იოლი ფული
რედაქციისგან
კრიზისის მწვავე შოკიდან ახლადგამოფხიზლებული ამერიკული ბანკები ისევ შეუდგნენ სპეკულაციას და რისკის ქვეშ მუშაობას. Goldman Sachs-ის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ცხადყო, რომ ბანკები მწვავე კრიზისიდან დასკვნებს ვერასოდეს გამოიტანენ, სანამ რეგულირება არ გამკაცრდება. დიდი დავის შემდეგ საფინანსო სისტემის კონტროლის გამკაცრების ობამასეული გეგმა მაისის ბოლო კვირაში სენატმა მოიწონა.
რეგულირების მოდელი საქართველოშიც იცვლება, თუმცა მას გამკაცრებასთან საერთო არაფერი აქვს და უფრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებიდან მომდინარეობს.
არავინ იცის ბოლო საფინანსო კრიზისი ბოლო წლების ბუმის გარდაუვალი შედეგი იყო თუ რამდენიმე ათეული კაპიტალისტის დიდი ბიზნეს-აფერა. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ არა რეგულირება, არავინ იცის ბონუსებით მოხიბლული ტოპ-მენეჯმენტის ტვინში კიდევ რა ფინანსური სქემა შეიქმნება, რომელიც დაღუპვით დაემუქრება მთელს მსოფლიოს.
“შესანიშნავი ფაბი””
ოლო დროს სკანდალში გახვეული ინვესტბანკ Goldman Sachs-ში მომხდარი ამბები ტოპ-მენეჯმენტის თავაშვებულობის იდეალურ მაგალითად გამოდგება. ორგანიზაცია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) გამოძიების ობიექტი გახდა. ბანკს თაღლითობაში ადანაშაულებენ – CDO იპოთეკური ობლიგაციების შესყიდვისას რისკების ინფორმაციის შეგნებულ დამალვაში. აშშ-ის კვალდაკვალ გამოძიებამ ლონდონში გადაინაცვლა, სადაც Goldman Sachs საფინანსო მომსახურების მართვის (FSA) ადგილობრივი რეგულატორის ყურადღების ცენტრში მოექცა. თაღლითობაში დადანაშაულებამ Goldman Sachs-ის კოტირების 15%-იანი ვარდნა გამოიწვია. მკვეთრად გაიაფდა სხვა ბანკების აქციებიც -ინვესტორებმა მიიჩნიეს, რომ ისინიც ანალოგიური გამოძიების ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.
Goldman Sachs-მა თავისი ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის, ფაბრის ტურეს დანაშაული მართლაც აღიარა, რომელიც 2007 წლის დასაწყისში სადავო გარიგებაზე მუშაობდა. (ტურეს უკვე ჩამოართვეს საბანკო ლიცენზია, მაგრამ ამის პარალელურად ბანკში სამუშაო ადგილი შენარჩუნებული აქვს, ის უბრალოდ შვებულებაში იმყოფება). მთლიანობაში, ბანკი რეგულატორების პრეტენზიებს უარყოფს და თან პირობას დებს, რომ სასამართლოში თავის რეპუტაციას ბოლომდე დაიცავს. ეს მაშინ, როდესაც სადავო გარიგების გამო მისთვის რთული არ არის საჯარომო სანქციების გადახდა, რომელზედაც მან 15 მილიონი დოლარი იშოვა, რადგანაც 2010 წლის I კვარტალში ბანკის მოგებამ 3,46 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ბევრ რამეში ბანკი იმას ეყრდნობა, რომ საქმე “რეგულატორები Goldman Sachs-ის წინააღმდეგ”” შეიძლება არგუმენტი გახდეს დასავლური საფინანსო სისტემის რეფორმირების გზის გარკვევაში. პოლიტიკოსები და საზოგადებრიობა ცდილობენ გაერკვან იმ როლში, რომელიც ბანკებმა ითამაშეს მსოფლიო კრიზისის წარმოქმნაში, რადგან მომავალში მსგავსი კრიზისის თავიდან აცილება შეძლონ. Goldman Sachs კი, ბოლო ათწლეულში მსოფლიო საინვესტიციო დარგში ფლაგმანი იყო.
