ყურძნიდან ღვინომდე
თამარ აბაშმაძე
საქართველო მზადაა რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. “ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ ტექნიკური პრობლემები მოგვარდება, დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა. როგორ მოაგვარებს ქართული მხარე ტექნიკურ პრობლემებს? არის თუ არა ქართული ღვინო ექსპორტირებისათვის ვარგისი და რა დამცავი მექანიზმები არსებობს ღვინის ფალსიფიცირების ასაცილებლად?!
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიზანია ფალსიფიკაციასთან ბრძოლა. კანონი იცავს როგორც მომხმარებელს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეს. ამ შემთხვევაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს სერთიფიკაციას. ხელისუფლება ნებაყოფლობით სერთიფიკაციას აღიარებს, მაგრამ არსებობს ვაზის უნიკალური ჯიშები, რომლებიც განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარებიან. ამიტომაც სახელმწიფომ ღვინოებისათვის სავალდებულო სერთიფიცირება დააწესა. “სამტრესტში” თვლიან, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მიკროზონების გასაკონტროლებლად.
2007 წლის აგვისტოში ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა სადეგუსტაციო კომისია. იგი მუშაობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის – “ალკოჰოლიანი სასმელების სერთიფიკაციის წესების შესახებ”, შესაბამისად ამ ნორმატიულ აქტში ცვლილებები შევიდა.
ღვინის სადეგუსტაციო პროცედურა მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:
1. ადგილწარმოების დასახელების ღვინოების ანალიტიკური ექსპერტიზის მიზნით, განმცხადებელმა ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშები 5 ბოთლის ოდენობით უნდა წარადგინოს აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში;
2. საგამოცდო ლაბორატორიები ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ანალიტიკურ ექსპერტიზას და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გასცემენ ანალიტიკური გამოცდის ოქმებს;
3. ორგანოლეპტიკური ტესტირებისათვის სადეგუსტაციო კომისიას ლაბორატორიის მიერ წარედგინება ზემოთ აღნიშნული ალკოჰოლიანი სასმელების 2 ბოთლი და შესაბამისი გამოცდის ოქმები;
4. ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას ახორციელებენ დადგენილი წესით აკრედიტებული სასერთიფიკაციო ორგანოს მიერ სერთიფიცირებული დეგუსტატორები;
5. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
6. კომისიის საქმიანობის ორგანიზებას ახდენს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უზრუნველყოფს დეგუსტაციის მთელი პროცესის ანონიმურობის სრულ დაცვას;
7. სადეგუსტაციო კომისია თავისი საქმიანობის პროცესში უზრუნველყოფილია სპეციალურად აღჭურვილი სადეგუსტაციო დარბაზით;
8. თითოეული დეგუსტატორი ნიმუშის ორგანოლეპტიკური შემოწმების შემდეგ აკეთებს ჩანაწერს სპეციალურ სადეგუსტაცი ფურცელში, სადაც ასევე აღინიშნება მისი ხელმოწერა და თარიღი;
9. კომისია თითოეული ნიმუშის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეგუსტატორების ხმათა უმრავლესობით;
10. ლაბორატორიული გამოცდისა და ორგანოლეპტიკური ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, “სამტრესტის” ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას სერთიფიკატის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
სადეგუსტაციო კომისიაში შედის 30 დეგუსტატორი და ხდება მათი დივერსიფიცირება. აღსანიშნავია, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცის რომელი კომპანიის პროდუქტს აგემოვნებს.
სწორედ ჩამოთვლილი პროცედურის შემდეგ “სამტრესტი” გასცემს სერთიფიკატს ქვეყნების მიხედვით.
დსთ-ს ქვეყნებში გაიცემა შესაბამისობის სერთიფიკატი და თავისუფალი ფორმა, ხოლო ევროგაერთიანების ქვეყნებში – VIP ფორმა.
მას შემდეგ, რაც “სამტრესტი” გასცემს სერთიფიკატს, გაიცემა ჰოლოგრამა, სადაც დატანილი იქნება სერიული ნომერი.
