ენერგეტიკის ახალი არქიტექტურა

რედაქციისგან

უახლოეს წლებში ბუნებრივი გაზის ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდებიან. გაზის უმსხვილესმა ექსპორტიორებმა კარგად იციან, რომ ცოტა ხანში ბაზარს თავიანთ პირობებს ვეღარ უკარნახებენ. ბუნებრივი გაზის ირგვლივ მარყუჟი ვიწროვდება – ევროპაში ახლა თხევადი გაზის ბუმია, რომელიც მილსადენებს არ საჭიროებს, გარდა ამისა, ელექტროენერგეტიკაში “ჭკვიანი სისტემების” სახით ახალი ტექნოლოგიები ენერგეტიკის დარგს რევოლუციურ გადატრიალებას უქადის.

ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების გამო რუსეთი კომპრომისზე მიდის და გაზის სპოტ ფასებით ვაჭრობას თანხმდება. ასეთ სიტუაციაში, მილსადენების ბიზნესი ერთგვარად აზრს კარგავს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი “ნაბუქოს” პროექტი თითქოს ჩრდილში უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ამ გაზაფხულზე იგი ძალიან აქტუალური იყო. სამომავლოდ, მრეწველობაში ბუნებრივ გაზს თავისი ადგილი დარჩება და ყველაზე სასიხარულოა, რომ ექსპერტები ევროპაში გაზის მიმწოდებელი სამი მაგისტრალიდან ერთ-ერთად “ნაბუქოს” განიხლავენ.

მარტის თვეში, გაზის ბიზნესში საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, ერთგვარი პაუზის შემდეგ “ნაბუქოსთან”” დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მილსადენის მშენებლობის შეუქცევადობა უფრო რეალური გახდა. დიდი ხნის ვაჭრობისა და კეკლუცობის შემდეგ, 4 მარტს თურქეთის პარლამენტმა სამთავრობოთაშორისო შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. თურქეთი იყო ბოლო სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ, რომელმაც 3300-კილომეტრი სიგრძის მაგისტრალის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარდა ამისა, “ნაბუქო””ეტაპებად დაიყო და თუ ადრე მისი სიმძლავრე 30 მილიარდ მ3-ზე იყო გათვლილი, ახლა პირველი ეტაპი 10 მილიარდით განისაზვღა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქმენეთის თანხმობის გარეშე “ნაბუქო”” ჩაირთვება. გარდა ამისა, ევროგაერთიანებამ 200 მილიონი ევრო გამოყო ნაბუქოს ტექნიკური დეტალების დასათვალიერებლად. “ნაბუქოს” მშენებლობის შეუქცევადობას ისიც ამტკიცებს, რომ რუსმა ექსპერტებმა “ნაბუქო”” აღიარეს, როგორც პროექტი “სამხრეთის ნაკადთან”” და “ჩრდილოეთის ნაკადთან””ერთად.
თუმცა, “ნაბუქოსთვის”” სასარგებლო ამბების პარალელურად, მისლადენების მშენებლობის საკითხებში მსოფლიოში არცთუ სახარბიელო ცვლილებები მიმდინარეობს: მსოფლიოში იზრდება თხევადი გაზის გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტრანსპორტირება მილსადენების გარეშე ხდება. გაზის ყველა ძირითადი მომხმარებელი დაიღალა მილსადენების ომით და ხანგრძლივი კონტრაქტებით, რომლის შეუსრულებლობა ხშირად მძიმე ვალდებულებად აწვებათ ქვეყნებს და მათი ორიენტირი თხევადი გაზი გახდა. ამ ბაზარზე რამდენიმე ქვეყანა ფიგურირებს: ყატარი, მალაიზია, ნიგერია, ინდონეზია, ავსტრალია და უმნიშვნელო დოზით რუსეთი (სამხრეთ სახალინი).
