სურსათის უვნებლობის რეალური სტანდარტები
ნინო არველაძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის ბოლოს სურსათის “უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”, “მცენარეთა მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის შესახებ” და “ვეტერინარიის შესახებ” კანონებში დამატებები განიხილა, რომლებიც მოიცავს საწარმოთა ინსპექტირებას, მათში მიკვლევადობისა და რისკის კონტროლის სისტემის დანერგვის ვალდებულების გადავადებას 2011 წლამდე ევროკავშირში ექსპორტიორი საწარმოებისთვის, 2013 წლამდე მაღალი რისკის საწარმოებისთვის (ცხოველური პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებში), ხოლო 2015 წლამდე სურსათის მწარმოებელი დანარჩენი საწარმოებისთვის.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-იმ საქართველოში 2010 წლის 23 მარტიდან, BP-ისა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორებთან და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობით საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი დაიწყო, რის შესახებაც მათ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში””23 მარტს განაცხადეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში მნიშვნელოვანი მოვლენაა. IFC-ის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია, ახლა მთავარი საკითხია სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და სწორედ ამ მიზნით, IFC-ის პროექტი, რომელიც სექტორის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, დიდმნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობა მზად არის პროექტის განხორციელებაში ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, ყველა დაინტერესებულ დონორს და ერთობლივად მოახდინონ სექტორში მოღვაწე სუბიექტების საქმიანობის სრულყოფა, რათა მათ სრულად შეძლონ საკუთარი საექსპორტო პოტენციალის გამოყენება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ორიენტებული იქნება კერძო მეწარმეების ინტერესების დაცვაზე და მათ კონკრეტულ საჭიროებებზე – საწარმოს ტექნიკური თუ სარეკომენდაციო სახით დახმარების გაწევაზე, რაც საბოლოოდ ექსპორტის ზრდაზე და იმ ბარიერის გადალახვაზე აისახება, რომელიც ხარისხთან დაკავშირებულ რეგულაციებში ისახება.
ბაკურ კვეზერელმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა: 2010 წლის 1 ივნისიდან საქართველოს მთავრობა დაიწყებს იმ სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგისტრაციას, რომლებიც ევროპის კავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის წარმოებაზე არიან ორიენტებულნი, ამისათვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარება, მათ შორის, რეკომენდაციების მიცემა ყველა მწარმობლისთვის, ვინც მომავალში ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტზე გატანას აპირებს.
კორპორაციულ სექტორში IFC-ის საკონსულტაციო პროგრამების ხელმძღვანელმა, ივან ივანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონი “სურსათის უვნებლობის შესახებ”” ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, ახლა მთავარ საკითხად დგას მისი მართებულად განხორციელების უზრუნველყოფა, რაც პროექტის მიზანს წარმოადგენს.
IFC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, სნეჟანა სტოილჯკოვიჩი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოსთან მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს და ქვეყანაში მრავალ პროექტს ახორციელებს, ფინანსური კრიზისის პირობებში გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში განხორციელებული აქტივობები შემცირდა, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას აგრძელებს და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას ქვეყნის რეალურ სექტორზე აპირებს – ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მთელი მოსახლეობის 50%-ისთვის სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს, ამიტომ ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, სწორედ ამიტომ აპირებს IFC-ი დონორ პარტნიორებთან ერთად აღნიშნულ სექტორში კაპიტალდაბანდების განხორციელებას, რადგან მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ სექტორზე უნდა მოდიოდეს.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია, სურსათის ადგილობრივ მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობა. სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, პროექტი შეეცდება სურსათის ქართველი მწარმოებლების სამუშაო პრაქტიკის გაუმჯობესებას, სურსათის უვნებლობის მექანიზმების დანერგვას და საქართველოს სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზებას. პროექტი შედგება სამი ურთიერთადაკავშირებული კომპონენტისაგან:
კონსულტაციები კომპანიებისათვის სურსათის უვნებლობის სისტემის დახვეწის მიზნით;
სურსათის უვნებლობის სისტემებთან დაკავშირებით საზოგადოებისა და კერძო მეწარმეების ინფორმირება;
საქართველოს სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზება.
