არსებობისთვის არასაკმარისი საარსებო მინიმუმი-რატომ ვიტყუებთ თავს?
გიორგი ელიზბარაშვილი
ტრადიციულად წელსაც არჩევნები გვაქვს. ტრადიციულად წელსაც მატულობს პოპულიზმი. 10 თეთრიან გაზს და უფასო წყალს აღარ გვპირდებიან, ეს უკვე კარგია, ჩანს მერობის მსურველებმა ცოტა მეტი სერიოზულობით შეხედეს ამომრჩეველს და მოუკლეს შეურაცხყოფას. როცა ადამიანს წინასწარ გამიზნულად ატყუებ ეს შეურაცხყოფაა, არაპირდაპირ ეუბნები რომ გონებაშეზღუდულია, ვერ გაერკვევა და ამით სარგებლობ. მაგრამ ტყუილების გუდა მხოლოდ ზომაში დაპატარავდა მცირედით და უმრავლესობას ჯერ კიდევ არ გადაუგდია. პენსიების და სოციალური დახმარებების ზრდა კვლავ აქტუალურია.
მსოფლიოში არ არსებობს საარსებო მინიმუმის უნიკალური განსაზღვრება. სხვადასხვა ქვეყანაში ის სხვადასხვაა, ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი სახის სიტყვათშეთანხმებაც უცხოა და მის მაგივრად იყენებენ სიღარიბის ზღვარს, რასაც როგორც წესი უთანაბრდება მინიმალური ხელფასიც. ეს მაჩვენებელი გერმანიაში 1750 დოლარია, ჩვენთან ასეთი შემოსავლის პატრონს ქონების გადასახადით ვბეგრავთ, დაახლოებით იმდენივე ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ირლანდიაში, ლუქსემბურგსა და ავსტრალიაში კი 2000 დოლარს აღწევს. უღარიბეს ქვეყნებში საარსებო მინიმუმით ჯანმრთელი ადამიანი გარკვეული პერიოდი სიცოცხლეს შეინარჩუნებს, კალათაში დღიურ ნორმად გაწერილია რამდენიმე ნაჭერი პური ან ბრინჯი. ღარიბ ქვეყნებში შესაძლებელია არასრულფასოვანი კვება. მდიდარ ქვეყნებში კი გათვალისწინებულია სრულფასოვანი კვება, ჯანდაცვა, განათლება, გარკვეული დოზით გართობა და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა. სხვადასხვაა სიღარიბისა და სიღატაკის განსაზღვრებაც. ღარიბი შვეიცარიის სტადნდარტებით პაკისტანში მდიდრად თუ არა საშუალოზე მაღალი შეძლების ადამიანად მაინც ჩაითვლება.
საქართველოში საარსებო მინიმუმი 160-170 ლარით განისაზღვრება. სხვაობას განაპირობებს კალათაში შემავალი პროდუქციის ფასის ცვლილებები. ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს საქსტატს. საქსტატი არაფერ შუაშია, ის უბრალოდ ითვლის. პრობლემა ფორმულაშია, რომელიც აგერ უკვე 14 წელია არ შეცვლილა. დიახ ბრძანებულება რომლითაც ახლაც ხელმძღვანელობენ 2003 წლის 8 მაისით თარიღდება და მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერა ამშვენებს. 2003 წელს საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე 928$-ს შეადგენდა, 2016 წელს 3853$ ამ ხნის მანძილზე გაიზარდა 4.15-ჯერ. მსყვიდველობითი უნარიანობის პარიტეტით 2.9-ჯერ 3450$-დან 10000$-მდე. გაიზარდა, პენსია, ხელფასი. მაგრამ უცვლელი დარჩა საარსებო მინიმუმი. მართალია ისიც გაორმაგდა 2004 წლის იანვარში 82 ლარს შეადგენდა ახლა 167 ლარს, მაგრამ ეს გამოწვეულია ინფლაციით. არსებულ მოდელში დღიურ ნორმად გაწერილია 10 გრამი ღორის ხორცი, 15 გრამი მაკარონი, 10 გრამი ძეხვი, 0.5 ცალი კვერცხი… სულ საკვები პროდუქტი შეადგენს მთელი კალათის 70%-ს. 30%-ში შედის ყველა სხვა ხარჯი, რაც დათვლილი არაა. კიდევ უფრო ალოგიკური ის ფაქტია, რომ 2003 წელს მოხდა 1997 წელს მიღებული ნორმის ცვლილება უარესობისკენ. შემცირდა საკვებ პროდუქტთა ჩამონათვალი და კალორიულობა. ბოსტნეულის 2-ჯერ, რძის ნაწარმის 4.5-ჯერ. ანუ დღევანდელი ოფიციალური საარსებო მინიმუმი იმაზე მცირეა ვიდრე ეს იყო 20 წლის წინ.