“გაზპრომსა”” და გერმანულ E.On Ruhgas-ს შორის ამ ცოტა ხნის წინ მიღწეულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების ისტორიაში ახალ ერას დაუდოს სათავე. საუბარია გაზის მიწოდების პირობებისა და ფასის არა მრავალწლიან, არამედ სპოტ გარიგებებზე.1 ბოლო ათწლეულებში ევროპაში გაზის მიწოდების კონტრაქტები ერთ-ერთი უმკაცრესი იყო, როგორც მიმწოდებლის, ასევე მიმღებისთვის. 30-წლიანი შეთანხმებები ჩვეულებრივი ამბავი იყო, მყიდველს შეთანხმებული გაზის რაოდენობა, სჭირდებოდა თუ არა, იმ ფასით და იმ რაოდენობით მაინც უნდა ეყიდა. გარდა ამისა, მიწოდებული გაზის ფასი ნავთობსა და ნავთოპროდუქტების საბაზრო ფასების დინამიკაზე მკაცრად იყო მიბმული და არ იყო დამოკიდებული თვითონ გაზის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე. რუსულ “გაზპრომსა” და გერმანულ მხარეს შორის შეთანხმებაში მხოლოდ ახლა შეიტანეს პუნქტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს მოცემული სახეობის საწვავზე ფასი ბაზარზე არსებული სპოტ ფასის შესაბამისად. “გადასახადის გაანგარიშების პრინციპის შეცვლით ჩვენ ვიღებთ მოქნილობას მიწოდების მოცულობასა და ფასებში, თუმცა გარკვეული დეტალები დასაზუსტებელია, საკვანძო მომენტებში კი, ჩვენ ერთსულოვანნი ვართ “გაზპრომის””ხელმძღვანელობასთან””, – აცხადებს E.On Ruhgas-ის თავმჯდომარე, ბერნჰარდ როიტერსბერგი, რომელმაც საზოგადოებას წარუდგინა ახალი ხელშეკრულება რუსეთის გაზის მონოპოლისტთან.
“გაზპრომსა” და E.On Ruhgas-ს შორის მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს – ფასების ფორმირების პრინციპის თუნდაც ნაწილობრივ ცვლილებაზე””გაზპრომის”” თანხმობა, შესაძლოა, გერმანიაში ექსპორტირებული გაზის მნიშვნელოვნად გაიაფებას ნიშნავდეს, დღეს სპოტ ფასები ხანდახან ამ ბუნებრივი რესურსის ღირებულების ნახევარსაც კი ვერ აღწევს.
გაზის ბაზარი გრანდიოზულ ცვლილებებს განიცდის, ამ საწვავის უფრო და უფრო დიდი რაოდენობა თხევადი სახით არის წარმოდგენილი და სპოტ ბაზარზე უფრო და უფრო მეტი რაოდენობის გაზით ვაჭრობენ. ბუნებრივი გაზის მოხმარება ევროპაში თანდათანობით შემცირდა, მაგალითად, მხოლოდ გერმანიაში კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, სხვადასხვა გათვლებით, მოხმარებამ 5,5%-ით იკლო.
ასეთ სიტუაციაში, გაზის მსხვილი იმპორტიორები დაინტერესებულები არიან, რომ დამთრგუნველი გრძელვადიანი ხელშეკრულებების მოცულობა შეამცირონ და თავიანთი ბიზნეს-მოდელი მცირე დილერების ბიზნეს-მოდელს მიუსადაგონ, რომლებიც საბოლოო კლიენტებს გაზს მიმზიდველი ფასით სთავაზობენ. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, რომ აშშ-ში საკუთარი გაზის წარმოება გაიზარდა (თანმდევი გაზის მოსაპოვებელი კომერციულად მომგებიანი ტექნოლოგიის გაჩენის შემდეგ). თხევადი ბუნებრივი გაზის მწარმოებლებმა მიწოდება ევროპაში დაიწყეს და ამით უფრო გაამძაფრეს კონკურენცია.
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, გაზის ბაზარზე დიდ გავლენას ახდენდა მოსაზრება, რომ ქვანახშირისგან ელექტროენერგიის წარმოება უფრო და უფრო ძვირადღირებული გახდებოდა და გაზის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ გაიზრდებოდა, მაგრამ ექსპერტები დღეს მიიჩნევენ, რომ საემისიო კვოტებით ვაჭრობის თვალსაზრისით გაზი უფრო მომგებიანი არ არის, გარდა ამისა, მცირდება იმ სახლების წილი, რომელიც გაზის საშუალებით თბება. დღეს გაზით გათბობა ჩაანაცვლა ენერგოდამზოგავი ელექტროგათბობის ხვადასხვა საშუალებებით გათბობამ. ამიტომაც, გაზის ბაზარი ბუნებრივად იკუმშება, მიაჩნია Deutsche Bank Research-ის ანალიტიკოს, იოზეფ აუერს და აცხადებს, – “გაზის ბაზარი თანდათანობით უფრო მყიდველის ბაზრად გადაიქცევა, ვიდრე ეს 5-10 წლის წინ იყო. ძალიან მალე ვეროპაში გაზის მიწოდება სამი მილსადენის საშუალებით მოხდება, ეს არის “ჩრდილოეთის ნაკადი””, “სამხრეთის ნაკადი”” და “ნაბუქო””, გარდა ამისა, გაზმომარაგებაში თხევადი გაზის წილი გაიზრდება და მნიშვნელოვნად გააქტიურდება ბიოგაზის როლიც””.
