ფული არის, კრედიტები – არა
ალექსანდრა ლალიაშვილი
ქართული ბანკებისთვის 2010 წლის იანვარიც ზარალიანი აღმოჩნდა. საერთო ზარალმა 2 მილიონ 720 ათასი ლარი შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 51 მილიონით 210 მილიონამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2009 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა 65 მილიონიანი ზარალით დაასრულა. რა უნდა გაკეთდეს საბანკო სექტორისა და მთლიანად ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად ქვეყანაში? რა სტრატეგიით შეიძლება ბანკების დახმარებით კრიზისისაგან თავის დაღწევა?
ფაქტია, რომ რიგი ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, მდგომარეობა ქართულ საბანკო სექტორში კვლავ მძიმეა. მხედველობაში, პირველ რიგში, ზარალიანი საბანკო წელი და დაბალი საკრედიტო აქტივობა გვაქვს. ლოკალური თუ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, ბანკებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის და, შესაბამისად, პოტენციური კლიენტების ნდობის შენარჩუნებაა, ამ ამოცანას ქართული ბანკები არცთუ წარმატებით ართმევენ თავს.
სასურველია, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ბანკებმა მაქსიმალურად მოახდინონ ფინანსური რესურსების კონცენტრირება იმ კორპორატიულ კლიენტებზე, რომელთა გადარჩენაც შემდგომში ეკონომიკური წინსვლისათვის არის აუცილებელი, რადგან ბანკების აქტიურობისა და ოპტიმალური საპროცენტო განაკვეთების გარეშე ეკონომიკა ვერ გამოცოცხლდება და წინ ვერ წავა. საბრუნავი სახსრები ეკონომიკაში ბანკებმა უნდა შემოიტანონ. მაგრამ ქართულმა ბანკებმა განსხვავებული სტრატეგია აირჩიეს, როდესაც თითქმის ერთი მესამედით გაზარდეს საპროცენტო სარგებელი. ამ ნაბიჯმა ფიზიკური პირების მსყიდველობითი უნარიანობის კატასტროფული ვარდნა გამოიწვია. თითქმის განულდა მოთხოვნა იპოთეკაზე. ამოღებულმა, მაგრამ სისტემაში ჩაუბრუნებელმა სესხებმა საგრძნობლად შეამცირა ფულის მასა ეკონომიკაში, რამაც ბევრ ბიზნესს შეუქმნა პრობლემა. ბიზნეს გარემო და ბიზნეს სიტუაცია იმდენად მყიფეა, რომ გაზრდილი რისკების გამო, არც ერთი ბანკი არ რისკავს სესხების გაცემას. შესაბამისად, ვერ აქტიურობს ბიზნეს სექტორიც. მოგების ნორმა საქართველოში ლეგალურ ბიზნესში დაახლოებით 15%-ია, შესაბამისად, ბიზნესმენს ბანკისაგან კრედიტის აღება 20% და მეტ პროცენტიანი განაკვეთით არ უღირს. შედეგად, ეკონომიკა თითქმის გაჩერებულია. დიდად სახარბიელო არც უახლოესი პერიოდის პერსპექტივაა.
კრედიტინფოს “შავ სიაში”” 300 ათასამდე კრედიტორია მოხვედრილი. ვადაგადაცილებული კრედიტების თითქმის 80%-ის მოცულობა 5000 ლარამდეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები არიან. სადამსჯელო ღონისძიებების ამოქმედების შემდეგ კი, მათ არსებობის შანსი საბოლოოდ მოესპობათ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ისედაც სავალალო მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბანკმა კრედიტორებს ვალი არ უნდა მოთხოვოს, თუმცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გატარდა ზომები კრიზისისაგან დაზარალებულ ხალხის მდგომარეობის შეუმსუბუქებლად, საქართველოში ჯერ საამისოდ არაფერი გაკეთებულა.
“ევრობანკის”” პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა მცირედი რყევების შემთხვევაში, შესაძლოა, რეცესიაში დაბრუნდეს. ბანკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2010 წელს აღმასვლის ტენდენცია, შესაძლოა, საკმაოდ სუსტი და ფრაგმენტული იყოს. უცხოელი ექსპერტები გვიწინასწარმეტყველებენ, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებს წელს მოვიმკით, როდესაც სოციალური პრობლემები წამოიწევს, რადგან კომპანიების გაკოტრების და უმუშევრობის ტენდენცია გაიზრდება. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ მცირე და საშუალო სექტორს შეუძლია უმუშევრობის პრობლემის შემსუბუქება. მაგრამ პრობლემური მსესხებლები, უახლოესი 7 წლის მანძილზე კომერციული ბანკებიდან კრედიტის მიღების შანსს კარგავენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ბიზნესმენები აღნიშნავენ, ბიზნეს აქტივობას საგრძნობლად აფერხებს მღალი საპროცენტო განაკვეთები.
მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, წვრილ ბიზნესზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართველ ბანკირებს ეკონომიკური და ბიზნესში მიმდინარე პროცესების ხელოვნურად შეფერხებასა და არაკომპეტენტურობაში ღიად და დაუფარავად ადანაშაულებენ. დაბალი საკრედიტო აქტივობა და მაღალი საპროცენტო განაკვეთები ის მთავარი პრეტენზიებია, რომელსაც ბანკების მიმართ ბიზნესის წარმომადგენლები გამოთქვამენ. ბიზნესმენთა განცხადებით, საქართველოში მცირე ბიზნესზე 25-26%-ზე დაბალი სესხი არ გაიცემა, დასავლეთში კი, უკვე 14%-იანი განაკვეთი განგაშის საფუძველი ხდება. ბიზნესმენთა შეფასებით, საბანკო სესხით დღეს ბიზნესმენმა შესაძლოა მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას ისარგებლოს, სხვა შემთხვევაში, ის ბანკს არ მიმართავს. ბანკირების ნაწილი კი, ეჭვქვეშ თავად ბიზნესმენების პროფესიონალიზმს აყენებს. ისინი აცხადებენ, რომ სესხებზე საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთების ევროპულთან შედარება არასწორია, რადგან ბანკები ადგენენ იმ საპროცენტო განაკვეთს, რის საშუალებასაც ქართული ეკონომიკა იძლევა, საქართველოს ეკონომიკა განსხვავდება ევროპული ქვეყნების ეკონომიკებისაგან და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთებიც სხვადასხვაა. მათი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მეტი რესურსია და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთებიც ნაკლებია. საქართველოს ეკონომიკა კი, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას ჩამორჩება. “იაფი ფულის არსებობას ფულის სიჭარბე განსაზღვრავს. ქართულ კომერციულ ბანკებს დიდი რესურსი არ აქვთ, მოთხოვნა კი, მაღალია. სწორედ ამიტომ, საპროცენტო განაკვეთები დასავლურ ქვეყნებთან შედარებით მაღალია” – აღნიშნავენ ბანკირები. ეროვნული ბანკი პირველად აღიარებს, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში საკრედიტო აქტივობა დაბალია. ბანკის შეფასებით, საკრედიტო პორტფელის სასურველი ზრდის ტემპი არ შეინიშნება, რაც საბანკო სისტემაში ლარის გრძელვადიანი რესურსის დეფიციტით არის გამოწვეული.
თუმცა, მეორე მხრივ, ბანკები დეპოზიტების მზარდი მოცულობით იწონებენ თავს, რაც თითქოსდა კრიზისის დასრულებისა და ეკონომიკური ზრდის მაუწყებელია. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც – როცა ქვეყანაში ეკონომიკა კვლავ რეცესიულ მდგომარეობაშია, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნა ფიქსირდება და საგრძნობლად იზრდება უმუშევრობის დონე, დეპოზიტების მოცულობის მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება ეკონომიკაში ფულის ჩადებას გაურბის. ფინანსური თვალსაზრისით, არასახარბიელო ტენდენციაა საბანკო სფეროსთვის და ზოგადად ეკონომიკისათვის, როცა დეპოზიტების მოცულობის ზრდა საკრედიტო აქტივობის ზრდის პროპორციულად არ მიმდინარეობს.
რაში ხარჯავენ ბანკები ფულს
საკმაოდ მსხვილი მსესხებელი ბანკებისათვის, თანაც საუკეთესო პირობებით, სახელმწიფო გახდა. ფინანსთა სამინისტრო თუ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე დიდი რაოდენობით ფასიან ქაღალდებს ჰყიდის. მარტო 2009 წელს, ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 902 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა. ამას ემატება ფინანსთა სამინისტროს მიერ გაყიდული 270 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები. თუ საშუალო-შეწონილი 4%-იანი განაკვეთით ვიანგარიშებთ, ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის, უხეში გათვლებით, დაახლოებით, 36 მილიონი ლარი დაუბრუნებია. 2008 წელს ეროვნულმა ბანკმა 3.761 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდი გაყიდა. იმავე გათვლებით, პროცენტის სახით, სებ-მა ბანკებს, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი გადაუხადა. ყველაზე დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღლდები ბანკმა 2007 წელს გაყიდა – 4.202 მილიარდი ლარი, ხოლო 2006 წელს – 380 მილიონი ლარი.