პროგრამა ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საქართველოში იმ პროდუქტების იმპორტი ხორციელდება, რომელთა წარმოებაც საქართველოშია შესაძლებელი, ამიტომ სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში იმპორტის მოცულობა ექსპორტისას 8-ჯერ აღემატება. სურსათის უვნებლობის სუსტი კონტროლი და სურსათის მწარმოებლების მიერ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის, მაგალითად, HACCP-ის სისტემის დაბალი მაჩვენებელი საქართველოში ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს, რაც თავისთავად მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადებაში.
საქართველოში სოფლის მეურნეობის საკანონმდებლო და მარეგულირებელი სფეროს რეფორმა 2005 წლიდან დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ამ სექტორის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებას. 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, რომლის ამოქმედებაც რამდენჯერმე გადაიდო, რაც ევროპის კავშირის მწვავე კრიტიკის მიზეზად იქცა. 2011 წლის იანვრიდან ეტაპობრივად განხორციელდება კანონის უმთავრესი მუხლების ამოქმედება.
IFC-ის მიდგომა
პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის შესახებ ქართველი მწარმოებლების ინფორმირებას ახალ ბაზრებზე შესვლის ხელშეწყობის მიზნით. სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრეინინგები, კონფერენციები და სემინარები, რომლებიც სურსათის მწარმოებლებისათვის იქნება გამიზნული;
პროექტის ფარგლებში განხორციელდება პილოტური პროექტები სურსათის უვნებლობის მართვ ის სისტემის დასანერგად. პროექტი შერჩეულ პილოტურ კომპანიებს დაეხმარება სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემის დანერგვაში;
პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის გაუმჯობესებას და კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას, ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ორი მიმართულებისთ იმუშავებს:
1. შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად შემუშავდება ცვლილებები საქართველოს კანონში და მომზადდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. თრეინინგების ჩატარების გზით ამაღლდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ინსპექტორების კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები.
მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ასად ალამმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, პატარა ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღებითა და მონდომებით მოეკიდონ ყველა იმ ეკონომიკურ სექტორს, რომლისგანაც საზოგადოება და ქვეყნის ეკონომიკა სარგებელს მიიღებს და შეძლებს საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.
IFჩ-ის ინიციატივის შესახებ ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკას”” ესაუბრება თამარ ბერუჩაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე:
– აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯი გადავდგათ სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით, კონკრეტულად, ეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინაპირობაა. დღეს განაცხადეს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ამ მხრივ ცუდი არ არის და ის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ამ კანონმდებლობის აღსრულება, კვალიფიციური რესურსებით შესაბამისი უზრუნველყოფა პრობლემად არ უნდა იქცეს. ლეგენდა, რომ ინსპექტორი კორუმპირებულია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პირველი ეტაპი, როდესაც საქართველოში ინსპექტირება მხოლოდ ფორმალურად ხორციელდებოდა – გავლილია, საქართველო ახლა სხვა კონცეფციის ჩამოყალიბების ეტაპზეა: ჩამოყალიბდება ინსპექტირების ახალი სისტემა, რომელიც კორუფციისგან აბსოლუტურად თავისუფალი იქნება, რადგან სახელმწიფოს ფუნქციაა ზოგადად უსაფრთხოების, ასევე, სურსათთან დაკავშირებული უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროპის კავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, წამოწყებული პროექტის განხორციელება ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და მოთხოვნაა: საქართველომ მოლაპარაკების დასაწყებად იმდენი უნდა გააკეთოს, რაც სხვა ქვეყნებმა უკვე მოლაპარაკების პირობებში გააკეთეს. მხოლოდ სტრატეგიების ჩამოყალიბება საკმარისი არ არის, საჭიროა მათი აღსრულების დემონსტრირება.
– სურსათის უვნებლობის შესახებ კანონში გარკვეული მუხლების რამდენიმეწლიანმა გადავადებამ ევროპის კავშირის მხარის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
– ამ ფაქტმა მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვნად შეაფრხა, მაგრამ სახელმწიფომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი რამ გააკეთა: ჩამოყალიბდა სტრატეგიები და კანონმდებლობაში შეჩერებული მუხლების განხორციელება დაიწყო. სფეროში ინსპექტირება 2011 იანვრამდე იყო შეჩერებული, მაგრამ მიმდინარე წლის ივნისში ინსპექტირება ამოქმედდება იმ კომპანიებისათვის, რომლებიც ევროპის კავშირის ბაზარზე ექსპორტს აწარმოებენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტი საქართველოში წარმატებულად განხორციელდება და შედეგად, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტი აწარმოოს, რაც ექსპორტის ზრდასა და საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.