ერთი ნაბიჯი წინ, ერთი – უკან

რედაქციისგან

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა თანდათანობით ძალას იკრებს, პესიმიზმი, რომელიც გარდაუვალი შავი დღეების მოლოდინს უკავშირდება, ჯერ ისევ არ ტოვებს ბიზნესმენებსა და უმსხვილეს ინვესტორებს. “საბერძნეთის ვირუსი” მთელს რეგიონს ემუქრება და ექსპერტები ძალიან საღად უყურებენ ეკონომიკის მომავალს. პრობლემების მთელი წყება ბევრი სახელმწიფოს მეთაურებს მთელი რიგი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. როგორ დაასრულა მსოფლიომ მიმდინარე წლის I კვარტალი და როგორ პროგნოზები კეთდება სამომავლოდ?

აშშ-ის სტატისტიკური მაჩვენებლები
2010 წლის აპრილში, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 82,69 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპერტები მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (20,9 მილიარდი დოლარი) ბევრად მაღალი (40 მილიარდი დოლარი) იქნებოდა. ინფორმაცია, ტრადიციისამებრ, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის შემოსულობებმა აპრილის თვეში 245,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა – 327,96 მილიარდი დოლარი. 2009-2010 წლის საფინანსო წლის, რომელიც 30 აპრილს დასრულდა, პირველ შვიდ თვის მანძილზე აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრა 7799,68 მილიარდი აშშ დოლარით, რაც 3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2010 წლის მარტში თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 40,42 მილიარდამდე გაიზარდა. ასეთი ციფრები გამოაქვეყნა ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ. იმპორტის მოცულობამ მარტში შეადგინა 188,3 მილიარდი (+3,1% წინა თვესთან შედარებით), ხოლო ექსპორტისამ კი, 147,877 მილიარდი (+3,2). გადასინჯული მონაცემების მიხედვით, აშშ-ის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 2010 წლის თებერვალში შეადგენდა 39,43 მილიარდ დოლარს.
აშშ-ში იმპორტულ საქონელზე და მომსახურებაზე, აპრილში გასულ თვესთან შედარებით ფასები 0,9%-ით გაიზარდა, თვიურ გამოთვლაში ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის გაზრდას 1%-ით ელოდნენ, მაგრამ შრომის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ეს პროგნოზები დაარღვია. აპრილში, წინა თვესთან შედარებით ფასები ექსპორტზე 1,2%-ით გაიზარდა.
აშშ-ში სამრეწველო წარმოების მოცულობა 2010 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა (ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემები). ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიური გამოთვლით, ეს მაჩვენებელი 0,6%-ით გაიზრდებოდა, თუ ამ მაჩვენებელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ იგი 5,2%-ით გაიზარდა.
აშშ-ის საცალო ვაჭრობაში, აპრილის თვეში წინა თვესთან შედარებით 0,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ანალიტიკოსები 0,2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. ავტომობილების გაყიდვები, ასევე, 0,4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილის შედეგებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან თუ შევადარებთ, მთლიანობაში 8,8%-იანი ზრდაა.
ნაწარმოები საქონლის, მაკომპლექტებლებისა და ნახევარფაბრიკატების მარაგები 2010 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ გამოთვლაში 5%-ით დაიკლო. ამერიკული საწარმოების გაყიდვები მარტში წინა თვესთან შედარებით 2,3%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით 11,9%-ით.
საბითუმო ვაჭრობის საწყობებში საქონლის მარაგები 2010 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა. ანალტიკოსები კი ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,5% იქნებოდა. ამავე დროს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 5,3%-ით არის დაწეული. რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობას, 2010 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებლი 15,8%-ით გაიზარდა.
ევროზონა
Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, ევროზონის მშპ I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ანალიტკოსების მოლოდინი ამჯერად გამართლდა. ევროზონის 27 სახელმწიფოს მშპ-მ I კვარტალში კვარტალური გამოთვლით, ასევე, 0,2% შეადგინა.
ევროზონაში სამრეწველო წარმოების მოცულობა მიმდინარე წლის მარტში 1,3%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას თვიური გამოთვლით, 1,3%-იან დონეზე ელოდნენ, ხოლო წლიური გამოთვლით – 6,9%-ით ზრდას. გადასინჯული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში სამრეწველო წარმოების მოცულობა თვიუირ გამოთვლით 0,7%-ით გაიზარდა.
