აუტსორსინგული ბაზრის განვითარების პრობლემები საქართველოში
გიული ქეშელაშვილი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ ასისტენტ-პროფესორი
ისტორიულად აუტსორსინგი, როგორც შეთანხმებული ურთიერთობისა და კომერციული საქმიანობის სახე, 1962 წელს გამოჩნდა, როდესაც წარმატებული ბიზნესმენის – როს პეროს ფირმა EDS-მა General Motors-თან თანამშრომლობით 40%-მდე წლიური ეკონომია მიიღო. მაშინ პერო ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ აუტსორსინგი ფართოდ გავრცელდებოდა სამეურნეო საქმიანობის დარგებში და უდიდესი შემოსავლის მოტანას შეძლებდა. აუტსორსინგის აქტიური დანერგვა მოხდა 90-იან წლებში, როდესაც კომპანიებმა აშკარად დაინახეს მისი უპირატესობანი.
Yankelovich Partners-ის მიერ მსოფლიოს წამყვან 14 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოკითხულთა 63%-მა დაადასტურა, რომ ისინი სარგებლობდნენ აუტსორსინგით და აუტსორსერთა მმართველობაში გადაცემული ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე არაძირითადი ფუნქცია. მათი 84% კმაყოფილი იყო აუტსორსინგული კომპანიების მუშაობით.
აუტსორსინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად “გარე წყაროების გამოყენებას”” ნიშნავს. იგი გულისხმობს საკუთარი ბიზნესის შიდა პროცესებისა და ფუნქციების გადაცემას გარე კომპანიებისათვის ამ პროცესების შესრულების პასუხისმგებლობით. ჯერ კიდევ 70-იან წლებში მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტის გურუ ფილიპ კოტლერის საყვარელი გამონათქვამი იყო “გადააბარეთ სხვებს ის, რისი გაკეთებაც მათ უფრო ადვილად და იაფად გამოსდით””. შედეგად, აუტსორსერის მომსახურება კომპანიას უფრო იაფი უჯდება და მომსახურების დონეც უფრო მაღალია, ვიდრე საკუთარი ძალებით არასპეციალიზირებული საქმიანობის მართვა. ამიტომაც, კომპანიების ხელმძღვანელობა აუტსორსინგს მიმართავს მაშინ, როდესაც აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და ხარჯების შემცირება. ხარჯების შემცირების სიდიდე დამოკიდებულია აუტსორსინგის სახეობაზე და ის 10-50%-ის ფარგლებში მერყეობს.
2001 წლის ბოლომდე მიიჩნეოდა, რომ აუტსორსინგის გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. მოგვიანებით, აუტსორსინგული კომპანიების საქმიანობამ მოიცვა მარკეტინგი, ბუღალტერია, იურიდიული და კონსალტინგული მომსახურეობები, ლოგისტიკა, კადრების მართვა, საწარმოს უსაფრთხოება და ა.შ. აუტსორსინგი არის არა უბრალო ურთიერთობა შემკვეთსა და შემსრულებელს შორის, არამედ პარტნიორობა. ცხადია, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია შემკვეთის ნდობის მოპოვება, ხოლო შემდეგ ბიზნეს-ურთიერთობის აწყობა.
სპეციალიზირებული კომპანიებისათვის გადაცემული ფუნქციების მიხედვით, აუტსორსინგის თითოეული სახე (ფუნქციური, ოპერაციული, რესურსული) შემდეგ კლასებად იყოფა:
შეთანხმება მთლიან აუტსორსინგზე, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიმწოდებელი ფირმის განკარგულებაში კონტრაქტით გადადის მომსახურე პერსონალი და აქტივები;
შეთანხმება ნაწილობრივ აუტსორსინგზე, რომლის დროსაც განყოფილებათა დიდი ნაწილი რჩება კლიენტის განკარგულებაში;
შეთანხმება ერთობლივ აუტსორსინგზე, რომლის დროსაც ორივე მხარე გვევლინება პარტნიორად კომერციულ საქმიანობაში;
შეთანხმება შუალედურ აუტსორსინგზე, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიას ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები და განყოფილებებს მართვისათვის გადასცემს მესამე მხარეს;
შეთანხმება ტრანსფორმაციულ აუტსორსინგზე, როდესაც შემკვეთი კომპანია მომსახურების მიმწოდებელ ფირმას მთლიანად გადასცემს განყოფილების საქმიანობას. ტრანსფორმაციული აუტსორსინგი მთლიანისაგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს არ ხდება პერსონალისა და აქტივების მთლიანად გადაცემა. პროექტის დასრულების შემდეგ კლიენტი იბრუნებს კონტროლის ფუნქციას.