“ჩრდილოეთის ნაკადით””, რომელიც სავარაუდოდ 2011 წლისთვის ჩაირთვება, ევროპაში წელიწადში 55 მლრდ მ3 გაზის გადაქაჩვა მოხდება. “სამხრეთის ნაკადის”” სიმძლავრემ წელიწადში უნდა შეადგინოს 47 მლრდ მ3, ხოლო “ნაბუქოსი”” პირველ ეტაპზე 10 მლრდ მ3 იქნება. თუკი ძველი პრაქტიკა შენარჩუნდება და მოხდება გაზის შეკვეთილი მოცულობების ამოსყიდვა, მიწოდების ასეთი ზრდა სერიოზულად გაართულებს ენერგომატარებლების მსხვილი იმპორტიორების მდგომარეობას. თუმცა, რიგი ანალიტიკოსების აზრით, გაზის კონტრაქტების პრინციპის გადახედვა ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, რომ, შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს.
გრძევადიანი კონტრაქტები თანდათანობით უფრო მეტად მოექცევა სპოტ-ვაჭრობის გავლენის ქვეშ, რომელიც გაზის მიმდინარე საბაზრო ღირებულებას აჩვენებს და მიუხედავად იმისა, რომ სპოტ-ვაჭრობა ჯერ ისე დიდი მოცულობის არ არის, ეს გარემოება მეტად მნიშვნელოვანია, თანაც, ექსპერტები ელიან, რომ დაახლოებით 2020 წლისთვის ევროპაში სპოტ-ვაჭრობის მოცულობა 25%-ით გაიზრდება, ხოლო ბუნებრივი თხევადი გაზის მიმღები ტერმინალები ევროპაში ძალიან მალე გამრავლდება და ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეიქმნება, – “მოსაზრება, რომ თხევადი გაზი მხოლოდ სამხრეთ ევროპაში იბატონებდა, ხოლო ჩრდილოეთი ბუნებრვი გაზის გარეშე ვერ გაძლებდა, საფუძველმოკლებული აღმოჩნდა”” – აცხადებს Deutsche Bank Research-ის ანალიტიკოსი, იოზეფ აუერი.
ჭკვიანი ქსელები ჭკვიანურად გვემსახურებიან
ელექტროენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიების გამოჩნა მართლაც რევოლუციური ნაბიჯია. როცა საუბარია შმარტ Gრიდ-ის ინტელექტუალურ ენერგოსისტემებზე, ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ისეთი სისტემა იგულისხმება, რომელიც თავის თავში აერთიანებს ტრადიციულ ენერგეტიკასა და ენერგეტიკის უახლეს ტექნოლოგიებს, მონიტორინგისა და კონტროლის კომპლექსურ ინსტრუმენტებს, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, რომელიც ენერგოქსელების მაღალ მწარმოებლურობას უზრუნველყოფს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია ელექტრონული ქსელი და მისი დატვირთვა გამჭვირვალე და მართვადი გახადოს.
შმარტ Gრიდ-ის ინტელექტუალური ენერგოსისტემები არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ როგორც ტექნოლოგიების ნაკრები, არამედ ეს არის საბოლოო რეზულტატი და ეფექტი ენერგეტიკული კომპანიებისა და დამკვეთებისთვის.
ტრადიციულ ენერგოქსელებში ელექტროენერგია ჩვეულებრივ ერთი მიმართულებით მოძრაობს – ელექტროსადგურიდან მომხმარებლამდე. ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გაზრდის შედეგად იზრდება იმ წერტილების რიცხვი, რომლიდანაც ელექტროენერგია დისტრიბუციის ქსელში აღწევს.
როდესაც ახლანდელი ენერგოქსელები პროექტდებოდა, ელექტროენერგიის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა არ იყო გათვალისწინებული. ენერგოქსელებში ოპტიმიზირებული, ორმხრივი კომუნიკაციის არსებობის შემთხვევაში, გენერაციის კომპანიები ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებას შეძლებენ. ინტელექტუალური ენერგოქსელების პირობებში კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ უფრო ეფექტურად მართონ ელექტროენერგიის მიწოდება და ამასთან, აამაღლონ თავიანთი საქმიანობის ეფექტურობა.