ამ 20 წლის მანძილზე პრობლემებისა და გაჭირვების მიუხედავად საშუალო შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 4.5-5-ჯერ გაიზარდა მსოფლიო რეიტინგში კი 30-40 საფეხურით დავწინაურდით. ეს საარსებო მინიმუმის ფორმულაზეც უნდა ასახულიყო, რაც არ მომხდარა.
არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი ვინც იტყვის, რომ არსებული საარსებო მინიმუმი სწორადაა დათვლილი და საკმარისია. თუ ასეა რატომ არ იცვლება? მიზეზი ისევ პოლიტიკურია. დღევანდელი ასაკობრივი პენსია უთანაბრდება და მცირედით აღემატება კიდეც ოფიციალურ საარსებო მინიმუმს. ფორმულის ცვლილებით ეს ბალანსი დაირღვევა. აქ უფრო გამბედაობის პრობლემაა. პენსია ვერ გაუთანაბრდება რეალურ საარსებო მინიმუმს, სამწუხაროდ ვერც მინიმალური ხელფასი, თუმცა ახლოს კი მივა ამის რესურსი არ გაგვაჩნია, უბრალოდ აღიარება უკეთესი იქნებოდა, აღიარება, იმის, რომ პენსია საარსებო მინიმუმის ნახევარია ან უფრო ნაკლები, სოციალური დახმარება 15-20 პროცენტი.
ის რომ საარსებო მინიმუმში საკვების წილი 70 პროცენტია უფრო დიდი სირცხვილია ვიდრე ის რომ პენსია ყოფილიყო მასზე ნაკლები. ასევე სირცხვილია ის ფაქტიც, რომ პურისა და ცომეულის კალორიულობა თითქმის ნახევარია, მთელს ასორტიმენტში. ვინ მოვატყუოთ როცა ვაცხადებთ, რომ საარსებო მინიმუმი 70 დოლარია? ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მის ანაბარა მყოფი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია. გაეროს მიერ დადგენილი პირობითი სიღარიბის ზღვარიც დღეღამეში 2.5 დოლარია თვეში 75$.
გაუგებარია რატომ არის ერთი და იგივე სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებთა და სხვადასხვა ასაკის ადამიანთა საარსებო მინიმუმი ზამთარშიც და ზაფხულშიც. შორს ვარ იმ აზრისგან რომ „თბილისელობა“ რამე ფენომენია და თბილისელი მეტს იმსახურებს, მაგრამ ისიც მართალია, რომ თბილისში მცხოვრებს გაცილებით მეტი ხარჯი აქვს თუნდაც მხოლოდ ტრანსპორტის. რეგიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ფეხით გადაადგილდება, სასწავლებელი, სამსახური, ნათესავისა და მეგობრის ბინა, სახელმწიფო დაწესებულება ახლოსაა სახლიდან, თბილისში კი საჭირო ხდება ტრანსპორტი წასვლა და უკან დაბრუნება 1 ლარი ჯდება, ხშირად ეს თანხა იზრდება. ეს თვეში დამატებით 30 ლარს შეადგენს. ბუნებრივია რეგიონებშიც დადიან სოფლებიდან რაიონულ ცენტრში, მაგრამ მათი წილი შედარებით მცირეა. თუ დავუმატებთ მას გარეთ კვებას დღეში თუნდაც 2 ლარს. ტრანსპორტირებისა და გარეთ კვების ხარჯი 100 ლარამდე აღწევს, რაც შეჭირვებული ადამიანისთვის უკვე სოლიდური თანხაა. სხვა ხარჯების დარჩენილ 30%-ში მოქცევა, ძალიან მარტივია. ზამთარში 1 საშუალო ზომის ოთახის გათბობის ხარჯი 100 ლარამდე ჯდება, თუ ადამიანი უკიდურესობამდე არ არის მისული ცდილობს ნაწილობრივ მაინც გაათბოს ბინა, ზაფხულში კი ზოგავს კონდიცირების ხარჯებს.