კომპანიები აუტსორსინგს მიმართავენ არა მარტო პროცესების განახლების, არამედ ბიზნესის გაუმჯობესების მიზნით. მაღალი დონის მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ აუტსორსინგის შესახებ, მუშაობას იწყებენ გაბედული სტრატეგიული პროგრამით. აუტსორსინგის განხორციელების პროგრამას ზედამხედველობენ მესაკუთრენი ან ტოპ-მენეჯერები. ბიზნესი დაკავშირებულია სწრაფ ცვლილებებთან და მისი ტრანსფორმაცია მოითხოვს ზოგიერთი პროცესის გადაცემას ამ სფეროში სპეციალიზირებული კომპანიებისათვის.
გამოიყენება აუტსორსინგის ორი სახეობა: ერთობლივი წარმოების აუტსორსინგი და სამეწარმეო აუტსორსინგი. პირველი გულისხმობს საქმიანი ურთიერთობების განვითარებისათვის ახალი კომპანიის შექმნას, როდესაც პერსონალი და აქტივები გადადის საერთო საწარმოში. ამ სქემის მიზანია არა მხოლოდ გადაცემული სამუშაოს ხარისხის ამაღლება, არამედ ისეთი პროდუქტისა და მომსახურების წარმოება, რომელიც შემდგომში მესამე მხარეზე იქნება გაყიდული. სამეწარმეო აუტსორსინგი გამოიყენება მაშინ, როდესაც მეწარმე კომპანია გადაწყვეტს, რომ შუალედური პროდუქტის დამზადების პროცესი გადასცეს გარე მწარმოებელს. ასევე, შესაძლებელია საკუთარი განყოფილებების მიყიდვა სხვა კომპანიისთვის და მათთან აუტსორსინგის ფარგლებში ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება.
ფართოდ გავრცელებულია ბიზნეს-ოპერაციების აუტსორსინგიც. ასეთი აუტსორსინგი არის გარე კომპანიისათვის იმ ბიზნეს-პროცესის გადაცემა, რომელიც ძირითად პროცესად არ ითვლება (მაგალითად – პერსონალის მართვა, ბუღალტერია, ლოგისტიკა, მარკეტინგი, რეკლამა და სხვა). რადგან ფირმის მიერ აუტსორსინგული კომპანიისათვის გადაცემული ფუნქციები განსხვავდება ერთმანეთისაგან, შესაბამისად განსხვავებულია თანამშრომლობის ფორმებიც.
აუტსორსინგული კომპანიების მუშაობა იწყება ხელშეკრულების გაფორმებით. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ერთჯერადი, როცა მომსახურება ერთხელ სწარმოებს და შემდგომში მისი საჭიროება აღარ არსებობს (მაგალითად, პროგრამული, ან ლოკალური ქსელის დაპროექტება, შენობის რემონტი და ა.შ.) და მრავალჯერადი, როცა მომსახურება გულისხმობს შემკვეთსა და შემსრულებელს შორის ხანგრძლივ ურთიერთობებს (მაგალითად, ინფორმაციული სისტემის ან პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვა). ამ შემთხვევაში, სამუშაო იყოფა ეტაპებად და შესაძლებელია თითოეული ეტაპის ცალკე შეთანხმებად გაფორმება. შესაძლებელია, ასევე, ერთი ძირითადი შეთანხმების დადება და თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე აქტების გაფორმება. ასევე, შესაძლებელია, რომ შეთანხმება ურთიერთობის შესახებ იყოს მუდმივი. ეს ხდება მაშინ, როდესაც წარმოების, ან მართვის პროცესის რაღაც ნაწილს საკუთარ თავზე იღებს გარე კომპანია. ამ შემთხვევაში, შეთანხმებას აქვს დროითი საზღვრები, მისი ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით. შესაძლებელია შერეული ვარიანტიც: თუ მუდმივი პარტნიორული ურთიერთობის პირობებში აუტსორსინგული კომპანია გზადაგზა წარმოქმნილ ამოცანებსაც ასრულებს, ამ შემთხვევაში, აუცილებელია შეთანხმება კონკრეტული ამოცანების პირობებზე.
