რუსეთი და გერმანია – შეხმატკბილებული წყვილი

რედაქციისგან

უსასტიკესმა მსოფლიო კრიზისმა ევროპა შეატორტმანა და მის ერთიანობას სერიოზული ბზარი გაუჩინა. ევროპის ეკონომიკის ორთქმავალი სიჩქარეს კრებს, როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რეინერ ბრიუდერლე აცხადებს, ქვეყანაში რეცესია დასრულებულად ოფიციალურად გამოცხადდა. გერმანიამ თავისი ეკონომიკური სიძლიერე სარჩულად დაუდო პოლიტიკურ მოთხოვნებსაც – გერმანია თავის პირობებს ევროპას კარნახობს.

ქვეყნის ელიტარულ წრეებში აქტიურად გაისმის ნატოს რეფორმირების აუცილებლობა და “დიდი ევროპის” შექმნის იდეა, სადაც ერთ-ერთ უძლიერეს მოკავშირედ რუსეთი მოიაზრება. მანამდე დღითი დღე მყარდება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. თუკი მართლაც ყავლი გაუვიდა ევროპის ერთიანობის იდეას ამ ფორმით და ამ პარიტეტით, როგორი იქნება საქართველოს მსგავსი პოსტსაბჭური პატარა ერებისა და ევროკავშირში ახლადფეხშედგმული აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ბედი?

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობა იყო და არის რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის უმთავრესი პრიორიტეტი. ამისთვის, საკმარისია თუნდაც რუსეთის პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტების რაოდენობა დაითვალოს ადამიანმა და გადახედოს ეკონომიკური თანამშრომლობის სტატისტიკურ მონაცემებს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, როგორც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობისას, ასევე დღეს გერმანიის პირველ პირებთან ხშირ შეხვედრებთან დაკავშირებით მიმომხილველები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე საიმედო გზა, ხშირად შეამოწმო საათის ისრები რამდენად თანხვედრილად მოძრაობენ.
გერმანია რუსეთის მთავარი პარტნიორია, როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო თანამშრომლობაში და ამისთვის შექმნილი აქვთ საიმედო და ეფექტური კოორდინაციის მექანიზმი. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაში გამოუყენებელი რეზერვიც ბევრია, მით უფრო, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა სავაჭრო ურთიერთობებსა და ინვესტიციებს თავის ხელი დაატყო. ასეა თუ ისე, დასავლეთით რუსეთს საიმედო პარტნიორი ჰყავს.
აღმოსავლეთით სხვა სიტუაციაა, რუსეთის უმსხვილესი პარტნიორი ამ მიმართულებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, რომლის ეკონომიკაც ოთხი ათწლულის განმავლობაში აღმავლობის გზაზეა. მან ეს ესაა შეცვალა გერმანია, როგორც ნომერ პირველი ექსპორტორი მსოფლიოში და მალე მზად არის იაპონიაც შეცვალოს, როგორც მსოფლიოში მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის კრიზისამდელი მოცულობა (2008 წელი) 56 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც ბევრად ნაკლებია გერმანიასთან ვაჭრობის მაჩვენებელზე – 67 მილიარდი. რუსი ანალიტიკოსები ხშირად ხუმრობენ, რომ რუსეთს აღმოსავლეთში გერმანია სჭირდება!
თანამედროვე ეტაპზე, რუსეთის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა, ქვეყნის მოდერნიზებისთვის საგარეო რესურსების მოზიდვაა. ამ საქმეში მთავარ პარტნიორად ევროკავშირი განიხილება, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა რუსეთს გერმანიასთან აქვს. უცნაურია, მაგრამ ქვეყანა, საიდანაც 70 წლის წინ დამანგრეველი ომი და აგრესია წამოვიდა, დღეს რუსეთის ყველაზე ახლო მეგობარია ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის და ასევე – გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილის 50-წლიანი ოკუპაციის შემდეგ დღეს გერმანელები მოწიწებით შესცქერიან რუსებს.
დღეს ყველასთვის ცხადია, რომ გერმანია ევროპის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრია, ის არის ევროპის ეკონომიკის ლოკომოტივი. ბოლოდროინდელმა კრიზისმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები იმდენად გადაჯაჭვულია, რომ შეიძლება ერთიანობაში განვიხილოთ – თუკი გერმანია თანხმობას არ განაცხადებს, არაფერი გამოვა და თუკი რამეს გადაწყვეტს – აუცილებლად განხორციელდება. გერმანია ევროკავშირზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს მაშინაც კი, თუკი ეს გავლენა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით არ შემოიფარგლება.