გერმანია
გერმანიის მშპ I კვარტალში, წინასწარი მონაცემების თანახმად, გასულ კვატალთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ამ ინფომაციას გერმანიის სტატისტიკური ბიურო აქვეყნებს. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის შეცვლას არ ელოდნენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გერმანიის მშპ 1,7%-ით გაიზარდა, ციფრმა ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც 1,2%-იან ზრდას ელოდნენ. ხოლო თუ 2009 წლის IV კვარტლის მონაცემებს შევადარებთ 2008 წლის ანალოგიურ პერიოდს, ვნახავთ, რომ გერმანიის მშპ 1,5%-ით არის დაწეული.
საბოლოო მონაცემებით, ინფლაციამ გერმანიაში 2010 წლის აპრილში წლიური გამოთვლით, 1,0% შეადგინა. ამ მონაცემებსაც სტატისტიკური ბიურო აქვეყნებს. ამავე დროს, აპრილში მარტთან შედარებით ეს მაჩვენებლი 0,1%-იან პუნქტამდე ჩამოვიდა. მარტში სამომხმარებლო ფასები წლიური გამოთვლით 1,2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური გამოთვლით – 0,6%-ით.
საფრანგეთი
საფრანგეთის მშპ 2010 წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა. მონაცემებს ქვეყნის სტატისტიკური ბიურო აქვეყნებს (Iნსეე). გადასინჯული ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის IV კვარტალში კვარტალური გამოთვლით, საფრანგეთის მშპ 0,5%-ით გაიზარდა, რამაც 0,1%-ით გადააჭარბა დაზუსტებულ მონაცემებს, რომელიც 2009 წლის მარტში გამოქვეყნდა.
მარტში საფრანგეთის სამრეწველო წარმოების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1,0%-ით გაიზარდა, ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას წლიური გამოთვლით 0,3%-ით ელოდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, საფრანგეთის სამრეწველო წარმოების მოცულობა წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა.
დიდი ბრიტანეთი
ინგლისის ბანკმა საბაზისო სააღრიცხვო განაკვეთი უცვლელი დატოვა – თავის ისტორიაში ყველაზე დაბალ დონეზე – 0,5%. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაემთხვა ანალიტიკოსების მოსაზრებას.
მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით დიდი ბრიტანეთის სამრეწველო წარმოების მოცულობა 2%-ით გაიზარდა. მონაცემები ქვეყნის სტატისტიკურმა ბიურომ გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები 0,3%-იან ზრდას ელოდნენ. ამ მაჩვენებლის ზრდა გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრია ინგლისის ეკონომიკურ მაჩვენებლებში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, ფიქსირდება 2,0%-იანი ზრდა.
დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონემ აპრილში წინა თვესთან შედარებით დაიკლო 0,1%-იანი პუნქტით და 4,7% შეადგინა. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებლი 4,8% იქნებოდა. აპრილში უმუშევრობაზე შემწეობისთვის მთავრობას მარტთან შედარებით 27,1 ათასი ადამიანით ნაკლებმა მიმართა.
ევროზონის ეკონომიკა ძალას იკრებს
არც თუ დიდი ხნის წინ – 2009 წლის IV კვარტალში ევროპულმა ეკონომიკამ ბევრი ბიზნესმენი და ინვესტორი პესიმიზმში ჩააგდო. შიში იმის გამო, რომ საბერძნეთის ეკონომიკას დესტაბილიზაცია შეაქვს ევროზონის ეკონომიკაში, იმ ქვეყნების მრეწვლებს, რომლებიც ევროს მიმოქცევის ზონაში შედიან, იძულებულს ხდის არ გაააქტიურონ თავიანთი ბიზნესები. გარდა ამისა, რეგიონში დაბალი მოთხოვნა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ევროპელებს ხარჯების გაზრდის საშუალებას არ აძლევს, რაც ევროზონის ეკონომიკის აღდგენას ამუხრუჭებს. ყველა ეს ფაქტორი ექსპერტებს საშუალებას არ აძლევდა გაეკეთებინათ უფრო ოპტიმისტური პროგნოზი. ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში 2010 წლის პირველ ტრიმესტრში მხოლოდ მინიმალური, მშპ-ის 0,1%-იანი ზრდის პროგნოზი გააკეთეს.
ევროპის სტატისტიკური ბიუროს, Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა ექსპერტების მოლოდონს გადააჭარბა – გლობალური ეკონომიკის აღდგენამ, საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისთან და ევროპელების ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა შეძლო. შედეგად, I კვარტალში ევროზონის მშპ წინა კვარტალთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ გამოთვლაში 0,5%-ით.
მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა ევროზონის სამრეწველო წარმოებაში – მარტში წინა თვესთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა (მოლოდინი იყო 1,0%-ის), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6,9%-ით (ელოდნენ 6,5%-ს). ასე რომ, დოლართან მიმართებაში ევროს დაცემული კურსი ევროპელი მრეწველების პროოდუქციას საშუალებას აძლევს უფრო მიმზიდველი იყოს და ექსპორტიც გაიზარდოს, რაც რეგიონის შიგნით დაბალი მოთხოვნის პირობებში, ევროპის ეკონომიკის აღდგენის საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ევროპულ ეკონომიკას მართლაც შეუძლია დააჩქაროს აღდგენის ტემპი, რადგან მაისის შუა რიცხვებში რეგიონის ლიდერები სსფ-სთან სტაბილიზების ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარელებულ ევროკავშირის ქვეყნებს დაეხმარება ტრილიონი დოლარით, რომელიც არა მხოლოდ უშველის საბერძნეთის ხელისუფლების რეკორდულად დიდ ვალებს, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე ფინანსური პრობლემების გავრცელებას შეაკავებს.
თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ “საბერძნეთის ვირუსი” სხვა ქვეყნებს აუცილებლად გადაედება, თუკი რეგიონში ფისკალურ პოლიტიკას სასწრაფოდ არ გაამკაცრებენ. ასე რომ, მიუხედავად რეგიონის ქვეყნების მზადყოფნისა – დაეხმარონ ერთმანეთს, სუვერენული რისკების ფაქტორი მსოფლიოს საფინანსო ბაზრებისთვის მაინც რისკ-ფაქტორად რჩება. ამიტომაც, სახელმწიფო ხარჯების შემცირება, რომლის გადაწყვეტასაც არა ერთი თვე დასჭირდება, საეჭვოა დაეხმაროს ევროპის ეკონომიკის ზრდის ტემპს. არიან ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მიმდინარე წელს სტაგნაციაში იქნება. უფრო ოპტიმისტურია სსფ-ის ეკონომისტების პროგნოზი – 1%-იანი ზრდა 2010 წელს.
ევროპის ეკონომიკის აღდგენას ექსპორტი დაეხმარება, რომელიც ევროს დოლართან მიმართებაში გაუფასურების პირობებში განუხრელად იზრდება. სწორედ ევროპელი მრეწველების ხარისხიან პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა, რეგიონის შიგნით სამომხმარებლო დანახარჯების შემცირების ნეგატიური ეფექტის ნიველირების საშუალებას შექმნის. დღეს უკვე ფოლადზე მოთხოვნის ზრდის გამო ფოლადის უმსხვილესმა გერმანულმა მწარმოებელმაThyssenKrupp AG-მა პირველ კვარტალში მოგება დააფიქსირა, ხოლო ევროპაში უმსხვილესმა ავტომწარმოებელმაWolkswagen AG გვირაბის ბოლოს ნათელი დაინახა, ასე აფასებს სიტუაციას ავტოკონცერნის გაყიდვების დირექტორი.
ევროზონის ეკონომიკის ზრდას განაპირობებენ, პირველ რიგში, მისი წამყვანი ქვეყნები: გერმანია და საფრანგეთი. I კვარტალის შედეგების მიხედვით, გერმანიაში დაფიქსირდა მშპ-ის 0,2%-იანი ზრდა, საფრანგეთში – 0,1%, იტალიაში კი, 0,5%. პორტუგალიასა და ესპანეთშიც კი, მშპ-ის ზრდა მიმდინარე წლის პირველ ტრიმესტრში 1%-სა და 0,1%-ის ფარგლებში დაფიქსირდა.