წელს, ფინანსთა სამინისტრომ 75 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები უკვე გაყიდა. სახაზინო სამსახურის უფროსის, კახა სეხნიაშვილის განცხადებით, ბანკების მხრიდან ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. სახაზინო ვალდებულებების პირველი ემისია ფინანსთა სამინისტრომ შარშან აგვისტოში განახორციელა. 5 თვეში 270 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ექსპერტების განცხადებით, ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნა იმითაა განპირობებული, რომ ბანკებმა სახელმწიფოს სახით მყარი მსესხებელი ნახეს, მთავრობას კი, ბანკების ფული ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად სჭირდება. მართალია, ეს თავისთავად სულაც არაა უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნებოდა ბანკებს ეს ფული ეკონომიკის განვითარებისთვის გამოეყენებინათ.
რეკომენდაციები მდგომარეობის გამოსასწორებლად
“ბანკებისადმი მოსახლეობის ნდობის გასამყარებლად აუცილებელია ზედამხედველობა გამკაცრდეს”” – ამ რეკომენდაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იძლევა. მათი განცხადება ეროვნული ბანკისადმია მიმართული. EBRD ამის აუცილებლობას საკუთარი პროგნოზიდან გამომდინარე ხედავს. ევრობანკის გათვლებით, ეკონომიკური ვარდნის შედეგად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობის ზრდა და უძრავი ქონების სფეროში პრობლემები ისევ მოსალოდნელია. მათი განცხადებით, ბანკებისთვის ასევე მნიშვნელოვნად რჩება სავალუტო რისკები. ამ ნეგატიური შეფასებების გარდა, EBRD-ის პროგნოზით, შესაძლებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების უფრო მკვეთრი დაცემაც. ამან კი, შესაძლოა, ზეწოლა ეროვნულ ვალუტასა და ბანკების ბალანსზე მოახდინოს.
თუმცა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეკომენდაციებს საქართველოში ბევრი არ იზიარებს. როგორც EBRD-ის ამ რეკომენდაციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ალავიძემ საჯაროდ განაცხადა: კომერციულ ბანკებზე დღეს არსებული ზედამხედველობა საკმარისია. მისი თქმით, ბანკები კრიზისის პერიოდში სწორედ მკაცრმა რეგულაციამ გადაარჩინა, თუმცა პოსტკრიზისულ პერიოდში სხვა მიდგომაა საჭირო. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეგულაციის გამკაცრება ბანკებს დააფრთხობს.
ასე არ ფიქრობენ ევროპასა და აშშ-ში. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, ბევრი რამ დააყენა თავდაყირა – მათ შორის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის ძირითადი პრინციპებიც. 2008 წლის ფინანსური კოლაფსიდან დღემდე მსოფლიოში არ წყდება საუბარი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების უფრო მეტი რეგულირების საჭიროების შესახებ.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც ბანკებზე მსოფლიო გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს. შესაბამის შეთანხმებას ქვეყნებმა, შესაძლოა, კანადაში დაგეგმილ ივნისის G20-ის სამიტზე მიაღწიონ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა. განვითარებული ქვეყნების ლიდერებს შორის ყალიბდება საერთო მოსაზრება, რომ ბანკებმა მომავალში საფინანსო ინსტიტუტების დასახმარებლად აუცილებელი ღონისძიებები უნდა მიიღონ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, კრიზისის დროს ბანკების დახმარებისთვის გაწეულმა ხარჯებმა 11 ტრლნ დოლარი შეადგინა. დიდმა ბრიტანეთმა საბანკო ბონუსები 50-პროცენტიანი გადასახადით უკვე დაბეგრა, შვეიცარიამ კი, კრიზისით დაზარალებული საფინანსო ინსტიტუტების გადასარჩენად ბანკების მიერ დაფინანსებული ფონდი შექმნა.
თუმცა, დასავლეთის გამოცდილებასა და ტენდენციებს საქართველოში ყოველთვის როდი იზიარებენ. ფონდების შექმნას რომ თავი დავანებოთ, ჩვენთან ბანკები პირდაპირ მოვალეობასაც კი არ ასრულებენ და დაკრედიტებას ძალიან ართულებენ, რაც, მოკლევადიან პერსპექტივაში – ბიზნესს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და, მათ შორის, საბანკო სექტორზეც უარყოფითად აისახება.