ლიბერტარიანელობის საკითხისთვის თანამედროვე საქართველოში (პოლიტიკურ – ეკონომიკური ესსე), ნაწილი II
გიორგი რუსიაშვილი ე.მ.დ., პროფესორი
ჩვენს წინა სტატიაში შევეხეთ თანამედროვე საქართველოში ლიბერტარიანელობის ჩამოყალიბების სხვადასხვა ასპექტს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით. მოცემულ სტატიაში გვინდა შევეხოთ განსხვავებულ გარემოებას, რომელიც შეეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის მონაწილეობის საზოგადოებრივ პასიურობას თანამედროვე საქართველოში.
ამ მიზნით გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი გარემოებები: კერძოდ, ლიბერტარიანელობის მდგომარეობის საუკეთესო განსაზღვრებად, ჩვენი წინა სტატიიდან გამომდინარე, გვესახება მემარჯვენეობა ეკონომიკაში (“კაპიტალისტი””) და მემარცხენეობა პირად ურთიერთობებში (“ლიბერალი”). აქვე აღნიშნული იყო, რომ საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა ამ მდგომარეობასთან ახლოს არ იმყოფება, კერძოდ, სოციალური ინჟინერიის ელემენტების ნაწილის გამოყენებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, როგორც მინიმუმ, ასეთი ვითარების გამო საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს ლიბერტარიანული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მდგომარეობა. ამასთან, დადგინდა, რომ დემოკრატია, როგორც საზოგადოებრივი მოწყობის პოლიტიკურ-სოციალური ფორმაცია, ლიბერალური საზოგადოების ჩამოყალიბების შედეგია.
ამასთან, დემოკრატია შეიძლება წარმოადგენდეს ლიბერალური საზოგადოების შედეგს ისევე, როგორც ლიბერალური საზოგადოება შეიძლება გამომდინარეობდეს დემოკრატიული წყობიდან, რადგან ადამიანები მიისწრაფვიან თავისუფლებისაკენ.
პირველ შემთხვევაში, მოცემულ მოვლენას შეიძლება მიეცეს დეფინიცია “რევოლუცია ქვემოდან”, ხოლო მეორე შემთხვევაში – “რევოლუცია ზემოდან”1.
პირველი შემთხვევა უფრო მეტი ბუნებრიობით ხასიათდება, ხოლო მეორე შემთხვევა – უფრო მეტი ხელოვნურობით. ანუ ხელისუფლება საზოგადოებრივი წნეხის გარეშე არ არის მოწოდებული იმისათვის, რომ ნებაყოფლობით დაამკვიდროს დემოკრატიული წეს-წყობილება და ეს მხოლოდ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი წნეხის (აქტიურობის) შედეგად არის შესაძლებელი, რასაც მსოფლიო ქვეყნების ისტორიული გამოცდილებაც ადასტურებს.
საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა იმას მიუთითებს, რომ მიმდინარეობს ქვეყნის გადასვლა კაპიტალისტურ ეკონომიკურ მოწყობაზე, რასაც ქვეყნის გარდამავალი მდგომარეობა (საფონდო ბირჟის ჩამოუყალიბებლობა, კონკურენციის დაბალი დონე/ეკონომიკის მონო-ოლიგოპოლიური განვითარების მდგომარეობა, არასამართლიანი კონკურენცია, პროფესიული კავშირების არ არსებობა და სხვა) ადასტურებს2.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოციალიზმი, ანუ ეკონომიკის სოციალურად ორიენტირება შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ კაპიტალისტური ფორმაციის განვითარების შემდეგ.3
კერძოდ, საბჭოთა კავშირში ჩატარებული ექსპერიმენტი, რაც გულისხმობდა კაპიტალისტური წყობილების განვითარების გარეშე სოციალისტური წყობილების შექმნას, იყო მცდარი და, შესაბამისად, მან ვერ იმუშავა, რადგან საზოგადოება ამისათვის მზად არ იყო. შესაბამისად არ შეიძლება სოციალურად ორიენტირებული საზოგადოების ძალით დანერგვა და ადამიანების ხელოვნურად გადაკეთება. ადამიანი საზოგადოებრივ მოთხოვნილებას საკუთარ პირად მოთხოვნილებაზე მაღლა არაფრით არ დააყენებს და რომც დააყენოს, იგი არ იქნება რაციონალური, არამედ – ირაციონალური. ამის საპირისპიროდ ნებისმიერი ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ, რომ იყოს მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული4. დაგვეთანხმებით, რომ ადამიანის მისწრაფება, იყვნენ რაციონალურები – მისასალმებელია. სოციალური საზოგადოების ხელოვნურად დამკვიდრების შედეგად მოხდა მოუმზადებელი საზოგადოების მენტალიტეტის რღვევა-დეგრადაცია, მათი ეკონომიკური ქცევის დამახინჯება და სწორედ აქედან (ამ დროიდან) მომდინარეობს თანამედროვე საქართველოს ყველაზე მანკიერი მახასიათებლები (კორუფციულობა, გადამეტებული დროის ტარება: დარდიმანდიანობა, უყაირათო მხარჯველობა, საერთო სადარბაზოს,/ქუჩის,/ქალაქის მოუვლელობა პირადი საკუთრების საპირისპიროდ, ქურდული მენტალიტეტი და სხვა)5. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამის მიზეზი სწორედ საერთო-სახალხო საკუთრება იყო (ანუ არაიდენტიფიცირებადი საკუთრება), რაც იმას განაპირობებდა, რომ ეკონომიკა ხარჯვითი ხასიათის იყო.
ამის საპირისპიროდ ნორმალურად ჩამოყალიბებულ სოციალურად ორიენტირებულ საზოგადოებაში უკვე მოხდა კერძო დახურული ტიპის საზოგადოებების საწინააღმდეგოდ სააქციო საზოგადოებების განვითარება. სააქციო, ანუ საზოგადოებრივი საზოგადოებების უპირატესობა საერთო-სახალხო საკუთრებასთან მიმართებაში ნათელია, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს მინიმალურ დონეზე იდენტიფიცირებადი მესაკუთრე, რომლის მიმართაც მენეჯმენტი უფრო მეტი ხარისხის ანგარიშვალდებულებით ხასიათდება.6
სწორედ კაპიტალისტური საზოგადოების სრულფასოვანი განვითარება სოციალურად ლოიალური საზოგადოების სახით, რომელშიც ამის გარდა ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა და ჯანსაღი სასამართლო სისტემა და რომელიც გარდაქმნილია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, განაპირობებს სოციალური (სოციალისტური) საზოგადოების ჩამოყალიბებას. რა მექანიზმები მოქმედებენ ამ შემთხვევაში? მოკლედ შეიძლება შემდეგი ფაქტორების ჩამოთვლა: 1) სოციალური ინჟინერია (პენსიონერებზე, ინვალიდებზე, უმწეოებზე და სხვ. სამართლიანი ზრუნვა და ა.შ.); 2) კოოპერაციული ძალების განვითარება საზოგადოებაში (“ფრი-რაიდერების” რაოდენობის შეზღუდვა7) და საზოგადოების ინტეგრირებულობა; 3) კანონის უზენაესობა და სამართლიანი კონკურენცია; 4) არადისკრიმინაციულობა და ადამიანთა ჰუმანისტური უფლებების (მობილობის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების და წარმოების საშუალებებზე უფლებების თავისუფლება) დაცვა; 5) ხელისუფლების ანგარიშვალდებულობის ხარისხი არა მარტო საჯაროობის, არამედ ინფორმაციის რელევანტურობის, საიმედოობის და სამართლიანობის კუთხით; 6) ლორენცის მრუდის მიხედვით ჯინის ინდექსის სასურველი დონე8 და სხვ.