აუტსორსინგის უპირატესობა გამოიხატება აუტსორსერისათვის გადაცემულ ფუნქციათა თვითღირებულების შემცირებაში. აუტსორსერს ამ ფუნქციის შესრულება უფრო იაფი უჯდება, რადგან იგი ამ სფეროშია დასპეციალებული. სპეციალიზაციის პოზიტიური შედეგია ასევე ხარისხისა და საიმედობის გაზრდა. ცხადია, გარკვეული საკითხების გადაწყვეტაში აუტსორსინგულ კომპანიას აქვს დაგროვილი გამოცდილება და ჰყავს მაღალკვალიფიციური პერსონალიც. მნიშვნელოვანია აუტსორსერისათვის კომპანიათა არა ძირითადი, არამედ მეორეხარისხოვანი ფუნქციების გადაცემა. ამით კომპანიებს საშუალება ეძლევათ მთელი ყურადღება გადაიტანონ მთავარ მიზნებზე, ფოკუსირება მოახდინონ კლიენტების მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე. აუტსორსინგი კომპანიებს აძლევს დამატებით რესურსებს ახალი კომპანიების შექმნის ან ქსელის გაფართოების თვალსაზრისით. აუტსორსინგული სტრატეგიის დადებითი შედეგებია: ოპერაციული ხარჯების შემცირება, ძირითად საქმიანობაზე კონცენტრაცია, ხარჯების ცვალებადი სტრუქტურის შექმნა, მოწინავე ტექნოლოგიების ათვისება, ბაზარზე გასვლის სისწრაფის ზრდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ა.შ.
აუტსორსინგი ბიზნესის უნივერსალური ინსტრუმენტია. მისი სპეციფიკა გარე შემსრულებლისათვის გარკვეული ორგანიზაციული ფუნქციების გადაცემაში მდგომარეობს. ფუნქციების გადაცემა შესაძლებელია, როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ, ხანგრძლივად, ან ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. აუტსორსინგზე გადასვლისას მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა ოპერაციებისა და პროცესების გადაცემა იქნება აუტსორსერზე ფირმისათვის მაქსიმალურად მომგებიანი.
აუტსორსინგს თან სდევს ნეგატიური მხარეებიც: საკუთარი რესურების რაღაც ნაწილზე კონტროლის ფუნქციის დაკარგვა, აუტსორსერის მიერ სამუშაოთა არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში ხარისხის გაუარესება, რაც იწვევს კომპანიის იმიჯის შელახვას. ეს პრობლემები დამახასიათებელია განუვითარებელი ბაზრებისათვის, სადაც კონკურენციის დაბალი დონის გამო აუტსორსერი მონოპოლისტია და ნაკლებად ზრუნავს შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე, რადგან მიაჩნია, რომ კლიენტს არ შეუძლია მომსახურების სხვა მიმწოდებლის მოძებნა. მიუხედავად ამისა, ის კომპანიები, რომლებიც იყენებენ აუტსორსინგს, მიდიან იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მომსახურების გამოყენების შედეგად შესაძლებელია ხარჯების 40-50%-ით შემცირება.
აუტსორსინგული სტრატეგიის გამოყენების დროს სხვა კომპანიის მიერ შთანთქმის ალბათობა მცირდება. თუ რეიდერი კომპანიის შემოტევის საშიშროება რეალურია, შესაძლებელია თავდაცვის შემდეგი სტრატეგიის გამოყენება – კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყოს ჰოლდინგის სახით ისე, რომ ერთი კომპანია ფლობდეს აქტივებს; მეორე დაკავებული იყოს წარმოებით; მესამე ახდენდეს ნედლეულისა და მასალების შესყიდვებს; მეოთხე – დამზადებული პროდუქციის რეალიზაციას; მეხუთე უზრუნველყოფდეს ყველა დანარჩენს პერსონალითა და ტექნოლოგიებით. თუ ეს ურთიერთობები ამ ხუთ ფირმას შორის აუტსორსინგული შეთანხმების საზღვრებში განხორციელდება, მაშინ ასეთი წყობის შედეგად რეიდერი კომპანიის მიზნები დარჩება პრაქტიკულად მიუღწეველი.
