თიბისი ბანკმა რისკები დააზღვია
ნინო არველაძე
მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს კომერციული ბანკების მიერ რისკების მართვას. თიბისი ბანკი მომხმარებელს მრავალ სიახლეს სთავაზობს, 2010 წელი ბანკისთვის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. მიმდინარე წლის 23 მარტს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” თიბისი ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ბანკს შესაძლებლობას აძლევს დააზღვიოს საპროცენტო და სავალუტო რისკები ისეთი ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა სვოპი.
ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკას” ესაუბრება თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე:
ს.ე. – ბატონო ვახტანგ, ცნობილია, რომ თიბისი ბანკი მომხმარებელს ახალ პროდუქტს მალე შესთავაზებს და მსესხებლებს კრედიტის ეროვნულ ვალუტაში აღების შესაძლებლობა ექნებათ.
ვ.ბ. – ეს პროცესი დაწყებულია და ვფიქრობ, მოკლე პერიოდში უფრო გააქტიურდება. ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით უახლოესი სამი თვის განმავლობაში ყველა ბანკი აქტიურად დაიწყებს ლარებში სესხების გაცემას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ, როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
ს.ე. – რატომ იქნება ქართველი მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ლარში სესხის აღება?
ვ.ბ. – ხშირ შემთხვევაში, კომპანიები და ფიზიკური პირები შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებენ, ამიტომ არის საშიშროება, რომ მათი შემოსავალი არ გაიზარდოს, რაც ვალის დაფარვის პროცესს დააბრკოლებს. ლარში აღებული კრედიტის დაფარვა ეროვნული ვალუტის შემოსავლის მქონე პირისთვის იოლი იქნება, რადგან მას ყოველთვიურად ფიქსირებული თანხის გადახდა მოუწევს, რომელიც ვალუტის გაცვლითი კურსის რყევის გამო ცვალებადი არ იქნება.
ს.ე. – 2010 წელი ბანკმა ძალიან აქტიურად დაიწყო, ხომ არ ფიქრობთ, რომ წლის ბოლოს თიბისი ბანკი საქართველოს საბანკო სივრცეში N1 ბანკი გახდება?
ვ.ბ. – გარკვეული კუთხით საქართველოს N1 ბანკი საქართველოს ბანკია, გარკვეულ ნაწილში კი, თიბისი ბანკი პირველობს. მაგალითად, ფიზიკური პირების დეპოზიტებში, რაც კომერციული ბანკის საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი ასპექტია, უკვე 7 წელია თიბისი ბანკი პირველ ადგილზეა, კორპორატიულ სესხებს რაც შეეხება, საქართველოს ბანკს თიბისი ბანკთან შედარებით 3-ჯერ დიდი ფილიალების ქსელი გააჩნია და მისი ლიდერობა გასაკვირი არ არის.
თიბისი ბანკის კიდევ ერთი სიახლეა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-სთან გაფორმებული ხელშეკრულება სვოპის გამოყენების შესახებ.
IFC-მ საპროცენტო განაკვეთების სვოპის ოპერაციები თიბისი ბანკთან 2004 წელს დაიწყო. ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს ბანკს დამატებით მართოს რისკები და მოახდინოს გრძელვადიანი ნასესხები თანხების დოლარის საპროცენტო განაკვეთების რისკის დაზღვევა. IFC-ისა და თიბისი ბანკს შორის დადებული ხელშეკრულება გაფორმდა საერთაშორისო სვოპისა და დერევატივების ასოციაციის (ISDA) მთავარი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც IFჩ-ის ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კლიენტი ბანკებისათვის რისკის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მათთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს.IFC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, სნეჟანა სტოილჯკოვიჩმა განაცხადა, რომ რისკების მართვა ნებისმიერი ბანკის საქმიანობაში უაღრესად მნიშვნელოვანია და ასეთი ტიპის ტრანზაქციები, რაც ბანკს დაეხმარება გააუმჯობესოს რისკის მართვის პროცესი. ეს კი ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC დაინტერესებულია ქვეყანაში არსებული საფინანსო სისტემის მხარდაჭერით, მათ მიერ გაწეული დახმარების მოცულობა მთლიანად 250 მლნ დოლარს შეადგენს. IFC-თვის თიბისი ბანკი ყველაზე ძველი პარტნიორია. ინსტიტუტი დაინტერესებულია ბანკების განვითარებით, ის მათ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება.
IFC საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ორიენტებულია ექსკლუზიურად კერძო სექტორზე, რაც ახალი ბაზრების მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან ერთად IFC ამჟამად კაპიტალის გაზრდას ცდილობს, რათა კიდევ უფრო განამტკიცოს განვითარებად ქვეყნებში ღარიბი მოსახლეობის დახმარების შესაძლებლობები, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული რისკების შემცირების მეშვეობით, რაც საფინანსო სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ IFC-ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის (40 მლნ დოლარის მოცულობის სვოპი). კერძოდ, თიბისი ბანკის მიერ აღებული ვალედებულებები სესხების სახით, მიბმულია ლიბორზე, რომელიც ცვალებადი და რყევადია. იმისათვის, რომ რისკი თიბისი ბანკის მსესხებლებს არ გადაეცეთ, რაც ქართულ ეკონომიკაზე დამოკიდებული განაკვეთი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია IFC-ისთან გაფორმებული კონტრაქტი, რაც საშუალებას იძლევა ბანკმა დააფიქსიროს ლიბორის ცვალებადი განაკვეთი და კლიენტებზე მოხდეს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადატანა, შესაბამისად მოხდება მსესხებლებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით სესხების გაცემა.