აქედან გამომდინარე, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სოციალური (სოციალისტური) საზოგადოება არ არსებობდა და ის ფორმაცია, რომელიც არსებობდა, შესაბამისად, სოციალისტური საზოგადოების მხოლოდ მითს და ერთგვარ ალეგორიას წარმოადგენდა.
ამიტომ, სოციალური (სოციალისტური) საზოგადოების განვითარების შესაძლებლობა საქართველოში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში, არსებობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება სრულფასოვანი კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს9.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკებში შრომის მწარმოებლურობა ჩამოუვარდება აშშ-ს და ევროპას დაახლოებით 100-200 სამუშაო საათით წელიწადში, ხოლო ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკას, დაახლოებით 700-800 სამუშაო საათით წელიწადში. ეს განსხვავება კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება ახლო მომავალში და ინტენსიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე მიუთითებს10.
კაპიტალისტური ურთიერთობების მოყირჭება იწვევს სოციალისტური ურთიერთობების დამკვიდრების მოთხოვნილებას, რასაც კრედიტორული ეკონომიკის (Creditary Economics) პრინციპები უწყობს ხელს მსოფლიოში და რასაც დღევანდელი კრიზისის გამოცდილებაც ადასტურებს11.
განვიხილოთ ზემოთ აღნიშნული დებულებების: (I) მემარჯვენეობა ეკონომიკაში, (II) ლიბერალიზმი, და (III) დემოკრატია, ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები12. როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, ეკონომიკაში მემარჯვენეობის ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ეკონომიკის კაპიტალისტური მდგომარეობა, ხოლო დემოკრატიის – საზოგადოებრივი რევოლუცია13 და ლიბერალიზმის – სექსუალური რევოლუცია.
შესაბამისად საქართველოში კონსერვატიული წეს-წყობილების ალტერნატივად დღეს დღის წესრიგშია სექსუალური რევოლუცია14. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ისევე როგორც კაპიტალისტური წყობილების დამკვიდრების თვალსაზრისით, ჩვენ ვიძლევით პროგნოზს, რომ დემოკრატიის დამკვიდრება საქართველოში მოხდება მხოლოდ ამ ორი კატეგორიის დამკვიდრების შემდეგ. თუ რატომ, ეს ქვემოთ განვიხილოთ.
პირველი ფაქტორის გამო საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას გამოთიშული, ანუ ინერტულები არიან მოზარდები (სრულწლოვანი უფროსი კლასების მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა), განსხვავებით გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა, როდესაც საზოგადოების ეს კონტინგენტი სწორედ ყველაზე აქტიური იყო, საზოგადოების ლიბერალიზაცია არ იყო დღის წესრიგში და რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის რღვევა, რაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო.15 ამ მიზეზით საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას გამოთიშულია საზოგადოების მნიშვნელოვანი ფენა, ახალგაზრდა თაობის სახით.
მეორე ფენა, რომელიც ასევე გამოთიშულია, ეს არიან მეწარმეები, რომლებიც მისდევენ მეწარმეობრივ საქმიანობას – საშუალო ფენა, რომელიც იმდენად უზრუნველყოფილია, რომ არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე.16 შესაბამისად ეს ფენაც გამოთიშულია საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრებიდან გარდამავალი ეკონომიკური მდგომარეობის გამო 80-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად შეძლებული იყო დასაქმების გამო.
აქვე აღსანიშნავია, თუმცა ჩვენი მიდგომის შესაბამისად არა არსებითი, პროფესიული კავშირების არ არსებობა, რაც ასევე სრულფასოვანი კაპიტალისტური საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი და დემოკრატიული პროცესების შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური პარტიების განუვითარებლობის და უნიათობის სახით17.