ადამიანს, რომელიც იყიდის ქართულ ღვინოს, ჰოლოგრამაზე არსებული ნომრით შეუძლია შევიდეს “სამტრესტის” ვებ-გვერდზე, რომელიც ახლა იქმნება. ამით მას საშუალება ეძლევა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ღვინის შესახებ.
ჰოლოგრამების გაცემას აფინანსებს სახელმწიფო და ეს იქნება ფალსიფიცირებისაგან დამცავი ერთ-ერთი მექანიზმი.
არსებობს იურიდიული საფუძველი ადგილწარმოშობის ღვინოების დარეგისტრირების შესახებ. შვეიცარიაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO), ქართულმა მხარემ დაარეგისტრირა 18 დასახელების ადგილწარმოშობის ღვინო. საერთაშორისო რეგისტრაცია გახდება ამ სახელების დაცვის საფუძველი ლისაბონის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში – ბულგარეთში, ისრაელში, მოლდავეთში, უნგრეთში, სადაც განსაკუთრებით ფართო მასშტაბით ხდება ქართული ადგილწარმოშობის დასახელების არაკანონიერი გამოყენება.
ლისაბონის ხელშეკრულება წევრ ქვეყნებს ავალდებულებს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დასახელებების საერთაშორისო დაცვას.
WIPO თავის წევრ ქვეყნებს ატყობინებს, თუ საქართველომ რომელი ადგილწარმოშობის ღვინო დაარეგისტრირა. თუ დარეგისტრირებული ღვინო აღნიშნულ ბაზარზე აღმოჩნდება სხვა სასაქონლო ნიშნით, საქართველოს ლეგიტიმური უფლება აქვს უჩივლოს კომპანიას, რომელმაც ეს ღვინო ბაზარზე შეიტანა. მსგავსი პროცესები უკვე დაიწყო ბულგარეთსა და ისრაელში.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ “საქპატენტში” მოხდა ყველა ზემოაღნიშნული ღვინის პასპორტიზაცია.
სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო ღვინის პოპულარიზაციაში. დასახულია ღონისძიებები ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზარზე – რუსეთში დასაბრუნებლად. “საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ლაბორატორიები” – განაცხადა “სამტრესტის” უფროსის მოადგილემ დავით ტყეშელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ყველაფერს – “მინდვრიდან ჩანგლამდე” ითვალისწინებს, იგივე უნდა განხორციელდეს ღვინის შემთხვევაშიც.
ღვინის კომპანია “შუმში” აცხადებენ, რომ სახელმწიფოს “ყურძნიდან ღვინომდე” ჯაჭვის გაკონტროლება უჭირს. ამ კონტროლს თავად კომპანიები (მათი ნაწილი) ახორციელებს და საკმაოდ წარმატებითაც.
ღვინო კუპაჟია. მის განვითარებას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი და ღვინის ფალსიფიკაციის აღმოფხვრა, ყურძნის სერთიფიცირება ნერგიდან უნდა დაიწყოს.
ღვინის სერთიფიცირების დროს არსად ჩანს, როგორი ყურძენი ჩააბარა მევენახემ, რა გამოიყენა ვენახის მოვლის დროს – ნიადაგში რა შეიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ნაწილობრივ კეთდება. მაგალითად, ღვინის ქვეყანაში, საფრანგეთში სერთიფიცირება სწორედ ნიადაგიდან და ყურძნიდან იწყება.
სერთიფიკაცია შესაბამისობის დადასტურების ერთ-ერთი ფორმაა, რაც მას მხოლოდ აკრედიტებული ლაბორატორიების ან ორგანოს ფორმით მოსდევს. ამას კი ყოველთვის მესამე მხარე აკეთებს. მისი განმარტება ამ დარგში ფუნდამენტური უნდა იყოს, ამ განმარტებას ის ხარისხის სისტემაში იძლევა, სადაც სახელმწიფო მონაწილეობას არ იღებს. რაც შეეხება ბაზრის კონტროლს, ეს ნამდვილად სახელმწიფოს პრეროგატივაა.