2007 წლის დასაწყისში, 28 წლის ფაბრის (ფაბ) ტურე, რომელიც ნიუ იორკში Goldman Sachs-სთვის მუშაობდა, თავს, ალბათ, მეფედ გრძნობდა. იგი დიდი სპეციალისტი გახდა ფინანსების გაცილებით დინამიური სექტორის – უზრუნველყოფილი სავალე ობლიგაციების CDO-ს გამოშვებაში, რომელიც იპოთეკურ ბაზარს აფინანსებდა. 2007 წლის იანვარში ტურე ბოლო გარიგებაზე მუშაობდა – წელიწადში მილიარდი დოლარის ღირებულების CDO-ს გამოშვებაზე, რომელსაცAbacus 2007-AC1 ერქვა. ამ გარიგების წარმატებით დასრულების შემდეგ ტურემ თავის კოლეგას ელექტრონული ფოსტა გაუგზავნა, რომელშიც მას აშშ-ის უძრავი ქონების ბაზრისა და იპოთეკური ბაზრის დაფინანსებასთან დაკავშირებით თავის შეშფოთება გაუზიარა. იგი წერდა: “შესაძლებელია მთელი სტრუქტურა ნებისმიერ მომენტში ერთიანად ჩამოიქცეს… ერთადერთი გადარჩენილი შესანიშნავი ფაბი იქნება””. ამ ეგზოტიკური და რთული გარიგებების შუაში მდგარი ფაბი კარგად ვერ აცნობიერებდა ამ საშინელების შედეგებს.
Abacus 2007-AC1გარიგების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბანკის მნიშვნელოვანი კლიენტი – ჰეჯ-ფონდიPaulson & Co, რომელიც ჯონ პოლსონს ეკუთვნოდა, დაეხმარა ამოერჩია პრობლემური იპოთეკური პროდუქტები მისი CDO-ში სეკურიტიზაციისთვის. ჰეჯ-ფონდმა მიზანმიმართულად ამოირჩია სწორედ ის იპოთეკები, რომლებთაც ყველაზე მეტი პრობლემები ჰქონდათ, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა ფასიანი ქაღალდების დაწევაზე ეთამაშა. პროდუქტის გამოსვლისას Goldman Sachs-მა ინვესტორები არ გააფრთხილა იმ როლის შესახებ, რომელიც პოლსონმა ითამაშა მის ფორმირებაში და იპოთეკური ობლიგაციები თავისუფალი ფინანსური მენეჯერის ACA-ს სახელით დაფარა. უფრო მეტიც, SEC-ის აზრით, ბანკმა შეგნებულად შეიყვანა ინვესტორები შეცდომაში, როცა მათ უთხრა, რომ პოლსონი 200 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების შესყიდვას აპირებდა.
საბოლოო ჯამში, ამ კონკრეტულ გარიგებაზე ინვესტორებმა დაახლოებით მილარდ დოლარამდე დაკარგეს. მთლიანი თანხიდან 150 მილიონი დოლარი გერმანულმა ბანკმა IKB Deutsche Industriebank-მა დაკარგა, რომელიც მოგვიანებით გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ იხსნა – ამ ბანკს 16 მილიარდი დოლარი დაახარჯა. დარჩენილი 850 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო ჰოლანდიურმა ბანკმა ABN Amro-მ და მოგვიანებით იგი ბრიტანულმა Royal Bank of Scotland-მა შეიძინა (იგი, თავის მხრივ ბრიტანეთის მთავრობამ გადაარჩინა). ფაბრისონ ტურეს დღეს ლონდონსა და ბერლინშიც ემდურიან, სადაც რეგულატორებმა ასევე დაიწყეს Goldman Sachs-ის წინააღმდეგ გამოძიება.
