ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი

ლაშა ლაბაძე, ISET-ის კვლევითი ჯგუფის წევრი

ხაჭაპურის ინდექსი – ეს არის ეკონომიკის საერთაშორისო სკო ლის (ISET) კვლევით ჯგუფის მიერ შექმნილი, ყველაზე მარტივი და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის იოლად გასაგები ინფლაციის ინდიკატორი.

აჭაპურის ინდექსის იდეის ავტორი არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პროფესორი რობერტ ჩაიძე, რომელიც ამჟამად მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF). ხაჭაპურის ინდექსის დათვლა დაიწყო 2008 წლის სექტემბრიდან და ISET-ის კვლევითი ჯგუფის წევრები ყოველთვიურად სამუშაოებს ახორციელებენ.
ინფლაციის დათვლის ტრადიციული მეთოდოლოგია არის ეგრეთ წოდებული სამომხმარებლო კალათის შედგენა, რომელშიც შედის სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტები და შემდგომ მისი ფასის კონტროლი. უფრო კონკრეტულად კი, ინფლაცია არის სამომხმარებლო კალათის ფასის პროცენტული ცვლილება. სამომხმარებლო კალათის შედგენა კი, საკმაოდ რთული პროცესია, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში იცვლება ადამიანთა ქცევა. აქედან გამომდინარე, სტატისტიკის დეპარტამენტი პერიოდულად ახდენს სამომხმარებლო კალათაში შეტანილი პროდუქტებისა და მათი რაოდენობის განახლებას, რაც მთლიანობაში ამ პროცესს ნაკლებად გამჭვირვალეს ხდის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.
აქედან გამომდინარე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ჯგუფის მიზანი იყო შეგვექმნა თუნდაც არაზუსტი, მაგრამ ყველაზე მარტივი და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იოლად გასაგები ინფლაციის ინდიკატორი. იდეა დაიბადა მსოფლიოში კარგად ცნობილი The Economist Magazine ჟურნალის Big Mac Index-სგან. ეს კონკრეტული ინდექსი ადარებს ქვეყნებს შორის მსყიდველობით უნარიანობას სტანდარტული ბიგ-მაკ ჰამბურგერის ფასებზე დაყრდნობით. სიმარტივის თვალსაზრისით ხაჭაპურის ინდექსიც ანალოგიურია, მაგრამ ეს ინდექსი შევქმენით ინფლაციის საჩვენებლად. საკუთარ თავს ვკითხეთ: რა არის ჩვეულებრივი, ყველასთვის ხშირად მოხმარებადი საჭმელი საქართველოში? და პასუხი იყო ხაჭაპური. ალბათ მართლაც ხაჭაპურია საქართველოსთვის დამახასიათებელი ყველაზე პოპულარული ეროვნული საჭმელი.
ხაჭაპურის ასეთი პოპულარობის გამო, მოსალოდნელი იყო, რომ მისი ფასის ცვლილება ქვეყანაში ინფლაციური პროცესის საკმაოდ კარგ სურათს მოგვცემდა. მაშასადამე, შევქმენით ხაჭაპურის ინდექსი ინფლაციის ინდიკატორად. სამომხმარებლო კალათაში შევიტანეთ მხოლოდ სტანდარტული, ერთი იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები: ფქვილი, ყველი, კვერცხი, კარაქი, საფუარი, რძე და ყოველთვიურად თბილისის სამ სხვადასხვა: ნავთლუღის, ვაგზლის და ახმეტელის ბაზრებზე ვიკვლევთ ამ ინგრედიენტების ფასებს.
ISET-ის კვლევითი ჯგუფის სამომავლო გეგმაა იგივე გავაკეთოთ რეგიონალური მასშტაბით, რაც საშუალებას მოგვცემს შევადაროთ ცხოვრების პირობები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ანუ მაგალითად, თუ დავადგინეთ, რომ ერთ ქალაქში უფრო ძვირია სტანდარტული ხაჭაპური, ვიდრე მეორეში, ეს დაახლოებით მიგვანიშნებს იმაზე, რომ პირველ ქალაქში ზოგადად პროდუქტები და აქედან გამომდინარე ცხოვრება უფრო ძვირია. ფასების ქალაქთშორის შედარებასთან ერთად ასევე საინტერესო იქნება დინამიკის ანალიზი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხაჭაპურის ინდექსი არ შეიძლება გავიგოთ როგორც უნიკალური ან ზუსტი ინფლაციის ინდიკატორი. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხაჭაპურის ინდექსი დინამიკაში მიყვება ოფიციალურად გამოქვეყნებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს (CPI) და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ CPI ერთი თვის დაგვიანებით ქვეყნდება ხოლმე, ხოლო ხაჭაპურის ინდექსი ყოველი თვის მესამე კვირისთვისაა ხელისაწვდომი და წინასწარ გვიხატავს მიახლოებით სურათს. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხაჭაპურის ინდექსში არ არის სეზონურობა გამორიცხული (not seasonally adjusted), მაშინ, როცა სამომხმარებლო კალათის ფასებში სეზონურობა გათვალისწინებულია. სეზონურობის პრობლემა მოგვარებადია საკმარისი მონაცემების დაგროვების შემდეგ. გარდა ამისა, რეალური სამომხმარებლო კალათასთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსის დასათვლელად ვიყენებთ გაცილებით მცირე რაოდენობის პროდუქტებს, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ხაჭაპურის ინდექსს უფრო დიდი ვარიაცია აქვს.
მკითხველს შეუძლია თვალი მიადევნოს ხჭაპურის ინდექსს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ვებ-გვერდზე:http://www.iset.ge სადაც იხილავს დამატებით ინფორმაციასა და გრაფიკებს.