“პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” საუკეთესო მაჩვენებლები
ნინო არველაძე
22 აპრილს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკმა “პროკრედიტ ბანკი საქართველო” 2009 წლის შედეგები შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას 2010 წლის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. აღსანიშნავია, რომ 2009 წელი საქართველოსა და მსოფლიოსათვის რთული ეკონომიკური წელიწადი იყო, თუმცა, სწორედ ამ წელს მოახერხა ბანკმა საუკეთესო მაჩვენებლების მიღწევა, რაც მომხმარებლის და ბიზნესის მხრიდან მის მიმართ მაღალი ნდობის ფაქტორზე მეტყველებს.
“პროკრედიტ ბანკი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, ფილიპ პოტმა განაცხადა, რომ 2009 წელი ბანკისთვის მორიგი წარმატებული წელი გამოდგა. ბანკმა სტაბილურად გაზარდა საქმიანობის მოცულობა, მკვეთრად იმატა ბანკის კლიენტების რაოდენობამ და ბანკმა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, 19.8 მლნ ლარის წმინდა მოგება აჩვენა.
2009 წელს რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ბანკის საკრედიტო პორტფელი 2.3%-ით გაიზარდა და 534 მლნ ლარი შეადგინა. წლის პირველ ნახევრში კრედიტებზე დაბალი მოთხოვნისა და კრედიტის გაცემაზე უარის მაღალი მაჩვენებლის გამო პორტფელის მოცულობა შემცირდა: თუმცა, წლის ბოლო ორ კვარტალში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ვითარება შედარებით სტაბილური გახდა, დაკრედიტება კვლავ აღსდგა. საქართველოში არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რომლის შედეგადაც ბევრ კლიენტს შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდა, საკრედიტო პორტფელის ხარისხი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და წლის ბოლოსთვის 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული კრედიტები მთლიანი პორტფელის მხოლოდ 1.76%-ს შეადგენდა.
2009 წელს კლიენტთა სახსრები 30.9%-ით გაიზრდა და 384 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბევრად აღემატება 2008 წლის ივლისის მაჩვენებელს, ანუ კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელს (301 მლნ ლარი). ვადიანი ანაბრები 24.1%-ით გაიზარდა და 191 მლნ ლარი შეადგინა. შემნახველი ანგარიშები კი, 26.4%-ით გაიზარდა და 105 მლნ ლარს მიაღწია. წლის განმავლობაში ანაბრების მოცულობის ამგვარი ზრდა მოსახლეობის მხრიდან ბანკისადმი ნდობაზე მიანიშნებს.
2009 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა ბანკის ლიკვიდობა, მისი მაჩვენებელი სტაბილურად 34.3% იყო, რაც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ მინიმალურ 20%-ს.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ბანკმა 2009 წელი 19.8 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა, რაც 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. მოცემული მაჩვენებელი “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია, რომელსაც ბანკმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2009 წლის გლობალური ეკონომიკური რეცესიის შედეგად გართულებული ვითარების ფონზე მიაღწია.
2008 წელი ბანკისთვის ფილიალების რიცხვის ზრდით იყო გამორჩეული, 2009 წელს კი, ბანკმა არსებული ფილიალების ხარისხის გაუმჯობესებას მოანდომა. 2009 წელს გაიხსნა “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” მხოლოდ სამი ახალი ფილიალი და ფილიალების მთლიანმა რაოდენობამ 59-ს მიაღწია.
2009 წელს დაიწყო “პროკრედიტ ბანკის” ახალი სათავო ოფისის მშენებლობა, რომლისთვისაც ბანკი 20 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს, შენობის ფართი 12 000 მ2 იქნება და 500 ადამიანზე იქნება გათვლილი, შენობაში განთავსებული იქნება ფილიალი და სატრენინგო ცენტრი, მშენებლობის დასრულება 2012 წელსაა დაგეგმილი.
გასული წლების მსგავსად, “პროკრედიტ ბანკი” მიმდინარე წელსაც აპირებს სიცოცხლისუნარიანი საწარმოებისა და ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელი ბიზნესის მხარდაჭერას. გასული წელი რთული აღმოჩნდა ძალიან მცირე მსესხებლებისათვის, 2010 წელს ბანკი ორიენტებული იქნება იმ ბიზნესის დაფინანსებაზე, რომლებსაც გააჩნიათ ზრდის პოტენციალი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.
“პროკრედიტ ბანკი საქართველოს” დირექტორი, მაია მერედოვა აცხადებს, რომ 2009 წელს საქართველოს წინაშე წამოჭრილი ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, ბანკმა საქართველოს საბანკო ბაზარზე მყარი პოზიციის შენარჩუნება შეძლო და წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოზიდული სახსრების მოცულობა და იგი კლიენტებისათვის სასურველ და სანდო პარტნიორად მოიაზრება.