ეკონომიკური ინდიკატორები

რედაქციისგან

2010 წლის იანვრის ინფლაცია საქართველოში 2010 წლის იანვარში 2009 წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 101,1 პროცენტი შეადგინა. შედარებისათვის, 2009 წლის იანვარში ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 101,4 პროცენტს, ხოლო 2008 წელს – 102,5 პროცენტს.

2010 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 1,1 პროცენტიანი ინფლაცია ძირითადად განაპირობა სურსათზე სამომხმარებლო ფასების ზრდამ 2,2 პროცენტით, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე – 3,3 პროცენტით.
თორმეტთვიან პერიოდში (2010 წლის იანვარი 2009 წლის იანვართან) სამომხმარებლო ფასების ინდექსმა შეადგინა 102,7 პროცენტი.

ფულადი გზავნილები იანვარში
2010 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 56.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 10.3 პროცენტით მეტია 2009 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (2.0 მლნ დოლარით) და საბერძნეთიდან (1.1 მლნ აშშ დოლარით).
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.4 პროცენტი იმ 7 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 7 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 87.9 პროცენტი მოდიოდა.
2010 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის იანვარში.

ძვირფასი ლითონები კვლავაც ფასობს
პარასკევს, 26 თებერვალს, ძვირფასი ლითონების ბაზარზე ვაჭრობა ფასების ზრდით მიმდინარეობდა. ევროს გამყარება მოთამაშეებს სარისკო ოპერაციებისაკენ ინტერესს უმძაფრებდა. მაკროეკონომიკური სტატისტიკაც დოლარისგან გათავისუფლებას უწყობდა ხელს და მოთამაშეები თავდაჯერებით განაგრძობდნენ ლითონების ფიუჩერსების შეძენას.
ოფიციალური ფასი ოქროზე 26 თებერვლის სესიის ვაჭრობის შედეგების მიხედვით ნიუ-იორკში გაიზარდა და 1118.9 დოლ./უნცია (+1,02%) შეადგინა. თუმცა, ზრდა 1 მარტს არ გაგრძელებულა, ამ დღეს ოქროს ფიუჩერსი 1118,2 (-0,6%) ნიშნულზე ვაჭრობდა. თუმცა, ოქრო ერთადერთი ლითონია, რომელზეც 1 მარტს ფასის ვარდნა დაფიქსირდა.
ვერცხლმა ვაჭრობა ნიუ-იორკის ბირჟაზე 16,51 დოლ./უნციას (+2,42%) ნიშნულზე დაამთავრა. ლითონების ფასების ზრდა მყარად გაგრძელდა და ვერცხლის ფიუჩერსი 16,65 დოლ. უნციას ნიშნულზე (+0,78%) ვაჭრობდა. სავარაუდოდ, დოლარის შესუსტების პარალელურად კოტირებები გაიზრდება, რის გამოც სესიის მიმდინარეობისას ზრდის ზონას ოქროს ფიუჩერსებიც შეუერთდება.
ბაზარზე მოთხოვნა კიდევ ორ ლითონზე – პლატინასა და პალადიუმზე – გაიზარდა. პარასკევს პლატინა 1545,0 დოლ./უნცია (+0,26%), პალადიუმი კი 436 დოლ./უნცია (9+2,38%) ღირდა. 1 მარტს პლატინის ჯგუფის ლითონების ფიუჩერსების ზრდა გრძელდებოდა. იგი 0.55%-იანი ზრდით 1548,4 დოლ./უნციას ნიშნულზე ვაჭრობდა, პალადიუმი კი – 0,35%-იანი ზრდით – 433,9 დოლ./უნციას ფარგლებში.
მოთამაშეების პოზიტიურიმა განწყობამ ძვირფას ლითონებზე ფასების ზრდა გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, სანამ ოქრო 1120 დოლ./უნციას – წინააღმდეგობის რთულ ზღვარს არ მიუახლოვდება. შემდგომი დინამიკა Forex-ის ბირჟაზე მოთამაშეების განწყობაზე იქნება დამოკიდებული.
ნავთობი
ნავთობის ბაზარზე პოზიტიური იმპულსები შეიტანა საფონდო ბირჟებმაც. დღის შეჯამების მიხედვით ფართო ბაზრის ინდექსი Standard & Poor’s 500 0,14%-ით გაიზარდა, Dow Jones Industrial Average-ის ინდექსი – 0,04%-ით, მაღალტექნოლოგიური NASDAQ-ის – 0,18%-ით.
საბოლოოდ, WTI მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა 1,91%-ით და ბარელზე 79,66 დოლარს მიაღწია.