Goldman Sachs-ისა და პირადად ტურეს წინააღმდეგ წამოწყებულმა კამპანიამ უოლ სტრიტის ის საიდუმლო გახსნა, რომელიც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო. 2006 წელს, როცა აშშ-ში უძრავ ქონებაზე ფასები დაეცა, მსხვილმა კლიენტებმა, უპირველესად ჰეჯ-ფონდებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე ფული ეშოვათ. იმისთვის, რომ ფონდებს დაწევაზე ეთამაშათ, ბანკებმა შეიმუშავეს სპეციალური პროდუქტები, მაგალითად – CDO. ამ პროდუქტს არა მხოლოდGoldman Sachs უშვებდა, არამედ Deutsche Bank, UBS, Merrill Lynch და სხვები. განთავსების შემდეგ ქაღალდები ძალიან მალე იაფდებოდა, ჰეჯ-ფონდები ფულს შოულობდნენ, ხოლო რიგითი ინვესტორების დაბანდებები უფასურდებოდა, რომლებთაც ბანკები არ აფრთხილებდნენ და “რომელთა ქვეშაც”” ხდება გამოშვება. “ბლუმბერგის”” შეფასებით, უოლ სტრიტზე 40 მილიარდი ღირებულების მსგავსი გარიგება დაიდო. ამიტომაც,Abacus 2007-AC1მხოლოდ პირველი მერცხალია.
“ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ Goldman Sachs და სხვა კომპანიები იპოთეკური კრედიტებით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს ჰყიდდნენ და იმავდროულად, მათი ფასის დაწევაზე თამაშობდნენ იმ გათვლებით, რომ მოგება მიეღოთ. ახლა SEC Goldman Sachs-ს იმაში ადანაშაულებს, რომ იგი ყიდულობდა და ჰყიდდა ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩამოშლილიყო, რადგან მნიშვნელოვან კლიენტს ამაზე მოგების მიღება შეძლებოდა””, – წერს პოლ კრუგმანი, რომელმაც მთელი ეს სურათი მოროდიორობას შეადარა.
ობამას ადმინისტრაციამ დღემდე საბანკო სისტემის გადასარჩენად გიგანტური სახსრები დახარჯა, ახლა კი, იძულებულია მოთოკოს ბანკები.
სენატმა აშშ-ის ფინანსური სისტემის რეფორმირებას კინაღამ ჯვარი დაუსვა.
სამი დღის მანძილზე აშშ-ის სენტი ადმინისტრაციის მიერ კანონებში შეტანილი ცვლილებების განხილვის დაწყებასაც კი ბლოკავდა. ბოლოს და ბოლოს რესპუბლიკელი უმცირესობა მაინც დათანხმდა დემოკრატების არგუმენტები მოესმინა.
გლობალურმა საკრედიტო კრიზისმა, რომელმაც კრახამდე მიიყვანა და რიგ შემთხვევაში, იმსხვერპლა კიდევ ერთი შეხედვით მდგრადი ამერიკის საფინანსო ინსტიტუტები, სეიოზულად შეცვალა აშშ-ის საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება. ახლადარჩეული პრეზიდენტისგან საზოგადოებამ მოითხოვა სიტუაციის გამოსასწორებლად ენერგიული ზომების მიღება, ობამას ადმინისტრაციამაც არ დააყოვნა. ადმინისტრაციის საკვანძო სიტყვად “პასუხისმგებლობა”” იქცა, უფრო სწორად, იმ საფინანსო სტრუქტურების პასუხისმგებლობა, რომლებიც გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ და ამით მთელი ქვეყნის კეთილდღეობას ემუქრებიან.
ბანკების ობამასეული აღვირი
კრიზისის დროს აშშ-ის ხელისუფლებამ ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, რომელზედაც მთლიანობაში ტრილიონი დოლარი დაიხარჯა, მაგრამ კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით საფინანსო ბიზნესის ქცევის მეთოდები არ შეცვლილა.
