“გაზპრომი”თურქმენეთს ტოვებს
მოამზადა ნინო არველაძემ
აშხაბადი “გაზპრომის” მსოფლიო რუკაზე პერიფერიაში აღმოჩნდა. “გაზპრომი” თურქმენეთს ტოვებს: ნავთობით მდიდარ ქვეყანაში გაზის შესყიდვები მეოთხედით შემცირდება. აშხაბადი, რომელმაც დაკარგა რუსეთი, როგორც თურქმენული გაზის ძირითადი იმპორტიორი, სხვა მყიდველებს ეძებს. სხვა მყიდველები შესაძლებელია ჩინეთი და ირანი იყვნენ.
აგისტრალური გაზსადენის აფეთქების შემდეგ რუსეთმა, რომელიც წელიწადში 50 მლრდ გაზს ყიდულობდა, 2009 წლის აპრილში იმპორტი შეწყვიტა. მილსადენი აღდგა, მაგრამ მიწოდება ჯერ კიდევ არ განახლებულა. მოსკოვმა და აშხაბადმა ვერ შეძლეს შეთანხმება მიწოდების მოცულობისა და გაზის ფასის შესახებ. რუსული კონცერნი, რომელიც ძირითად ბაზრებზე მოხმარების კლების გამო შემოსავალს კარგავს, მიიჩნევს, რომ თურქმენული გაზი ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა.
აშხაბადი ყოველთვიურად მილიარდ დოლარს კარგავდა, მაგრამ ქვეყნებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. დათმობის გარეშე კი, “გაზპრომისთვის” აზრი აღარ ჰქონდა თურქმენული გაზის შეძენას, რადგან დოკუმენტების მიხედვით, შუააზიური გაზი ახლო და შორეულ ბაზრებს საერთაშორისო ტრანზიტის სტატუსით ამარაგებს. შიდა ბაზრის მოსამარაგებლად “გაზპრომს” შუააზიური გაზი არ სჭირდება, რადგან ქვეყნის შიგნით საწვავი სახელმწიფოს მიერ დარეგულირებული ტარიფით იყიდება.
ორი ქვეყნის გაზის მესვეურებმა შემოდგომაზე რაღაცნაირად მიაღწიეს შეთანხმებას. ვარაუდობდნენ, რომ 2010 წელს რუსეთი თურქმენეთისგან, დაახლოებით, 30 მლრდ მ3 საწვავს შეიძენდა, აშხაბადს ექსპორტისთვის, დაახლოებით, 20-30 მლრდ მ3 საწვავი დარჩებოდა.
კომერციული მოლაპარაკებები კვლავ არ დაწყებულა და, როგორც ჩანს, არც შედგება. “გაზპრომი” აპირებს, თურქმენეთიდან გაზის შესყიდვა უახლოეს სამ წელიწადში წინაკრიზისულ პერიოდთან შედარებით შეამციროს, იუწყება გაზეთი “ვედომოსტი”” 2009 წლის 24 ნოემბრის ნომერში. გაზეთის მონაცემებით, შუააზიური გაზის შესყიდვა 2010-2012 წლებში “გაზპრომის” იმპორტის მოცულობას წელიწადში 10.5 მლრდ მ3-მდე ამცირებს, თუმცა ყოფილ პარტნიორებს კონტრაქტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ. ერთი სიტყვით, ძირითადი მყიდველი წავიდა, აშხაბადს კი სხვა ბაზრების მოძიება მოუწევს.
კრიზისამდე თურქმენეთი წლიურად 70 მლრდ მ3-ზე მეტ გაზს მოიპოვებდა, ჩვეულებრივ კი 50 მლრდ მ3 გაზს რუსეთში ყიდდა, 8 მლრდ მ3 გაზს კი – ირანში. 2008 წელს, BP-ის მონაცემებით, თურქმენეთმა 66.1 მლრდ მ3 საწვავი აწარმოა, 2009 წელს კი წარმოება 40 მლრდ მ3-დე შემცირდება, ისიც მხოლოდ კარგ შემთხვევაში.
თურქმენეთმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს, მეზობელ ირანში სამჯერ გაზარდოს მიწოდება, გააორმაგოს (14 მლრდ მ3-მდე) არსებული მილსადების გამტარუნარიანობა ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, დეკემბერში თურქმენეთი გეგმავს, აამუშაოს მეორე მილსადენი, რომლითაც 2010 წელს ირანი 6 მლრდ გაზს მიიღებს. საწვავი წამოვა დოვლეტაბადში, რომელიც “გაზპრომისთვის” ძირითადი სარესურსო ბაზარია. აშხაბადი წლის ბოლოსთვის ასევე გეგმავს ჩინეთისკენ მიმავალი მილსადენის გახსნას, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 40 მლრდ მ3 გაზია და ასევე, გეგმავს მილსადენის განშტოებას ინდოეთში. პაკისტანისა და ავღანეთის გავლით.