ბოლოს ათი წლის განმავლობაში გერმანული საქონლისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და ეს ეკონომიკური სიძლიერე მას უფლებას აძლევს დანარჩენ სახელმწიფოებს საქმიანობის წესები უკარნახოს. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიო მედიაში ანგელა მერკელს ხშირად “ფრაუ ევროპას” უწოდებენ. ბოლო დროს გაიზარდა ამ ქვეყნის მოთხოვნებიც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით – გერმანული ელიტური წრეების წარმომადგენლები ხშირად აჟღერებენ ნატოს რეფორმირების აუცილებლობის იდეას. ამ ყველაფრის ფონზე უახლოეს მომავალში, შესაძლოა, “გერმანიზებული ევროკავშირი” და ზოგიერთი სცენარის მიხედვით – ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან ერთად მომქმედი გერმანია შეეცდება დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი გლობალურ გეოპოლიტიკურ სიბრტყეზე.
ზემოთნახსენები ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ყურადსაღებია გერმანული სამხედრო წრეების შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს “აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავდაცვის” მიზნით, “დიდი ევროპის” ფორმირების პროექტის შემუშავებას. პროექტის თანახმად, ნატოს სტრუქტურებში რუსეთის ინტეგრირება გათვალისწინებულია და ამით, ამ სტრუ-ქტურის ფაქტიური “ევროაზიაციაც”. ამასთან დაკავშირებით რუსი ანალიტიკოსები აშშ-ის სენატის კონგრესმენის რონ პოლის განცხადებას იხსენებენ, ნატოდან აშშ-ის გაწვევის შესახებ, რასაც ამ ქვეყნის თვითიზოლაციის სურვილის გამოძახილად აღიქვამენ და ამბობენ, რომ რუსეთის ნატოში გაწევრიანების სცენარი რეალური იქნება, თუკი აშშ-ის თვითიზოლაცია მართლაც განხორციელდება.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ რუსების ჰიპოთეტური მოსაზრებებია, მაგრამ ისინი ამ სცენარისთვისაც ემზადებიან და რუსულ პოლიტიკაში თვალშისაცემია ტენდენციები, რომელიც “დიდი ევროპის” პროექტს რეალისტურობას მიანიჭებენ.
დღეს გერმანია და რუსეთი უმსხვილეს გეოეკონომიკურ ენერგეტიკულ პროექტებს ერთობლივად ახორციელებენ. თანხვედრაა პოლიტიკურ თემებში, მათ შორის – საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხშიც. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში უხეში აგრესიის ნაცვლად ზოგჯერ ირიბ მოქმედებებსაც ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, უკრაინის არჩევნებში პრორუსული იანუკოვიჩის მოწინააღმდეგე ტიმოშენკო არ იყო დიდად ანტირუსულად განწყობილი, ანუ წინა წლებისგან განსხვავებით, სასურველი პოლიტიკური ნიადაგი წინასწარ მომზადდა. რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპელების მხრიდანაც კი, ამ არჩევნებს კეთილგანწყობილი შეფასება მოჰყვა, რადგან აშშ-ის შესაძლებლობების შედარებით შესუსტების შემდეგ ყველამ ნორმალურად მიიღო რუსული გავლენის აღდგენა თავის “ძველ ტერიტორიებზე” და უკვე საუბარი მიდის არა უკრაინის გახლეჩვაზე, არამედ ევროგაერთიანებისა და რუსეთის თანამშრომლობისთვის მისი პლათფორმად გამოყენებაზე.
რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ირიბად ისიც მეტყველებს, რომ საინფორმაციო სამყაროში იმატა ამ თემისადმი მიძღვნილმა ანალიტიკურმა სტატიებმა.
რუსი მიმომხილველების მოსაზრებით, ზემოხსენებული მაგალითების სიმრავლის გამო, რასაც დეტალებში შესვლაც არ სჭირდება, შეიძლება ითქვას, რომ “დიდი ევროპის” ფორმირების იდეა ცივილური ერთიანობის ლოგიკის ადეკვატური იქნება, ისევე, როგორც მრავალპოლარული მსოფლიოს რეალობა, რაც, როგორც ჩანს, უკვე ყველა მხარისთვის მისაღებია.
შექმნილ სიტუაციაში უკვე აღარც აშშ და დიდი ბრიტანეთი ძველებურად მკვეთრ ნეგატიურ პოზიციას აღარ გამოხატავენ გერმანია-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავების მიმართ და როგორც რუსებს ეჩვენებათ, “დიდი ევროპის” პროექტის მიმართ პრინციპულად უარყოფითად არ არიან განწყობილნი, რადგან ასეთი ალიანსი რამდენიმე გეოპოლიტიკური სცენარით შეიძლება ბუნებრივი დაბრკოლება აღმოჩნდეს აღმოსავლეთ-ჩინეთის ექსპანსიის შემთხვევაში.
