უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესი
ლევან ასათიანი
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობამ იმპორტული პროდუქციის ნაწილი, მათ შორის, შოკოლადიც, 12%-იანი საბაჟო დაბეგვრის რეჟიმში მოაქცია. მიზეზი ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება იყო. საინტერესოა, რამდენად აისახა ეს ცვლილება შოკოლადის ფასებზე? როდის ხდება შოკოლადი უფრო აქტუალური და რა განაპირობებს იმას, რომ ფინანსური რეცესიების დროს მისი გაყიდვები სხვა პროდუქტებთან შედარებით იმატებს?
ბრიტანეთის ტკბილეულის მწარმოებელი გიგანტი “კედბერი”, შესაძლოა, კომპანიაKraft Foods-მა 16,2 მილიარდ დოლარად იყიდოს. “სცენაზე გამოსასვლელად” კომპანია Hershey’s-იც ემზადება, რომელსაც უკვე აქვს ლიცენზია შეერთებულ შტატებში ბრიტანული შოკოლადის ამერიკანიზებული ვარიანტის გაყიდვისა. ბრიტანელების უმრავლესობისთვის ბიზნესის საკითხი მეორეხარისხოვანია, მაგრამ იმ პერსპექტივამ, რომ მათთვის საყვარელი შოკოლადების, Dairy Milk-ისა და Flake-ის წარმოება შეიძლება ამერიკელების ხელში გადავიდეს, მთელი ქვეყანა პანიკაში ჩააგდო. “თუ ჩვენი შოკოლადის, ბრიტანეთში გატარებული ბავშვობის გემოს დაცვაზე მიდგა საქმე, უკან არ დავიხევთ და ვიბრძოლებთ, – წერდა “ტელეგრაფში” ლონდონის მერი, ბორის ჯონსონი და აცხადებდა – ჩვენ შემაშფოთებელი არჩევანის წინაშე ვდგავართ.
ამერიკელები წელიწადში ხუთნახევარ კილოგრამამდე შოკოლადს ჭამენ, ბრიტანელებზე 0,5-ჯერ მეტს. საკუთარი ტკბილეულობა მათაც განსაკუთრებულად უყვართ. ჯერ კიდევ მანამ, სანამ 1900 წელს, მილტონ ჰერში შოკოლადის პირველ ფილას გამოუშვებდა, შოკოლადი ამერიკის სოციალური ტრადიციების, კულტურული ცვლილებებისა და ეკონომიკური პირობების ყველაზე გავრცელებული საზომი იყო. შოკოლადის სოციალური როლი შეერთებულ შტატებში ყოველთვის ფართო და მრავალმხრივი იყო. საუკუნეების მიჯნაზე შოკოლადის სიგარეტები სპეციალურად მზადდებოდა ქალებისთვის, რომლებსაც საჯაროდ მოწევა არ სურდათ. 1937 წლიდან შოკოლადი საომარ დროს ჯარის რაციონშიც შედის, როგორც მხნეობის ამაღლების ერთგვარი საშუალება. დიდი დეპრესიის დროს კი, ჰერშის შოკოლადის ფილა ყველასათვის ხელმისაწვდომ სადილად იქცა.
ჯანსაღი საკვების პოპულარიზაციის კვალდაკვალ, ამერიკის მოსახლეობაში შოკოლადსა და მასში შემავალ ანტიოქსიდანტებზე მოთხოვნაც გაიზარდა. შოკოლადის ბაზარზე, რომლის მოცულობამაც, ბაზრის კვლევითი ჯგუფის Packaged Facts-ის მონაცემებით, 2011 წელს 18 მილიარდს უნდა მიაღწიოს, უმაღლესი ხარისხის შოკოლადის წილი დიდი სისწრაფით იზრდება.
როგორც ეს დიდი დეპრესიის დროს მოხდა, შოკოლადი გასულ წელსაც ეკონომიკის მდგომარეობის ბარომეტრის როლში მოგვევლინა. ოჯახის ბიუჯეტისა და ფინანსური არამდგრადობის პერიოდში შოკოლადი იაფი და საიმედო საკვები აღმოჩნდა.
ექსპერტების განმარტებით, დღესასწაულების დროს, მაგალითად, წმინდა ვალენტინის დღეს, მაღალი ხარისხის შოკოლადი სწორედ იმიტომ იყიდებოდა კარგად, რომ ხალხი ნაკლებად ყიდულობდა ფუფუნების საგნებს და უფრო ხელმისაწვდომ საქონელს ეტანებოდა. თუმცა, იაფი შოკოლადის ფილებიც ძალიან კარგად იყიდება. მაგალითად, “სნიკერსი”, რომელსაც მისი გამომგონებლის საყვარელი ცხენის სახელი 1930 წელს ეწოდა, წელიწადში 2 მილიარდი დოლარის ოდენობით იყიდება.
