ევროპისა და ევროს ბუნდოვანი მომავალი
ალექსანდრა ლალიაშვილი
გლობალურმა ფინანსურმა რეცესიამ ბევრი სახელმწიფოს ბიუჯეტი დეფოლტის საფრთხის წინაშე დააყენა. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტები აღნიშნავენ, 2007-2009 წლებში მსოფლიოს 33 განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა მსოფლიოს მთლიადი შიდა პროდუქტის 5,2% შეადგინა. ამავე დროს, მხოლოდ 2009 წელს განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტებიდან ეკონომიკის სტიმულირებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობამ მსოფლიოს მშპ-ის 8-10% შეადგინა.
თუ 2003-2007 წლებში განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტი, საშუალოდ მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,14%-ს შეადგენდა, 2008-2014 წლებში ექსპერტები ამ მაჩვენებლის 4,7%-მდე გაზრდას ელიან. ირლანდიის შემდეგ საბერძნეთი ევროგაერთიანების მეორე წევრი ქვეყანაა, რომელსაც კრიზისის პერიოდში ვალის დაფარვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და თითქმის ეროვნული ბანკის გაკოტრებამდე მივიდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საბერძნეთის მოსალოდნელ სახელმწიფო დეფოლტს, შესაძლოა, ესპანეთსა და ირლანდიაში ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს და ევროს კრახი გამოიწვიოს.
ევროპული ვალუტის მიმზიდველობა სულ უფრო მცირდება. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საბერძნეთის რეიტინგის დაწევის შესახებ განაცხადეს, ევროპის ერთიანი ვალუტა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ პირველად ევრო რეალური საფრთხის პირისპირ აღმოჩნდა. ამავე დროს, ევროსა და დოლარის კურსის ვარდნის ფონზე იაპონურ იენაზე მოთხოვნა გაიზარდა. ექსპერტების აზრით, საბერძნეთის კრიზისი იაპონურ ვალუტაზე მოთხოვნილებას ზრდის, რადგან ამ დროისათვის იენა გაცილებით უსაფრთხო აქტივად მიიჩნევა. საბერძნეთის შემდეგ, ესპანეთისა და პორტუგალიის ფინანსური პრობლემები ევროპის ერთიან ვალუტას ამ დრომდე დიდ საფრთხეს უქმნის. პორტუგალიაში ვალების დაბრუნების პრობლემა, შესაძლოა, ისე მწვავედ არ დგას, როგორც საბერძნეთში, მაგრამ ქვეყანაში მუშათა გაფიცვების საფრთხე ამ დრომდე არსებობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პორტუგალიას ბიუჯეტის შემცირების პროგრამის განხორციელებაში, შესაძლოა, სირთულეები შეექმნას. საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის ბიუჯეტის შემცირების ღონისძიებათა პაკეტმა, შესაძლოა, რეგიონში საკრედიტო კრიზისის პრობლემა გადაჭრას, მაგრამ ამავე დროს ახალი სიძნელეები შექმნას და ევროზონის ეკონომიკის აღდგენა კიდევ უფრო შეანელოს. ექსპერტების აზრით, ევროზონის შემოსავლის მაჩვენებელი აშშ-ის შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად დაიწევს, რაც ევროპული ვალუტის მიმზიდველობას კიდევ უფრო შეამცირებს.
ეკონომიკურ პრობლემებს ევროპაში პოლიტიკური კატაკლიზმებიც თან ერთვის. სახელმწიფოთა შორის მუდმივი კამათია ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ საერთო პოლიტიკის შემუშავების დროს. საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინ ლაგარდმა ბერლინის ეკონომიკური პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. მისი განცხადებით, გერმანიის სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო, რომელიც შრომის ღირებულების შემცირებაზეა დაფუძნებული, ევროზონის სხვა ქვეყნებისთვის მიუღებელია. ლაგარდმა გერმანიას მოუწოდა შიდა მოთხოვნა გააფართოვოს, რათა ევროზონის ქვეყნებმა კონკურენტუნარიანობა გაზარდონ და სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაცია მოახერხონ.
