ახალი სტანდარტები მშენებლობაში
მაკა ღანიაშვილი
საქართველოში სამშენებლო სექტორის ადმინისტრირების რეფორმა იწყება. ამ მიზნით არქმშენინსპექცია”, საქტექზედამხედველობა” და განსაკუთრებული ნებართვების გაცემის სამმართველო გაერთიანდა და ერთიანი სისტემა შეიქმნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია. ამ ორგანოს ფუნქციათა ნაწილი აღარ იარსებებს, ნაწილი კი, “არქმშენინსპექციას” გადაეცემა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე ორგანოა.
ექსპერტთა შეფასებით, ეს ინიციატივა სამშენებლო ნებართვების მოპოვებისას ბიუროკრატიას გაამარტივებს. რადგან, თუკი სამშენებლო ნებართვის გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება, ეს სამსახურები სამშენებლო ლიცენზიის ან ნებართვის გაცემისას შექმნილ პრობლემებს ერთმანეთს ვეღარ გადააბრალებენ. მაგრამ, ამასთანავე, ხომ არ მოჰყვება ამ ცვლილებებს ხარისხის გაუარესება? მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ, მაინც ეჭვობენ, რამდენად დაცული იქნება სამშენებლო ნორმები.
ედამხედველობის სამსახურს ჰქონდა ერთი უმთავრესი ფუნქცია, რომელიც სამშენებლო ნორმების დაცვასა და რეგულაციას გულისხმობს, ამ საკითხის მკაცრად რეგულირება კი აუცილებელია. მართალია, ბიუროკრატიული საფეხურების გამარტივებაში ცუდი არაფერია, პირიქით, ბიზნესის წარმოების გამარტივებული პროცედურები ინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს, თუმცა ერთია, როდესაც ინვესტორების მოსაზიდად რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ აუცილებელია მშენებლობის პროცესში მომხმარებლის ინტერესიც იყოს გათვალისწინებული.
კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი პაატა რეკვავა: “საბჭოთა კავშირის დროს იყო უფრო მკაცრი კონტროლი, რადგან მაშინ არსებობდა სამშენებლო ინდუსტრია და არ გამოიყენებოდა მონოლითური ბეტონი. ბეტონი მზადდებოდა ქარხნებში, სადაც იყო სპეციალური ლაბორატორიები და ბეტონი ობიექტზე სამონტაჟოდ ხარისხის ნიშნის მიღების შემდეგ მიდიოდა. ვინაიდან სამშენებლო ინდუსტრიამ განიცადა ტრანსფორმაცია და ანაკრეფი კონსტრუქციით მშენებლობიდან გადავედით მონოლითურ მშენებლობაზე, ხარისხის საკითხი ყურადღების გარეშე დარჩა. კრიზისამდელი მშენებლობის ბუმმა კი, კვლავ წამოსწია სამშენებლო მასალების ხარისხისა და უკვე აგებული შენობის მდგრადობის საკითხი. რაც შეეხება კანონმდებლობას, ქართული კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ცოტა ჩამორჩა პრაქტიკას. 2010 წლის პირველ იანვრამდე ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა ნორმებს ვიყენებდით მშენებლობაში. 1 იანვრიდან კი შემოვიდა ეროვნული, ქართული ნორმები, რომლის დანართშიც არსებობს პუნქტი მშენებლობის ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებით. იქ სწერია, თუ როგორ უნდა შემოწმდეს ხარისხი. ამ კანონით ხარისხის შემოწმება გახდა სავალდებულო მოთხოვნა””.
მთავრობაში ექსპერტთა შენიშვნებს იზიარებენ და აცხადებენ, რომ გაუქმდება მხოლოდ ნებართვებთან დაკავშირებული ჭარბი რეგულაციები. ტექნიკური უსაფრთხოების რეგულაციები კი, უცვლელი დარჩება და არქმშენინსპექციას გადაეცემა. უფრო მეტიც, პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი “ტექნიკური საფრთხეების კონტროლის შესახებ”, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგისათვის ტექნიკური ზედამხედველობის ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს. როდესაც ტექნიკური ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, არავისთვისაა უცხო და ახალი, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სამშენებლო სექტორშია. ბევრი მენაშენე ადასტურებს იმას, რომ ტექნიკური პარამეტრების კონტროლი მშენებლობის ქართულ ბაზარს მართლაც სჭირდება.
სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის” მთავარი მენეჯერი ავთანდილ გერგედავა: “ქართულ სამშენებლო ბაზარს ეს ნამდვოლად სჭირდება. მივესლმებით ტექნიკური საფრთხეების კონტროლის შესახებ ნორმების გამკაცრებას. შენობის მდგრადობასა და სიმყარეზე კონტროლი, რაც შეიძლება უნდა გამკაცრდეს ტექნიკური თვალსაზრისით. როდესაც ვიგებ მოარულ ჭორებს, რომ ვიღაცის სახლი გადაიხარა, ვიღაცის კედელი გაიბზარა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. Aდამიანი, რომელიც შენ გენდობა და შენთან ბინას იშენებს, და შენ ხარისხის ნორმებს უგულვებელყოფ, იმას ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლე დააყენო კითხვის ნიშნის “ქვეშ”.
კომპანია “აქსისის” აღმასრულებელი დირექტორი თეიმურაზ ჭოხონელიძე: “ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ტექნიკური კონტროლის გამკაცრება საჭიროა, მაგრამ კონკრეტულად კანონპროექტი როგორია, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ მინახავს. ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ჩვენ მხარს ვუჭერთ, თუნდაც მხოლოდ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. კომპანია, რომელიც იცავს ხარისხს და კომოპანია, რომელიც არ იცავს, დგებიან არათანაბარ პირობებში, რადგან ხარისხის ნორმების დაცვა ძვირი ჯდება. არსებობს სტანდარტები და წესები, რომლებიც აუცილებელია რომ დაიცვა მშენებლობის პროცესში იმისათვის, რომ ხარისხის კონტროლი გქონდეს, თუმცა რამდენად იცავენ ამას სხვადასხვა კომპანიები, ეს უკვე მეორე საკითხია. ჩვენი კომპანიისათვის კი ხარისხის მაღალი სტანდარტები ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი. ყველზე მთავარი მომენტი შენობის მგდრადობაა. მით უმეტეს, რომ ამ ბოლო ხანებში მიწისძვრები გახშირდა და სხვათა შორის, სტანდარტებიც გამკაცრდა. ახლა საქართველოში სეისმომდგრადობასთან მიმართებაში უფრო გამკაცრებულ სტანდარტებს ვიყენებთ. არის რამდენიმე მომენტი, რის გამოც შეიძლება ვთქვათ, რომ ხარისხის დაცვის საკითხში საქართველოში ჩვენ პიონერებიც კი ვართ. მაგალითად, შენობებისთვის, რომელიც არის მაღლივი ან ცუდ გრუნტზე დგას და საჭიროებს ხიმინჯების გაკეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია ხიმინჯების შემოწმება მას შემდეგ, რაც გააკეთებ მას. აქ სირთულე იმაშია, რომ ხინჯი კეთდება მიწაში და მერე ის ხელმისაწვდომი აღარ არის. მათი ხარისხის შესამოწმებლად ჩვენ შევიძინეთ სპეციალური დანადგარები და ჩვენი წარმომადგენლებიც გავგზავნეთ ისრაელში გარკვეული ხნით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასე რომ, ახლა ჩვენს ქვეყანაში უკვე ხერხდება ხიმინჯების შემოწმება და ეს ჯგუფი არა მარტო ჩვენს კომპანიას ემსახურება, არამედ შეკვეთა გვაქვს სხვა კომპანიებისგანაც””.