ამიტომაც, ლოგიკურია, რომ მსოფლიოში კაკაოს ფასი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასის მომატება შოკოლადის ინდუსტრიის განვითარების პირობებში, კაკაოზე მოთხოვნილების ზრდამ განაპირობა. გარდა ამისა, ფასის მატებას კაკაოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში კოტ დ�ივუარში ცუდმა მოსავლიანობამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ტონა კაკაოს საშუალო ღირებულება 2400 ევროა, რაც 1977 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის ზაფხულიდან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კანფეტები – შოკოლადის ტრიუფელი Lა Mადელეინე აუ თრუფფე გამოჩნდა. ერთი გირვანქა (დაახლოებით ნახევარი კილო) კანფეტის ღირებულება 2,6 ათასი, ერთი ცალის ფასი კი, 250 დოლარია. თითოეულ, 5 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე კანფეტს ხელით აკეთებენ. პროდუქტი შავი ეკვადორული შოკოლადისა და ფრანგული ტრიუფელისგან მზადდება, რომელიც საფრანგეთში კილოგრამი 3,5 ათასი ევრო ღირს. ამასთან, თითოეული კანფეტი მოოქროვილ ყუთში, ბალიშზე დევს. La Madelein-ის სერიის გამოშვებიდან დღემდე, ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში მხოლოდ 89 ასეთი კანფეტი გაიყიდა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები გაერთიანებული საემიროების ბაზარზე გასვლის შემდეგ გაყიდვების მკვეთრ ზრდას ელიან.
განსხვავებული ტენდენციებია ქართულ ბაზარზე. როგორც შოკოლადის მწარმოებელ ქართულ კომპანია როზალიში” გასული წლის მიწურულს აცხადებდნენ, ახალი წლის მოახლოების მიუხედავად, მათი პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა არ შეიმჩნეოდა. მენეჯმენტის განმარტებით, ნოემბერთან შედარებით მოთხოვნამ მათ მიერ წარმოებულ შოკოლადებზე მხოლოდ 1%-ით მოიმატა, რაც 2008 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 50%-ით ჩამორჩებოდა. კომპანია �როზალი” შოკოლადის ნედლეულის იმპორტს ბელგიიდან ახორციელებს. მათ მიერ წარმოებული 1 კილოგრამი შოკოლადის ღირებულება საშუალოდ 30 ლარია. კომპანია ქართულ ბაზარზე დაახლოებით 4 წელია არსებობს.
რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე შოკოლადის კიდევ ერთი ადგილობრივი მწარმოებელი გამოჩნდა. კომპანია “ბარამბო”, რომელიც 30-ზე მეტი დასახელების შოკოლადს და ხილის კანფეტს აწარმოებს, 2009 წლის 11 მარტს დაარსდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ბარამბო” მთელს ამიერკავკასიაში თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების მქონე პირველი საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. უმაღლესი ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად და მომხმარებლის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საწარმოში თანამედროვე ევროპული, უმთავრესად, გერმანული დანადგარები დამონტაჟდა. შესაფუთი მასალა კომპანიას იტალიიდან შემოაქვს. ტკბილეული კი, ბელგიური ნედლეულისგან მზადდება. “ბარამბოს” თანამშრომლები ინტენსიურ ტრეინინგებს ევროპელ ტექნოლოგებთან გადიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ბარამბოს” მიზანია, ლიდერის პოზიცია დაიკავოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საკონდიტრო ბაზარზე. ქარხანაში მზადდება შოკოლადის ფილა, შოკოლადი ბატონი, სხვადასხვა შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი და სხვა. პროდუქციის ფასები საშუალოდ ლარი და 70 თეთრიდან იწყება და 10 ლარამდე იზრდება.
“ბარამბოში” 15 მილიონი ევროს ოდენობის 100 პროცენტით ქართული ინვესტიცია განხორციელდა. 8 ჰექტარზე გაშენებულ ქარხანაში დღეისათვის 160 ადამიანია დასაქმებული. მენეჯმენტის განცხადებით, წლის ბოლოსთვის თანამშრომელთა რიცხვი გაიზრდება და 300-ს მიაღწევს. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, “ბარამბოს” თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 500-დან 600 ლარამდე მერყეობს.