ინტელექტუალური ენერგოსისტემების დანერგვის საბოლოო მიზანი დარგში ენერგოეფექტურობის ამაღლება და სასარგებლო ინფორმაციის გაცვლისა და მართვის ხარჯზე მომხმარებლისთვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემაა.
მსგავსი ინტქლექტუალური ელექტრონული ქსელები საშუალებას იძლევა ამაღლდეს ელექტრომომარაგების სისტემის უსაფრთხოების, საიმედოობისა და ეფექტურობის ხარისხი და წელიწადში დაახლოებით ენერგიის 5% დაიზოგოს. ინტელექტუალური ქსელების საშუალებით კლიმატის ცვლილების თავიდან აცილებაც შესაძლებელია,Smart Grids-ის წყალობით 2020 წლამდე შესაძლებელი იქნება გამონაბოლქვის სპ2-ის მილიარდი ტონით შემცირება. უფრო მეტიც, ინტელექტუალური ქსელები ენერგიის განახლებადი წყაროების ელექტრომომარაგების სისტემებში ინტეგრაციის წინაპირობას ქმნის და ელექტრომომარაგების დეცენტრალიზაციის ფართო გამოყენების საშუალებას იძლევა. ერთი სიტყვით, ინტელექტუალური ქსელები ერთიან სტრუქტურაში აერთიანებს, როგორც ელექტროენერგიის ცენტრალიზებულ, მსხვილ წყაროებს, ასევე – დეცენტრალიზებულ, წვრილსა და მომხმარებლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Smart Grids მუდმივი ენერგომომარაგების მამოძრავებელია.
ინტელექტუალური სისტემების ყოფა-ცხოვრებაში დანერგვის საკითხებს კორპორაცია Microsoft Corp-ი იკვლევდა. მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მარტის შუა რიცხვებში ჰიუსტონში გამართულ კონფერენციაზე -CERAWeek 2010 – გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ინტელექტუალური სისტემების დანერგვა მთელს მსოფლიოში კომუნალური საწარმოების 8%-მა დაასრულა, 37%-ს სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია, ხოლო დანარჩენს ჯერ არც კი დაუწყია. ახალ ტექნოლოგიებს ჯერჯერობით სიფრთხილით ეკიდებიან, მაგრამ ესქპერტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მომავალი მას ეკუთვნის.
გამოკითხულთაგან უმრავლესობა ახალ ტექნოლოგიებზე უარს ამბობს, არა იმიტომ, რომ ამ დარგში მეცნიერების მიღწევებს არ აღიარებს, არამედ პირველ რიგში ამისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა, ენერგეტიკის სფეროს ყველა სუბიექტის ერთსულოვნება და ყველაზე მთავარი – ფული, ინვესტიციების დიდი ოდენობა ამ დარგში. თუმცა, მსოფლიოს წამყვანი არაერთი ენერგეტიკული კომპანია ახალი სისტემების დასანერგად საპილოტო პროექტებს უკვე ატარებს.
რუსეთიც ფეხს უწობს სიახლეებს, ინტელექტუალური სისტემების დანერგვის საკითხებზე თებერვალში რუსეთის ხელისუფლებამ სამუშაო შეხვედრა გამართა ერთიანი ენერგეტიკული სისტემების ფედერალურ ქსელურ კომპანიასთან. შეხვედრაზე რუსეთის ქსელების ახლანდელი მდგომარეობა, ინტელექტუალური ქსელების შექმნის პერსპექტივები და საინვესტიციო პროგრამები განიხილეს.
გაზის ერა დასრულდა, გაუმარჯოს ელექტროენერგიას!
საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის, ჰიდროენერგორესურსები პირველ ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე, სართო სიგრძით 60 ათასი კმ, 26 ათასი მდინარეა. აქედან, ენერგეტიკული მნიშვნელობით 300-მდე მდინარე გამოირჩევა, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 000 მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მილიარდი კილოვატსაათის ექვივალენტური.
“საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით” განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისებაში ძირითადი ადგილი ქვეყნის მთავარი სიმდიდრის – ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას დაეთმობა.2 ამასთან, ჩვენი ქვეყნის ენერგოპოლიტიკის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით.