პოსტკრიზისული შოკიდან ძლივსგამოფხიზლებულმა ბანკებმა სპეკულირება და რისკზე წასვლა ისევ დაიწყეს. ობამას ადმინისტრაციამ ამის საპასუხოდ შეიმუშავა სექტორის რეფორმირების გეგმა, რომლიც მიმართულია უფრო მკაცრი რეგულირებისკენ. გეგმის ერთ-ერთი ძირითადი იდეა ბანკებისთვის საკუთარი სახსრებით საფინანსო ბაზრებზე ოპერაციების ჩატარების აკრძალვაა. გეგმის თანახმად, ასეთი მოქმედებები კლიენტურისგან მოზიდული ფულით უნდა განხორციელდეს. საკრედიტო დაწესებულებებს ასევე უნდა ჩამოერთვათ თავიანთი ფულით შექმნილი ჰეჯ-ფონდების ან კერძო საინვესტიციო ფონდების ფლობის უფლება.
გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, უნდა შეიზღუდოს ბანკების ზომის არაკონტროლირებადი ზრდა. ეს იმითაიხსნება, რომ კრახის პირას მისულმა უმსხვილესმა ორგანიზაციებმა, შესაძლოა, მთელი საფინანსო სისტემა დაანგრიონ. გეგმა ასევე ითვალისწინებს ფინანსური მაქინაციებისგან მომხმარებლების დაცვის სააგენტოს შექმნას.
პუნქტი, რომელმაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, 50 მილიარდი დოლარის მოცულობის სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნაა, რომლის სახსრებიც ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი მსხვილი კომპანიებისა და ბანკების “კონტროლირებად ნგრევას”” მოხმარდება. სწორედ ამ მუხლმა გამოიწვია სენატის უმცირესობის ყველაზე ენერგიული წინააღმდეგობა.
რესპუბლიკელები, როგორც წესი კონსერვატულად არიან განწყობილნი და ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ სახელმწიფოს მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას.
რეფორმამ უნდა დაიცვას მომხმარებელი და წვრილ-წვრილი ბანკები, როცა უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციები ზარალდებიან. ისეთ ბანკებს, როგორიცაა Bank of America და Goldman Sachs საკუთარი სახსრებით სპეკულირება და ჰეჯ-ფონდებში ინვესტირება აეკრძალებათ. რისკებისგან თავის დასაცავად უსმხვილეს ბანკებს მოუწევთ მილიარდობით დოლარის გამოყოფა, რადგან ისინი მთელი ფინანსური სამყაროს სტაბილურობას ემუქრებიან.
ქართული ბანკების მარტივი სქემა
ქართული ბანკების მარტივ სქემაზე აგებულმა პოლიტიკამ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან იაფად ნასესხებ ფულს საქართველოში თამამად, ანგარიშმიუცემლად და ძვირად ათავსებდნენ, თავისი შედეგები გამოიღო. მოგებას გამოდევნებულ ქართულ ბანკებში, ალბათ, მენეჯერთა სათანადო კვალიფიკაციის არქონამ მათ მეტი და მეტი მოგების მიღების გაზვიადებული მოლოდინი გაუჩინა. შედეგად, ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა, მკვეთრად გაიზარდა საკრედიტო რისკები. უმოქმედო კრედიტების მთლიანი მოცულობა გასულ წელს თითქმის 21%-ით გაიზარდა. არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში ბანკებმა მკვეთრად დაამუხრუჭეს საკრედიტო აქტივობა. ბანკების ფინანსურ მდგრადობას სერიოზული საფრთხე შეექმნა, რამაც აიძულა ისინი დაეწიათ სადეპოზიტო და სასესხო განაკვეთები.