გაზის ადგილწარმოშობის დასამუშავებლად პეკინმა აშხაბადს მრავალმილიარდიანი კრედიტი უკვე გამოუყო, ხოლო ერთადერთ უცხოურ კომპანიად, რომელიც თურქმენეთში გაზის ადგილწარმოშობის დამუშავებაზე ლიცენზიას ფლობს, არის ჩინური China National Petroleum Corp. ამრიგად, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთი და ირანი მთლიანად ჩაანაცვლებენ რუსეთს, როგორც თურქმენეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორს. Bloomberg-ი ექსპერტების გათვლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქმენეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ მეორე კვარტალში “გაზპრომმა” თითქმის 3.4 მლრდ დოლარი დაზოგა, კონცერნის დანახარჯები საწვავის შეძენაზე განახევრდა. თურქმენეთში საწვავის შეძენაზე უარმა კონცერნს საშუალება მისცა, რუსეთის შიგნით მოპოვებაზე მოეხდინა კონცენტრირება. ამიტომ, სავარაუდო ფასი თურქმენეთში გაზის შესყიდვაზე 1000 მ3 გაზზე 220 დოლარზე მეტია, ევროპული კი – 300 დოლარი.
BP-ის მონაცემებით, 2008 წელს თურქმენეთმა გაზის მარაგები გაასამმაგა 8 ტრილიონ მ3-მდე. ამ მონაცემებით აშხაბადი მეოთხე ქვეყანაა რუსეთის, ირანისა და ყატარის შემდეგ. აშხაბადი მარაგების კიდევ უფრო მეტად გაზრდას აპირებს და სამხრეთ იოლატანის მოპოვებას ეყრდნობა. Aადგილწარმოშობის მოცულობა, ბრიტანული კომპანიის შეფასებით Gaffney, Cline and Associates, შესაძლებელია 4-დან 14 ტრილიონ მ3 გაზამდე იყოს, რაც მას მსოფლიოში უმსხვილეს ქვეყნად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაზის არსებობა ეჭვქვეშ იდგა. მის მიმართ ინტერესი უკვე გამოავლინა ამერიკულმა ნავთობკომპანიამ “შევრონმა”.
გამოდის, რომ აღნიშნული გაზის ექსპორტი ევროკავშირში არამომგებიანია.
თურქმენეთის მილსადენთან დაკავშირებული სკანდალი “გაზპრომს” სასარგებლოდ წაადგა, მაგრამ რუსულ კონცერნს არ სურს, გადაწყვეტილი უარი თქვას თურქმენულ კონტრაქტზე, რასაც თავისი მიზეზები გააჩნია. რუსული მონოპოლია, საომარ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, თურქმენეთს გარკვეულ “სიმაღლედ”” მოიაზრებს, რომელიც შესაძლოა დროებით დათმო, მაგრამ მისი სამუდამოდ მიტოვება არ შეიძლება, რათა მოწინააღმდეგე არ დაეპატრონოს,. ამიტომ, “გაზპრომი” იძულებულია, თავის პროგნოზებში თურქმენულ გაზზე დანახარჯებიც გაითვალისწინოს.
ჩინეთი და ირანი რუსეთისთვის კონკურენტებად არ მოიაზრებიან, რადგან ექსპორტიორები კი არა, იმპორტიორები არიან, მით უმეტეს, რომ “გაზპრომისათვის” ძირითადი, ევროპის ბაზრის პრედენდენტები არ არიან. რუსეთის გაზის მესვეურებს ირანი გასაღების ბაზრის ასპექტში არ აინტერესებთ, ჩინეთი კი, მომავალში, პირიქით, რუსეთის გაზის გასაღების ბაზარი უნდა გახდეს.
ცხადია, რომ “გაზპრომის” მეტოქეები არიან ევროპული კომპანიები და ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე მოხაზული მილსადენი “ნაბუკო”.
ევროპის კავშირს თურქმენული გაზის იმედი აქვს, რომლითაც შესაძლებელია “ნაბუკოს” მილსადენის შევსება.