დარგში პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ საქართველოში გაზიფიკაციაზე უფრო დიდი აქცენტი კეთდება, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიისთვის მეტი საექსპორტო დატვირთვის მისაცემად ცოტა რამ კეთდება. მარტის თვე ჰიდროენერგეტიკული პროექტების თვალსაზრისითაც მდიდარი იყო. ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის 80 მლნ ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. ჰიდროენერგეტიკაში ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით. აღნიშნული თანხა საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი შავი ზღვის მაღალი ძაბვის (500/400კვ) ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განხორციელებას მოხმარდება. პროექტი ასევე მოიცავს თურქეთის საზღვართან ახლოს, ახალციხეში ახალი ქვესადგურის მშენებლობას. პროექტს თანადაფინანსებას უწევს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), European Union Neighboring Investment Facility გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW).
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ახალი გადამცემი ხაზი ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობას და მთლიანად, საქართველოსა და ზოგადად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დაკავშირების შედეგად საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს ჭარბი ენერგიის ექსპორტირება თურქეთში. ეს პროექტი საფუძველს ჩაუყრის ენერგოგენერაციის სექტორში მომავალი ინვესტიციების განხორციელებას, ენერგეტიკის სექტორის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალიწინებით.
მარტის თვეში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის მათ წარდგენას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ერთ-ერთი ამ დოკუმენტთაგანი იყო ხელშეკრულება”ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ”” (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის). საქმე ეხება 120 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას, რომელიც სხვა ენერგოპროექტებთან ერთად, ელექტროგადამცემი ხაზების, მათ შორის, სენაკი 1-სა და სენაკი 2-ის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
გარდა ამისა, 10 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა – “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა”” (NATELI). ეს არის ორწლიანი პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ძირითადი მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვისა და გამოყენების სტიმულირება საქართველოს საწარმოებსა და საყოფაცხოვრებო სექტორში. პროგრამის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები ენერგიის მძლავრი მომხმარებლები არიან: საავადმყოფოები და ბინების მესაკუთრეთა სეგმენტი, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყნის ენერგობალანსში ელექტროენერგიას გაცილებით მეტი ადგილი უნდა ეკავოს: ჰიდრორესურსები არამარტო იაფი, არამედ, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის საშუალებაა. გარდა ამისა, ბუნებრივ აირში გადახდილი თანხის ძირითადი ნაწილი ქვეყნიდან გადის, ხოლო ელექტროენერგიისა კი – ქვეყანაში რჩება. ყოფილი ენერგო ომბუდსმენი, დავით ებრალიძე ჯერ კიდევ 2008 წელს გაზეთ “ბანკები და ფინანსებთან”” საუბრისას ასაბუთებდა, რომ არსებული ფასებითაც კი, ელექტროენერგიის გათბობის თანამედროვე საშუალებები კონკურენტუნარიანია ბუნებრივი აირის გამათბობლებთან შედარებით, გარდა ამისა, ქვეყანაში თანამედროვე, მცირე მოხმარების ელექტროგათბობის სისტემების და სხვა ტექნიკის შემოტანა უნდა წახალისდეს. სწორედ ამ მიზეზების გამო ენერგეტიკული სტრატეგია ელექტროენერგიის სისტემების გაფართოება და სიმძლავრის შექმნა უნდა იყოს. განკერძოების შემთხვევაში კი, ინვესტორების წინაშე ისეთი მოთხოვნები და პრინციპები უნდა იქნეს დაყენებული, რომ მაქსიმალური ეფექტი საქართველოსთვის დატოვოს.
მიუხედავად ალტერნატივების ძიებისა, ნათელია, რომ საქართველოს ერთადერთი პრიორიტეტი ელექტროენერგიის წარმოებაა. აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანაა მთელი გათბობის სისტემების, როგორც კერძო, ისე საოფისე ფართებში ელექტროენერგიაზე გადაყვანა და ასევე ელექტროაუდიტის გაკეთება. უკვე ნათელია, რომ ელექტროენერგიით გათბობა ბევრად ეფექტურია, ენერგოდამზოგავია, ეკოლოგიურად სუფთაა და ბევრად იაფი. უფრო მეტიც, ამ კუთხით ბაზრის გაფართოება ამ სექტორში ინვესტორთა პროვოცირებას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, მსხვილ ენერგოექსპორტიორ ქვეყნად გვაქცევს. ნიშნდობლივია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს კონცეფციაც სწორედ ამ პრინციპზეა აგებული. ვფიქრობ, ამ იდეას სერიოზულიუ პროპაგანდა სჭირდება და მოსახლეობამდე სწორად მიტანა, რათა ნელ-ნელა შევცვალოთ გაზი დენით.