კონტროლის პალატა წამყვან საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტებული არ არის

რედაქციისგან

14 მაისს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში, პუბლიკაციის – “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი” პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის პრო-ბლემების კვლევის ცენტრი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, 2009 წლის აგვისტოდან მუშაობდა პროექტზე – “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”. პროექტი მიზნად ისახავდა საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის აქტიურ თანამონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბიუჯეტის მონიტორინგი შემდეგი მიმართულებით: საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები; საქართველოს 2009 და 2010 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; სახელმწიფო საგარეო ვალი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საბიუჯეტო პრიორიტეტების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან შესაბამისობის ანალიზი და სხვა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ეკონომიკის ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან, სტუდენტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
კვლევის შედეგად გამოვლინდა ბიუჯეტის დაგეგმარებისას დაშვებული ხარვეზები, რამაც შედეგად 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში წლის განმავლობაში ორი ცვლილება გამოიწვია და ორივეჯერ შემცირებულ იქნა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა. ექსპერტთა შეფასებით, ბიუჯეტის შემცირების საჭიროების ძირითადი მიზეზი, არასწორი მაკროეკონომიკური პროგნოზირება და გადაჭარბებული სახელისუფლებო ოპტიმიზმია.
“სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ბიუჯეტი, რომელსაც წლის განმავლობაში სერიოზული ცვლილებები არ განეცადოს. მოცემული კვლევა გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ პროგნოზირების სრულყოფილი მექანიზმების არარსებობა, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური გარემო, 2009 წლის გამოცდილება და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ გაიზიარებს 2009 წლის ბიუჯეტის ბედს”, – აღნიშნავს ექსპერტი, დავით ნარმანია.
საგარეო ვალის კომპონენტთან მიმართებაში აღინიშნა, რომ მისი მოცულობა ბოლო 3 წელია მკვეთრად იზრდება, რაც 2008 წლის აგვისტოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების და მათ საკომპენსაციოდ ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შეთანხმების შედეგად მოხდა. ექსპერტების თქმით, “ვალის გასტუმრების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმეა 2013 წელი, როდესაც მხოლოდ ვალის ძირითადი თანხის დასაბრუნებლად საჭიროა 771,7 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 25,2 პროცენტია. სავარაუდოდ, მოხდება ამ ვალდებულების სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრებით გადაფარვა”. არსებით მოდერნიზაციას საჭიროებს კონტროლის პალატის საქმიანობა, რადგან, დღევანდელი მდგომარეობით, ამ უწყების ანგარიშებიდან და საბიუჯეტო განაცხადიდან ჩანს, რომ კონტროლის პალატა თავად არ არის ორიენტებული წამყვან საერთაშორისო სტანდარტებზე.
კონტროლის პალატის წარმომადგენელი, ლევან ალაფიშვილი მოცემულ შეფასებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ “კონტროლის პალატაში მიმდინარეობს რეფორმირების პროცესი და 2012 წლიდან ქვეყანაში დაინერგება ეფექტიანობის აუდიტიც”.