გერმანია, რომელიც ევროაზიურ სამხედრო-პოლიტიკურ სიბრტყეზე გარკვეულ გვალენას იძენს, შესაძლოა, თავისი გეოპოლიტიკური მოთხოვნების პლათფორმად (მაგალითად, ავღანეთი) რუსეთი განიხილოს. რუსეთში ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნები რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს ხელს არ შეუშლის და არგუმენტები მოჰყავთ:
1. გერმანიას რუსეთში ნავთობის ინტერესი გამოკვეთილად არ აქვს, რაც განმსაზღვრელი ფაქტორია სხვა დასავლური სახელმწიფოთა პოლიტიკებში და გამოიხატება აზერბაიჯანთან ურთიერთობაში;
2. ოფიციალურ ბერლინს სერიოზული პრობლემები აქვს თურქეთთან და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ გერმანიაში სამი მილიონი თურქი ცხოვრობს, აქედან 1.7 მილიონი თურქეთის მოქალაქეა. დიდი ნაწილი პრინციპულად და დიდიც – ანკარის პირდაპირი მითითებით არ მიისწრაფვის გაითქვიფოს ადგილობრივ საზოგადოებაში. ამან გერმანულ საზოგადოებრიობაში ცივილიზაციური და დემოგრაფიული ხასიათის გარკვეული პრობლემები გამოიწვია, რაც უკვე საგარეო ურთიერთობებშიც გამოიხატა.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ჯერჯერობით, რუსი მიმომხილველების სავარაუდო სცენარებია, მაგრამ ორი ჯიუტი რეალობა არსებობს: პირველი, რუსეთი და გერმანია შეხმატკბილებული პარტნიორები არიან და მეორე, უდავოა გერმანიის ზეგავლენა სხვა სახელმწიფოებზე. დანარჩენი კი, უკვე დროის ფაქტორია. გერმანია ევროპაში საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებს, გერმანია განსაზღვრავს იმ პოლიტიკასაც, რომელსაც ევროპა მთლიანობაში ატარებს.
რუსულ და გერმანულ ეკონომიკებს შორის სინერგიის უზარმაზარი პოტენციალია. გერმანია რუსეთიდან დიდი ოდენობის ნავთობისა და გაზის, ასევე, სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების იმპორტირებას ახდენს. რუსეთს ტექნოლოგიებისა და კაპიტალის წყარო სჭირდება, რათა მხოლოდ ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყანა არ იყოს. გერმანიაში მოსახლეობის რიცხოვნობა იკლებს და მას მუშა-ხელი სჭირდება – უპირატესად ისეთი, რომელიც გერმანიაში ცხოვრებას არ მოისურვებს. რუსეთის ეკონომიკაში, რომელიც მას სსრკ-დან მემკვიდრეობად ერგო, დეინდუსტრიალიზაცია გრძელდება და მართალია, ამას ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს, მაგრამ არის ერთი დადებითიც, რომლის იგნორირებაც ხშირად ხდება – დღეს რუსეთში მეტი მუშა-ხელია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკას შეუძლია გამოიყენოს. გერმანიას არ სურს ახალი ემიგრანტების ტალღა, მაგრამ მუშა-ხელი ჰაერივით სჭირდება. რუსეთს თავის ქვეყანაში ზედმეტი მუშა-ხელის დასასაქმებლად ქარხნები და ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა სჭირდება. ექსპერტებს რუსულ-გერმანული ურთიერთობის ლოგიკა უფრო გასაგები ეჩვენებათ, ვიდრე გერმანიის ურთიერთობა, ვთქვათ, ესპანეთთან ან საბერძნეთთან. რაც შეეხებათ ფრანგებს, მათ შეუძლიათ ამაში მონაწილეობა მიიღონ ან არა, თუმცა, ფრანგები რუსულ-გერმანულ მიმდინარე პროექტებს სიხარულით უერთდებიან. ამიტომ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოახდინოს რუსეთმა ყურადღების კონცენტრირება.
მაისის ბოლოს ცნობილმა დასავლელმა მიმომხილველმა, ჯორჯ ფრიდმანმა ვებ. გვერდზე www.stratfor.comპუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის დაშლის შემდეგ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარი მოხაზა:
“თუკი ევროკავშირი, როგორც ინტეგრირებული სისტემა ვერ გადარჩა (ლოგიკური, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი რეზულტატი) და თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანია ევროპის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ ევროპის კავშირის გარეშე მასაც სერიოზულად გაუჭირდება, ევროკავშირის დაშლის შემდეგ რუსეთ-გერმანიის კოალიციის შექმნა ყველაზე ლოგიკური იქნებოდა. ეს ძალიან დააფრთხობდა სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით, პოლონეთს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას შორის არის გაჩხერილი და მეორე – აშშ-ს, რადგან გერმანია-რუსეთის ეკონომიკურ ბლოკი მისთვის უფრო კონკურენტუნარიანი იქნებოდა”. მიმომხილველის მოსაზრებით, ეს ურთიერთობა უფრო დალაგებული იქნებოდა და ორ ქვეყანას შორის საერთო პოლიტიკის შემუშავება – ბევრად მარტივი, ვიდრე 27 ქვეყანას შორისს. ევროპის ქვეყნებმა შიდა წინააღმდეგობების გამო ვერ შეძლეს განევითარებინათ საკუთარი სამხედრო პოლიტიკა და, რომ, გერმანულ-რუსული ურთიერთობები იოლი წარმოსადგენია.