კრედიტ ინფოს შავი სია უკვე 300 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ ვადაგადაცილებული სესხების 80 პროცენტი 5000 ლარამდე მოცულობის სესხებზე მოდის, ანუ გადახდისუუნარო აღმოჩნდა მოსახლეობის საშუალო და დაბალი ფენა. ვადაგადაცილებული სესხების მოსალოდნელი ზრდის შესახებ პროგნოზს ჯერ კიდევ თებერვალში EBღD-იც აკეთებდა და ეროვნულ ბანკს ბანკებისადმი მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად ზედამხედველობის გამკაცრებას ურჩევდა. ევრობანკის გათვლებით, ეკონომიკური ვარდნის შედეგად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობის ზრდა და უძრავი ქონების სფეროში პრობლემები 2010 წელს ისევ მოსალოდნელია. სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა საქართველოში მაღალია, გარდა ამისა, სავალუტო კურსის ცვალებადობა ბანკებს გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს.
ასეა თუ ისე, 2010 წლის I კვარტალი ქართულმა ბანკებმა წარმატებულად დაასრულეს, სექტორის მთლიანმა მოგებამ 15 მილიონ 337 ათასი ლარი შეადგინა. ქართველი ბანკირები ამ ფაქტს, ძირითადად, 2010 წლის პირველ კვარტალში მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდას უკავშირებენ. ეს ეხება, როგორც მიკრო სესხებს, ასევე იპოთეკურს, სამომხმარებლოს, საკრედიტო ბარათებსა და ოვერდრაფტებს. ექსპერტთა მოსაზრებით, სამომხმარებლო დაკრედიტების გაზრდა შეცდომის განმეორებად შეიძლება იქცეს, რადგან ამ ტიპის კრედიტებით ფაქტობრივად იმპორტის დაფინანსება ხდება და ამან შესაძლოა კრიზისის გაღრმავებას შეუწყოს ხელი.
თუმცა, უფუნქციოდ დარჩენასა და მხოლოდ “ლიკვიდობის შენარჩუნებას”” იქნებ ისევ საბანკო სექტორის გააქტიურება სჯობდეს – ქართულ ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება საბანკო დაკრედიტება, თუ ეკონომიკამ ეფექტიანად არ აითვისა ბაზარზე არსებული საკრედიტო რესურსი, ბანკებში შენახული ბევრი ფული ბიზნესისთვის ვერაფერი იმედია. თუმცა, ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტებული არ არის, რადგან კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები არაადქვატურად მაღალია. ამას, თვითონ ეროვნულ ბანკშიც აღიარებენ, გიორგი ქადაგიძის აზრითაც, სესხებზე განაკვეთი 12-13%-ს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, საქართველოში ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის სესხის მიღების საკმაოდ მკაცრ პირობებზე სავალუტო ფონდის ექსპერტებიც საუბრობენ.
დაუბრუნებელი კრედიტები უკვე გასცდა ცალკეული ადამინების სატკივარს და უფრო მასშტაბური ელფერი შეიძინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს პრობლემის გლობალურობა და ქმედითი და ენერგიული ზომები მიიღოს. თუმცა, მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვან ბანკებში გაჩენილი კრიზისული თუ პოსტკრიზისული პრობლემების მოგვარება უმეტესწილად სახელმწიფოებმა აიღეს საკუთარ თავზე, საქართველოს ხელისუფლება ლიბერალური პრინციპების ერთგული რჩება და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს კერძო ბიზნესურთიერთობებში. ბანკი საქველმოქმედო ფონდი არ არის და ბუნებრივია, მან უნდა დაიბრუნოს გასესხებული ფული თავის სარგებლით, მაგრამ არა იმ მეთოდებით, როგორც საქართველოში.
ჩვენს ქვეყანაში ყველა ბანკს საკუთარი პრობლემური სესხების დეპარტამენტი აქვს, მაგრამ დავალიანებათა სიმრავლის გამო ბანკებს დავალიანების მართვაში კერძო შპს-ები ეხმარებიან, რომლებთანაც მათ ხელშეკრულებები გააფორმეს. ასეთ ორგანიზაციებში, ძირითადად, იურისტები და საბანკო საქმის სპეციალისტები მუშაობენ.