საბჭოთა კავშირის დროს, ინჟინერ-გეოლოგების მიერ მიკროსეისმოდარაიონება და გრუნტის თვისებების გამოკვლევა ხდებოდა. არსებობდა ე.წ. “სნიპები”, საინჟინრო პროექტირების ნორმები, შენობის აშენებამდე ხდებოდა სამშენებლო მოედნის შესწავლა, როგორც საინჟინრო გეოლოგიური, ისე გეოფიზიკური მეთოდებით. ამ უკანასკნელის გამოყენება შესაძლებელს ხდის დავინახოთ ის, რისი დანახვაც ვერ მოხერხდა მიწის ზედაპირზე. ნაგებობის აგებისას უნდა ვიცოდეთ რა ხდება სამშენებლო მოედანზე, რამდენად სანდოა გრუნტი, გააძლიერებს თუ არა ის სეისმურ ბიძგებს, ვინაიდან ცნობილია, რომ გრუნტის სისუსტის გამო ზოგიერთ ადგილას მიწისძვრა ძლიერდება. როგორც გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა თამაზ ჭელიძემ საინფორმაციო პორტალ “ბიზნეს პრესასთან” საუბრისას განაცხადა, თანამედროვე შენობები მართალია, ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ სეისმომედეგები არ არიან: ამის მიზეზია ის, რომ მაღალი და ფართო კედლები ყოველგვარი შიდა გამაგრების გარეშე, აგურით შენდება, ძლიერი რხევის დროს შეიძლება ბინა მთლიანად დაიშალოს. ამდენად, კედლის გამძლეობის ხარისხი დიდ ეჭვს იწვევს. ამაზე ჩვენს ინსტიტუტში სტუმრობისას ამერიკელმა სეისმოლოგებმაც ისაუბრეს. თუ ბეტონი და არმატურა კარგად არის შეკავშირებული ერთმანეთთან, კედლები გაცილებით მყარი გამოდის, რასაც ვერ ვიტყვით აგურით ნაგებ შენობაზე””.
კედლების მშენებლობის დროს დაშვებულ დარღვევებზე საუბრობს თეიმურაზ ჭოხონელიძეც: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი ხდებოდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ, ძირითადად, თეთრ კარკასებს ვაშენებთ, ძირითადი სამშენებლო მასალა ჩვენთვის არის ბეტონი, არმატურა და აგური. ბეტონსა და არმატურაზეა დამოკიდებული შენობის მდგრადობა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივი წარმოებისBბეტონს. არმატურა შემოგვაქვს უკრაინიდან. მისი ხრისხი მსოფლიოშია აღიარებული. საქართველოშიც დაიწყო არმატურის წარმოება, მაგრამ სანამ ჩვენ მის გამოყენებას დავიწყებთ, აუცილებლად შევამოწმებთ მის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ პროდუქციას აქვს სახელი, ჩვენ მის ხარისხსაც ვამოწმებთ. ასევეა ბეტონის შემთხვევაშიც, გარდა იმისა, რომ თვითონ ქარხანას აქვს ლაბორატორია და იქ მოწმდება მისი ხარისხი, ჩვენ დამოუკიდებელ ლაბორატორიაშიც ვამოწმებთ მის ხარისხს, ვამოწმებთ უკვე დასხმული ბეტონის ხარიხსაც.
დღეს ჩვენთან რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა არის ის, თუ რითია შევსებული კედლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მისი სისქე. აქ საქმე რთულადაა, თვითონ შეგიძლიათ გაიაროთ და მშენებარე ობიექტები ნახოთ, ზოგიერთ მშენებლობაზე დაინახავთ ბლოკის კედელს, ზოგი ნამუსიანია და 2 ბლოკს დებს, ზოგი განზე დებს ბლოკს იმისათვის, რომ კედელი უფრო სქელი იყოს. ძირითადად შეხვდებით 20-30 სანტიმეტრიან ბეტონის კედელს, რაც სასტიკად დაუშვებელია იმ მოქმედი ნორმებითაც კი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმდებს და რომელიც ევრპულისგან ძალიან შორსაა. რაც შეეხება კედელს და მდგრადობას, ვეთანხმები იმ აზრს, რომ მონოლითური ბეტონის გამოყენება კედლებში მაღლივ შენობებში სეისმურად უფრო მისაღებია, მაგრამ მაშინ საჭირო ხდება სპეციალური მასალების გამოყენება თბოიზოლირებისთვის. ჩვეულებრივ, ბეტონს ცუდი თბოსაიზოლაციო თვისებები გააჩნია.””
საქართველოს მასშტაბით ბევრი მაღალი კლასის ნაგებობაა, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტსაც, რომ საშენი მასალების ხარისხზე პრეტენზიები არსებობს. დღეს მეწარმეთა კონკურენცია განისაზღვრება იმით, ვინ უფრო მეტად დაიცავს ხარისხის სტანდარტს, ვინ მეტად დაარწმუნებს მომხმარებელს, რომ მისი პროდუქცია უვნებელი და ხარისხიანია. ამის გაკეთება მეწარმეებს შეუძლიათ ლაბორატორიული შემოწმებით, სერტიფიკატის ჩვენებით, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელმა ორგანომ მის მიერ წარმოებული საშენი მასალები შეამოწმა და დადო დადებითი დასკვნა.
ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც საქართველოში სამშენებლო მასალის ხარისხს ამოწმებს, არის კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი. პაატა რეკვავა: “ჩვენ დაახლოებით ორ ათეულ ორგანიზაციასთან გვაქვს ურთიერთობა, კერძოდ, ბეტონის ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებით. ძირითადად, მოწმდება ბეტონის მარკა. ჩვენ გვაქვს აკრედიტებული ლაბორატორია, სადაც მოაქვთ ნიმუშები და მასალა მოწმდება ნიმუშების დონეზე, შემდეგ ბეტონი უკვე მოწმდება ობიექტზეც, როცა საქმე გვაქვს უკვე კონსტრუქციასთან. ანუ არის თუ არა გამოყენებული საპროექტო მარკის ბეტონი უშუალოდ უკვე შენობაში. იმ პრაქტიკის განმავლობაში, რაც მე დირექტორი ვარ (3 წელია), ძალიან ცოტა გვქონდა შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ბეტონის მარკა არის საპროექტო სტანდარტზე დაბალი. საქართველოში იწარმოება მაღალი ხარისხის ცემენტი და თუ ცემენტი არის მაღალი ხარისხის, მაშინ ბეტონიც შესაბამისად მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაა დარგში ზოგადად, მაგრამ იმ ოც ორგანიზაციასთან, რომელთანაც ჩვენ ხელშკრულებების საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ხარისხის ნორმები დაცულია, მათთან ბეტონი, ძირითადად, მაღალი ხარისხისაა. თუ არის რაღაც ტექნიკურ დეტალებში დარღვევები, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ მათ შენიშვნებს და ისინიც ითვალისწინებენ. მაგრამ ზოგადად ბაზარზე ამ კომპანიების გარდა არსებობს სხვა სამშენებლო კომპანიებიც, მათთან როგორია ხარისხის სტანდარტები ვერ გეტყვით””.
სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის”” მთავარი მენეჯერი ავთანდილ გერგედავა: “სხვა კომპანიები იცავენ თუ არა ხარისხის ნორმებს, მაგაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ, მაგრამ ჩვენ რომ ამას ვაკეთებთ, ეს ფაქტია და ამ ფაქტებს შესაბამისი არგუმენტებითაც გავამყარებ. ჩვენი მშენებელი ფირმა არის “ოლიმპი””, რომელიც დაკომპლექტებულია ყოფილი “გვირაბმშენის”” თანამშრომლებით, რომლებმაც მონოლითი საქართველოში ყველაზე კარგად იციან. ისინი არ ჰკიდებენ ხელს უხარისხო არმატურას, მაგალითად, რუსთავის არმატურას, თურქეთის არმატურას, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ევროპული ხარისხის არმატურით. შემოგვაქვს უკრაინული კრივოეროკი. ადგილობრივი წარმოებისას ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ბლოკს. მაგრამ მისი ხარისხიც აუცილებლად მოწმდება. ჩვენ მშენებლობაში ასევე ვიყენებთ მაღალ მარკიან ცემენტს. გარდა ამისა, ყოველი სართულის დასხმის შემდეგ პერიოდულად ტარდება ხარისხის შემოწმება. ჩვენ სეისმოლოგიის ინსტიტუტთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და მათი დასკვნებიც გვაქვს. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტებით ვაშენებთ ფართებს.
ს.ე. – სად ამოწმებთ მასალის ხარისხს?
ა.გ. – არის სპეციალური ლაბორატორიები საქართველოში, სადაც ვამოწმებთ ადგილობრივი პროდუქციის ხარისხს. საზღვარგარეთიდან კი შემოქვას მხოლოდ ის პროდუქცია, რომელსაც უკვე გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მშენებლობაში ეკონომიკური ეფექტიანობის, ტექნიკური პროგრესისა და, განსაკუთრებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშენებლობის გამართული ტექნიკური რეგლამენტებითა და სტანდარტებით უზრუნველყოფას. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება, როგორც წესი, სამშენებლო პროცესის განხორციელების ყველა სტადიის გაკონტროლებას მოიცავს. კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, როგორც სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიები, ასევე სამშენებლო მასალები, კონსტრუქციები, მანქანა-მექანიზმები და მშენებელთა კვალიფიკაცია. რამდენად შეუწყობს ხელს ამას მთავრობის ახალი ინიციატივა, ალბათ, ცოტა ხანში უკეთ გამოჩნდება.