ევროპის ქვეყნები ვერც იმაზე თანხმდებიან, თუ რა ღონისძიებებს მიმართონ საბერძნეთის დასახმარებლად. გერმანიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საბერძნეთს მრავალმილიარდიან დახმარებას აღმოუჩენენ. გერმანიის ფინანსთა მინისტრის წარმომადგენლის მიხაელ ოფერის თქმით, ბრიტანული გამოცემა თჰე Gუარდიან-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა საბერძნეთს 25 მილიარდი დოლარი გამოუყო, სინამდვილეს არ შეესაბამება. გერმანიის მსგავსად ინფორმაცია ევროკომისიის წარმომადგენლებმაც უარყვეს. შეგახსენებთ, გერმანიამ მანამდე განაცხადა, რომ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევას არ აპირებდა. საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 12,7%-ს შეადგენს.
2012 წლისთვის საბერძნეთმა ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტამდე უნდა დასწიოს. 5 მარტს საბერძნეთის პარლამენტმა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ღონისძიებათა პაკეტი დაამტკიცა. დეფიციტის შემცირების მიზნით, საბერძნეთის მთავრობამ პენსიების გაყინვის, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზებისა და ფუფუნების საგნებზე გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს უკვე მოჰყვა არეულობები ქვეყნის შიგნით. 11 მარტს საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაიხურა. ამის მიზეზი ქვეყანაში დაწყებული მეორე საყოველთაო გაფიცვა იყო, რომელიც პროფკავშირებმა მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართეს. საბერძნეთის დამსაქმებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გაფიცულები ცდილობენ საბერძნეთი ისეთ ქვეყნად აქციონ, რომელსაც ქველმოქმედება სჭირდება. გაფიცვის შედეგად ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოს მოწყდა, რადგან 24 საათის განმავლობაში მუშაობა ავიადისპეტჩერებმაც შეწყვიტეს. პორტები გემებით აივსო. მთავრობა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ უთანაგრძნობს ხალხს გაზრდილი გადასახადებისა და შემცირებული ხელფასების გამო, მაგრამ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე უარს ვერ იტყვის. აქამდე საბერძნეთს გაფიცვების ორმა ტალღამ 10 და 24 თებერვალს გადაუარა. ევროპელი ეკონომისტები საბერძნეთს ნიშნისმოგებით სთავაზობენ ევროზონიდან გასვლასა და ვალების სანაცვლოდ კუნძულების გაყიდვას.
თუმცა, მოთხოვნილი ღონისძიებების გატარების შემდეგ ევროკავშირის მთავარმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს მიიღონ ზომები, რომლებიც საჭიროა, რათა საბერძნეთი იზოლაციაში არ აღმოჩნდეს. მანამდე ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ირწმუნებოდნენ, რომ საბერძნეთს არ დაეხმარებოდნენ, თუკი იგი მკაცრ ფინანსურ პოლიტიკას არ გააგრძელებდა.
თუ ევროკაშირი საბერძნეთს მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გერმანიის ხარჯზე მოხდება. იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთმა მაასტრიხტის შეთანხმება დაარღვია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 3 პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს, ათენის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დღემდე არ განხორციელებულა. თუმცა საბერძნეთზე რომ არაფერი ვთქვათ, დღეს ევროზონის ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს მაასტრიხტის შეთანხმების მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, ევროზონაში შემავალი ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებიდან გადახვევის ცალკეული შემთხვევები ევროკავშირში ადრეც არსებობდა, მაგრამ მაასტრიხტის შეთანხმების დარღვევას ასეთი მასშტაბური სახე არასოდეს ჰქონია. ევროკავშირის სახელმწიფოების ბიუჯეტების დეფიციტის საშუალო მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ია, რაც ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ბებერ კონტინტნზე?