საქართველოში საზოგადოების სოციალურ არააქტიურობას თეორიული თვალსაზრისით ცალსახად გამოკვეთილი კულტუროლოგიური საფუძვლებიც გააჩნია18. ამასთან კულტურული ფაქტორი, სხვა სიტყვებით ზრდის ენდოგენური ფაქტორი, X-ფაქტორი, თანამედროვე ეკონომიკური ზრდის ყველაზე მართებულად ამხსნელ ფაქტორად გვევლინება, რომელიც პრიორიტეტით სარგებლობს ზრდის სხვა ფაქტორებთან მიმართებაში: ბუნებრივი რესურსების, კაპიტალის დაგროვებითი, შრომითი რესურსების, ტექნოლოგიური განვითარების ფაქტორები.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო, როგორც პირად ურთიერთობებში კონსერვატიული ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელიც ამავე დროს ობიექტურად იმყოფება გარდამავალ მდგომარეობაში სრულფასოვან კაპიტალისტურ ეკონომიკაზე, განწირულია იმისთვის, რომ მასში ინერტული “საზოგადოებრივად აქტიური” ფენების გამო დემოკრატიული განვითარების პროცესების დამკვიდრება იგვიანებდეს.
ყოველ შემთხვევაში, როგორც ამას მსოფლიო გამოცდილება მაინც ადასტურებს, მსოფლიო ქვეყნები ადრე თუ გვიან საერთო ტრენდით, ტენდენციით, სცენარით ვითარდებიან, თუმცა მართლაც ზოგი ადრე, ზოგიც კი, გვიან.
1 რუსეთში დღეს აქტიური განხილვის საგანია ქვეყნის მოდერნიზაცია, ე.წ. ახალი “პერესტროიკა”. ამ იდეას ძირითად პრო-პრეზიდენტული ფენები უწევენ პედალირებას პრო-მთავრობისეულ წრეებთან შედარებით. ევროკავშირიც ჰპირდება დახმარებას, თუმცა დავის საგანი მხოლოდ ის არის, თუ საიდან უნდა დაიწყოს რეფორმა – ეკონომიკიდან თუ სახელმწიფო მოწყობიდან. იმ შემთხვევაში თუ აირჩევენ რეფორმას ეკონომიკიდან, რასაც სტრატეგიის ავტორები ასაბუთებენ – ეს ნიშნავს “კაპიტალიზმის” ჩამოყალიბების მიმართულებით მოძრაობას (ანუ “რევოლუცია ქვემოდან”), ხოლო, თუ აირჩევენ სახელმწიფო მოწყობას, რასაც ევროკავშირი ითხოვს – ეს ნიშნავს “დემოკრატიის” დამკვიდრების მიმართ მოძრაობას (ანუ “რევოლუცია ზემოდან”). ორივე შემთხვევაში, ავტორები თანხმდებიან, რომ კაპიტალიზმის განვითარება და დემოკრატია უნდა იყოს თანაბრად მიღწეული.