უმუშევრობა დიდ ბრიტანეთში
დაწევის ნიშნებს არ აჩვენებს
დიდ ბრიტანეთში უმუშევრობა ბოლო 16-წლიანი მაქსიმუმის დონეზე ნარჩუნდება. ამის შესახებ ინფორამციას ავრცელებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში უმუშევარ ინგლისელთა რიცხვი კიდევ 53 000 ადამიანმა შეავსო და 2,51 მილიონ ადამიანს მიაღწია. პარალელურად, დასაქმებული ადამიანების რიცხვი 76 000-ით შემცირდა და 28,8 მილიონი ადამიანი შეადგინა. ამასთან ერთად, დასაქმების დონემ 72%-ს მიაღწია. დასაქმების ასეთი დაბალი მაჩვენებელი 1996 წლიდან არ ყოფილა. ცნობა იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონე I კვარტალში 16-წლიანი მაქსიმუმის დონეზე იქნებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა ზანტი გაჯანსაღების ნიშნებს აჩვენებს. ამასთან ერთად, ლონდონის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემი, გასულ კვარტალთან შედარებით არ შეცვლილა და 8,0%-ის დონეზე დარჩა. შრომის ანაზღაურების დონე ბონუსების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის I კვარტალში 4,0%-ით გაიზარდა (ელოდნენ 2,1%-ს), ხოლო ხელფასების დონე ბონუსების გაუთვალისწინებლად, ამავე პერიოდში 1,9%-ით გაიზარდა (პროგნოზირებდნენ 2,0%-ს). ქვეყნის სტატისტიკური ბიურო აცხადებს, რომ უმუშევართა რიცხვი აპრილში 27 100 ადამიანით შემცირდა, როცა ანალიტიკოსები ნაკლებს, 20 000 ადამიანს ვარაუდობდნენ. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებთაც სახელმწიფოს უმუშევრობისთვის შემწეობისთვის მიმართეს, აპრილში 4,7%-ით გაიზარდა (პროგნოზი იყო 4,8%).
რასაკვირველია, გორდონ ბრაუნის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში დასაქმების ხელშესაწყობად ბევრი რამ იღონა, ისევე, როგორც ქვეყანაში მონეტარულმა ხელისუფლებამ. ინგლისის ცენტრალური ბანკი საბაზისო განაკვეთს კვლავინდებურად რეკორდულად დაბალ 0,5%-იან ნიშნულზე ტოვებს. უფრო მეტიც, ბრიტანულმა მონეტარულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ შეემცირებინა გამოსყიდვადი აქტივები და 200 მილიარდი ფუნტი სტერლინგის დოენზე დატოვა, რომ ბრიტანულ ეკონომიკას ყველაზე ცუდი პერიოდისთვის დაეღწია თავი. და მაინც, ყველა იმ მხარდაჭერის მიუხედავად, რომელიც გასწია მერვინ კინგის უწყებამ, ქვეყნის კოალიციური მთავრობის წინაშე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი უდგას სათავაში, ბრიტანული ეკნომიკის სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერის არც ისე მარტივი ამოცანა დგას. გარდა ამისა, წინასაარჩევნო დაპირებებისა და ასევე, მაღალი დეფიციტისა და ვალების მქონე მეზობელი ევროპული ქვეყნების მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალი პრემიერ-მინისტრი იძულებული იქნება სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, ხოლო უმუშევრობა, რომელიც შემოდგომაზე თითქოს იკლებდა, დღეს თავის პოზიციებს არ თმობს. სწორედ, სახელმწიფო ხარჯების შემცირების აუცილებლობის გამო, დევიდ კამერონი კერძო კომპანიებს მოუწოდებს, რომ უახლოეს თვეებში დიდ ბრიტანეთში მათ შრომის ბაზარი გაამყარონ, რადგან ამ საკითხში სახელმწიფოს იმედად ყოფნა შეუძლებელია. მაისის ბოლოს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ბანკმა Royal Bank of Scotland Plc-მა განაცხადა, რომ იგი 2600 თანამშრომლის შემცირებას აპირებს.
ბრიტანელი მეწარმეები ჯერ არ არიან მზად ახალი სამუშაო ადგილები შექმნან, რადგან როგორც არ უნდა იზრდებოდეს რწმენა იმისა, რომ ბრიტანული ეკონომიკა სირთულეებს დაძლევს, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს პროცესი ქვეყანაში ძალიან გაჭიანურდება. სწორედ ამიტომ, ბრიტანელ დამსაქმებლებს ურჩევნიათ ჯერ არსებულ სამუშაო ადგილებზე ჩამოჭრილი ხელფასები და სამუშაო განაკვეთი ძველ დონეზე დააბრუნონ და მხოლოდ მერე იფიქრონ ახალი ადამიანების დასაქმებაზე.
ახალმა ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოსბორნმა თანამდებობის დაკავებისთანავე კომენტარი გააკეთა შრომის ბაზრის სტატისტიკაზე და განაცხადა, რომ უმუშევრობის ზრდა რთულ მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას, ისევე, როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, რომელსაც სერიოზული დეფიციტი აქვს. თუმცა, უმუშევრობა აშშ-ში ბევრად მაღალია (9,9%) და მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება 26-წლიან მაქსიმუმს (10%).
დიდი ბრიტანეთის მრეწველობამ ინგლისელები ტყუილად გაახარა
დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ მაისში გამოაქვეყნა გადამამუშავებელი მრეწველობის მარტის თვის ინდექსი: პროდუქციის გამოშვება 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა (სეზონურობის შესწორების გათვალისწინებით).