მათი მუშაობა, ძირითადად, კლიენტებთან გაუთავებელი სატელეფონო ზარებით შემოიფარგლება, ფსიქოლოგიური ზეწოლით, შეხსენებით, რომ მათ ამა თუ იმ ბანკში დავალიანება ერიცხებათ, ითხოვენ თანხის გადახდის გრაფიკის შედგენას, თან ისე, რომ ვადაგადაცილებაზე ყოველდღიური ჯარიმები და პროცენტები არც მცირდება და არც წყდება. მას შემდეგ, რაც კლიენტის საქმე ასეთ სამსახურს გადაეცემა, ბანკი მასთან კავშირს წყვეტს, არადა “ამომღებ ფირმებს”” ვალის რესტრუქტურიზაციის უფლებამოსილება არ აქვთ. მას შემდეგ, რაც “ამომღები ფირმა””ჩათვლის, რომ ამ გზით ვალის ამოღება უიმედოა, საქმეში სასამართლო ებმება, თანაც, მთელი ამ პროცედურისთვის საჭირო თანხის გაღება “ურჩ გადამხდელს”” ევალება, რომელიც რეალურად “ვერგადამხდელია”” და არა “ურჩი””.
“ამომღები”” ფირმების თავხედობა იქამდეც კი მივიდა, რომ იმ ორგანიზაციებში მუქარის წერილების გაგზავნაც კი დაიწყეს, რომლებშიც ბანკის კლიენტები მუშაობდნენ და უგზო-უკვლოდ გაქრნენ. დაშინების გარდა სხვა ვერაფერს დაარქმევ წერილს, რომელშიც “ამომღები”” ფირმა ითხოვს დასაბუთებას, დავალიანებარიცხულ კლიენტს მართლა ერიცხებოდა თუ არა მითითებული ხელფასი და ხომ არ ჰქონდა ადგილი თაღლითობას მისი ან დამსაქმებლის მხრიდან. დავუშვათ, მოქალაქეს მართლად ჰქონდა აღნიშნული ხელფასი და ბუღალტრულად ეს დასტურდება კიდეც, მაგრამ ეს ხომ არ არის იმის საბუთი, რომ ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე და ხელფასზე მთელი სიცოცხლე იმუშავებდა? როგორ მოხდა, რომ ბანკმა, კომერციულმა ორგანიზაციამ კლიენტს ამ ფარატინა ქაღალდის სანაცვლოდ მოქალაქეს სესხი ან საყოფაცხოვრებო საქონელი გაატანა განვადებით?
ექსპერტების მოსაზრებით, მეთოდები, რომლებსაც ქართულმა ბანკებმა მიმართეს, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ამ პრობლემას ცივილური მიდგომა სჭირდება, ხოლო გზა, რომელიც ქართულმა ბანკებმა აიჩიეს, გაუმართლებელია. აღსანიშნავია, რომ შავი სიის მთლიანი მოცულობა ბანკებს 100%-ით აქვთ დარეზერვებული და ზარალში ასახული. შესაბამისად, აქედან ამოღებული ყოველი თეთრი და ყოველი ლარი ბანკების აქტივებში აისახება, თან დაუბეგრავად.
რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ დროს სახელმწიფომ? ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ბანკებს სახელმწიფომ უნდა დაუფაროს დავალიანება და შემდგომ მოვალეები გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოსთან დარჩებიან ანგარიშვალდებულნი, ხოლო ბანკებთან მიმართებაში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტერორის მაგივრად, მათ ინდივიდუალურად უნდა იმუშაონ ყოველ კლიენტთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე და ამ გზით პასუხი აგონ საკუთარი მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმით ჩადენილი შეცდომების გამო. ამით ისინი იმ გზას დაადგებოდნენ, რომელიც ცივილური სამყაროს გონიერმა საბანკო სტრუქტურებმა გაკვალეს.