ახალი მეთოდოლოგია უბრალოდ აუცილებელია. დღეს არსებული 2300 კილო კალორია რეალურად არაა საკმარისი ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და საჭიროა როგორც მინიმუმ 2500 კილოკალორია. დღევანდელი გათვლით შრომისუნარიანი მამაკაცი კვებაზე უნდა ხარჯავდეს 117 ლარს (167*0.7). დღეში 3.9 ლარი კვებაზე ცალსახად არასაკმარისია. 5 ლარი მეტ-ნაკლებად მისაღები. დღევანდელი კანონმდებლობა გვეუბნება 50 ლარი საკმარისია კომუნალური გადასახადების დასაფარადაც, მათ შორის ზამთარშიც, მობილურის ბალანსის შესავსებადაც, ტრანსპორტირებისთვისაც, სამედიცინო მომსახურებისთვისაც, ტანსაცმლისთვისაც, ჰიგიენური საშუალებების შეძენისთვისაც. აგრეთვე განათლებისთვის, გართობა-დასვენებისთვის. ეს ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენთან ხარჯები 70/30-ზეა გაწერილი. განვითარებულ ქვეყნებში პირიქით 30/70-ზე. ავიღოთ კომპრომისული ვარიანტი 50/50-ზე. საგულისხმოა, რომ სამომხმარებლო კალათაში შედის 305 დასახელების პროდუქტი და მომსახურება მათ შორის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი მხოლოდ 30.1%-ს შეადგენს, კალათა ასევე აერთიანებს ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს ნაწარმს, ტანსაცმელს, კომუნალურ გადასახადებს, წვრილ და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, საცურაო აუზის მომსახურებას, კინოს ბილეთებს… მეტ-ნაკლებად ყველაფერი ფუფუნების საგნების გარდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში იმავე სამომხმარებლო კალათაში 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და მომსახურება შედის. ჩვენს საარსებო მინიმუმში მხოლოდ 40 დასახელების პროდუქტია შეყვანილი. სამომხმარებლო კალათა რომ გადმოვიტანოთ საარსებო მინიმუმში შეიძლება მან 1000 ლარსაც გადააჭარბოს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის არარეალური იქნება. კომპრომისული ვარიანტით მივიღებთ დაახლოებით 300 ლარიან პაკეტს. დიდ ქალაქებში გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით მას უნდა დაემატოს როგორც მინიმუმ 10%. ასევე მინიმუმ 50 ლარი უნდა დაემატოს ზამთრის სეზონზე კომუნალური ხარჯებისათვის. სეზონურობა გასათვალისწინებელია პროდუქტის ასორტიმენტშიც. ზაფხულში უნდა დაითვალოს საზამთროსა და ნაყინის ხარჯი, ზამთარში მანდარინისა და ფორთოხლის. მნიშვნელოვანია საკითხის განხილვა სქესობრივ ასაკობრივ ჭრილშიც. საჭირო კილოკალორიების რაოდენობა მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
წყარო :Med.ge
ამასთან ფეხმძიმე ქალს ესაჭიროება 300 კილოკალორიით მეტი, მეძუძურს კი 650-ით მეტი. ეს რიცხვებიც გასაშუალოებულია იცვლება ადამიანი წონასთან და სამუშაო დატვირთვასთან ერთად. აქტიური სპორტით დაკავებულ მძიმეწონოსან სპორტსმენს რეალურად 4300 კილოკალორია ესაჭიროება, ოფისში მომუშავე ქალბატონს ამის ნახევარი. ისიც სიმართლეა, რომ შეუძლებელია თითოეული ადამიანის წონისა და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინება, ამიტომ გათვლები ყოველთვის იქნება მიახლოებითი.
გასაგებია, რომ 2 ადამიანი ერთად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე ჯამურად ცალ-ცალკე, მაგრამ არც იმდენად ნაკლებს როგორც გვარწმუნებენ. მაგალითისთვის ავიღოთ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემები რომელიც 2017 წლის ივლისს შეესაბამება
ეკონომია ძირითადად მოდის კომუნალურ ხარჯებზე და ბინის ქირაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული. პირობითად 1 ჩართული ნათურის განათება დააკმაყოფილებს 2 და მეტ ადამიანს, მაგრამ 2 ადამიანს სჭირდება 2 პური. თუ 70% კვებისთვისაა გათვლილი ერთსულიან ოჯახზე ეს იქნება 104 ლარი. მაშინ როცა სამსულიან ოჯახზე გათვლილია მხოლოდ 267 ლარი ანუ 1 ადამიანზე 89 ლარი. 89 ლარი ყველაფრისთვის საკვებისთვისაც და სხვა ხარჯებისთვისაც. ოთხსულიან ოჯახზე სულზე 74 ლარი, 5 სულიანზე 67, 66 ექვს სულიანზე და აქ წერტილი ისმება, პირობითად თუ დიდ ოჯახში 9 სული ცხოვრობს დედ-მამა, პაპა-ბებია და 5 ბავშვი მათ კვებაზეც, ჰიგიენაზეც, ჯანდაცვაზეც და საერთოდ ყველაფერზე 394 ლარი უნდა იმყოფინონ სულზე 44 ლარზე ნაკლები დღეღამეში 1.46 ლარი. ვინც ამ მოვლენას სიღარიბეს დაარქმევს მატყუარა იქნება. ეს სიღატაკეა.