მართალია, ვიდრე აშხაბადი არ დაამტკიცებს, რომ შეუძლია გაზი მეტი რაოდენობით მოიპოვოს, მოპოვება კი უკვე არაერთი წელია, სტატიკურ ციფრს აჩვენებს, “ნაბუკოს” აქციონერებს იქ არაფერი ესაქმებათ. როგორც ჩანს, მოსკოვი აშხაბადის ჭარბ გაზს მთლიანად შეიძენს დ ხელს შეუშლის ევროპის კავშირს, მომძლავრდეს რეგიონში. თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ევროპის მომარაგებაზე შეუთანხმებლობის გამო დაუსრულებელ დავას, რაც “გაზპრომის” სასარგებლოდ მოქმედებს, “ნაბუკოს” პერსპექტივას ბურუსით მოცულს ვეღარ ვუწოდებთ.
აშხაბადში გამართულ გაზის კონფერენციას ნათელი უნდა მოეფინა რუსეთისა და თურქმენეთის ურთიერთობებისთვის. თურქმენეთის პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის კავშირში ეძებს რუსეთისგან დაცვას. თურქმენეთში გაერო-ს ეგიდით ჩატარებულ ფორუმზე თურქმენეთის ლიდერმა აშკარად მხარი დაუჭირა ევროპის კავშირის პროექტ “ნაბუკოს”, რომელიც გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ადგენს. Mმიმდინარე წლის დამდეგს სტრასბურგში ევროპარლამენტმა პირველი წაკითხვით მოიწონა შეთანხმება თურქმენეთთან ვაჭრობის შესახებ, რომელსაც წინ უძღოდა 11-წლიანი ცხარე დებატები თურქმენეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აუცილებელი რეფორმების გატარების შესახებ. ფორუმში მონაწილე იგორ სეჩინმა “ნაბუკოს” ეკონომიკურ გაუმართაობაზე მიუთითა და ხუთი შეუსაბამო პრინციპი დაასახელა: შეთანხმებული სამართლებრივი ნორმები; რესურსის ბაზები; ეკოლოგიური და ტექნოლოგიური უსაფრთხოება; ეკონომიკურად დასაბუთებული ტრანსპორტირების ტარიფები და მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ თურქმენული გაზის ტრანზიტი აღდგება, როგორც კი “გამყიდველი და მყიდველი შეთანხმდებიან”.
ამავე დროს რუსული გაზეთი “ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელმა შეძლო ბულგარეთზე ზეწოლის მოხდენა, რათა ქვეყანას უარი ეთქვა, ხელი მოეწერა რუსეთთან სავალდებულო შეთანხმებაზე “სამხრეთ ნაკადის” შესახებ, რომელიც “ნაბუკოს” პროექტს ეწინააღმდეგება. ამ ფაქტის გამო რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ბულგარეთის დედაქალაქში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “რუსეთის გაზისგან ევროპის განმათავისუფლებელი” “ნაბუკოს” პროექტი ბევრად დიდი რისკების წინაშე დგას, ვიდრე “ჩრდილოეთის ნაკადი”. თურქმენული გაზის დიდი ნაწილი უკვე ევროპის სასარგებლოდ არის გაწერილი, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კი კვლავ დაძაბულობაა, რამაც შესაძლებელია, “ირანული” განშტოების სრული უარყოფა გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში კი პროექტი მთლიანად კარგავს აზრს. მეორე მხრივ, ჩინეთის მილსადენის პროექტი გუშინდელი არ არის და ევროპის კავშირი კვლავ “ნაბუკოს” პროექტის მხარდამჭერად რჩება, რაც ერაყისა და ეგვიპტის სიმძლავრეებსაც ითვალისწინებს. ევროპას კვლავ ეშინია “გაზპრომის”, რაც, საბოლოო ჯამში, “ნაბუკოს” სასარგებლოდ მოქმედებს.
“სამხრეთის ნაკადი” და “ნაბუკო”, პირველ რიგში, გაზის მომხმარებელზე დავობენ. რუსეთის პროექტს თურქმენული გაზის გარეშე ევროპის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია, ევროპულ მილსადენს კი – არა, – განმარტავენ რუსი ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ “ნაბუკოს” პროექტი ძლიერ დაზარალდა, რადგან რუსეთს, წლევანდელი გაუგებრობების მიუხედავად, ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს თურქმენეთზე. თუმცა რუსები არც იმას ივიწყებენ, რომ თუ ევროპის კავშირს ყატარის მხრიდან გაზის მიწოდების შესახებ ალტერნატიული წინადადება გაუჩნდება, მაშინ “ნაბუკოს” პროექტზე უარის თქმის შესაძლებლობა გამოირიცხება.