2 ზოგიერთი შეგვედავება, რომ ისეთ პოზიციებში, როგორიც მუშა-ხელის გამოყენებაა (დასაქმება, დათხოვა), სახელმწიფო ზედამხედველობის არ არსებობა ზოგიერთ სფეროში (სურსათის უვნებლობა, მომხმარებლების უფლებების დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, ანტიმონოპოლიური რეგულირება) საქართველომ დიდი ხანია უკან ჩამოიტოვა მთელი პროგრესული სამყარო და რეგულირებული შრომის და საკონტრაქტო ურთიერთობების ნაცვლად. დამსაქმებლები დასაქმებულებს ხშირად კონსტიტუციური უფლებების დარღვევებით ასაქმებენ (არანორმირებულად ამუშავებენ და ანთავისუფლებენ); რაიმე რეგულაციის ნაცვლად საერთოდ არ არსებობს ისეთი ტიპის რეგულაცია, როგორიცაა ფიტო-სანიტარიული კონტროლი, საქონლის უვნებლობის უზრუნველყოფა, მომხმარებლების უფლებების დაცვა არაკეთილსინდისიერი რეკლამის საწინააღმდეგოდ, საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების განხილვა მდგრადი განვითარების კუთხით (რაც, სხვათაშორის, “ვარდების” რევოლუციის შემდეგ მოხდა, როდესაც გაუქმდა გადასახადი გარემოს დაბინძურებაზე იმ ექსტერნალიების დასაფარად, რომელსაც საწარმოები იყენებენ – გარემოს და იქ მცხოვრები მოსახლეობის სახით); იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ოპტიმალურ ბალანსს ეძებს კონკურენციის ხელშეწყობასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას შორის, რომლებიც ურთიერთთან ობიექტურ წინააღმდეგობაში არიან და ერთის მხარდაჭერა იწვევს მეორის დაკნინებას და პირიქით, საქართველოში საერთოდ გაუქმდა ანტიმონოპოლიური სააგენტო, რომელიც მართლაც რომ სპეციფიკურ ფუნქციებს ასრულებდა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში. Mაგრამ, ყველა ეს მაგალითი საქართველოს წარმოსახვით განვითარებულობას კი არა, უფრო იმ რეალურ მდგომარეობას იწვევს, რომლის მიხედვით საქართველო ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების (სიღარიბის) მიხედვით ლიბერიასა და სიერა-ლიონეს შორის იმყოფება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსოფლიო ბანკის ეგიდით ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვით საქართველო მე-11 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიიოლის კუთხით, უფრო დეტალურ განხილვას საჭიროებს, რადგან აქ არ არის გათვალისწინებული ტრანზაქციული დანახარჯები და მხოლოდ კანონმდებლობის მდგომარეობა არის განხილული ამ კუთხით, მაგრამ პრაქტიკაში გარდამავლ ეკონომიკაში არსებობს სხვადასხვა ტრანზაქციული დანახარჯი, რომელიც არ არის გათვალისწინებული კვლევაში, ამიტომ, ნეტო მაჩვენებლით ოპერირება, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს სინგაპურსა თუ ნორვეგიაში, საქართველოში არ შეიძლება პირდაპირ გამოვიყენოთ იყოს სკალირების გარეშე. და მეორე, იგივე კვლევის მიხედვით მე-11 ადგილი ეს მხოლოდ საშუალო შეწონილი მნიშვნელობაა ექვს სხვადასხვა მახასიათებელს შორის და ისეთ პოზიციებში, როგორიცაა საკუთრების უფლებების დაცვა, კონკურენციის დონე, ეკონომიკის გახსნილობა და უცხოური ინვესტიციების დაცვა საქართველო მე-11 ადგილიდან ძალზე შორს იმყოფება და მეათე ათეულის მიღმაც კი გადადის ზოგ შემთხვევაში. ერთადერთი პოზიცია, რომელშიც საქართველო “კარგ” ანუ მე-2 ადგილზე იმყოფება მსოფლიოში და, რომელიც ამ მე-11 ადგილს განაპირობებს საბოლოო ჯამში, ეს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ბიზნესის