ღაბუა ჯაბუა და ნიაღვარი თბილისში
მათე მელია
საზაფხული მოენატრა თბილისს, წალეკა ნალექმა მაისის ვარდი, ჭორფლი გაუჩნდა ნუშს და ნესტმა გააქრო ყვავილების სურნელი. სურნელი ქართული ჰანგისა კი – “ვაი შოუ ბიზნესმა”. ჩვენი ესტრადის მომღერლები ნაცნობნი თუ უცნობნი “კასეტებით” ჯიბედამძიმებულნი დარბიან თბილისის რესტორნებში, ბარებში, დარბაზიდან კულისებში. ყველაზე ადვილი პროფესია მომღერლობა გახდა. მთავარია, “კასეტა” იშოვო, კომპიუტერზე რამდენიმე ბგერა და აკორდი ჩაწერო, თუნდაც, შორს მდგარი ხელოვნებისგან, როგორც ქართველები დემოკრატიისა, ხოლო, აფხაზები განათლებისგან.
ამის პრობლემა არ არის. ამას კომპიუტერი ისე დაარეგულირებს და გაასწორებს, რომ საკუთარი თავის თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ და აღმოაჩენთ, რაოდენ “ნიჭიერი” და “პროფესიონალი” ყოფილხართ. მორჩა! სულ ეს არის. მერე ზემოჩამოთვლილ მისამართებზე რაც შეიძლება მძაფრი მსახიობური ჟინით შოშიასავით აღეთ პირი, ისე, “ტყვილად”. ვაი, და ჩვენი შვილების მდარე და უხამსი მუსიკით ნაკვებნი ყურები! 100 ლარიან, ტყუილ “კასეტებს” რომ უსმენენ. სამაგიეროდ, “შოუს” და თანაც, ბიზნესს დეკორაციებში, ორკესტრში, სახელოვან პიანისტებსა და ვარსკვლავ-პარტნიორებში ფულის დახარჯვა არ სჭირდება, არც მოცეკვავე სირინოზებში. მთავარია, რეკლამა, ღრმა მატყუარა და, რა თქმა უნდა, ფული!
ნამდვილი მუსიკა? რომელი იყო თავიდან ეს მუსიკა? თავიდან არ მახსოვს, მაგრამ ახლა სადღაც იქით უკანა რიგებშია გადასროლილი და ჩვენი ბიუჯეტივით სულს ღაფავს.
მოენატრა გაზაფხული თბილისს. ნიაღვარი მომძლავრდა, მაგრამ 22 მაისს ფილარმონიაში თბილისი და მონატრებული ხალხი სანუკვარი ცოცხალი მუსიკის ნიაღვარმა წალეკა. “ფანები” (მგონი, მათ ახლა ასე ეძახიან) ტალღამ აიტანა ცაში და მოგონების ოკეანეში გადაისროლა.
იდუმალ ცაზე გამოჩნდა მთვარე, მთვარე და არა საქანელა ყოფილ თბილისის ელიტარულ ეზოში, იქვე ბალახში, გაშლილი სახელდახელოდ დაწნული მაგიდა, სურნელი გაზაფხულის და სინანული, სინანული ქართული სიმდიდრისა და სიდიადის დღევანდელი სიმწირის გამო. უჭირს ქართულ სიმღერას, მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ, რადგან ბაღში ატმის ყვავილს, ყავის არომატში არეული სურნელი სდის. მისტიური ზარების წკარუნით აღმოცენდნენ ვენეციური “მიმები”, გულში დაჭიმული სიმების ჟღარუნით ამცნეს ზარებმა დარბაზს, ქართველებს, მთელ დუნიას – ქართული მუსიკა, ქართული ჰანგი, ხორხი და ტემბრი, ბგერა. სიმღერა არ მომკვდარა, ცოცხალია და…
შუქმა გააპო სივრცე და ჩვენი ბავშვობის დროინდელი გაცრეცილი ფილმის კადრები გამოჩნდა. თვალებფახულა ღაბუა გოგონა, მოკლე კაბით და დიდი თვალებით ჩვენი ბავშვობის ჰიმნებს მღეროდა, გოგონა, რომელზეც მთელი ჩვენი ქუჩა, მთელი ქალაქი შეყვარებული იყო – ღაბუა ჯაბუა. ბავშვობიდან დღემდე რომ მოგვდევს მისი არამიწიერი სიცილი, სიცილში თვალები, საოცარი, აღუწერელი თვალები! “მაგრამ ეს გუშინ, ისტორიაში” – სიმწრით აღმოხდათ დარბაზში ოდნავ ასაკშეპარულ, მაგრამ სიცოცხლეზე გაპრანჭულ ქალბატონებს. უცებ წიაღიდან, საიდანაც იშვა თვით აფროდიტე, ყვავილივით აღმოცენდა მაფშალია. ისევ ისეთი ულამაზესი, მომხიბლავი, მედიდური მზერით, განუმეორებელი ვარცხნილობით და ის, ასე ნაცნობი ქართული ჰანგი, გულის სიღრმემდე დამდაღავი, მწველი. ქართულ-რუსული რომანსები მოეფინა დარბაზს. იქით, მარცხნივ წითელ როიალს წითელი ალი ასდიოდა და დათო ევგენიძე ზევსს აბრაზებდა სიმებით. ჟღარუნობდა ორკესტრი ჩუმად, ვით ნორჩი სიო, დაისის კვირაძალი მაისში. ეს შოუ კი არა დიდი იდუმალი ზეიმი იყო მაია ჯაბუას და ქართული ესტრადის.
ეს იყო პოეზია და უნაზესი მთის წყაროსავით კამკამა ხმები. სინაზე ქალის, რომელიც გაზაფხულივით წითელ, ყვითელ, შავ ფერებში გამოწყობილი, ბაკურ ბაკურაძის მიერ უმაღლესი გემოვნებით შექმნილი კოსტიუმებით სცენაზე კრძალვით დასრიალებდა. არავითარი ფონოგრამა, მხოლოდ ცოცხალი ჰანგი! ულამაზესი დიზაინი, კოსტიუმები, დახვეწილი დეკორაცია და ღამის დედოფალი, ღაბუა ჯაბუა.