კომპანია წელს ადგილობრივი ბაზრის ათვისებას აპირებს, მომავალი წლიდან კი, პროდუქციის ექსპორტზეც იზრუნებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დავით კუხარაშვილი აცხადებს, რომ მათი პროდუქცია ძვირფას დანადგარებზე ძვირფასი ნედლეულისგან მზადდება, თუმცა, ტკბილეული მაღალშემოსავლიან სეგმენტზე არ არის გათვლილი. მაგალითად, შოკოლადის 100-გრამიანი ფილა 1 ლარი და 70 თეთრი ეღირება, ერთი კილოგრამი კარამელი კი – 4,50-5 ლარი. დავით კუხარაშვილი უმთავრეს კონკურენტებად უკრაინული და რუსული ტკბილეულის ექსპორტიორებს მიიჩნევს, ვინაიდან, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი საწარმო არ არსებობს.
“ბარამბოს” ტკბილეულის გამოსვლამდე საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 1 იანვრიდან იმპორტული პროდუქციის ნაწილი 12%-იანი საბაჟო დაბეგვრის რეჟიმში მოექცა, 12%-იანი საბაჟო განაკვეთით იბეგრება შოკოლადის გარკვეული პროდუქციის იმპორტიც.
მთავრობის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯის ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა იყო. გაამართლა თუ არა ამ მიდგომამ? რამდენად კონკურენტუნარიანი ფასების აქვს ადგილობრივ წარმოებას იმპორტირებულ შოკოლადთან შედარებით?
სავაჭრო ქსელში არსებული ადგილობრივი და იმპორტული ტკბილეულის ფასებზე თვალის ერთი გადავლებაც ცხადყოფს, რომ საფასო სეგმენტში “ბარამბოს” ნაწარმი ქართულ ბაზარზე ისეთ გავრცელებულ შოკოლადებთან შედარებით, როგორიცაა “ნესტლე”, “ალპენ გოლდი”, “სლადკო”, “როსია”, “კორონა” და სხვა, 20-50 თეთრით ძვირი ღირს.
აღსანიშნავია, რომ 12%-იანი რეჟიმი მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს ეხება, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს და, ამასთანავე, საქართველოში შემოსული იმპორტის უდიდესი წილი თურქეთზე, უკრაინასა და დსთ-ის სხვა ქვეყნებზე მოდის, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია კი, ძირითადად, დსთ-ის ქვეყნებიდან შემოდის, რაც მათ 12%-იანი დაბეგვრის რეჟიმისაგან ათავისუფლებს. თუმცა, ამ პროდუქციის საქართველოში შემოტანა ტრანსპორტირების დამატებით ხარჯებს უკავშირდება, რაც ადგილობრივ წარმოებას საფასო სეგმენტში უპირატესობას უნდა აძლევდეს. საინტერესოა, რატომ არ აისახება ეს გარემოება ადგილობრივი ნაწარმისა და იმპორტირებული შოკოლადის ფასების შედარებისას?
როგორც “ბარამბოს” მენეჯმენტში აცხადებენ, “სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა ბაზართან მიმართებაში სხვადასხვა სტანდარტი აქვს. ის კონკურენტები, რომლებიც ახლა არიან წარმოდგენილები საქართველოს ბაზარზე, გიგანტი კომპანიები არიან. ისინი მუშაობენ, როგორც ევროპის ბაზარზე, ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზარზე. მათ სხვადასხვა სტანდარტის ნედლეული აქვთ. უფრო მაღალი სტანდარტის და მაღალი ხარისხის ნედლეულს ევროპის ბაზრისთვის ყიდულობენ, შედარებით ნაკლები სტანდარტის მქონე ნედლეულს კი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზრისთვის. თუმცა, ეს არ არის უხარისხო პროდუქცია. სხვაობა მხოლოდ სტანდარტებშია. ჩვენ წინაშე იყო ამოცანა, თუ რა ნიშას დავიკავებდით ბაზარზე. ჩვენ ევროპული სტანდარტი ავირჩიეთ. ჩვენი ნედლეული მოდის ბელგიიდან და არის იმ სტანდარტის, რომელიც ევროპის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, ნედლეულის გამო ფასი დაბალი ვერ იქნება. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ “ალპენ გოლდისა” და “კორონას” შეფუთვა და შიგთავსი და ამის შემდეგ შევადაროთ ფასები. ფასის ძირითადი განმსაზღვრელი ნედლეულია, რომელსაც ჩვენ ბელგიაში ვიძენთ და არის ევროპული სტანდარტის. შესაბამისად, ჩვენი ნაწარმი იაფფასიანი ვერ იქნება”.
კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ მათთვის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზარია, თუმცა, მათი მზერა მეობელი ქვეყნებისკენაც (აზერბაიჯანი და სომხეთი) არის მიმართული. აზერბაიჯანთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და იქ უახლოეს ხანში “ბარამბოს” პროდუქცია გავა. რამდენად მოახერხებს ქართული კომპანია რეგიონის საკონდიტრო ბაზრზე ლიდერის პოზიციის მოპოვებას, ამას მომავალი გვაჩვენებს.