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს უკვე მიმართა თხოვნით, მისცენ უფლებამოსილება, შეამოწმოს კავშირის ქვეყნების სახელმწიფო ფინანსები. ეს ინიციატივა გამოწვეულია საბერძნეთში შექმნილი ვითარებით, რომელიც საკუთარი ბიუჯეტის შესახებ რეალურ ინფორმაციას არ გასცემდა და ევროზონის ეკონომიკა კრახის საფრთხის ქვეშ დააყენა. კომისიის წარმომადგენლების თქმით, საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ სამთავრობო სტატისტიკა ზუსტ მონაცემებს შეიცავს. ეს, მათი განმარტებით, აუცილებელია ევროზონის ფუნქციონირებისა და ევროკავშირის წევრებს შორის ურთიერთგაგებისთვის. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული წინადადების ძალაში შესვლისთვის მან კავშირის წევრი ქვეყნების მოწონება უნდა დაიმსახუროს.
ევროკავშირის ქვეყნების ფინანსური დახმარების მიზნით, ევროკომისია შესაძლოა, ევროპის სავალუტო ფონდის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდეს. ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებში ოლი რენმა განაცხადა. რენის თქმით, ამ ფონდიდან თანხის გამოყოფა მკაცრი პირობების დაცვით უნდა განხორციელდეს. “ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიასთან, საფრანგეთთან და ევროკავშირის სხვა წევრებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ””, – განაცხადა ევროკომისარმა. მანამდე იტალიის პრეზიდენტმა და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპის სავალუტო ფონდის შექმნის აუცილებლობაზე განაცხადეს. თუმცა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ლაგარდმა ევროპის სავალუტო ფონდის შექმნის შესახებ სკეპტიკური მოსაზრება გამოთქვა და განაცხადა, რომ ევროზონისთვის მისი შექმნა პრიორიტეტული არ იქნება, რადგან ფონდის რეალიზაციას 5 წელი დასჭირდება. მისი თქმით, ამის ნაცვლად ევროზონის ქვეყნებმა საბერძნეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა უზრუნველყონ.
ალბათ სწორედ რიგ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხადასხაობისა და საბიუჯეტო პრობლემების გამო, ბევრი ექსპერტი ევროპული სავალუტო კავშირის პერსპექტივას პესიმისტურად აფასებს. ევროზონა გაორებულია, მას ძლიერი ცენტრი ჰყავს და შედარებით სუსტი პერიფერიები, ამიტომ რაღაც მომენტში ზოგიერთი ქვეყანა, შესაძლოა, სავალუტო კავშირიდან გამოვიდეს, – მიიჩნევენ ექსპერტები. მათი განცხადებით, ევროზონის წევრებს – ესპანეთსა და საბერძნეთს ბიუჯეტის დისბალანსი და დაბალი კონკურენტუნარიანობა ელოდებათ. მათ არ შეუძლიათ ვალუტის დევალვირება, რათა ექსპორტის წყალობით რეცესიიდან გამოვიდნენ და იმ დროს, როდესაც მთელი ყურადღება საბერძნეთზეა გადატანილი, ესპანეთმა, შესაძლოა, ევროზონას დიდი საფრთხე შეუქმნას. ესპანეთში სუსტი საბანკო სისტემაა, უმუშევრობის დონე კი 19%-ს აჭარბებს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. თუმცა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ ტრიშე ამტკიცებს, რომ ევრობლოკის დაშლა აბსურდულია.