ოდნავ ჩამორჩა ქვეყნის სამთომომპოვებელი მრეწველობა. ფუნტის პოზიციის დაკარგვამ განაპირობა ავტომობილების ექსპორტის ზრდა.
სეზონურობის გათვალისწინებით, კორექტირებული მრეწველობის მწარმოებლურობის ინდექსი წლიდან წლამდე მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მიზნებისთვის ბრიტანეთში საბაზისო წლად მიჩნეულია 2005 წელი.
უფრო მოკლევადიანი გათვლებით, მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობის ინდექსი თვიდან თვემდე 2% და 2,5%-ით გაიზრდა, რაც კვარტალური მაკროეკონომიკური მონაცმების არც ისე ცუდი საფუძველია ფინანსური კრიზისის გამო ნოკაუტში ჩავარდნილი ეკონომიკისთვის, მაგრამ ევროპაში გავრცელებული საკრედიტო რეიტინგების რისკების გამო ყოველივემ, შესაძლოა, დროებითი ხასიათი მიიღოს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, გადამამუშავებელი მრეწველობის 13 დარგიდან 9-მ აჩვენა ზრდა. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოებაში (წლიდან წლამდე 16,9%). ასეთი მაჩვენებელი ავტომანქანების ექსპორტის ზრდამ გამოიწვია. ნავთობისა და გაზის მრეწველობამ ინგლისელები გააწბილა, რადგან ნავთობისა და გაზის მოპოვება წლიდან წლამდე 3,8%-ით შემცირდა, ხოლო ნახშირის მოპოვება – 14%-ით.
უფრო ცუდი მაჩვენებლებია მოსალოდნელი აპრილისა და მაისის სტატისტიკაში, რომელშიც British Petroleum-ის (BP) დანაკარგები აისახება, რაც გამოწვეულია 2010 წლის 20 აპრილის აფეთქების გამო ჩაძირული პლათფორმითDeepwater Horizon.
ჯერჯერობით კი, ევროპული ვალუტების კალათის მიმართ ფუნტის დასუსტებით გამოწვეული მოკლევადიანი ეფექტის წყალობით, I კვარტალში ავტომწარმოებლები გაყიდვების მოცულობისა და, როგორც მინიმუმ, შიდა მაჩვენებლების ზრდის შესახებ განაცხადს გააკეთებენ, იმდენად, რამდენადაც შიდა თვითღირებულება ძველ დონეზე ნარჩუნდება.
ვალუტის დასუსტების ხარჯზე მრეწველობის მაჩვენებლების ზრდა არაჯანსაღი დინამიკაა. ბიუჯეტში რეკორდული 236 მილიარდიანი შავი ხვრელისა და 18-თვიანი რეცესიის ფონზე, ქვეყნის ახალი კოალიცია თავის მოქალაქეებს ვერაფრით გააკვირვებს, იმის გათვალისწინებით, რომ არა ერთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ.
იუანის გამყარება
ინფლაციას დაამარცხებს
და აშშ-ს ზიანს მოუტანს
იუანის გამყარების ირგვლივ ვნებათა ღელვა არ იკლებს. მაისის შუა რიცხვებში, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯასტინ იფუ ლინმა სტუდენტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთის მხრიდან ვალუტის ხელოვნური გამყარება აშშ-ს უფრო ავნებს, ვიდრე დადებით შედეგებს მოუტანს. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ არ ეთანხმება იმ კრიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იუანის ხელოვნური გამყარება აშშ-ის ეკონომიკის ზრდას დაემუქრება და დასძინა, რომ თუკი ჩინეთი შეწყვეტს თავისი ვალუტის გაყიდვასა და ამასთან ერთად, უცხოურის შესყიდვას, ჩინეთის ექსპორტი აუცილებლად გაძვირდება. ჩინეთიდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის წარმოება შრომატევადია, რომლის შექმნა აშშ-ში დიდი ხანია შეწყვიტეს და გაძვირების შემდეგ აშშ-ს მოუწევს ან გააგრძელოს ამ პროდუქტების ძვირად შეტანა ქვეყანაში, ან სხვა მომწოდებლის პოვნა.
ყველა შემთხვევაში, იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც ჩინეთიდან მოედინება, ამერიკელი მომხმარებლისთვის ძვირი გახდება და თუკი ეს პროდუქცია, რომელიმე ქვეყანაში უფრო იაფად იწარმოება, აშშ დიდი ხნის წინ ჩაანაცვლებდა ჩინეთს.