“ევრობანკის” ახალი სტრატეგია საქართველოში
რედაქციისგან
“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” დირექტორთა საბჭომ ახალი სტრატეგია დაამტკიცა საქართველოსთვის. მასში ხაზგასმით არის ნახსენები ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებშიც “ევრობანკი” მომდევნო სამი წლის განმავლობაში განახორციელებს საქმიანობას.
ახალ სტრატეგიაში აღნიშნულია ის წინსვლა, რომელიც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების სფეროში აქვს განხორციელებული. საუბარია იურიდიული და მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესებაზე ბიზნესის სფეროში, საბაჟო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, საგადასახადო სისტემის გამარტივებასა და ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის დასრულებაზე. ახალ სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია ასევე ძირითადი გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც კვლავ აქტუალურია – ქვეყნის ფინანსური სექტორის გაძლიერება, მოძველებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიკაცია.
მომდევნო წლებში, საქართველოში “ევრობანკის” საქმიანობა დროის მოკლევადიან პერიოდში კონცენტრირებული იქნება გლობალური კრიზისის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაზე განხორციელებული გავლენის მინიმუმამდე დაყვანაზე, ხოლო გრძელვადიან პერიოდში – აღმასვლის მხარდაჭერასა და რეფორმების განხორციელების სფეროში პროგრესის მიღწევაზე.
ქვეყნის საფინანსო სექტორში “ევრობანკის” პრიორიტეტი იქნება საკრედიტო საქმიანობის განახლება ბანკებისადმი დახმარების აღმოჩენის გზით, კაპიტალის ადეკვატური დონის, რისკების მართვის გაუმჯობესების, ლიკვიდურობისა და საკრედიტო პორტფელის მართვის უზრუნველყოფით. მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელის შექმნის მიზნით, “ევრობანკი” ყურადღებას გაამახვილებს ასევე მსესხებლების ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტებაზე.
“ევრობანკის” მეორე პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მხარდაჭერა. “ევრობანკის” მიზანია ქვეყნის ენერგო სექტორში ინვესტიციების განხორციელება, რითაც საქართველოს უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი ენერგო მატარებლების მიწოდების მხრივ. რესურსების დაბანდება განზრახულია ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის პროექტებში, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას მისცემენ გეოპოლიტიკური მდებარეობით სარგებლობის საშუალებას სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ძირითად სატრანზიტო ხაზებზე.
მუნიციპალურ სექტორში “ევრობანკი” მხარს დაუჭერს წყალმომარაგების, საკანალიზაციო და მყარი ნარჩენების მართვის პროექტებს, ასევე, ურბანული ტრანსპორტის რეაბილიტაციის ინიციატივებს.
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგო ეფექტურობის პრო-ექტების სტიმულირებას და სა-მრეწველო კომპანიებისადმი დახმარების აღმოჩენას “სუფთა განვითარების მექანიზმით” სარგებლობის სფეროში. ხსენებული მექანიზმი შემუშავებული იქნა “კიოტოს პროტოკოლის”” ფარგლებში, რათა კერძო სექტორი და განვითარებადი ქვეყნები დაინტერესდნენ ემისიის შემცირების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანით.
“ევრობანკი” გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას, სხვადასხვა მექანიზმების შემუშავებით, რომლებიც მათი დაფინანსების საჭიროებათა დაკმაყოფილებისკენ იქნება მიმართული.
საქართველოში საქმიანობის დაწყების დღიდან”ევრობანკის” მიერ ნაკისრმა ვალდებულებებმა 700 მილიონი ევრო შეადგინა. ინვესტიციები დაახლოებით 120 პროექტში განხორციელდა. ისინი მოიცავენ ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურის და ენერგო სექტორებს. ხსენებული პროექტების ფარგლებში მობილიზებული იქნა დამატებითი ინვესტიციები, რომელთა მოცულობამ 2.7 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
“EBRD-ი საქართველოს კიდევ 180 მლნ ევროს ასესხებს” – ამის შესახებ ცნობილი მარტის მიწურულს, საქართველოში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დელეგაციის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. დელეგაციას თავად ბანკის პრეზიდენტი, თომას მიროუ ხელმძღვანელობდა.
სესხით ორი პროექტის: თურქეთის მიმართულებით 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზისა და რკინიგზის თბილისთან შემოვლითი, 30-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსება მოხდება. აღნიშნული 180 მლნ ევრო საქართველოს 2008 წელს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში გამოეყოფა.
“ევრობანკმა” ასევე გამოაქვეყნა ანგარიში “გარდაქმნის შესახებ – 2009”, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “2010 წელს საქართველოს ეკონომიკა ძალიან ნელა და მცირედ გამოცოცხლდება და დამოკიდებული იქნება უცხოურ კაპიტალსა და ბანკების მიერ სესხების გაცემის აღდგენაზე”.
ანგარიშში, სადაც შეფასებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მდგომარეობა და პროგრესი, ნათქვამია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. “ჩვენ ზუსტი პროგნოზი გავაკეთეთ იმაზე, რომ 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 4.5%-ით შემცირდებოდა, მაგრამ მაშინ მთავრობას არ სურდა ჩვენთვის დაეჯერებინა. იმედი მაქვს, ჩვენ ასეთივე სიზუსტით ვაკეთებთ პროგნოზს, რომ 2010 წელს ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება”, – განაცხადა “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” რეგიონალური დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში პოლ-ჰენრი ფორესტიერმა.
“საქართველოში კრიზისის შემდეგ აღმასვლა ნელი და რთული იქნება” – ამ შეფასებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტიც ეთანხმება. თომას მიროუს თქმით, ეკონომიკაში აღმასვლა დაწყებულია, თუმცა ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე იქნება. EBRD-ის პრეზიდენტს უკვირს, რას ეფუძნება საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმი ამ მიმართულებით, რადგან, მისი თქმით, ყველაზე მეტ საფრთხეს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და ინვესტიციების შემცირება ქმნის. მიროუ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს. მისი თქმით, კომერციულ ბანკებში რესურსის სიჭარბე იმითაც არის გამოწვეული, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ისეთი ჯანსაღი კომპანიების ნაკლებობაა, რომელთაც ფული შეიძლება ასესხო.
ევრობანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2009 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაფიქსირდა პოზიტიური ზრდა, თუმცა, ბანკი შიშობს, რომ ეკონომიკა მცირედი რყევების შემთხვევაში, შესაძლოა, რეცესიაში დაბრუნდეს.