ალბათ ეს ასეცაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ მანდელსონმა განაცხადა, რომ ოდესმე მისი ქვეყანა ევროს ზონას შეუერთდება. ამ სენსაციურმა განცხადებამ კუნძულზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით ეს კონსერვატიულ ოპოზიციაზე უნდა ითქვას. არადა, დაახლოებით ერთი წლის წინ, ბრიტანეთის ფინანასთა მინისტრმა ფუნტი სტერლინგის კურსის დაცემის კომენტირებისას მტკიცედ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ევროს ზონაში შესვლაზე არც კი ფიქრობს. გამოდის, ბრიტანელთა პოზიცია შეიცვალა, რადგან მანდელსონის გამონათქვამი კერძო პირის მოსაზრებად ვერ ჩაითვლება. როგორც ჩანს, ბრიტანელები მიხვდნენ, რაოდენ მძიმე დღეშია ქვეყნის ეკონომიკა. ევროპის განვითარებულ ქვეყანათაგან ბრიტანეთი რეცესიიდან ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდა, სახელმწიფო ვალი იზრდება და კრიზისის შემდეგ საბანკო სექტორი შავ დღეშია. მიუხედავად ამისა, ასეთი რევოლუციური ცვლილება მაინც ძნელად წარმოსადგენია. ბევრი ბრიტანელი ექსპერტი ირწმუნება, რომ მათი ქვეყანა კრიზისით კიდევ უფრო დაზარალდებოდა, ევროს ზონაში რომ ყოფილიყო, რადგან, ამ შემთხვევაში ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დამორჩილება მოუწევდა. როგორც გამოკითხვები ცხადყოფს, კუნძულელთა უმრავლესობა ევროს ზონაში შესვლის სასტიკი წინააღმდეგია. წელიწადნახევრის წინ, როცა ნორვეგიის ეკონომიკურმა მოდელმა სრული კრახი იწვნია, არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს ქვეყანა კრიზისს ბევრად იოლად გაუმკლავდებოდა, ევროს ზონაში რომ ყოფილიყო. საერთოდ, მაშინ, როცა ევრო მყარი და ძლიერი გახლდათ, ერთობ მიმზიდველი იყო. მაგრამ გასული წლის ბოლოს მხურვალე ევროოპტიმიზმი საკმაოდ განელდა. ერთიანი ევროპული ვალუტის მიმართ ნდობა საბერძნეთის შესაძლო დეფოლტმა შეარყია. ჰოდა, ბრიტანელები მიიჩნევენ, მათი ქვეყანა რომ ევროს ზონაში ყოფილიყო, მისი სახსრები საბერძნეთის მსგავსი უგერგილო ქვეყნების წყალობით გაიფლანგებოდა.
რას მოიმოქმედებს ევროპა? მიატოვებს ის საბერძნეთს? თუმცა მსგავსი პრობლემის წინაშე ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც შეიძლება აღმოჩნდნენ. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბერძნული კრიზისის ნამდვილი მიზეზი ძალიან ღრმაა და ის ევროს ფუნდამენტურ ხარვეზში უნდა ვეძიოთ. პრობლემის მოგვარების გზები, რომლის გამონახვაც ევროპელ ლიდერებს მოუწევთ, შესაძლოა, მაასტრიხტის შეთანხმების ფარგლებს გასცდეს. მიმდინარე კრიზისმა აჩვენა, რომ ფინანსთა მინისტრების საბჭომ ვერ შეძლო ევროპის წევრი ქვეყნების ფისკალურ პოლიტიკაზე კონტროლის დაწესება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპელი ქვეყნების პირველი პირებისა და მთავრობების ხელმძღვანელობა ძალზე საჭიროა, განსაკუთრებით ასეთი კრიზისის პირობებში. ცოტა ხნის წინ გამართულ ფრანგულ-გერმანულ სამიტზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად არ გააკრიტიკა საჯაროდ ევროპის ეკონომიკური მთავრობის შექმნის იდეა. თუ ევროს კრიზისული მდგომარეობა ხმელთა შუა ზღვის ქვეყნებში კიდევ უფრო გაუარესდება და არსებული ვალუტის შესანარჩუნებლად ფინანსური დახმარება გახდება საჭირო, ასეთ შემთხვევაში, ამ ქვეყნების მოსახლეობას ბოლო დროს ნავთობის მზარდი ფასების გარდა, გაზრდილ გადასახადებთანაც მოუწევს შეგუება. ახლა ევროპაში (და არა მარტი იქ) ბევრი სვამს კითხვას – რა უფრო სწორი იქნება – სამხრეთ ევროპელების დავალიანების დაფარვა თუ ევროს აღსასრულთან შეგუება? ეს შეკითხვა ნათელს ხდის იმას, თუ რა ღრმადაა კრიზისის ფესვები გადგმული.