშუალებები, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, “ავერსი რაციონალში” წარმოებული: “მელონის სიროფი” (100 მლ) ფასი საქართველოში 5,78 ლარია, სომხეთში – 800 დრამი, დაახლოებით, 3,5 ლარი; “მელონი” (30 აბი) საქართველოში ღირს 5,40 ლარი, სომხეთში – 780 დრამი, დაახლოებით, 3,4 ლარი; “ეფექტ-ფლუ” (10 კაფს.) საქართველოში ღირს 3,81 ლარი, სომხეთში – 500 დრამი, დაახლოებით 2,2 ლარი. იგივე ტენდენციაა “ჯი-პი-სი”-ს სააფთიაქო ქსელში: dufastonis (10მგ 20აბი) წარმოების (მწარმოებელი SOLVAYPHARMA) ფასია 2,37 ევრო, ქსელში გასაყიდი ფასი კი – 3,49 ევრო, დაახლოებით, 11,58 ლარი; საქართველოში ეს პრეპარატი 31,72 ლარი ღირს, ქსელში გასაყიდ ფასზე 3-ჯერ მეტი. “სირდალუდის”” (2მგ 30აბი) (მწარმოებელი NOVARTISPHARMA) საწარმოო ფასი ევროპაში 2,56 ევროა, ქსელში გასაყიდი ფასი 3,73 ევრო – ანუ, დაახლოებით, 8,6 ლარი. საქართველოში ეს პრეპარატი 16,5 ლარი ღირს, გასაყიდ ფასზე 2-ჯერ მეტი.
აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველოში არ არსებობს წამლებზე ფასების დარეგულირების პოლიტიკა, ფასწარმოქმნის ქართული სტანდარტი დეფორმირებულია. წამალი საქართველოში იყიდება იმ ფასად, რა ფასადაც ეყიდებათ ფარმაცევტულ კომპანიებს, მათ ამის უფლება სახელმწიფომ მისცა. აქ საოცარიც არაფერია, ბიზნესის სოციალური შინაარსი არ შეიცავს ზნეობასა და სოლიდარობას. არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს დაშვებული წამლებზე თავისუფალი ფასწარმოქმნა, რამდენადაც ლიმიტირებული ფინანსირების პირობებში წამლებზე დიდი დანახარჯი პირდაპირ განაპირობებს ჯანდაცვაზე სხვა ხარჯების შემცირებას. ფასების შეკავების პოლიტიკის არსებობა განაპირობებს სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში წამლის ნაწილის გონივრულ ფასს, რომელიც ამერიკაში არ აღემატება 12,9%-ს, შვეიცარიაში – 10,5%ს, დანიაში – 9,8%-ს, ნორვეგიაში – 9,4% და ა.შ. ქართულ სამედიცინო სერვისებში კი წამლის ფასს სრული სამედიცინო მომსახურების ღირებულების თითქმის 50% მიაქვს.
ეს თემა ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საქართველო ე.წ. “ღორის გრიპის”” ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება. არის თუ არა ამ ვირუსთან საბრძოლველად მზად საქართველოს მთავრობა? ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მსოფლიოში გავრცელებულ გრიპის ვირუსს მომზადებული ხვდება. ზურაბ უტიაშვილი (ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის უფროსი): “ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის მზადება გაზაფხულიდანვე დავიწყეთ. შემოვიტანეთ 1 მილიონ 245 ათასი ცალი ნიღაბი; “რელენზა” 26 ათას 470 კოლოფი; “ტამიფლუ” კი 111 ათასი დოზა. გვაქვს ანტიბიოტიკების საკმარისი რაოდენობაც. ამ მარაგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ ნიღბებისა და მედიკამენტების წინასწარ შეძენას ჯანმრთელი ადამიანებიც დაიწყებენ და ქვეყანაში დეფიციტი შეიქმნება. სხვათა შორის, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად ჩვენს სახელმწიფოს დიდი თანხა არ დაუხარჯავს: “რელენზას”” გარდა, ყველა მედიკამენტი ჰუმანიტარული დახმარების გზით სხვადასხვა დროს არის შემოტანილი. მედიკამენტებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები გვამარაგებენ”. ოთარ თოიძე (პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე): “ტამიფლუსა” და “რელენზას” საკმაო მარაგი გვაქვს. მართალია, ეს პრეპარატები ძვირი ღირს, მაგრამ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ისინი უფასოა. რაც შეეხება ფასებს, მათი კონტროლი არც ჩვენს კომიტეტს ევალება და არც ჯანდაცვის სამინისტროს. რომელი მედიკამენტი რა დაუჯდათ და რა ფასად ყიდიან, ეს კომერციული საკითხია და კერძო კომპანიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ. ჩვენი მოვალეობაა, როგორმე თავიდან ავიცილოთ ეპიდემია, ხოლო მისი გავრცელების შემთხვევაში მოსახლეობა მედიკამენტებით უზრუნველყოფილი გვყავდეს”. ამჟამად სააფთიაქო ქსელში “ტამიფლუს” ღირებულება 60 ლარამდეა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თამაშის წესებს მსხვილი კომპანიები აწესებენ, ფასებს კი არავინ აკონტროლებს, არ არის გამორიცხული, მედიკამენტები კიდევ უფრო გაძვირდეს.
ფასების შეკავების სწორი პოლიტიკა ჩვენს მდგომარეობაში შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს. იმ არგუმენტში კი, რომელსაც ხელისუფლებისა თუ ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად იშველიებენ, თითქოს რეგულირების პროცესი ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, შეიძლება ჭეშმარიტების მარცვალი მართლაც ურევია, მაგრამ იქნებ ბიზნესის განვითარებაზე უწინარესად ადამიანთა ჯანმრთელობასა და იმაზე იზრუნოს ვინმემ, რომ მათ წამლის ყიდვის საშუალება ჰქონდეთ. ძლიერი ფარმაცევტული მრეწველობით გამორჩეული ქვეყნები (ინგლისი, გერმანია) ფასების რეგულირების უფრო ლიბერალურ მოდელებს ირჩევენ, ვიდრე ისინი, სადაც მრეწველობა სუსტად არის განვითარებული (იტალია, ესპანეთი). ასე რომ, პოლიტიკაზე ფარმაცევტული ბიზნესის გავლენა ცნობილი ფენომენია.