აუტსორსინგის განხორციელების უარყოფითი მხარეა აუტსორსერზე ფუნქციის გადაცემისას ინფორმაციის გაჟონვისა და ახალი კონკურენტის გაჩენის საშიშროება, რომელიც გამოიყენებს აუტსორსინგის შემკვეთი კომპანიის გამოცდილებას. თუმცა ამ რისკის შემცირება შესაძლებელია რამდენიმე აუტსორსერთან ხელშეკრულების გაფორმებით. ამ დროს მოსალოდნელია ხარჯების გაზრდა, ამიტომ საჭიროა ისეთი აუტსორსინგული კომპანიების მოზიდვა, რომლებსაც აქვთ კარგი იმიჯი და არიან საიმედო პარტნიორები. ხელშეკრულებაში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული რისკების შემცირების შესაძლებლობანი, მაკონტროლებელი ინსტრუმენტები და გამოყენებულ იქნეს ანაზღაურების ეტაპობრივი ფორმა შესასრულებელ სამუშაოთა შესაბამისად.
აუტსორსინგში, ისევე როგორც კონსალტინგში, მნიშვნელოვანია დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. აუტსორსინგული საქმიანობის წარუმატებლობა ხშირად კლიენტების მხრიდან თანამშრომლობის კულტურის დაბალი დონითაა გამოწვეული. ამ კულტურის განვითარება შესაძლებელია კლიენტსა და შემსრულებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებისას ფუნქციების სწორად განსაზღვრით. აუტსორსინგული საქმიანობის სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა შესაძლებელია მაშინ, თუ აუტსორსერს აქვს სტანდარტული სერვისები და ემსახურება კლიენტების დიდ რაოდენობას. მომსახურეობები ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისაგან ხარისხის თვალსაზრისით. ცხადია, აუტსორსერები ცდილობენ გაითვალისწინონ კლიენტის მოთხოვნები, მაგრამ არ არსებობს აუტსორსერი, რომელიც ერთდროულად მიიღებს მაღალხარისხიან და იაფფასიან გადაწყვეტილებას.
აუტსორსინგი დინამიურად ვითარდება მსოფლიოში. ამ მხრივ ლიდერობს ინდოეთი, ჩინეთი, ისრაელი, ირლანდია. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ ბიზნესში რუსეთმა და უკრაინამ. საქართველოში მომსახურების ამ ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობა მცირეა, რაც კონკურენციის დაბალ დონესა და მომსახურების არასაიმედობაზე მიუთითებს. ქართული აუტსორსინგული კომპანიები “აზრი””, “იუ-ჯი-თი””, “აი-ბი-ეს””-ი, “ნავიგატორი”” აღიარებენ, რომ მომსახურების მიწოდება ხდება მხოლოდ რეკომენდაციებისა და პირადი ნაცნობობის ხარჯზე. ცხადია, ასეთ პირობებში ძნელია აუტსორსინგის განხორციელება.
“აზრი” ახალი თაობის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მოქმედებს დევიზით – მე ვაზროვნებ, მაშასადამე მე ვარსებობ. კომპანია ირჩევს სტრატეგიულ მოდელს, რომელიც საშუალებას აძლევს მიაწოდოს თავის კლიენტს უმაღლესი ხარისხის სერვისი და პროდუქტი განსაზღვრულ ფასად. დასავლურ კომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილებამ მას მართვისა და ოპერაციული მენეჯმენტის სფეროში დიდი გამოცდილება შესძინა. “აზრი” დღეს მსოფლიო კლასის კომპანიად არის აღიარებული, რაშიც უდიდესი წვლილი კომპანიის მიერ წლების მანძილზე კვლევასა და ცოდნაში, პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაში ინვესტირებულ საშუალებებს მიუძღვის. კომპანია “აზრი” დღეს მსხვილი ქართული კომპანიების შეკვეთებზე მუშაობს. იგი ორიენტირებულია კლიენტთან ხანგრძლივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც აისახება მისი კლიენტების ბიზნეს-მიღწევებში. მოწინავე ტექნოლოგიები, უკუკავშირის სისტემა, ტრენინგების განახლებადი ციკლები, ეფექტიანი შეფასების მეთოდოლოგიები, მენეჯერებს პროექტებზე მუდმივი კონტროლის განხორციელებაში ეხმარება. კომპანია “აზრი” სტრატეგიული ტექნოლოგიების პროვაიდერის როლს ასრულებს. იგი ემსახურება საბანკო, საფინანსო და საკომუნიკაციო სფეროებს, აპროექტებს და ქმნის უსაფრთხო, გაფართოებად და მოქნილ ვებ-აპლიკაციებს. მეთოდოლოგია, რომელსაც იგი იყენებს პროექტის განხორციელების დროს, ითვალისწინებს კლიენტის ჩართვას პროცესის ყოველ ეტაპზე. მისი პარტნიორებია: “საქართველოს ბანკი”, ჯგუფი “თრეიდინგი”, “ფინა”, “ჯორჯიან ქარდი”, “ინჯენიკო”, “თბილისის მეტროპოლიტენი”. მიუხედავად იმისა, რომ აუტსორსინგი საქართველოში ფართოდ არ არის განვითარებული, მოწინავე კომპანიები ხედავენ ამ ტიპის ბიზნეს-ურთიერთობების უპირატესობას და მრავალი სახის ინტერნალურ პროდუქტს შესასრულებლად აუტსორსინგულ კომპანიებს ანდობენ.
