უუფლებო ხმა WTO-ში
რუსეთის WTO-ში გაწევრიანების 17-წლიან მცდელობას საქართველოს გარდა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიც ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ობამასა და მედვედევის შეხვედრამ მიმდინარე წლის ივნისში ყველაფერი შეცვალა. ახლა, ამერიკა უკვე რუსეთის მოკავშირეა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციისაკენ სავალ გზაზე. ივნისის დასაწყისში ობამა-მედვედევმა ის თარიღიც დათქვეს, როდესაც ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებული უნდა ყოფილიყო – 30 სექტემბერი. შესაბამისად, შემოდგომიდან აშშ-ში კვლავ დაიწყო აქტიური საუბრები რუსეთის WTO-ში გაწევრიანების შესახებ. თანაც, ეს გააქტიურებული საუბრები აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ვიზიტს დაემთხვა. ამას დაემატა ისიც, რომ საქარველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასაშუალებების მიერ განსხვავებული ინტერპრეტაციებით გავრცელდა, რამაც ახალ მითქმა-მოთქმას დაუდო საფუძველი. შეიცვალა თუ არა პოზიცია საქართველოს მთავრობამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?
მართალია, რუსეთში საქართველოს ვეტოს ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად განიხილავენ, მაგრამ ამ დაბრკოლებას, როგორც სჩანს, არც ისე სერიოზულად აღიქვამენ, როგორც ამას საქართველოში ისურვებდნენ. “საქართველოს გამო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა შესაძლოა, 4 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს” – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა ღუსსია თოდაყ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე გარკვეული წინააღმდეგობებია და რუსეთის ხელისუფლებას მათი თანდათანობით გადალახვა სურს. როდესაც მე ვსაუბრობდი, რომ დოკუმენტის საბოლოო შემუშავებისთვის, ალბათ, ოთხი თვე დაგვჭირდებოდა, არ ვითვალისწინებდი ისეთ წინააღმდეგობებს, როგორიც საქართველოა, – განაცხადა მინისტრმა – რომელმაც გააცია ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან და მათთან ყველაზე ჩვეულებრივ ტექნიკურ საკითხებსაც კი ვერ ვაგვარებდით. ახლა კი, ობამასა და მედვედევის შეთანხმებისა და ვადების წყალობით, რომლებიც მათ მკაცრად განსაზღვრეს, ჩვენ მივაღწიეთ შედეგს ორმხრივ ურთიერთობებში”. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებით ნათელია, რომ რუსეთი “ქართული წინაღობის” გადალახვას 4 თვეში, 2011 წლისათვის იმედოვნებს. მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე საქართველოს მთავრობაში?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიციის შესახებ პრესაში განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. 7 ოქტომბერს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს შტატებში მყოფმა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველო ხელს არ შეუშლის რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას. ეს ინფორმაცია რუსეთის მედიამაც მყისიერად გაავრცელა.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ უარყოფო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა გილაურმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ პირობა, რომელსაც საქართველო აყენებდა ორი და სამი წლის წინათ, კვლავ უცვლელია. საქართველო, ზოგადად, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, რადგანაც ეს ორგანიზაცია რუსეთს უფრო ცივილიზებურს გახდის, მაგრამ ერთი პირობით – თვითონ რუსეთმა უნდა დაიცვას ამ ორგანიზაციის წესები. ეს არის, ზოგადად, ის პოზიცია, რომელსაც ნიკა გილაური ყოველთვის იმეორებს… ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წესი არის ის, რომ საბაჟო-სასაზღვრო გამშვები პუნქტები გამჭვირვალე და ლეგალური უნდა იყოს,” – აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
პრობლემური ობიექტები “განთიადი-ადლერისა” და “როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტები გახლავთ და ორივე მათგანი საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილშია მოქცეული. მაგრამ ისიც ნათელია, რომ საქართველოს თანხმობას რუსეთის WTO-ში გაწევრიანებაზე იმხელა პოლიტიკური ფასი ვერ ექნება, რომ ეს ბერკეტი საქართველოს დეოკუპაციისთვის გამოვიყენოთ.
საბაჟო კონტროლის პუნქტების ლეგალიზაციის გარდა, საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების წინაპირობად განიხილავს იმ არა ერთი სხვა პრობლემის მოგვარებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებობს. მათ შორის არის ემბარგოს პრობლემაც. საქართველოს უცვლელი პოზიციის შესახებ 5 ოქტომბერს საგანგებო განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემაც გააკეთა: “საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მანამდე, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს. მათ შორის, ეს ეხება საბაჟო გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს”.
საკითხავია ისიც, თუ რატომ გააქტიურდა რუსეთი და რაში სჭირდება მას მაინცდამაინც ახლა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება? ყველასათვის ნათელია, რომ კრემლი აქამდე დიდად არასოდეს იწუხებდა თავს ამ საკითხის გადაჭრით. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა, ძირითადად, ექსპორტის წახალისების, ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული შეღავათებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არის მომხიბვლელი, რუსეთის ხელისუფლების ზრახვები უკვე ნათელი ხდება. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ მეტად გაჭიანურებული საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ყველა ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით, კრემლის ლიდერებს ჰაერივით სჭირდებათ.
რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით ჯერ კიდევ 1993 წელს მიმართა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2000 წლამდე რუსეთი გაწევრიანებას დიდი სერიოზულობით არ ეკიდებოდა. რუსეთი ამ საკითხზე სერიოზულად 2000-2003 წლებში მუშაობდა. პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს კი, მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ ყველანაირი ინტერესი დაკარგა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რუსეთში დღემდე გადაუჭრელი პრობლემებია ისეთ სფეროში, როგორიცაა სუბსიდიების გაცემა სოფლის მეურნეობის სფეროში, ფიჭური ტელეფონების ტექნოლოგიები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და უკანონო ვაჭრობისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაყალბების წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება.
მაგრამ ახლა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება მთავარ პიორიტეტად დაისახა და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.
ვაშინგტონში გამართულ ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მედვედევს მოახსენა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მტკიცედ ემხრობა. მე პრეზიდენტ მედვედევს, მის მთელ დელეგაციას ხაზგასმით მოვახსენე და ახლა რუსეთის მთელ მოსახლეობას მინდა განვუცხადო – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის, არამედ შეერთებული შტატებისა და დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებშიც შედის. ამდენად, ჩვენ გვსურს ამ საკითხის გადაჭრა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
მართალია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას შეერთებული შტატები უკვე აქტიურად უჭერს მხარს და, როგორც ვაშინგტონის უმაღლესი პირები აღნიშნავენ, რუსეთის WTO-ში შესვლა თანაბრად სასარგებლო იქნება ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველოს პოზიცია, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით უცვლელია.რედაქციისგან