ნორმატიული რეგისტრაციის სიჩქარეა. ამ პოზიციის მიხედვით სიიოლე შეიძლება უარყოფით მოვლენადაც კი გადაიქცეს ფუნქციონალურად, რაც ბიზნესის ლიკვიდაციას უკავშირდება, რადგან ნებისმიერი ლიკვიდირებული ბიზნეს-ორგანიზაცია მიისწრაფვის თავიდან რეგისტრაციისკენ და ლიკვიდირებული ბიზნესის ისტორიის შესწავლის გარეშე კრედიტორების და დაკავშირებული მხარეების კუთხით მეტად გართულებული იქნება საგადასახადო ორგანოების მიერ სრული ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ ორგანიზაციაზე, ხოლო ასეთი ტიპის ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი უნდა ხდებოდეს სწორედ ახალი ბიზნესის რეგისტრაციისას, ანუ ხომ არ წარმოადგენს ესა თუ ის ახალი დასარეგისტრირებლად გამზადებული ბიზნესი ძველი ვალდებულებებით ლიკვიდირებული ბიზნესის სამართალმემკვიდრეს ვალდებულებების ამოღების მიზნით ან ხომ არ უკავშირდება ესა თუ ის ბიზნესი რომელიმე არსებულ ბიზნეს-ორგანიზაციას იმ მიზნით, რომ მოხდეს გადასახადების კონსოლიდირება და მათი უკეთესი ადმინისტრირება საგადასახადო ბაზის აკუმულირების ხარჯზე (საქართველოში არათუ არ არსებობს დაკავშირებულ მხარეებს შორის საგადასახადო ორგანოების მიერ ბიზნესის კონსოლიდაციის პრაქტიკის გამოყენება გადასახადების უფრო სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით, არამედ ხშირია შემთხვევები, როდესაც საკუთრების გადაცემა ხდება უახლოესი დაკავშირებულ მხარეებზე – მეუღლეებზე ან სხვა ოჯახის წევრებზე ან საოჯახო დეკლარაციებში არ წარმოებს ოჯახის წევრების შემოსავლების დეკლარირება). თუმცა ამ თემაზე ცალკე სტატიაში შევთავაზებთ მკითხველებს დეტალურ ანალიზს.
4 აქ გვახსენდება უინსტონ ჩერჩილის გამოთქმა იმის თაობაზე, რომ სოციალისტური სისტემა კარგი სისტემაა, თუმცა ანგელოზებისათვის და არა ადამიანებისათვის. თუმცა დღევანდელი სოციალურად ორიენტირებული კაპიტალისტური ეკონომიკური მოდელი ისევე განსხვავდება მე-20 საუკუნის 30-იანი წლების კაპიტალიზმისგან, როგორც საბჭოთა ყაიდის სოციალიზმი – კაპიტალიზმისგან.
5 არსებობს თეორია, რომლის მიხედვით კორუფცია არის საინტერესო მოვლენა ებრაული და ქართული ეთნიკური ჯგუფების ფენომენის განხილვისას: პირველი, რუსეთთან (და მთელს მსოფლიოსთან) მიმართებაში და მეორე, საბჭოთა კავშირთან მიმართებაში. ორივე კატეგორია ხასიათდებოდა კონფლიქტური დამოკიდებულებით სახელმწიფოსთან (რომელსაც ქურდავდნენ, ატყუებდნენ და ა.შ.) და კოოპერაციული დამოკიდებულებით თავის თანამოძმეებთან. სწორედ ამის ხარჯზე საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში სწორედ ქართველები იყვნენ, ხოლო რუსეთის ისტორიაში კი – ებრაელები. საზოგადოებაში ინტეგრირებულობის მექანიზმები იწვევს კონფლიქტურ სიტუაციას საზოგადოების წევრებთან, ხოლო კოოპერაციულ ურთიერთობას საზოგადოებასთან მთლიანად. შესაბამისად, კორუფციული ურთიერთობა და სახელმწიფოს მიმართ მფლანგველობითი დამოკიდებულება იწვევს კოოპერაციულ დამოკიდებულებას კონკრეტულ საზოგადოების წევრთან (თავის თანამოძმესთან), ხოლო კონფლიქტურ დამოკიდებულებას ზოგად საზოგადოებასთან მთლიანად (რეალურ თუ წარმოსახვით მტრულ ძალასთან). გავიხსენოთ რას ეუბნება ავთანდილის პერსონაჟი “ვეფხვისტყაოსანში” ერთ-ერთ ვეზირს: “ასი ათასი თუმანი შენ ქრთამად მიითვალეო”, ანუ თუ მორალი მას ამართლებს, მაშინ კორუფცია დადებითია.