კომპანია “აზრი” შეიქმნა კალიფორნიაში ინტერაქტიულ ტელევიზიასთან. შემდეგ ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა ინვესტიციების ჩადება მსგავსი კომპანიის შესაქმნელად საქართველოში 24 საათიან სამუშაო რეჟიმში, რომელსაც მოემსახურებოდა იგივე პერსონსლი. კალიფორნიასა და საქართველოს სასაათო ზონებს შორის დიდი სხვაობის გამო გუნდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა ხერხდებოდა მხოლოდ სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც კომპანია “აზრმა”” წარმატებით განახორციელა, თბილისის ავტობუსებში ფასის აღრიცხვის ავტომატური სისტემის დანერგვა იყო. პროექტში მონაწილეობდნენ: სს “საქართველოს ბანკი,””მუნიციპალური საწარმო შპს “თბილისის ავტობუსი””, ჩეხური კომპანია “მიკროელექტრონიკა” და შპს “მეტრო სერვის+””.
საქართველოში აუტსორსინგულ მომსახურებას ეწევა კომპანია “იუ-თი-ეს”-იც. იგი 2006 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროდუქტების, ბიზნეს-გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიწოდება, დანერგვა და განვითარება. კომპანია, ძირითადად, კონცენტრირებულია კორპორაციული კლიენტებისა და საბანკო სექტორის მომსახურებაზე. ძირითადად ახორციელებს სავალუტო გადარიცხვების აუტსორსინგს, საფოსტო აუტსორსინგს, ვებ-აუტსორსინგს, კონსულტაციებს და ა.შ. მას ოთხი ძირითადი მიმართულება აქვს: 1. ორიენტირებულია ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუტსორსინგზე; 2. პასუხისმგებელია კომპლექსური ბიზნეს-გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონსალტინგზე; 3. ეხმარება ორგანიზაციებს ბიზნეს-მოთხოვნების დახვეწაში, ინვესტიციების სწორად განაწილებაში, ინფრასტრუქტურის ოპტიმალურად დაგეგმვასა და მის განხორციელებაში; 4. პასუხისმგებელია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე. იგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ საქართველოში ფუნქციონირებს. კომპანია ცდილობს უპასუხოს მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს, გაფართოვდეს და დაიპყროს სხვა სეგმენტებიც.
საქართველოში აუტსორსინგული ბაზრის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. აქ საწარმოთა უმრავლესობას მრავალი ახალი ბიზნეს-ამოცანა უჩნდება, რომელიც გარე მომწოდებლების ჩარევას მოითხოვს, რაც აუტსორსინგული ბიზნესის განვითარების საფუძველია. ამასთან, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ კომპანიებს, რომლებიც აუტსორსინგულ პროექტებზე მუშაობენ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე რესურსების მოზიდვის საშუალება აქვთ. ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უახლესი ტექნოლოგიების, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების საშუალებას იძლევა, რასაც აუტსორსინგული პროექტის შემკვეთი საკუთარი ძალებით ვერასოდეს ვერ გასწვდება. პროგრამული უზრუნველყოფის აუტსორსინგი აჩქარებს ბიზნესის მოდერნიზების პროცესს და შემკვეთ ორგანიზაციას მოდენიზაციის შედეგად მისაღები ეფექტის განსაზღვრის, რისკებისა და რესურსების გადანაწილების საშუალებას აძლევს.