ბანკებსა და მოვალეებს შორის სახელმწიფომ პრიორიტეტი პირველს მიანიჭა. სწორედ ამაზე მეტყველებს სააღსრულებო კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან ყველა მოვალეს, რომელიც სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ვალს კანონით დადგენილ 7-დღიან ვადაში არ გადაიხდის, ქონება ჩამოერთმევა და მხოლოდ ერთი თვის სამყოფ საკვებს, საწვავს და სანათ საშუალებებს დაუტოვებენ. ამასთან, სააღსრულებო კანონში განსაზღვრულია იმ მატერიალური და არამატერიალური ქონების ჩამონათვალი, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასეთია: პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთი, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი საქმიანობის, ცხოვრების და საოჯახო მეურნეობისთვის. თუ ვალი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშეა აღებული, მაგრამ მოვალის სახელზე არ არის რიცხული არანაირი კერძო საკუთრება, კანონი მაინც მკაცრია – “მოვალეთა რეესტრში”” მოვალე მანამდე დარჩება, სანამ ვალს არ გადაიხდის. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლებას აძლევს. აპრილიში მოვალეთა რეესტრში უკვე 2172 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მაშინ, როცა მარტში ეს მაჩვენებელი 1254-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ერთი თვეში “შავი სია”” 60%-ით გაიზარდა.
ყოველივე ამის ფონზე საზოგადოება საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების შესახებაც ალაპარაკდა, მაგრამ ომბუდსმენს ბანკისა და კლიენტის დავაში მხოლოდ მომრიგებლის ფუნქცია ეკისრება, მაგრამ თუ მორიგება ვერ შედგა, ომბუდსმენის პოზიციას სამართლებრივი ძალა არ აქვს, თუმცა მოდავე კლიენტს სასამართლოში ან არბიტრაჟში იგი საქმის წარმოებას უადვილებს.
საბანკო სექტორში შექმნილ სიტუაციას ბევრი ექსპერტი ეროვნული ბანკის, როგორც ცენტრალური ბანკის და ბანკების ზედამხედველობის ფუნქციის მატარებელი ორგანოს მნიშვნელობის დაკნინებას მიაწერს და მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის სწორედ ამ ძირითადი დანიშნულების მოსპობამ განაპირობა ბანკების მხრიდან არაუზრუნველყოფილ და გრძელვადიან დაბანდებებში ფულის ანგარიშმიუცემლად ჩადება, სამომხმარებლო კრედიტებში ბანკი საკმაოდ მაღალ მოგებას ნახულობდა.
თუმცა ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის რეგულირების წესებს ცვლილებაზეც ალაპრაკადა. ეს უფრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების ზეგავლენაა. სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მოხსენებაში საბანკო სექტორის კუთხით კონსერვატიული ზედამხედველობის დაწესებაზე საუბრობს. ფონდს მიაჩნია, რომ კრიზისის პერიოდში განსხვავებული მოთხოვნები იყო, პოსტკრიზისულ პერიოდში კი ზედამხედველობის შეცვლა აუცილებელია. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისადმი ნდობის ასამაღლებლად რისკების მართვაზე დაფუძნებული ზედამხედველობის დახვეწა ურჩია.
ეროვნულ ბანკი ახალი ინსტრუმენტების ამუშავებას გეგმავს. ეს ცვლილებები რეგულირების გამკაცრებას არ ითვალისწინებს, ეროვნული ბანკი თითოეულ ბანკზე მორგებულ ზედამხედველობის მოდელზე მუშაობს და კონკრეტული ბანკისთვის მისი დაკრედიტების სექტორიდან გამომდინარე განსხვავებული მოთხოვნები დაწესდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი მოდელი ფილოსოფიურად განსხვავდება არსებულისგან და ის კომერციული ბანკის საქმიანობის ეფექტიანობას აამაღლებს.