დღეს ასაკობრივი პენსია 180 ლარს შეადგენს. 180 ლარია ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება, 100 ლარი მარცენალდაკარგულებისთვისაა გათვლილი, სოციალური დახმარება 10-60 ლარის ფარგლებში მერყეობს დამოკიდებულია ქულაზე, დევნილთა დახმარება კი 45 ლარი. მთლიანობაში სხვადასხვა სახის პენსიასა თუ შემწეობას ჯამში მილიონზე მეტი ადამიანი იღებს, ზოგი მათგანი რამდენიმე სახისას ერთდროულად. არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია რომელიმე ჯგუფის რეალური საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა. უბრალოდ კარგი იქნება თუ ვაღიარებთ არსებულ მეტად მძიმე მდგომარეობას. სირაქლემის პოზას სიკეთე არავისთვის მოუტანია. თუ პირობითად იქნება 300 ლარი ზღვარი, მაში 5 სულიანი ოჯახისთვის 1500 არა მაგრამ 1100 ლარი უნდა იყოს და არა 650. ეს უნდა იყოს ორიენტირი ვთქვათ 2030 წლისათვის ინფლაციის გათვალისწინებით, ოღონდ სტრატეგია 2020-ისგან განსხვავებით ცოტა უფრო სერიოზულად უნდა იყოს ყველაფერი დათვლილ-გაანალიზებული და როგორც მინიმუმ ექსელის გამოთვლებში არ უნდა იყოს უხეში შეცდომები გაპარული.
პრობლემას წარმოადგენს ღარიბთა საკმაოდ დიდი წილი. მართალია ოფიციალური ცნობებით 2011 წლიდან დღემდე სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 1.5-ჯერ შემცირდა, მაგრამ საკმარისია მიმოვიხედოთ გარშემო, გავიდეთ ქუჩაში, გადავხედოთ სოციალურ ქსელს საკმარისი მიზეზი მოგვეცემა ამ მონაცემების ეჭვქვეშ დასაყენებლად.
მონაცემები ზუსტიც რომ იყოს, 21% მაინც ძალიან მაღალია. ეს ის რიცხვებია, საქართველო რომ აღიარებს ღარიბად ადამიანს, თორემ სიღარიბე ამერიკული ან გერმანული სტანდარტით რომ გავზომოთ, ღარიბები უმრავლესობაში აღმოჩნდებიან, თანხას საკონსტიტუციო უმრავლესობაში, მყარ საკონსტიტუციო უმრავლესობაში. იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეძლოს ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ თავის გამოკვება, საჭიროა ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება, ეს რომ მაქსიმალურად მცირე დროში განხორციელდეს აუცილებელია ზრდის მაღალი ტემპი. ზრდის მაღალი ტემპის მისაღებად კი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, მხოლოდ აუცილებელი რეგულაციები რაც ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ეკოლოგიას, განათლებაში ინვესტირება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება მზარდი შემოსავალი, მით ნაკლები ადამიანი გახდება დასახმარებელი. ელემენტარული არითმეტიკაა, რომ თუ მცირე ზომის ნამცხვარი ნაწილდება დიდ ჯგუფზე თითოეულს შეხვდება ძალიან პატარა ნაჭერი, ხოლო თუ დიდი ზომის ნამცხვარს მცირე ჯგუფი იყოფს, თითოეულ მათგანს გაცილებით დიდი ნაჭერი ერგება. ამიტომ სიღარიბის დაძლევის ყველაზე ეფექტური საშუალება სოციალური ხარჯების ხელოვნური ზრდა კი არა, ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებაა.
ბიბლიოგრაფია:
www.geostat.ge
www.forbes.ge
www.med.ge
www.worldbank.org